ვისი ინიციატივით აშენდა თბილისის ფუნიკულიორი და რომელ მოვლენას უძღვნა თავისი ცნობილი ტილო ნიკო ფიროსმანმა
თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში ფუნიკულიორი „დაბრუნდა“. სამთო-საბაგირო რკინიგზა – ფუნიკულიორი წლების განმავლობაში ითვლებოდა თბილისის ღირსშესანიშნაობად და ტურისტებთან ერთად ადგილობრივებსაც იზიდავდა. ბელგიელების მიერ აგებული ფუნიკულიორი, რომელიც ძალიან დიდხანს ემსახურებოდა ქალაქს, 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ რკინიგზის აღდგენაზე დღესაც იმავე ფირმამ იმუშავა, რომელმაც პირველად გაუშვა მგზავრებით დატვირთული ვაგონი მთაწმინდის ციცაბო ფერდობზე.
ფუნიკულიორი
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აუცილებელი გახდა მთაწმინდის სატრანსპორტო გზით დაახლოება ქალაქთან და, ქალაქის სათათბიროში სამწლიანი მოლაპარაკებების შემდგომ, თბილისის „კონკის” დირექტორს, ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის, რომელიც ბელგიის ტრამვაის ანონიმურ საზოგადოებას წარმოადგენდა თბილისში, ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა მისცეს. ბრიუსელში, ნაპლეს ქუჩის ¹48-ში მდებარე საზოგადოების თბილისური წარმომადგენლობა მიხეილის პროსპექტზე (ამჟამინდელ აღმაშენებლის გამზირზე), მუშტაიდის ბაღის ტრამვაის დეპოში იყო გახსნილი. ქალაქის თავი იმ პერიოდში ვასილ ჩერქეზიშვილი გახლდათ და, მისი განკარგულებით საქალაქო თვითმმართველობამ 1900 წლის 24 იანვარს ალფონს რობის ფუნიკულიორის მშენებლობის ნება დართო. აგების სანაცვლოდ რობი ქალაქისგან ფუნუკულიორის მართვის ორმოცდახუთწლიან კონცესიას ითხოვდა, თავად კი იღებდა ვალდებულებას, რომ მთაწმინდაზე აეყვანა წყალი, მოეწყო ბაღი, აეშენებინა საზაფხულო თეატრი, ფანჩატურები და სხვა კულტურული გართობის ობიექტები, მგზავრობის ღირებულებად კი 20 კაპიკს განსაზღვრავდა. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩქარი ტემპით წარიმართა. მშენებლობაში მრავალი უცხოელი სპეციალისტი მონაწილეობდა: პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ბლაშმა; არქიტექტურულად დაამუშავა არქიტექტორმა შიმკევიჩმა (თბილისელებისთვის კარგად ცნობილმა არქიტექტორმა, რომლის პროექტით აშენდა თბილისში რუსთაველის სახელობის თეატრი და კონსერვატორიის შენობა); გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი, რომელსაც ეხმარებოდა იტალიელი ინჟინერი ანტონიო ფონტანა-როსი ეს უკანასკნელი ფუნიკულიორის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, 1905 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე (ფონტანა-როსის მეუღლე ქმრის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულა, ხოლო 1979 წლის ივნისში მამის საფლავი მოინახულა ანტონიოს უმცროსმა ქალიშვილმა – დელფინამ, რომელიც თბილისში ყოფილა დაბადებული). უცხოელების გარდა, ფუნიკულიორის მშენებლობაში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით მოკლე დროში შესრულდა რკინა-ბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის.
თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გაზეთი „კავკაზი” წერდა, რომ ფუნიკულიორის სადგურები, მთელი ტრასა, ვარდ-ყვავილებითა და რუსეთის იმპერიის ეროვნული დროშებით იყო მორთული. ქვედა სადგურზე თავი მოეყარათ ქალაქის თავს, გამგეობის წევრებს, სხვადასხვა საზოგადო დაწესებულების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა მამა დავითის ეკლესიის ზედამხედველმა, მღვდელმა მაჭარაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ფუნიკულიორის თაოსნებს და მშენებლებს; წირვა-კურთხევის დასრულების შემდგომ კი, ქალაქის თავმა ცისფერი ლენტი გაჭრა და გზა გახსნილად გამოაცხადა. საპატიო სტუმრები ვაგონში შევიდნენ, მათ შორის იყვნენ: ქალაქის თავი ვასილ ჩერქეზიშვილი, ფუნიკულიორის მშენებელი ბლაში, ბელგიის ვიცე-კონსული აივაზოვი და სხვები. როდესაც ვაგონის წინ გაჭიმული ლენტი გაიჭრა, ვასილ ჩერქეზიშვილმა თქვა: „ქალაქ ტფილისის მოსახლეობის სახელით მივესალმები ამ ბრწყინვალე წარმოებას და ვაცხადებ ტფილისის ფუნიკულიორს გახსნილად!” აღსანიშნავია, რომ ფუნიკულიორის გახსნას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. ფუნიკულიორის პირველი მმართველი გახლდათ ბელგიელი შეიგარდტი. თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გრძელ და ციცაბო რკინიგზად ითვლება. პეტერბურგში გამომავალი ჟურნალი „ნივა” 1905 წლის მარტში წერდა: „ეს შესანიშნავი ნაგებობა მოწყობილია ცნობილი უცხოური ფუნიკულიორების მსგავსად, დაახლოებით ასეთი რამ არსებობს ნიჟნი ნოვგოროდში, მაგრამ, იქაური ფუნიკულიორი ვერც კი შეედრება მთაწმინდაზე აგებულ გზას. ამჟამად ტფილისის ფუნიკულიორი დიდი წარმატებით სარგებლობს მცხოვრებთა შორის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლითაც ესოდენ მდიდარია ტფილისი”.
საბჭოთა დროს ფუნიკულიორს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: 1936-1938 წლებში დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი სადგურის შენობა, რომლის ავტორები არქიტექტორები ზ. და ნ. ქურდიანები იყვნენ, ხოლო 1968 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მიზანშეწონილად ჩათვალა ფუნიკულიორზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ახალი ეტაპი დაეწყო, რადგან, სადგურის ქვედა შენობა ვერ იტევდა მოზღვავებულ დამსვენებლებს. ამიტომ, გადაწყდა, ქვედა სადგურის ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე შენობის აგება. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის პირველ წლებში თბილისში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გავლენა იქონია ფუნიკულიორზე და ორი ათეული წლის განმავლობაში სამთო-საბაგირო გზა პრაქტიკულად განადგურებული იყო. 2007 წელს ფუნიკულიორის რეაბილიტაცია ბადრი პატარკაციშვილმა წამოიწყო, თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო, ეს პროცესი კიდევ რამდენიმე წლით გაიწელა და, საბოლოოდ, 2012 წლის ბოლოს რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული ფუნიკულიორი, რომლის ქვედა სადგურს ისტორიული, პირვანდელი სახე დაუბრუნდა, საზეიმოდ გახსნეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა. იმედია, ამიერიდან თბილისის ფუნიკულიორი კვლავ დაიბრუნებს ქალაქის სავიზიტო ბარათის ფუნქციას.
მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები მამია ჩორგოლაშვილის წიგნიდან „მთაწმინდა” (გამომცემლობა „ხელოვნება”, თბილისი, 1991 წელი).