თევზის ბრაწულა
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი კარტოფილი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 კილოგრამი თევზი – კობრი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 100 გრამი ფქვილი, 2 თავი ხახვი, 70 გრამი კარაქი, 50 მილილიტრი თევზის ბულიონი, 1 კონა კამა, 2 კბილი ნიორი, 100 გრამი მაგარი ყველი.
მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ დაფნის ფოთოლთან და მარილთან ერთად. თევზის თავით მოხარშეთ ბულიონი, ტანი კი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ფქვილსა და მარილში ამოვლებული თევზის ნაჭრები შეწვით ზეთდასხმულ გახურებულ ტაფაზე. კარტოფილი მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და მოასხით ცოტა თავისივე ნახარში. ზემოდან დააწყვეთ შემწვარი თევზის ნაჭრები და მოაყარეთ ზეთში მოშუშული ხახვი. ცალკე მოხალეთ ფქვილი, დაუმატეთ კარაქი და თევზის ბულიონი, გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი და თან ურიეთ. მომზადებულ საკაზმს დაუმატეთ წვრილად დაკეპილი კამა, დანაყილი ნიორი და კიდევ 2 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. მომზადებული საკაზმი მოასხით თევზს, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.