კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა ციხიდან გაქცეული მარტოხელა ბოროტმოქმედი ელიტას და სად გადაიხვეწა ის ცოლ-შვილთან ერთად

 

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

 

გაქცევა

1969 წლის 9 ოქტომბერს, კომის ავტონომიური ოლქის დაბა ზასტავაში განლაგებული  მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების ¹2 კოლონიიდან 37 წლის მერაბ გიორგაძე გაიქცა, რომელიც თერთმეტწლიან სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვის. რეციდივისტი გიორგაძე ოთხჯერ ნასამართლევი იყო და შავ სამყაროში მას კოჭლის მეტსახელით იცნობდნენ. ის თბილისში იყო დაბადებული, მაგრამ, ძირითადად რუსეთში მოღვაწეობდა და იქ მას კარგად იცნობდნენ. კოჭლის ცოლი – ანა და 5 წლის ვაჟი – ნოდარი, მოსკოვში ცხოვრობდნენ. და-ძმა და ნათესავები კი მას თბილისში ჰყავდა.

კოჭლმა კოლონიაში ელექტროენერგიის გათიშვით ისარგებლა, რომელიც, სულ რაღაც, ათი წუთით გამოირთო. მან ექვსი მავთულხლართი გადალახა თბილი ბუშლატის მეშვეობით და ქარბუქსა და ღამის წყვდიადში ტაიგას შეაფარა თავი. პატიმრის გაქცევის შესახებ ერთი საათის შემდეგ გახდა ცნობილი და მას ძაღლებიანი მდევარი დაადევნეს. თუმცა, ერთი საათის მერე მდევართა ოცეულის უფროსმა, მაიორმა ეგორ სარუხანოვმა, კოლონიის უფროსს, პოდპოლკოვნიკ ივან კოსტილიოვს მოახსენა:

– დევნის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო! საშინელი ქარბუქია, ძაღლებიც თოვლში ჩარჩნენ, წინ ვერ მიიწევდნენ. დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ გაქცეული თოვლში ჩაიმარხა და ცოცხალი ვერ გადარჩება.

– ჰო, ასეთ ქარბუქში გასვლა შეუძლებელია, – თქვა კოსტილიოვმა, – მაგრამ, ვარაუდებს ვერ დავეყრდნობით და როგორც კი მეტეოპირობები ამის საშუალებას მოგვცემს, ძებნა უნდა დავიწყოთ. თუ კოჭლის ცხედარს ვერ ვიპოვით, მისი ძვლები მაინც უნდა აღმოვაჩინოთ.

სარუხანოვი და კოსტილიოვი დარწმუნებულები იყვნენ, რომ გიორგაძეს ჯერ თოვლი დამარხავდა, შემდეგ კი მას მგლები შეჭამდნენ. ¹2 კოლონიას ასი კილომეტრის რადიუსში გაუვალი ტაიგა აკრავდა გარს და სიახლოვეს რკინიგზაც კი არ გადიოდა. პატიმრები კოლონიაში სპეციალური სატვირთო მანქანით მიჰყავდათ რაიონული ცენტრიდან, რომელსაც მოლჩანკა ერქვა და ზასტავიდან 67 კილომეტრით იყო დაშორებული. მოლჩანკა პატარა დაბა იყო და იქ რკინიგზა გადიოდა, რომელიც რუსეთის ცენტრალური რაიონებისკენ იყო გაყვანილი. ზასტავიდან მოლჩანკამდე გზა ტაიგაში გადიოდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თოვლში გაჭედილ, პატიმრებით დატვირთულ სატვირთო მანქანებს მშიერი მგლების ხროვა დასხმია თავს და ყველანი შეუჭამიათ. ამიტომ, გაქცეულ პატიმარს იმ გზაზე გადარჩენის შანსი  არ ჰქონდა, რადგან, ქარბუქს რომც გადარჩენოდა, მშიერ მგლებს ვერ დააღწევდა თავს.

