სიტყვების გარეშე
სასწაულები ნამდვილად ხდება... ყოველთვის ხდებოდა და კიდევ მოხდება... მოხდება ის თქვენთვისაც და ბედნიერებაც კარგზე დაგიკაკუნებთ... მექანიზმი მარტივია, თუკი, უბრალოდ, დაიჯერებთ. შეიძლება, რთულია მთელი წლის „ნეგატივებით“ დაღლილმა უცებ სასწაული იწამოთ, მაგრამ შობის დღეებში ეს ნამდვილად შესაძლებელია...
ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის. ჩაიფიქრეთ ყველაზე სანუკვარი სურვილი. ის, რაც ძალიან, ძალიან გინდათ, რომ ასრულდეს. რა თქმა უნდა, ჯადოსნურ ჯოხს ხელში არავინ შეგაჩეჩებთ და ძალისხმევაც საჭირო იქნება. ქმედება, თანაც მიზანმიმართული – აი, რას მივყავართ სასწაულებამდე და სასურველ შედეგებამდე.
ტვინი ძალიან აქტიურად რეაგირებს სიმბოლოებსა და ქმედებებზე – ოღონდ, კონკრეტულ სიმბოლოებზე და კონკრეტულ ქმედებებზე... ანუ, რა უნდა გააკეთოთ: ერთბაშად რამდენიმე კონკრეტული ოცნება საბოლოო მიზანს ძალიან დაგაშორებთ. ამიტომ გამოყავით იქიდან მთავარი, პრიორიტეტული და შეუდექით საქმეს. არანაირი წუწუნი და წინასწარ იმის თქმა, რომ მაინც არაფერი გამოვა. მით უმეტეს, დღესასწაულის დღეებში. ოცნება მაშინ იქცევა რეალობად, როცა მას თქვენ თვითონ შეასხამთ ხორცს საკუთარ ფანტაზიებში, უყურეთ ფილმებს თქვენი ოცნების შესახებ. წაიკითხეთ ამის შესახებ შესაფერისი ლიტერატურა. ეს უბრალო სიტყვები არ არის. შობა ღამეს მხოლოდ ის უთხარით საკუთარ თავს – მინდა და მე ამას გავაკეთებ! აუცილებლად... ხელს ვერაფერი შემიშლის!
საკუთარი თავის სწორი მიმართულებით წაყვანა, დღესასწაულის დღეებშიც აუცილებელია. იყავით ზოგჯერ ეგოისტიც. ნუ აღიქვამთ ამას დიდ დანაშაულად... სიტყვების გარეშე მოსმენა და გაგება ისწავლეთ... ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ დღესასწაული თქვენს ცხოვრებაში დიდხანს გაგრძელდეს.
სულით რომანტიკოსი!
ვიყოთ გულახდილები – ძლიერი სქესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი სულის სიღრმეში რომანტიკოსია, თუმცა ისინი ყველა საშუალებით მალავენ და ნიღბავენ ამას. რატომ? – იმიტომ, რომ ჰგონიათ, – ეს სისუსტეში ჩაეთვლებათ. სამაგიეროდ, ისინი ძალიან აფასებენ რომანტიკულ ბუნებას საპირისპირო სქესში. როცა ქალი მეოცნებე არსების შთაბეჭდილებას ტოვებს, მამაკაცებში ეს სერიოზულ ინტერესს აღვივებს. მაგრამ, ძნელი მოსაძებნი იქნება ისეთი მამაკაცი, რომელიც გულხელდაკრეფილი დიდხანს დაელოდება თუნდაც ყველაზე საინტერესო ქალის გააქტიურებას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცები ბუნებით ზარმაცები არიან. მათ სერიოზული სტიმული ან პროვოკაცია სჭირდებათ, თავისი „ნიჟარიდან“ რომ გამოძვრნენ. ერთხელ მაინც მოიქეცით ისე, რომ თქვენი საქციელი მისთვის სრულიად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდეს – დავარქვათ ამას „შეჯანჯღარება“, რაც აბსოლუტურად ყველა მამრს სჭირდება.
კარგად შეაფასეთ ისინი, ვინც გვერდით გყავთ. ზოგჯერ მათი ღირსებები მიმალულია და, ამიტომ, ჯეროვნად დაუფასებელიც. შეჩვევა, ერთი მხრივ, კარგია – სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი კომპონენტი სწორედ რომ შეჩვევაა, მაგრამ, არსებობს მედლის მოერე მხარეც – აბსოლუტურად უარყოფითი: შეჩვევის დროს ადამიანს პარტნიორად ვეღარ მოიაზრებენ, რაც ზოგჯერ რეალურ ბედნიერებას გვაკარგვინებს...
