კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2012 წლის ყველაზე ძვირად ღირებული თავდამსხმელების ტოპ-ათეული

 

ისინი მსოფლიოს ნომერ პირველი თავდამსხმელები არიან და ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა მათ ყოფნას საკუთარი კლუბის შემადგენლობაში. 2012 წლის შემაჯამებელი რეიტინგის თანახმად, გამოვლინდა ფორვარდთა ის ტოპ-ათეული, რომელთა სატრანსფერო ფასი რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს აღემატება და, შესაბამისად, ისინი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეებად ითვლებიან.

ლიონელ მესი – 120 მილიონი ევრო

ამ გვართან ასოცირებული ნებისმიერი თანხა მხოლოდ სავარაუდო დონეზე შეიძლება განისაზღვროს. დღეს არგენტინელი ლიონელ მესი ისევე შეუფასებელია, როგორც ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა”. წლიდან წლამდე დასტურდება, რომ „ბარსელონის” მოედანზე ფეხბურთს კი არ თამაშობს, არამედ, თავად ქმნის ფეხბურთისგან ხელოვნების ნიმუშს. 2012 წელი მის კარიერაში განსაკუთრებულია – მესიმ ლეგენდარული გერმანელის, გერდ მიულერის თითქმის 40-წლიანი რეკორდი მოხსნა და ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლის გატანა მოახერხა (მიულერის ანგარიშზე 85 გოლი იყო). ამბობენ, რომ ჩია არგენტინელი კარიერას „ბარსელონაში” დაასრულებს – კონტრაქტი 2018 წლამდე არის გათვლილი და, სავარაუდოდ, მანამ გაგრძელდება, სანამ ახალ საფეხბურთო „ღმერთს” მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა არ მობეზრდება. 

კრიშტიანუ რონალდუ – 100 მილიონი ევრო

2003 წელს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პორტუგალიური „სპორტინგისგან” 17,5 მილიონ ევროდ შეიძინა, მადრიდულ გრანდში კი თითქმის ხუთჯერ მეტ თანხად გაყიდა. დღეს რონალდუს ტრანსფერი 100 მილიონად არის შეფასებული და, მესის მსგავსად, ეს თანხაც სავარაუდო ხასიათს ატარებს. რონალდუს თქმით, ის თავს მშვენივრად გრძნობს მადრიდში და კლუბის გამოცვლას არ გეგმავს; თუმცა, „მანჩესტერ სიტის” არაბ მფლობელებს სულ სხვა გეგმები აქვთ რონალდუსთან დაკავშირებით და, არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე პორტუგალიელი მანჩესტერში დაბრუნდეს. 

უეინ რუნი – 65 მილიონი ევრო

ეს თანხა რეკორდულია უეინ რუნისთვის. ჯერჯერობით პირველად, მისმა ფასმა 50 მილიონ ევროს გადააბიჯა. რუნიზე ვერ იტყვით, რომ სუფთა ფორვარდია – მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და, ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, ის როგორც შემოქმედი ფეხბურთელი გაიხსნა. უნივერსალური რუნი „მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი დამრტყმელი ძალაა და, სანამ მას 30 წელი არ შეუსრულდება მისი სატრანსფერო ფასი ზრდას განაგრძობს. 

სერხიო აგუერო – 51 მილიონი ევრო

კიდევ ერთი არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც მსოფლიოს უძვირესი ფორვარდების „კვარტეტის“ წევრი გახდა. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი და დიეგო მარადონას სიძე, სერხიო აგუერო, კლუბს 45 მილიონი დოლარი დაუჯდა და, შესაძლოა, მისი ფასი მეტადაც გაზრდილიყო, რომ არა „სიტის” წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაში. მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი 24 წლისაა და მას მთელი კარიერა წინ აქვს, რომ მისმა სატრანსფერო ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს.

რადამელ ფალკაო – 50 მილიონი ევრო

ის ევროპული სუპერკლუბების ნომერ პირველი სამიზნეა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. კოლუმბიელი სუპერთავდამსხმელის ფასი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყო და, ამბობენ, რომ ლონდონის „ჩელსი” მზად არის, მადრიდის „ატლეტიკოს” 60 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა, მადრიდული კლუბის მესვეურები არ ჩქარობენ ფალკაოს გასხვისებას. ამას გარდა, აქტიურობს „რეალი”, რომელსაც ფალკაოს ნახვა საკუთარ რიგებში სურს. ცნობისთვის, ფალკაოს გადაბირება „ატლეტიკოს” 47 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჰალკი – 45 მილიონი ევრო

