ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა, გამოიწვიოს სერიოზული გართულებები აორტოკორონაროგრაფიამ?
პასუხი: ეს გამოკვლევა განეკუთვნება ინვაზიურ, კარდიოქირურგიულ გამოკვლევათა რიცხვს. ახლა ის რუტინული გახდა, დაგროვილია დიდი გამოცდილება, გამომუშავებულია მეთოდოლოგია, მაგრამ, გართულებების საშიშროება ყოველთვის რჩება. ავადმყოფს აფრთხილებენ ამის შესახებ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ვარჯიში პოდაგრის დროს?
პასუხი: პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი, თუ სწორად არის დასმული დიაგნოზი, არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (კერძოდ – შარდმჟავას). პირველი და მთავარი პირობაა კვების სწორი რეჟიმი, გამწვავების დროს კი – მკაცრი დიეტა. ართრიტის გამწვავების დროს მიიღება ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რემისიის დროს მოძრაობითი აქტივობა და ვარჯიში სასურველია.
კითხვა: სასარგებლოა თუ არა მანდარინი?
პასუხი: კანადელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მანდარინი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. გამოკვლევების პროცესში მათ მანდარინში აღმოაჩინეს ნივთიერება ნობილეტინი, რომელიც ხელს უშლის ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარებას.
კითხვა: შეიძლება თუ არა ორსულობის დაგეგმვა საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს თუ, ჯერ მკურნალობაა საჭირო?
პასუხი: სანამ ორსულობას დაგეგმავთ, საჭიროა „ფარული“ ინფექციების გამორიცხვა, ნაცხის ჩაბარება ციტოლოგიაზე, შესაძლოა საშვილოსნოს ყელის ბიოფსიაც. გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, ორსულობამდეა ეროზია სამკურნალო თუ მშობიარობიდან ორ თვეში. საშვილოსნოს ყელის ინფექცია, შესაძლოა, აღმავალი ინფექციის წყარო აღმოჩნდეს.
კითხვა: ჩემი 43 წლის მეუღლე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მამაკაცია. გვაქვს თუ არა შანსი, ვიყოლიოთ ჯანმრთელი ბავშვი?
პასუხი: ნაყოფის ფორმირებისთვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ქალის ჯანმრთელობასა და ასაკს. ალბათობა, რომ ბავშვს ექნება შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილება, დაახლოებით 10 პროცენტია, ასეთი რისკი კი საშუალოდ ითვლება და ამის გამო ბავშვის ყოლაზე უარს არ ამბობენ.
კითხვა: რა სიახლე არსებობს ბრონქული ასთმის მკურნალობაში?
პასუხი: ხშირად ბრონქულ ასთმას ფილტვების ქრონიკული ინფექციის კერები იწვევს (ქლამიდიები, მიკოპლაზმა, პნევმოცისტები). შეგიძლიათ, ჩააბაროთ სისხლი ამ ინფექციების მიმართ ანტისხეულებზე. მათი აღმოჩენის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპია და იმუნოკორექცია საგრძნობლად აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას ან განკურნავს კიდეც.
კითხვა: ვარ 21 წლის. სამი კვირაა, დამეწყო თმის ცვენა, თმა ვიზუალურად ჯანსაღია. რას მირჩევთ?
პასუხი: ალოპეციის (თმის ცვენის) მიზეზი მრავალნაირია: გენეტიკური მიდრეკილება, ჰორმონული დარღვევა, თავის კანის მიკრობული დაზიანება, სეზონური ავიტამინოზი, სტრესი და სხვა. თქვენს შემთხვევაში, რადგან თმა და თავის კანი ჯანსაღია, ალბათ, საქმე ავიტამინოზთან გვაქვს. დერმატოლოგის კონსულტაცია ზედმეტი არ იქნებოდა.