ისევ უცოლოდ?!
რატომ არ მოჰყავს ცოლი? რატომ არ უნდა ოჯახი და რატომ დადის ისევ მარტო, როცა ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნებოდა მასზე გათხოვებით? „რა პრობლემაა ცოლის მოყვანა!“ – გაიგონებთ ხშირად... მაგრამ, პრობლემა არის, თანაც, არცთუ მარტივი.
* პირველი პრობლემა, რომლის გამოც მამაკაცს ცოლი არ მოჰყავს, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიშია. ანუ, ეშინია, რომ კარგად ვერ მოუვლის მეუღლესა და შვილებს; ვერ უზრუნველყოფს მათ მატერიალურად. სხვათა შორის, ამ ტიპის შიში ძალიან ძლიერ მამაკაცებსაც აქვთ ხოლმე.
* თავისუფლების დაკარგვის შიში – ლამის მანიაკური აკვიატება. კაცს ეშინია, რომ ცოლი შეზღუდავს და „შეავიწროვებს“ მის ინტერესებს; ხელს შეუშლის მეგობრებთან მის ურთიერთობას; გააღიზიანებს მისი ჰობი და სუსტი სქესისადმი ყურადღება. მამაკაცებს საკუთარი, სუბიექტური მოსაზრებები აქვთ კონკრეტულ საკითხებზე. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აუცილებლად სჭირდებათ ბალანსი, შესაძლებლობა, ჰქონდეს გარკვეული დისტანცია თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანთან – მეუღლესთან.
თუ ქალი ამას გაგებით მოეკიდება ან მოაჩვენებს თავს, რომ ესმის მისი, ყველაფერი კარგად იქნება – მამაკაცს შიში ნელ-ნელა გაუქრება, ქალის შეგნებულობას კი აუცილებლად დააფასებს.
* მამაკაცს ოჯახის შექმნით უჩნდება განცდა, რომ მისი სურვილები უკანა პლანზე გადაიწევს; რომ, შეიძლება, ქორწინება არ აღმოჩნდეს წარმატებული, განქორწინების კი მამაკაცებს ძალიან ეშინიათ. უამრავი ცუდი მაგალითი მათ აკომპლექსებთ. ერთი სიტყვით, ისინი სულაც არ არიან ძლიერები და, თუკი სიყვარულით ვერ დააკარგვინებთ თავს, ეცადეთ, მიხვდეთ, რისი შიში აქვთ თქვენს რჩეულს და „გაანეიტრალეთ“.
კითხვის ნიშნები
რაზე ლაპარაკობენ მამაკაცები, როცა მარტონი რჩებიან? – ფეხბურთზე, საკუთარ შეფებზე, საქმეზე და, შესაძლოა, გრძელფეხება „ნაშებზეც“ კი. ერთადერთი, რაც მათი საუბრის თემებში არ ხვდება – ცოლებია. მამაკაცებს არ სიამოვნებთ და არ მოსწონთ საუბარი საკუთარ ცოლებზე, მაშინ, როცა ქალები ერთმანეთში ძირითადად ქმრებზე ჭორაობით არიან დაკავებული. რა ხდება, რატომ არის ასეთი განსხვავება? მამაკაცებს აქვთ პირად საკითხებზე კომპლექსები თუ, პირიქით, ქალებს? ფაქტია, რომ საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაზე მამაკაცები მკაცრად ინარჩუნებენ დუმილის უფლებას. ფსიქოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცებს აკლიათ ოჯახურ საკითხებში ინფორმაციულობა, განათლება და ლოგიკა, თუმცა, მეტ-ნაკლებად კომპლექსებიც „მუშაობს“.
ოჯახური „ლაბორატორია“ სერიოზული საკითხია და აჯობებდა მამაკაცებს გაცილებით მეტი სცოდნოდათ მის შესახებ. ისინი კი, რატომღაც, არც ცდილობენ, წინ წაიწიონ ამ მიმართულებით, მაგრამ, სულ ტყუილად – რაც მეტს გაიგებენ ოჯახური ურთიერთობების შესახებ, მით ჰარმონიულად იქნება მეუღლეებთან მათი თანაცხოვრება. მამაკაცები, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ქორწინება ხუმრობა არ არის; რომ ის მათ თავისუფლებას ზღუდავს, თუნდაც გაგონილი არ ჰქონდეთ საქორწინო კონტრაქტების შესახებ. ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. თუმცა, მთავარი სხვაა – კაცებს ყველაზე მეტ პრობლემას პასუხგაუცემელი კითხვები უქმნით. გამოიჩინონ მეტი სითამამე და მოითხოვონ მათზე პასუხები, ან, უბრალოდ, იპოვონ ისინი – მაშინ ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა.