კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ევედრებოდა გოგლა ლეონიძე ოჯახს და ვისი სურათი ჩამოიკიდა მან გულზე

პატარძეულის ლამაზი სახელწოდების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს: ზოგნი ამბობენ, სოფელი პატარძლის მზითევი ყოფილაო, ზოგნი პატარა ძის კუთვნილება იყოო, ზოგნი – ლამაზ  სოფელს მუდამ ლამაზი პატარძლები ჰყავდაო, ზოგის ღრმა რწმენით კი, ამ პატარა სოფელს დიდი მტერი დაუძლევია და რომელიღაც მეფეს „პატარა მძლეველი” უწოდებიაო, მაგრამ, ვინ იცის, რომელია მართალი... სწორედ ამ ლამაზ სოფელში დაიბადა ჩვენი პოეტი გოგლა ლეონიძე.  

 „არავინ იცის, როდის და საიდან მოვიდნენ ლეონიძეები პატარძეულში, – წერს თავის ჩანაწერებში პატარძეულის მკვიდრი, გოგლა ლეონიძის ხელში გამოზრდილი ქალბატონი, აწ გარდაცლილი თამარ ხუროშვილი. ცნობილია, რომ ნიკო ლეონიძე ვაჟა-ფშაველასთან ერთად სწავლობდა გორში. სასწავლებლის დამთავრებისთანავე იგი ემსახურებოდა სოფელს, იყო მღვდელი და მასწავლებელი. სოფლის ცენტრშია აღმართული მათი ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ სახლს სოფელში „ჯიშიან ოჯახს” ეძახიან – ხუთი შვილის აღმზრდელია ეს ოჯახი... გოგლა მეხუთე შვილი იყო. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და დაქვრივებულ სოფიო გულისაშვილს დააწვა ოჯახის სიმძიმე. თვითონვე შეასწავლა შვილებს წერა-კითხვა, მანვე ჩაუნერგა შრომის, კითხვის სიყვარული. მას მთელი სოფელი „ნათლიას” ეძახდა. 4-5 წლისამ, თურმე, უკვე იცოდა წერა-კითხვა. 6-7 წლისა კი, თვითონ „მასწავლებლობდა...” ცნობილი ფილოლოგის, ვარა ფიცხელაურის გადმოცემით, გოგლა კეთილი, სხვისთვის მუდამ კეთილმოსურნე ბავშვი იყო. მამის დანატოვარი მდიდარი ბიბლიოთეკიდან ათიოდე წიგნს ამოირჩევდა, უბნის ბავშვებს გვირიგებდა და გვეტყოდა – შინაარსი მიამბეთო. მან, პატარა ბავშვმა შემაყვარა წიგნი. თუ რამ კარგი წამიკითხავს ბავშვობაში, სულ გოგლას ჩაგონებითო. მისი მეზობელი, ვასო ფიცხელაური კი იხსენებდა: „გოგლა დიდგულა იყო, მაგრამ ტირილი მალე იცოდა. მე და ჩემმა ძმამ, გიგომ, ჩიტის ბუდე ჩამოვიღეთ და ბარტყები ამოვსხით – ჩვენი პატარა დებისთვის უნდა წამოგვეყვანა და გაგვეხარებინა. გოგლამ ტირილი დაიწყო: ეგ ბარტყები თუ დაიხოცებიან, მეც თავს მოვიკლავო. შეგვეშინდა და უკანვე ჩავსვით ბუდეში“.   

ლეონიძეების გვერდით ცხოვრობდა გოგლას საყვარელი დეიდა მაიკო, დიდი ოჯახის დიასახლისი. ახლაც დგას მათი სახლი პატარძეულში. „ერთხელ, – იგონებენ მოხუცები, – დიდი გვალვა იყო, უფროსების გაუთავებელი თხოვნით, ბავშვები ელიაზე წავიდნენ. დაათრევდნენ საკუთარი ხელით გაკეთებულ დიდ თოჯინას. ზოგს ჯვარი ჩამოეკიდა კისერზე, ზოგს – ხატი. მათ აედევნა პატარა გოგლაც, მაგრამ, მას არც ხატი ჰქონდა და არც ჯვარი. დეიდა მაიკოს სახლთან შეაჩერა ბავშვები, შეირბინა ოთახში, დეიდა მაიკოს სურათი დაიმაგრა გულზე და გამოვიდა. ბავშვებმა სიცილი დააყარეს. რას იცინით, დეიდა მაიკო კეთილი და სათნო ქალია, მე ის ხატად მიმაჩნიაო... პატარა გოგლა ფოლკლორის დიდი თაყვანისმცემელი იყო. დედას, დებს ევედრებოდა, მომეხმარეთ, პატარძეულში გავრცელებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ჩავიწეროთო. ბავშვი დილიდან საღამომდე იკარგებოდა, სახლში არ შემოდიოდა. ერთ დღეს ვუსაყვედურე, – გვიამბო მისმა დამ, ნინომ, – სადა ხარ ბიჭო, ჩაი უკვე დავლიეთო. ძმას უპასუხნია: ბაგრატას ლექსები თქვენს ჩაიზე ტკბილია, მისი ზღაპრები კი თქვენს საუზმეზე გემრიელიო. უყვარდა სიტყვების სხვანაირად გადაკეთ-გადმოკეთება, სიტყვების გამოჩარხვა. გოგლა მაშინ 16-17 წლისა იქნებოდა, ლეონიძეების სახლი რომ გაქურდეს. იმ ქურდბაცაცას ქვაბები და გოზინაყის სპილენძის სინებიც კი წაეღო. ქურდი დაიჭირეს – როგორ აკადრე ნიკო ლეონიძის ოჯახსო. აღარ მინდა მისი ხსენება. გოგლას უფროსი და-ძმები ჰყავდა, ერთმანეთზე კეთილები იყვნენ. დედას ეთქვა შვილებისთვის: შვილებო, იმ სირცხვილნაჭამს საჭმელს ვერ ჩამოაწვდიან, გავამზადებ საჭმელს და წაუღეთ ციხეშიო. თქვენი ასეთი ყურადღება უფრო ჩაახედებს თავის ცუდკაცობაში და არასოდეს აღარ იქურდებსო. თურმე, გოგლას, სიკოსა და ლევანს ყოველკვირა მიჰქონდათ საჭმელი ციხეში თავიანთი ქურდისთვის... 

გარე კახეთში პირველი ბიბლიოთეკა პატარძეულელებს ჰქონიათ. ბიბლიოთეკა საკუთარი სახსრებით აუშენებია დიდი რეჟისორის, ვასო ყუშიტაშვილის მამას – პავლეს, რომელსაც მეტსახელად „ძეუა” რქმევია. მაშინდელი გაზეთი „ივერია” აღნიშნავდა, რომ ბიბლიოთეკა თავისი შენობით, წიგნებითა და დგამ-ავეჯით 50 მანეთზე მეტი დაჯდომია ყუშიტაშვილს. როცა გოგლა წამოიზარდა, მისი საყვარელი ადგილი სოფლის ბიბლიოთეკა იყო. ბიბლიოთეკას იატაკი არ ჰქონია. გოგლას მეზობელ ვანტო ჯიღაურისგან უთხოვია ხარ-ურემი, დედულეთში, ნინოწმინდაში უყიდია აგური და თავისი ხელით დაუგია იატაკი ბიბლიოთეკაში. მისი თანატოლი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ელისო ინქოშვილი იხსენებდა: ეხვეწებოდნენ თანატოლები, ჩვენც მოგეხმარებითო, მაგრამ, ახლოს არავინ გაიკარა, მე თვითონ კარგად უნდა გავაკეთოო. თექვსმეტი წლისაც ძლივს იქნებოდა მაშინო.    

ყველაფერს ასწრებდა დიდ საქმეებში ჩაფლული! უკვე თბილისში ცხოვრობდა. სოფელში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა ან დაქორწინდებოდა, აუცილებლად ჩამობრძანდებოდა. თუ ვერ გაიგებდა ან არ შეატყობინებდნენ – არ შევაწუხოთო, საყვედურს იტყოდა: სირცხვილია, ხალხის ყბაში არ ჩამაგდოთ, იტყვიან, არ გვიკადრაო. უკარება როდი იყო, სოფელში ყველას მოინახულებდა. მოხუცებთან ერთად პურსა და ნიორს, მაწონსა და კუტპურს გატეხდა. თუ ვინმე მოებოდიშებოდა – ლობიო მაქვს ამოქინძული, როგორ გაკადროო, იქნებ არც შიოდა, იქნებ არც უყვარდა, მაგრამ, ძალიან მოიწონებდა: უჰ, უჰ, სწორედ ახლა ვნატრობდი ლობიოსო, – იტყოდა... პატარძეულელი მოხუცი დედაკაცები იკვეხნიდნენ – პატარა გოგლას ძუძუს მე ვაწოვებდიო. ჩემი მოხუცი მამა, მამიდა და მეზობლები ხშირად მთხოვდნენ ხოლმე, გოგლასი რამე წაგვიკითხეო. ერთი ჩემი მეზობელი, ოთარაანთ ქვრივის მსგავსი დედაკაცი, ანა ბებო (ფანოზიშვილი-ზუკაკიშვილი), მეტად გაცხარდა: ერთი უყურე, ჩემზე არაფერი დაუწერია, ძუძუს ხომ მეც ვაწოვებდი, ის ჩემი ვანოს ტოლი და ძუძუმტეაო. ეს ამბავი მალე ვუთხარი ძია გოგლას. გაუკვირდა და გაუხარდა, აუცილებლად გამაცანი, მე მას არ ვიცნობო. ანა ბებომ იუარა – ასე ჩაცმული ვერ ვეჩვენები, აი, ჩემი ვანო ჩამოვა, მიყიდის ტანსაცმელს და მერე წამიყვანეო. ეს ვუთხარი პოეტს. შეწუხდა, გაიარ-გამოიარა თუთის ხის ქვეშ, აწრიალდა... ორი კვირაც არ იყო გასული და მისმა მძღოლმა მომიტანა ანა ბებოსთვის კაბა, თავშალი, ფეხსაცმელი და ლექსი „დედობილი.” ამაღელვებელი იყო პოეტის შეხვედრა დედობილთან. პოეტს ვუთხარი: სხვაც ბევრი იკვეხნის თქვენს დედობილობას-მეთქი. ესიამოვნა, ეგ რა კარგად თქვი – „იკვეხნის”, რომ დამამადლონ, ისაა ცუდიო... 