10 ოქტომბერს, ანუ, კოჭლის გაქცევის მეორე დღეს, გამოიდარა და მდევართა ოთხმა ოცეულმა მისი გადაადგილების რამდენიმე სავარაუდო მარშრუტზე განახორციელეს მიდამოს დათვალიერება, თუმცა, ვერც გაქცეულის ცხედარს მიაგნეს და ვერც მის ძვლებს. ამიტომ, საბუთებში ჩაწერეს, რომ გიორგაძე გაიქცა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

 

უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული

კოჭლის მეუღლე, ანა ბონდარენკო, პროფესიით ექთანი იყო და ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ქალის მეუღლე უკვე ორი წლის განმავლობაში ციხეში იჯდა და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, რადგან ლამაზი ქალი იყო, ქმრის ღალატი მას გუნებაშიც არ გაუვლია და მთელი თავისი ენერგია პატარა ნოდარზე ჰქონდა გადატანილი. ანა ყოველ მესამე ღამეს მორიგეობდა და, მართალია, ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ, ჯერ ყველაფერს დააწკრიალებდა, შემდეგ კი წიგნებს მიუჯდებოდა და მეცადინეობდა. ანას სწავლის გაგრძელება უნდოდა სამედიცინო ინსტიტუტში და ძალიან მონდომებული იყო. მას  დაქირავებული ჰყავდა ვინმე დეიდა ანია და, სანამ თვითონ სამსახურში იყო, ქალი პატარა ნოდარს პატრონობდა. ამაში ის ორმოცდაათ მანეთს იღებდა, რაც იმ პერიოდში სოლიდური ანაზღაურება იყო. ანას კოჭლის მეგობრებიც აქცევდნენ ყურადღებას და თითქმის ყოველ კვირას მიჰქონდათ მასთან სხვადასხვა რაოდენობის თანხა. ანა ფულს ართმევდა მათ, თუმცა არ ხარჯავდა და ინახავდა, ბავშვს კი საკუთარი ნაოფლარით ზრდიდა, რადგან, მიაჩნდა, რომ არაწესიერი გზით ნაშოვნი ფულით გაზრდილი ბავშვი ბედნიერი ვერ იქნებოდა.

1969 წლის 12 ოქტომბერს, დილით, ოცდაოთხსაათიანი მორიგეობის შემდეგ, ანა შინ დაბრუნდა. მას დეიდა ანია შეეგება და უთხრა:

– ანუშკა, წუხელ ჩვენთან მილიცია იყო და შენ გიკითხეს. 9 ოქტომბერს შენი ქმარი ციხიდან გაქცეულა და აინტერესებდათ, ხომ არ გამოჩენილაო. მითხრეს, კიდევ მოვალთო და არ გაგიკვირდეს.

– ეეჰ, დეიდა ანია, – მიუგო ქალს ანამ, – არ მიკვირს. ამ ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ ავუწიოკებივართ მე და ნოდარი მერაბის გამო.

ქალს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ანამ კარი რომ გააღო, ოთახში საშუალო სიმაღლის მამაკაცი შემოვიდა და მასპინძელს უთხრა:

– მე მაიორი კოზლოვი ვარ „მურიდან“. 9 ოქტომბერს თქვენი მეუღლე კოლონიიდან გაიქცა და, თუკი რამეს შეიტყობთ მასზე, აუცილებლად შეგვატყობინეთ. აი, ჩემი ტელეფონი.

ვიქტორ კოზლოვი „მურის“ ძებნის განყოფილების თანამშრომელი იყო და მერაბს კარგად იცნობდა.  ჯერ კიდევ თორმეტი წლის წინ, სწორედ მან დაჭრა მერაბი ფეხში ერთ-ერთი დევნის დროს და მაშინ დაკოჭლდა მერაბი მარცხენა ფეხით. მეტსახელი „კოჭლიც“ მას მერე შეარქვეს. ანამ ეს ამბავი არ იცოდა. კოზლოვს უხმოდ გამოართვა ფურცელი, რომელზეც სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი ეწერა და უკან გაბრუნებულ მაიორს კარი მიუხურა.

