რატომ არ ვარგა გზიდან მიბრუნება და როგორ დავიბედოთ უკეთესი მომავალი იანვარში ჩატარებული პატარა ეშმაკობებით
უფროსი ასაკის ადამიანებისგან ზოგი ისეთი რჩევა გამიგია, რომელიც, მათივე თქმით, ბედნიერი ცხოვრების გარანტია. ტყუილად როდი ამბობენ, ძველი ხალხი ბრძენიაო. ჰოდა, თუ მათ რჩევა-დარიგებებს ყურად ვიღებთ და გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ამ წელს მაინც დავიბედებთ სიმშვიდესა და ჰარმონიას. ქალბატონი ლეილა, რომელიც ეზოთერიკოსი გახლავთ, ბავშვობიდან მსგავსი საკითხებით ინტერესდებოდა. საბოლოო დასკვნამდე კი, სწორედ მაშინ მივიდა, როცა ეს, ეგრეთ წოდებული წესები, საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ სხვებსაც ურჩია და, საბოლოო ჯამში, შედეგს მიაღწია.
ლეილა: ადამიანები თავად ვიქმნით წარმატების კოდს. განსაკუთრებით კი, ქორწინების დღეს უნდა გაითვალისწინოთ ის, რაც მომავალში ბედნიერ თანაცხოვრებას გიქადით. ახლად დაქორწინებულებმა ბედნიერად რომ იცხოვრონ, ქორწილის წინა ღამეს ფეხსაცმელში დაფნის სამი ფოთოლი უნდა ჩადონ. ფოთოლი თავად უნდა მოგეწონოთ და შეარჩიოთ, რომ სამომავლოდ, ოჯახურ თანაცხოვრებაში ბედნიერება მოგიტანოთ. სხვისმა არჩეულმა დაფნის ფოთოლმა, შესაძლოა, პირიქით, უბედურება მოგიტანოთ. გული მიკვდება, ირგვლივ ამდენი ოჯახი რომ ინგრევა. არადა, სიყვარულით უღლდებიან და ცოტა ხანში ისეთი სკანდალებით შორდებიან, ხანდახან ვამბობ, რა ხდება ამ ქვეყანაზე, ნუთუ სულ გადაგვარდნენ ადამიანები და სიყვარულის გრძნობა აღარ შერჩათ-მეთქი? კიდევ ვამბობ: ძალიან კარგია გრძნობების აყოლა, მაგრამ, თუ ცოტა გონებასაც მოუხმობთ და წინაპრების გამოცდილ წესებსაც გამოიყენებთ, მაშინ ვერც ავი თვალი და ვერც შური დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.
– ამბობენ, გზიდან დაბრუნება და საკუთარ თავზე მინიშნება არ ვარგაო. ასეთ შემთხვევაში საფრთხე მართლა გველის?
– დიახ, არ ვარგა გზიდან დაბრუნება. ამბობენ, ამ დროს კეთილი გზა არ გექნებაო. თუ მაინც მოგიწიათ შინ მიბრუნება, ცოტა ხანს ჩამოჯექით – ასე, სახლის ენერგიას აიღებთ, თან სარკეშიც ჩაიხედეთ. სარკეში თქვენი გამოსახულების არეკვლისას, ენერგია ორმაგდება. რაც შეეხება საკუთარ თავზე მინიშნებას – თითით ჩვენებისას ვგზავნით ენერგეტიკულ მუხტს. თუ სხვის დაავადებაზე ლაპარაკობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს. ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ. ასევე, სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი ადგილია ბინაში. კუთხე ადამიანისგან ენერგიას ისრუტავს, ანუ, ის სახლის ერთგვარი ვამპირია. სხვათა შორის, არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებულად გაკვირდებათ. საქმე მხოლოდ იმის შეგრძნებაში როდია, რომ თითქოს უკნიდან ვიღაც მოგეპარებათ. საშიში ის არის, რომ დაუცველი ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეა. ასევე, საშიშია დანაწევრებული, გატეხილი და ნახატებიანი სარკეები. თუ სარკე მთელი და დაუნაწევრებელი არ არის, ის არღვევს ადამიანის ენერგეტიკას, ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ, ჩვეულებრივ, სარკეს ჯიბით ატარებთ, ეს კარგია, რადგან მტრისგან გიცავთ. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ, თუ სარკეს ჯიბით ატარებდნენ, ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას, კერძოდ, შემხვედრის უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა. სარკე ჯიბეში ამრეკლავი ზედაპირით პატრონის სხეულისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან უარყოფით ფიქრებს, აზრებსა და ჩანაფიქრს აირეკლავს. არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენა მიგვანიშნებს შესაძლო მოსალოდნელ საფრთხესა თუ სასიამოვნო ფაქტზე. მაგალითად, როცა ადამიანი ფორიაქობს, ეწყება უნებლიე მოუსვენრობა, უნდება ტირილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უჩნდება უეცარი პრობლემები, უნდა მიხვდეს, რომ რაღაცაშია საქმე. უეცრად გულის აჩქარებაც კი მოსალოდნელი საფრთხის მიმანიშნებელია. ამ დროს ქვეცნობიერი რაღაცაზე მიგანიშნებთ, მაგრამ ადამიანი ამას ვერ ხვდება. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ საკუთარ თავში ცვლილებებს და სათანადო ყურადღება გამოიჩინოთ.
– ის, რომ იანვარი ყველაზე მეტად ხელსაყრელია მომავლის გასაგებად, ამაში თუ დევს სიმართლის მარცვალი?
– ეს კი ნამდვილად ასეა და სიმართლის მარცვალი კი არა, უდიდესი სიბრძნე დევს მასში. აქვე, გაგანდობთ ბრინჯით მკითხაობის მეთოდსაც, რომელიც ბევრმა სცადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაამართლა. ის სწორედ იანვარში კეთდება, ნებისმიერ დღეს, როცა ახალმთვარეობა ემთხვევა და ეს მომავალზე გაძლევთ მინიშნებას, უტყუარ ინფორმაციას. მოკლედ, აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა განიერი პირით და ჩაასხით მასში ახალ მთვარეზე აღებული ონკანის წყალი. მაგიდას თეთრი ქსოვილი გადააფარეთ, დადგით მასზე წყლით სავსე ჭიქა. აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, დადექით მაგიდასთან, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ იმაზე, რისი გაგებაც გსურთ. ეს უნდა გააკეთოთ საღამოს საათებში, ოთახში, სადაც მარტო იქნებით და არავინ შეგაწუხებთ. მოკლედ, ჩაიფიქრეთ, მაგალითად, მოგემართებათ თუ არა ხელი ამა თუ იმ საქმეში, ან, უყვარხართ თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას, ან, მოგიტანთ თუ არა დადებით შედეგს სადმე წასვლა და ასე შემდეგ. ამ დროს, როცა ამ კითხვაზე ფიქრობთ, მუჭში ბრინჯი კარგად გაათბეთ, შეიგრძენით ხელში და შემდეგ თვალი გაახილეთ. ბრინჯი ჩაყარეთ წყლიან ჭიქაში და კარგად დააკვირდით, როგორ მიმოიფანტება ბრინჯი ჭიქის ძირზე. თუ ის აქეთ-იქით მთელ ფსკერზე მიმოიფანტა, ესე იგი, თქვენს კითხვაზე უარყოფითი პასუხია, თუ ერთად მოგროვდა ჭიქის ფსკერზე – მაშინ დადებითი. ზოგადად, იანვარი, ანუ წლის პირველი თვე, ძალიან საყურადღებოა, რადგან ადამიანს საშუალება აქვს, ამ დროს საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ეს სარკის მეშვეობითაც ხდება.
– ეს როგორღა მოვახერხოთ?
– აიღეთ ჭიქით წყალი იმ ონკანიდან, საიდანაც წყალი დალეული არ გაქვთ. ჭიქაც ახალი უნდა იყოს, რომლიდანაც წყალი არავის დაულევია. დადგით ის ერთი ღამე თქვენი საწოლის სასთუმალთან ახლოს. იანვრის ბოლო კვირა დღეს, ღამის 12 საათზე, დადეთ ოვალურ მაგიდაზე უხმარი სარკე, რომელშიც არ ჩაგიხედავთ და წინა დღით ავსებული ჭიქა წყალი მიუდგით გვერდით. მასზე დაამაგრეთ ორი ცალი სანთელი. ოთახში შუქი არ უნდა ენთოს და ფარდებიც ჩამოაფარეთ, რომ მთვარის შუქი არ შემოდიოდეს. აანთეთ სანთლები და კარგად დააკვირდით სარკეში რას დაინახავთ. შესაძლოა, თქვენი მომავალი საბედოც კი იხილოთ, არც ესაა გამორიცხული. თავიდან ფიგურები აირევა, მაგრამ შეძელით და დააკავშირეთ ისინი ერთმანეთს. შემდეგ, სანთლები ერთმანეთზე გადაგრიხეთ და დაიდეთ ბალიშის ქვეშ. დააკვირდით სიზმარი რას გიწინასწარმეტყველებთ და კარგად დაიმახსოვრეთ. ასე, ადამიანებს ის სიზმრები ესიზმრებათ, რომელიც მომავალში აუცილებლად ახდება.
– თუ საიდუმლო არ არის, იქნებ გვითხრათ, თავად თუ გაქვთ მსგავსი რიტუალი ჩატარებული და რა შედეგი მიიღეთ?
– (იცინის). საიდუმლო ნამდვილად არ არის. თვრამეტი წლის ვიყავი და ჩემმა დამ წამიყვანა მის დაქალთან. იმ გოგოს ძმას მოვწონდი. ეს ვიცოდი და ჩუმად, გულში მეც მიყვარდა. თავად, ეს ბიჭი სიყვარულში მაშინ გამომიტყდა, როცა თხუთმეტი წლის ვიყავი. მოკლედ, გოგოებმა გაამზადეს სარკე, წყალი, სანთლები და მეც ჩამახედეს. სწორედ ის ბიჭი დავინახე, ოღონდ სხვა გოგონასთან. ვერ მივხვდი იმწუთას რა ხდებოდა. გავიდა ექვსი თვე და ჩემი დის დაქალის ძმამ ცოლობა შემომთავაზა, მე უარი ვუთხარი, არადა, გამოგიტყდებით, მეც მიყვარდა. უარი რომ მიიღო გამებუტა და დამემუქრა, იცოდე, ინანებო. სულ რაღაც ორ თვეში, ცოლი მოიყვანა, თანაც ის გოგო სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და წესიერად არც კი იცნობდა. ვამბობ ხოლმე, ეტყობა, ჩემი ბედი არ იყო და სარკეშიც ამიტომ დავინახე სხვა გოგონასთან ერთად-მეთქი. ასე იყო თუ ისე, ზუსტად ამიხდა ის, რაც იმ დღეს სარკეში დავინახე.
– ბევრს ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა და ზღაპარი ჰგონია. არ მეთანხმებით?
– მართალია, ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ ეს რიტუალები ხომ მე არ მომიგონია? გადახედეთ უძველეს ეზოთერულ ლიტერატურას ან წინაპრების მიერ დატოვებულ ჩანაწერებს და მერე მიხვდებით, რომ არაფერს ვიტყუები. ეს რიტუალებიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მართლაც არსებობს წელიწადში ისეთი დღეები, რომელთაც მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეებში ადამიანს შეუძლია თავისი მომავლის განჭვრეტა. ყველას ჩვენ-ჩვენი ბედი გვაქვს და რაც დაბადების მომენტში დაგვეწერა შუბლზე, მას ვერც შევცვლით და ვერც ავცდებით. ამიტომ, ახლა ის პერიოდია, როცა შეგიძლია დასცადო, დააკვირდე და მიიღო ინფორმაცია მომავალზე. გირჩევთ ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან. ცდაც ხომ ბედის მონახევრეა (იცინის).