განსაკუთრებით უყვარდა „ნატვრის ხე”, „ვაზელვარასა” და „შუქელვარა დილას” ეძახდა. ერთხელ მკითხა, რას ამბობს ხალხი ჩემს „ნატვრის ხეზეო”. მე ვუპასუხე, ჩემმა ლექტორმა გვითხრა, ლეონიძის „ნატვრის ხე” მოვლენააო. ესიამოვნა, მაგრამ, მაინც მითხრა: შენ უნდა გეთქვა, რის მოვლენა, რა მოვლენა, ყველა პატარძეულელი ასე ვლაპარაკობთო. ჩანს, შენ არ ხარ კარგი სტუდენტიო... გოგლას ასეთი ჩვევა ჰქონდა: დაკრეფდა ხილს, ყურძენს, ჩააწყობდა ყუთებში და მეგობრებს უწილადებდა. ერთ ყუთს დააწერა „კ. გამსახურდია”. მე კ-ს ნაცვლად ქ ამოვიკითხე და გოგლას ვკითხე: სად არის ქალაქი გამსახურდია, ასეთი ქალაქი არ გამიგონია-მეთქი. ეს გოგლას ეთქვა გამსახურდიასთვის და, როცა სოფელში სტუმრად ჩამოიყვანა ბატონი კონსტანტინე, გოგლამ ჩემი თავი წარუდგინა – ეს არის გვიტია, ამას ჰგონიხარ ქალაქიო. ყოჩაღ ბიჭო, მე ქალაქი კი არა, დედაქალაქი ვარო – მითხრა ბატონმა კონსტანტინემ – იგონებდა მამა.

პოეტურად მოგვიკვდა გოგლა წყნეთში. გულიაანთ წყალი მოითხოვა მომაკვდავმა, თავისი ყმაწვილკაცობის ემბაზი – გულიაანთ წყაროს წყალი. დიდი და პატარა პატარძეულში გარბოდა პატარა ლიტრებით წყლის ჩამოსატანად... მომაკვდავი მეზობლის თანატოლმა ქალმა, ოლა ზუკაკიშვილმა მოინახულა, პატარძეულის ხილი მიართვა, გოგლა ხილს მისწვდა, სურდა, უკანასკნელად ეგრძნო გამზრდელი პატარძეულის სურნელი, ვერ შეძლო ჭამა, სიმწრისგან ლეღვი ხელებში მოწურა, თვალზე ცრემლი მოადგა... საოცარია, სად მოძებნა აგვისტოში იები ქალბატონმა მარია მეიფარიანმა? მომაკვდავს იები მიართვა, პოეტმა გაიღიმა, დაყნოსა და გულზე დაიყარა!.. პატარძეულელებმა მოითხოვეს – ჩვენ დავკრძალავთ,  სოფელიო. დატრიალდნენ სოფლის თავკაცები: თვითონ ამოთხარეს საფლავი მთაწმინდაზე, პატარძეულიდან ტომრებით წაღებული მიწა ჩააფხვიერეს საფლავში გოგლას, ხელით ატარეს კუბო სამარემდე და თვითონვე ჩაასვენეს. ქელეხი გადაუხადა სოფელმა არნახული და არგაგონილი. შემთხვევით შემხვედრმა ტაქსის მძღოლმა მკითხა: მართლა ათი ძროხა დაკალით და ასი თონე პური გამოაცხეთ პატარძეულელებმა ლეონიძის ქელეხშიო? მე ვუპასუხე: მაგის რაოდენობა არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ საგზლად ზღვა ცრემლი, დიდი სიყვარული და არდავიწყება გავატანეთ-მეთქი.” 

скачать dle 11.3