– ახლა რა უნდა ქნა, ანუშკა? – ჰკითხა ანას ანია დეიდამ.

– რასაც ადრე ვაკეთებდი, ის. ნოდარი გავზარდო, ვიმუშაო და უმაღლესისთვის მოვემზადო.

– მილიცია რომ არ მოგასვენებს? ისინი ხომ შენს გაქცეულ ქმარს ეძებენ და, ალბათ,  თვალყურსაც კი გადევნებენ, – უთხრა ანას დეიდა ანიამ, ამოიოხრა და დაამატა – ჩემი ქმარიც ქურდი იყო. მილიცია მას სულ უკან დასდევდა და ხშირად გვაწუხებდნენ ხოლმე – მათი მეთოდები მშვენივრად ვიცი.

– ერთი ბედის ქვეშ ვყოფილვართ, დეიდა ანია, – გაუღიმა ანამ ქალს, – მერაბი საკმაოდ გამოცდილია და ასე იოლად თავს არ დააჭერინებს მილიციას.

– ეეჰ, ანუშკა, – ამოიოხრა ქალმა, – ჩემი ფედიაც მაგარი ვინმე იყო, მაგრამ, მაინც მოიხელთეს და ჩემ თვალწინ მოკლეს. ეს რომ დავინახე, ოთხი თვის ორსულს მუცელი მომეშალა და იქვე დავბადე მკვდარი ბავშვი. შენ ღმერთმა გაშოროს ასეთი უბედურება.

ქალებს აღარ გაუგრძელებიათ საუბარი. დეიდა ანია ანას გამოემშვიდობა და წავიდა. ანა კი წიგნებს მიუჯდა და მეცადინეობას შეუდგა.

ამ დღიდან ორი კვირის შემდეგ, ანას მორიგეობის დღე უწევდა. ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ის საექთნოში შევიდა, რომ მაგარი ყავა დაელია, რადგან, ძალიან ეძინებოდა და როდესაც ჩაიდანი გაზზე დადგა, მას მხრებზე ვიღაცამ ხელები დაადო და ჩასჩურჩულა:

– ჩუმად, ანუშკა, არ შეკრთე.

– მერაბ! – აღმოხდა ქალს, შემოტრიალდა, ქმარს ჩაეხუტა და ჰკითხა – აქ როგორ მომაგენი?

– ერთი კვირაა გითვალთვალებ. სხვათა შორის, არც შენ გითვალთვალებენ ძაღლები და არც ჩასაფრებაა ჩვენს სახლთან.

– მერაბ, საყვარელო, ფრთხილად იყავი!

– ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნები, – მიუგო ანას კოჭლმა, შემდეგ მას თავისი გაქცევის ამბავი მოუყვა და დაამატა – იმიტომ არ გითვალთვალებენ და ჩვენს სახლთან ჩასაფრება არ მოუწყვიათ, რომ ყველას მკვდარი ვგონივარ. ისეთი ადგილიდან და ისეთ დროს გამოვიქეცი, რომ გადარჩენის არანაირი შანსი არ მქონდა.

– აბა, როგორ გადარჩი?

– სრულიად შემთხვევით; შეიძლება ითქვას, სასწაულებრივად. ტაიგაში რომ მოვრბოდი, საშინელი ქარბუქი ამოვარდა და თოვლში ჩავიმარხე. უკვე ვიგუდებოდი. უცებ მიწა გაიპო, საკმაოდ ღრმად ჩავვარდი და ცხელმა წყალქვეშა დინებამ წამიღო. თურმე, ასეთი დინებები ტაიგაში საკმაოდ ბევრია. ერთი სიტყვით, ერთმა მოხუცმა ტუნგუსმა მონადირემ მიპოვა გამოქვაბულში, სადაც ცხელმა დინებამ გონებამიხდილი გამომრიყა. ის ტუნგუსი მონადირე იმ გამოქვაბულში თავის ნანადირევს ინახავდა, თან თერმული წყლებით ძვლებს მკურნალობდა. ერთი სიტყვით, ერთი კვირა იმ ტუნგუსმა შემიფარა და მიპატრონა, შემდეგ კი მანვე გამომიყვანა სამშვიდობოზე, თან, თვითნაბადი ოქროს ნატეხი მაჩუქა და, აი, ახლა აქ ვარ.

– ღამით სად რჩები?

– დეიდა ანიასთან – ჩვენი ნოდარის ძიძასთან. მისი ქმარი, ფედია, „ძაღლებმა“ მოკლეს და კარგად ვიცნობდი. შენ რომ გითვალთვალებდი, დეიდა ანია მაშინ აღმოვაჩინე. მას „კუდზე დავაჯექი“ და პირდაპირ სახლში მოვედი.  ერთი სიტყვით, „ძაღლების“ მოდუნებით უნდა ვისარგებლო.

– რას აპირებ?

– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი წავედი. სულ მალე ისევ ერთად ვიქნებით.

 

ტუნგუსი მონადირის საჩუქარი

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ გიორგაძეზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, მას არავინ ეძებდა, რადგან ის ყველას მკვდარი ეგონა, რითაც მშვენივრად ისარგებლა თავად კოჭლმა. მან 1970 წლის 30 აპრილს მოსკოვის მაღაზია „ბერიოზკაზე“ ყაჩაღური თავდასხმა მოაწყო, ინკასატორს ნავაჭრი – 32 ათასი დოლარი წაართვა და მიიმალა. კოჭლი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის დროს წვერ-ულვაში ჰქონდა მიწებებული. ამიტომ, ფოტორობოტის შედგენისას, თვითმხილველებმა გამომძიებლებს მისი არასწორი აღწერილობა მისცეს და ვერავინ მიხვდა, რომ ძარცვა კოჭლმა მოახდინა. ამიტომ, „მურის“ მაძებრები თავხედ მარტოხელას ეძებდნენ, რომელმაც დიდი რაოდენობის ვალუტა გაიტაცა და ისე მიიმალა, რომ კვალიც კი არ დაუტოვებია.

„ბერიოზკას“ ძარცვის საქმეს, მაიორი პავლოვი იძიებდა. ვალუტასთან დაკავშირებული საქმეები იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში ძალიან საშარო ამბად ითვლებოდა და უმკაცრესად, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილითაც ისჯებოდა. ამიტომ, ჩეულებრივი საბჭოთა მძარცველები თითქმის არასოდეს ესხმოდნენ თავს ვალუტაზე მოვაჭრე მაღაზიებს. უფრო სწორად, ვალუტას არ იტაცებდნენ. „ბერიოზკასთან“ დაკავშირებული ისტორია გამონაკლისი შემთხვევა იყო და მაიორმა პავლოვმა, „მურის“ უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ვასილიევს მოახსენა:

– ანტონ ტროფიმოვიჩ, „ბერიოზკის“ მძარცველი ან უგუნური დილეტანტია, ან რაღაც სხვა კომბინაციასთან გვაქვს საქმე.

– ორივე შემთხვევაში, – სიტყვა შეაწყვეტინა ვასილიევმა პავლოვს, – მძარცველი თავხედი მარტოხელაა და თავისი საქმე „ფრიადზე“ შეასრულა. 32 000 დოლარი, უზარმაზარი თანხაა და მთავარი კი ისაა, რომ საქმე ვალუტას ეხება. ადრე ვალუტას არავინ იტაცებდა და მსგავსი დანაშაული ნამდვილად არ მახსენდება.

– ვალუტას გატაცება არა, მაგრამ, ასეთი მარტოხელა მძარცველი კოჭლი იყო, რომელიც ამ შვიდი თვის წინ ტაიგაში გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ის ზონიდან გაქცევის მერე მგლებმა შეჭამეს.

– დადასტურებული ფაქტია?

– არა. ოფიციალურად მასზე ძებნაა გამოცხადებული, მაგრამ, ქარბუქიან ტაიგაში, სადაც მშიერი მგლები დაძრწიან, გაქცეული პატიმარი ცოცხალი როგორ გადარჩებოდა? მით უმეტეს, რომ ასი კილომეტრის რადიუსში სულ გაუვალი ტყეებია.

– გასაგებია, მაგრამ, ამ კუთხითაც შეუდექით მუშაობას – რა იცით, რა ხდება. ერთი სიტყვით, „ბერიოზკის“ საქმე უმოკლეს დროში უნდა გაიხსნას.

მიუხედავად იმისა, რომ პავლოვს დიდი იმედი არ ჰქონდა, მან თავის ხელქვეითებს ანა ბონდარენკოზე თვალთვალი დაავალა, მის ბინასთან კი ჩასაფრება მოაწყო, სადაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მილიციის ოპერჯგუფი მორიგეობდა, კოჭლი კი კვლავ დეიდა ანიასთან ცხოვრობდა და მისი მეშვეობით ეკონტაქტებოდა მეუღლეს. მერაბ გიორგაძეს ცოლ-შვილთან ერთად უცხოეთში გაქცევა სურდა და „ბერიოზკაზეც“ სწორედ ამიტომ მოაწყო თავდასხმა. გარდა იმ 32 ათასი დოლარისა, რომელიც მან სავალუტო მაღაზიიდან გაიტაცა, მის მეუღლეს, ანას, 15 ათასი მანეთი ჰქონდა დაგროვილი, რომელსაც მერაბის მეგობრები სჩუქნიდნენ. მას ქალი კი არ ხარჯავდა. სწორედ ის ფული გამოიყენა კოჭლმა, როდესაც მორიგ საქმეს ამზადებდა და ამ საქმის გაკეთება მას 1970 წლის 3 აგვისტოს ჰქონდა დაგეგმილი. იმ დღეს ცნობილი საბჭოთა პროფესორის, იური სენიცას დაბადების დღე იყო, სადაც ელიტური სტუმრები უნდა შეკრებილიყვნენ და, ლოგიკურად, უნიკალური სამკაულები ექნებოდათ. სწორედ მათ გაძარცვას აპირებდა კოჭლი. მან სპეციალურად ამ საქმისთვის მოიმარაგა პარიკები, დანიშნულ დროს შენიღბული მიადგა პროფესორის ბინას და დააკაკუნა. ხოლო, როდესაც კარი გაუღეს, ის ორი პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა შიგნით და ათ წუთში ოცდაერთ სტუმარს უნიკალური, ძვირფასი სამკაულები აართვა, რომელთა საერთო ღირებულებამ 823 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო.

სენიცას ბინაში მომხდარი ძარცვის შემდეგ  მილიციას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ამ ორი საქმის გამკეთებელი კოჭლი იყო და მისი ინტენსიური ძებნა დაიწყო. ანა ბონდარენკო ორჯერ წაიყვანეს დაკითხვაზე „მურში“ და ერთხელ ორი დღე-ღამე გააჩერეს იქ. გაჩხრიკეს, აგრეთვე, დეიდა ანიას ბინაც, მაგრამ, კოჭლი უკვე სხვაგან იყო გადასული და იქ გიორგაძის კვალის ნასახიც კი ვერ იპოვეს.

1970 წლის 2 ოქტომბერს, ანუ, კოჭლის კოლონიიდან გაქცევიდან ერთი წლის შემდეგ, აჭარის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლის მკვიდრმა, ასლან თურმანიძემ, ქალი და კაცი გადაიყვანა თურქეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც 6 წლის ბიჭი ახლდათ. არალეგალი ემიგრანტები მერაბ გიორგაძე, ნოდარ გიორგაძე და ანა ბონდარენკო იყვნენ... ასლან თურმანიძემ კი ჯილდოდ კილოგრამნახევრიანი თვითნაბადი ოქრო მიიღო, რომელიც კოჭლს  ტუნგუსმა მონადირემ აჩუქა ტაიგაში...

 

скачать dle 11.3