ღვთისმშობლის ხატის შესახებ
წინასწარმეტყველება ათონის მთისა და იქიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის წაბრძანების შესახებ
წმიდა ნილოს მირონმდინარე: „წმიდა მამებო, ხსნის დაცილება იქნება ასეთი: პირველი – მცირეოდენი ხნით ადრე შეიძვრება მონასტერი, სადაც სუფევს ხსნის დედოფლის ხატი. ეს ნიშნავს, რომ უგრძნობი მიწა შეიგრძნობს, რომ გაღარიბდება თავისი მფარველისგან, რომელიც იფარავდა ამ დღემდე, ძვრის შემდეგ ძლიერ რყევაში იქნება ყოველი დანერგილი ხე და დახრიან დანერგულს, ვამბობთ ყველა ფესვგადგმულს დედოფლისთვის ტყვეობაში (ანუ მთაზე მართლმადიდებელი ბერების მოწამეობრივი განადგურება იქნება). ათონზე საშინელი ხმაური ატყდება, გამოვა წვრილი ხმა, როდესაც ჩვენი დედოფლის, ღმრთისმშობლის ხატი წაბრძანდება უცნაური და მთრთოლვარე. ნიშანი გამოჩნდება. ნიშანი იქნება ასეთი: ყველა ეკლესია დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო, მხსნელის გაცილებისა და თავისმოდრეკის აღსანიშნავად (ანუ მათ დაანგრევენ უღმრთოები ან მიწისძვრა). ამის გამო გეუბნებით, უგრძნობი იგრძნობს, ხოლო გრძნობა დაივსება და ვერ შეიგნებს, რომ ცილდება ხსნა. გეუბნებით, წმიდა მამებო, ვიდრე ჩვენი დედოფლის, ღმრთისმშობლის ხატი მთაზე ბრძანდება, ნურავინ დააპირებს აქედან წასვლას, რადგან ამის განზრახვისთანავე მეყსეულად სულიერ და ხორციელ სასჯელს (მიმნებებლობას) მიიღებს. როდესაც იხილავთ, რომ წაბრძანდა ყოვლადწმიდას ხატი ამ წმიდა მთიდან, წადით თქვენც, სადაც გენებოთ, ოღონდ ბერული ცხოვრების აღთქმა შეინახეთ დაურღვევლად და წმინდად“.
ათონის წმინდა მთაზე ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ივერონის მონასტრის მოლოცვის შემდგომ, ასეთი რამ განაცხადა: „ივერიის ღვთისმშობლის ხატს უკვე ველოდებით საქართველოში“.
ღვთისმშობელმა პირი იბრუნა მარხვის დამრღვევისგან
არქიმანდრიტმა რონიდმა თავისი ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევა გაიხსენა: „ერთხელ მოსკოვიდან სამშობლოში ვბრუნდებოდი. გზად ჩემს ბიძასთან შევიარე და ცოტა ხანი მის სახლში ვცხოვრობდი. ბიძაჩემი ნიკოლაევის სადგურის უფროსის მოადგილე იყო, იგი მაღალ საზოგადოებაში მიღებული წეს-ჩვეულებების მიხედვით ცხოვრობდა. მის ოჯახში ოთხშაბათსა და პარასკევს არ მარხულობდნენ. ბიძასთან სადილობისას მეც არ ვამბობდი უარს კვერცხსა და რძეზე მარხვის დღეებში და ჩემს ასეთ საქციელს შემდეგი მოსაზრებით ვამართლებდი: „ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, რომ ვაიძულო ეს ადამიანები სპეციალურად ჩემთვის განსხვავებული კერძები მოამზადონ, ამიტომ ყველაფერს ვჭამდი, რასაც მთავაზობდნენ. ბერად აღკვეცამდე ერთი წლით ადრე საოცარი სიზმარი ვიხილე: თითქოს ენით უთქმელი, ზეციური სილამაზის ტაძარში ვიმყოფები და ღვთისმშობლის ხატის წინაშე ვდგავარ. ხატზე დედაღვთისა მთელი სიმაღლითაა გამოსახული, ხელში ღვთაებრივი ყრმა უჭირავს, თავზე გვირგვინი ადგას. მისი ნაკვთები ჩერნიოვის ღვთისმშობლის ხატს მაგონებდა. მე ცოდვილმა მუხლი მოვიდრიკე ხატის წინაშე და შევთხოვე მეოხება წინაშე უფლისა ჩვენისა. მაგრამ, ჰოი, საშინელებავ, დედაღვთისამ თავისი ნათელი პირი იბრუნა ჩემგან, შიშით და ძრწოლვით შევღაღადე: „დედაო ღვთისავ, რა ცოდვით შეურაცხგყავი მე უღირსმა, რომ არ გსურს შენი ღვთაებრივი სახე ვიხილო?“ და მესმის პასუხი: „მარხვის დაუცველობით შენ პატივს არ სცემ ჩემი ძის ტანჯვას და ოთხშაბათისა და პარასკევის სახსნილო საკვებს იღებ, ამით ორივეს შეურაცხგვყოფ“. ამით ხილვა დასრულდა, მაგრამ ჩემი სულისთვის ძალიან საგულისხმო ამ გაკვეთილმა მთელ ჩემს მომავალ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.