ამ მომენტისთვის ჰალკი ყველაზე ძვირად ღირებული ბრაზილიელი თავდამსხმელია მსოფლიოში. „ზენიტის” მიერ ჰალკში გადახდილი თანხა დღემდე ითვლება განსჯის საგნად. სხვადასხვა ცნობით, ეს ციფრი 40-55 მილიონ ევროს შორის მერყეობს. ამბობენ, რომ აღნიშნულმა თანხამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ფეხბურთელზე და ამას არც სანკტპეტერბურგული კლუბის მესვეურები უარყოფენ, რომელთა  თქმით, ჰალკი ჯერჯერობით არ ამართლებს მასში გადახდილ თანხას, თუმცა, ისინი ფეხბურთელის გახსნას 2013 წლიდან ელიან. მსგავსი შემთხვევა 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ფერნანდო ტორესი ლონდონის „ჩელსიმ” 58 მილიონად იყიდა და ფეხბურთელმა აშკარად არ გაუმართლა აბრამოვიჩს. 

რობინ ვან პერსი – 43 მილიონი ევრო

რამდენიმე წლის წინ რობინ ვან პერსი დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილო თანხის – 4,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა „ფეიენოორდიდან” „არსენალში”, 2012 წლის ზაფხულში კი ლონდონურმა კლუბმა ის ათჯერ უფრო ძვირად გაასხვისა „მანჩესტერ იუნაიტედში”, სადაც ჰოლანდიელი ძველებურად ათამაშდა და კვლავ ითვლება პრემიერლიგის ბომბარდირობის ნომერ პირველ პრეტენდენტად. ვან პერსი ამ ათეულის ყველაზე ასაკოვანი წევრია – 2013 წელს მას 30 წელი უსრულდება და, სავარაუდოდ, ეს სატრანსფერო ფასი მისთვის მაქსიმუმია.

მარიო გომესი – 42 მილიონი ევრო

გასული ერთი წლის განმავლობაში გერმანელი მარიო გომესის სატრანსფერო ფასმა 20 მილიონი ევროთი მოიმატა. „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ამ ტოპ-ათეულის ყველაზე უიღბლო ფორვარდად შეიძლება ჩაითვალოს – მასზე მეტი მომენტის გამნიავებელი ძნელად მოიძებნება თანამედროვე ფეხბურთში, არადა, იმის მესამედის გატანა რომ დაიწყოს, რა მომენტებსაც უქმნიან პარტნიორები, მისი ფასი გაცილებით მეტი იქნება. მიდის მსჯელობა, რომ ზაფხულში გომესი სხვა კლუბს და, სავარაუდოდ სხვა ქვეყნის ჩემპიონატს მიაშურებს, რაც სავსებით სავარაუდოა, რადგან, მის პოზიციაზე შეძენილმა ხორვატმა მარიო მაჯუკიჩმა გაცილებით ეფექტურად ჩაატარა ბუნდესლიგის პირველი ეტაპი, ვიდრე სახელოვანმა გომესმა.

ნეიმარი – 40 მილიონი ევრო

ნეიმარი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ რეიტინგში არაევროპულ კლუბს წარმოადგენს. დიდი ხანია, ბრაზილიელ ნეიმარზე ევროპული სუპერკლუბები ნადირობენ და, სავარაუდოდ, ზაფხულში ის რომელიმე ტოპ-კლუბს მიაშურებს. წინასწარი გათვლებით, ნეიმარის ევროპული კლუბი ესპანური იქნება, თუმცა, „ბარსელონა” თუ „რეალი”, ამაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ამბობენ, რომ „ბარსელონაში” ნეიმარი მძლავრ დუეტს შექმნის ლეო მესისთან, ამის წინაპირობა კი ის გახლავს, რომ, როგორც გაირკვა, კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებს დავიდ ვილია. ნეიმარის სატრანსფერო ფასის მატებას 2014 წელსაც ვარაუდობენ – მას შემდეგ, რაც ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება.

ქარიმ ბენზემა – 40 მილიონი ევრო

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა „ლიონიდან” „რეალში” გადავიდა, მისმა სატრანსფერო ფასმა დაიწია, რადგან, თავდაპირველად, ბენზემა ვერ ამართლებდა მასზე დაკისრებულ იმედებს, რონალდუს ჩრდილში მოექცა და ერთი პერიოდი სულაც განაცხადს მიღმა რჩებოდა, თუმცა, 2011-2012 წლების სეზონის პერიოდში ბენზემამ ფუნდამენტური ცვლილება მოახდინა საკუთარ თამაშში და სამეფო კლუბის შეტევის ხაზის ლიდერად იქცა. 2012-2013 წლების სეზონის პირველ ნახევარში მან წინა სეზონში აკრეფილ ბომბარდირულ სიჩქარეს ოდნავ მოუკლო, თუმცა, ხარისხობრივად ამას არ უმოქმედია მის თამაშზე და იგი კვლავ ითვლება „რეალის” შეტევის ლიდერად რონალდუსთან ერთად.

 

скачать dle 11.3