რა არის დედამიწაზე ბედნიერება და უბედურება და როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი სრულ ნეტარებაში
„როცა ადამიანი არ არის უფალთან, ადგილი ცარიელი არ რჩება, მას ბოროტი იკავებს. ის აბრიყვებს ადამიანს. ყველაფერს მოგცემს‚ ოღონდ სული წაიღოს შენგან. შენ უყურებ სხვა ადამიანს, ვითომ ბედნიერს, ჰბაძავ მას, მაგრამ, ისიც უბედურია, შენც და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. ამიტომაც გვიჭირს ადამიანებს ბედნიერებისა და უბედურების გარჩევა”... ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მდიდრისა და ღარიბის იგავის თანახმად‚ იყო კაცი, რომელიც მდიდრულად იმოსებოდა, ყოველდღე ქეიფობდა, ჭამდა, სვამდა. ასეთი პიროვნების დანახვა ჩვენთვის არ არის რთული, ასეთი ადამიანი აღწერილი ჰყავს ილია მართალს ცნობილ ნაწარმოებში – „კაცია-ადამიანი?!“, რომლის მთავარი გმირი – ლუარსაბი ამბობს: კაცი უძირო ქვევრია და რაც შეიძლება მეტი ჭამა-სმა სჭირდება, რომ ის ქვევრი ამოივსოსო. უძირო ქვევრი კი‚ ბუნებრივია‚ ვერ ამოივსება, რადგან გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუმაძღარი. მეორე მდგომარეობა – ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ღარიბი ადამიანი, ლაზარე იმყოფება. აქვე უნდა დავუკვირდეთ, რომ მდიდარს არ აქვს სახელი, რადგან, სახელი არ არის საჭირო, მას ღმერთი და ადამიანი იცნობს, როგორც მდიდარს. სანამ ადამიანები, ვინც ამ ინტერვიუს კითხულობენ, ჩავარდებიან განკითხვაში, გადახედავენ მეგობრების სიას და იტყვიან: ის ლუარსაბი მდიდარია, ამიტომ, ის გაუმაძღარიაო, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ სიმდიდრე ბოროტება არ არის. აბრაამი, მოსე და ბევრი დიდი პატრიარქი მდიდრები იყვნენ, მაგრამ, ეს სიმდიდრე მათ მიეცათ ბედნიერებისთვის, რომ გაეცათ და ბევრი ეჩუქებინათ სიმდიდრე და სიკეთე. მეორე ადამიანის‚ ანუ‚ ლაზარეს სახელი მომდინარეობს ებრაული სახელიდან „ელიაზარ“, რაც ნიშნავს „წყალობა ღვთისაგან“. ეს ადამიანი ვერ გადაადგილდებოდა, დახოხავდა, იწვა მდიდრის კართან და ელოდებოდა‚ როდის გადმოაგდებდა ის ლუკმას, ნამცეცს, რომ საკვები მიეღო. ძველად აღმოსავლეთში ასეთი წესი არსებობდა: მოგეხსენებათ, რომ იქ ძალიან ცხელი კლიმატია და პროდუქტის შენახვის საშუალება არ იყო, ამიტომ, როგორც კი ნადიმი დასრულდებოდა, მაშინვე გაჭირვებულებს აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ნარჩენებით დაპურებულიყვნენ. მაგრამ, ეს მდიდარი იმდენად ძუნწი იყო, არ სურდა თავისი ნარჩენები ლაზარესთვის გაენაწილებინა, სანაგვეში ყრიდა და ძაღლები ჭამდნენ. მაგრამ, მალევე დასრულდა ლაზარეს წვალება, ხოლო მდიდრის – „ნეტარება“, ჯერ კვდება შეჭირვებაში მყოფი ლაზარე, რადგან, ღმერთს სურს, მალე დასრულდეს მისი წამება, შეჭირვება. ზოგჯერ ადამიანებს გვიკვირს, რატომ კვდება კეთილი, კარგი ადამიანი და რატომ ცხოვრობს დიდხანს ცუდი და ბოროტი.
– ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი ადამიანებს მთელი ცხოვრება აინტერესებთ.
– ღმერთს სურს, მდიდარი გამოსწორდეს, ის კი, ვინც მადლიერებით იტანს თავის ჯვარს, მალე გავიდეს ამ სოფლიდან, რომ უფალთან აახილოს თვალი. ამიტომაც, ერთმა ნეტარებაში აახილა თვალი, მეორემ – მწუხარებაში. თუმცა‚ ეს არ ნიშნავს იმას, რომ, რადგან ადამიანი მდიდარია‚ ის აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება. ლაზარე არაფერს აკეთებდა, ის მდუმარედ გამოხატავდა თავის მდგომარეობას, ძაღლები ულოკავდნენ წყლულებს, ანუგეშებდნენ და მას არც ერთხელ არ წამოსცდენია საყვედური: უფალო, სად ხარ, არ დასრულდა ჩემი წამება, ჩემი ჯოჯოხეთური წვალება ამქვეყნადო. ღმერთმა ყველაფერი იცის, ამიტომაც, მალე გაიყვანა ლაზარე ამქვეყნიდან და მან უკვე სამოთხეში აახილა თვალი. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ცხონდეს. თუ შენ მთელი ცხოვრება სნეულებაში ხარ, მიტოვებული ხარ, ნამცეცებით იკვებები, არაფერს აკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სამოთხეში მოხვდები, ან‚ რადგან მდიდარია ადამიანი, ამიტომ ის აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება. ასე მარტივი არ არის არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში მოხვედრა.
– მაშ, რა არის საჭირო ცხონებისთვის, სამოთხეში მოსახვედრად?
– იგავში არ წერია, რომ მდიდარმა ქონება მოიპოვა უშრომელი შემოსავლით, რომ უსამართლო ადამიანი იყო. წერია მხოლოდ, რომ მდიდარი იყო და ყოველდღე ქეიფობდა ლუარსაბივით. მინდა შეგახსენოთ წმიდა ილია მართლის დიალოგი ლუარსაბთან: როგორ გგონია, შენი ცხოვრებით არ განარისხებ ღმერთსო? ლუარსაბს კითხვაზე საოცარი პასუხი აქვს: მე‚ ვეჟო? მე განვარისხებ ღმერთს? არ მომიპარავს, არ მიმრუშია, ერთი წირვა არ გამიცდენია, ვამბობ აღსარებას, ვეზიარები, სანთელს ვანთებ, ცხვარს ვწირავო და ასე შემდეგ. პრინციპში‚ რატომ იყო ლუარსაბი ცუდი კაცი? ქეიფობდა, გვერდით თავისნაირი ცოლი ჰყავდა, იყვნენ თავისთვის და ყოველ დილით იმაზე ფიქრობდნენ, რა ვჭამოთ, რა გავაკეთოთ, როგორ გავერთოთო. ამაში ბოროტება არაფერია, მაგრამ‚ კარგად დაუკვირდით‚ წმიდა ილია მართალი რას ეუბნება ლუარსაბს, ანუ ჩვენ რას გვეუბნება: შენი უმოქმედობით არ განარისხებ ღმერთს? არ არის საკმარისი, რომ დადიხარ წირვა-ლოცვაზე, აკეთებ შესაწირს, დროს ატარებ... როცა ადამიანი უმოქმედობაშია‚ აი, ეს არის ცოდვა. ანუ‚ ლუარსაბი უძირო ქვევრის ამავსებელი კაცია, რომლის მდგომარეობაში ხშირად იყო ქართველი. უმოქმედობის, ურწმუნობის გამო ისჯება მდიდარი და აღმოჩნდება ჯოჯოხეთში; როცა ადამიანი ჩუმად არის, ხედავს‚ როგორ იღუპება მისი ქვეყანა და ხმას არ იღებს, როცა გაიძახის: მე ხომ კარგად ვარ, ჩემი მეუღლე ხომ კარგად არის, საჭმელი გვაქვსო, ხოლო‚ როდესაც ხედავს გაჭირვებულ მეზობელს, ამბობს: ხელი გაატოკოს, იშოვოს, მე ხომ ყველაფერი შრომით მაქვს მოპოვებულიო. ანუ უმოქმედობისა და ურწმუნობის გამო, იმის გამო, რომ მას არ უყვარდა მოყვასი, ის აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. ძალიან საინტერესოა ის მომენტიც, როცა ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი ფიქრობს იქიდან გამოსვლაზე და აბრაამს სთხოვს: ჩემს სახლში დარჩნენ ჩემი ძმები, იქნებ მათთან გაგზავნო ლაზარე, რომ გამოსწორდნენ, კარგად მოიქცნენო. აქ‚ ერთი შეხედვით‚ ცუდი არაფერია, ის ფიქრობს თავის მოყვასზე, მაგრამ‚ თუ კარგად დავუკვირდებით‚ ის ცდილობს‚ თავი ეშმაკურად დაიძვრინოს, შეიმსუბუქოს მდგომარეობა. მაგრამ აბრაამი პასუხობს: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველები, ანუ აქვთ საღვთო სჯული, ჯობია‚ წაიკითხონ, არ არის საჭირო, აქედან გავგზავნოთ მოციქულებიო. მაგრამ მდიდარი ეუბნება: ლაზარეს თუ გააგზავნით‚ მკვდრეთით აღმდგარს, იქნებ მაშინ მაინც იწამონ მისი. ჩვენც ხშირად ვამბობთ ხოლმე: არავინ გვინახავს იქიდან მოსული; როცა ვნახოთ‚ მერე ვიწამებთ იმქვეყნის არსებობასო. ეს ცრუმეტყველება, არასწორი სწავლებაა, იქიდან მაშინ აღდგება ხალხი, როდესაც მაცხოვარი მეორედ მოვა. მანამდე კი ნუ დაელოდებით ვინმეს მოსვლას და ნუ გგონიათ, რომ სიზმარში ვინმე თუ გამოგეცხადათ‚ ეს კარგია და ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს მდიდარი ითხოვს ნუგეშს, რომ, იქნებ, ერთი წვეთი წყალი მიიღოს, რათა გაგრილდეს მისი მხურვალება. აუტანელი მხურვალება და ტანჯვაა ჯოჯოხეთში. ისე არ წარმოიდგინოთ, რომ იქ გაზი ანთია ან კუპრი დუღს, უმადლობაა იქ, ღვთის მადლი არ არის, სიბნელე, მიტოვებულობაა და იქ არავინ ახსენებს უფლის სახელს. ნურავის ჰგონია, რომ ჯოჯოხეთში აღიარებს ღმერთს. დავით მეფსალმუნე პირდაპირ ამბობს: „ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ“. სანამ ცოცხალი ხარ, დედამიწაზე ხარ, აქვე უნდა აღიარო მაცხოვარი. თუ ჯოჯოხეთში ვინმე აახელს თვალებს, რამდენიც არ უნდა იყვიროს ღმერთის სახელი, შველა, იქ უკვე აღარ არსებობს შველა, თუ შენი ახლობელი არ დადის ეკლესიაში, არ ლოცულობს, არ იხდის პანაშვიდებს, შეკვეთილ წირვებს და არ გასცემს მოწყალებას. დღეს მოძღვრისგან გამიგია ქადაგებაში, რომ ჯოჯოხეთშიც იქადაგება მაცხოვარი. ასე რომ იყოს, მაშინ ჯოჯოხეთი ცარიელი იქნებოდა, ყველა დასჯილი ადამიანი მოითხოვდა იქიდან გამოსვლას. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჯოჯოხეთი ცარიელი იყოს, მაგრამ, ეს უკვე იქნებოდა ორიგენიზმი. ორიგენე ქადაგებდა: „დასრულდება ჯოჯოხეთური დასჯა და ყველა სამოთხეში გადავა“. მეც თანახმა ვარ ამაზე, მაგრამ, ასე არ არის, რადგან‚ როგორც წერია: იქნება საუკუნო ნეტარება და საუკუნო ტანჯვა. ამ იგავიდან გამომდინარე, მინდა, გამოვიტანო დასკვნა: რა არის ბედნიერება და უბედურება. ღმერთმა ადამიანი შექმნა ნეტარ მდგომარეობაში და მისცა კურთხევა – განღმრთობილიყო, ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ადამიანმა ცნება დაარღვია და ღმერთმა ის გამოაძევა სამოთხიდან, თუმცა‚ მას დაუტოვა ბედნიერების შანსი და აღუთქვა მესიის მოსვლა, რომელიც მოვიდა, ჯვარს ეცვა. დღეს ძალიან ძნელია‚ ნახო ბედნიერი ადამიანები. შეიძლება‚ ვინმე არის ბედნიერი, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ. ვის როგორც ესმის ბედნიერება, ისეთი ბედნიერიც არის. თუ შენ გარშემო ბევრი მშიერი, სნეული, დაწყლულებული ადამიანია, როგორ შეიძლება‚ შენ იყო ბედნიერი?! ადამიანის სამშობლო სასუფეველია და, ამიტომ‚ ის დედამიწაზე ბოლომდე ვერ იქნება ბედნიერი. ბოლომდე ბედნიერება – ეს არის ბედნიერების წყაროსთან, ანუ, ღმერთთან მისვლა. ადამიანის ბედნიერებასა და უბედურებაზე ნუ იმსჯელებ, სანამ არ ნახავ მის აღსასრულს. ბედნიერება არის ცხონება, სამოთხეში ყოფნა, ხოლო უბედურება არის ჯოჯოხეთი, მაგრამ, საგზური აქვე უნდა აიღო. შენ თუ გაჭირვებაში ხარ, ყვედრი ღმერთს, განიკითხავ მოძღვარს, არაფერი გესმის, ნუ გგონია, რომ ნეტარებაში გადახვალ. შეიძლება‚ მდიდარი იყო, ყოველდღე ქეიფობდე, მაგრამ, გაჭირვებულებს, სნეულებს ეხმარებოდე და სამოთხეში მოხვდე. დიდი ქართველი მღვდელმთავრის, გაბრიელ ქიქოძის სიტყვები მინდა მოვიყვანო, რომელიც რამდენიმე თვეში დაკარგავს ოთხ შვილსა და მეუღლეს. ის ამბობს: „შენი ბედნიერება იყოს აღსრულება შენი მოვალეობისა“. შენი მოვალეობის შესრულების შემდეგ‚ თუ „შენს გულს მიაჩვევ კეთილ საქმეს, სათნოებას, ლოცვას, მოთმინებას, სიყვარულს, მაშინ ამქვეყნადვე მიიღებ უმტკიცესსა და დაუსრულებელსა ბედნიერებას“.