არის თუ არა დანაშაული ქალისთვის ცოლიანი კაცის სიყვარული
ირინა (31 წლის): ნეტავი, ვინმემ მასწავლოს, როგორ უნდა განვიკურნო სიყვარულისგან. არავის სჯერა, რომ შეყვარებული ვარ. ჩემზე ყველა ფიქრობს, თითქოს სიტუაციით სარგებლობა მინდოდა, ანუ, იმ ადამიანის გამოყენება, რომელიც ჩემზე ასაკითაც უფროსია და მატერიალური მდგომარეობაც ბევრად კარგი აქვს. ზოგადად, ჩვენნაირ წყვილზე საზოგადოება ამრეზით აკეთებს კომენტარს. ეს მე ვარ უწესო, რომელმაც გაბედა და უცხო ოჯახის სივრცეში შეიჭრა, მაგრამ, რატომღაც, მამაკაცის ბრალეულობას არ ხედავენ ხოლმე.
– „ჩვენნაირ წყვილზეო“?! როგორ შეიძლება, დაოჯახებულ კაცთან წყვილი იყოთ?
– არ დამიჯერებთ, მაგრამ, მე ის ძალიან მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე შემიყვარდა. ურთიერთობა უბრალო გართობით დავიწყეთ – მესიჯების გაცვლა-გამოცვლით, ისე, რომ „ცოცხლად“ ნანახი არ მყავდა.
– თავიდანვე იცოდით, რომ ცოლი ჰყავდა?
– კი. მითხრა, ცოლიანი ვარო... მაგრამ, მე სერიოზულ ურთიერთობას არანაირად არ ვგეგმავდი და, ამიტომ, ყურადღება არ მიმიქცევია.
– ცოლიან კაცთან არასერიოზული ურთიერთობა დასაშვებია? ამის თქმა გინდათ?
– ვხვდები, საითკენაც მიგყავთ საუბარი. ეტყობა, მე დავაშავე. რაღაც მომენტში გეთანხმებით. მაგრამ, მხოლოდ მე მეკისრება პასუხისმგებლობა? იმ ცოლიან კაცს რატომ მოუნდა ჩემთან ფლირტი? ის რამ აიძულა ამაზე წასულიყო? რატომ ხდება ისე, რომ მარტო ჩემნაირებს ეკისრებათ ხოლმე პასუხისმგებლობა და იმათ არა?
– ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ყველა თავად აგებს პასუხს საკუთარ საქციელზე.
– ალბათ. მაგრამ, ვფიქრობ, ქვეყნის დამაქცევრად ჩემი გამოყვანა და ჩემგან უზნეობის ნიმუშის შექმნა უსამართლობაა. რა თქმა უნდა, მე ვარ დამნაშავე და ვისჯები კიდეც ამისთვის, მაგრამ, სიყვარული შეთანხმებით არ მოდის, ეს თავისთავად, ბუნებრივად ხდება. მე თავს ვიკავებდი შეხვედრისგან. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ბევრი სხვა ასეთი „უცნობი-ნაცნობი“ თაყვანისმცემელი მანამდეც მყავდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გულწრფელად არ ვაპირებდი, შორს შემეტოპა. არ ვიმართლებ თავს და არც არავის შებრალება არ მჭირდება. ვლაპარაკობ იმაზე, რაც მაწუხებს; ვლაპარაკობ იმაზე, რაზეც დუმილს ამჯობინებენ და რისთვისაც მამაკაცებს არ სჯიან.
– თქვენ ვინმემ დაგსაჯათ?
– დასჯაზე უარესი არ არის ჩემი მდგომარეობა? სამი წელი ფუჭად დავკარგე ლოდინში, ნერვიულობაში, ტირილში... იმდენი დამცირება და შეურაცხყოფა ავიტანე... ცოლებს ნუ ჰგონიათ, რომ საყვარლები უფრო მაგარ „პონტში“ ვართ, ვიდრე თვითონ არიან. ჩვენც გვატყუებენ.
– ცოლია დამნაშავე, ქმარი რომ საყვარელს იჩენს და იმასაც ატყუებს?
– გარკვეულწილად, ასეა. მამაკაცებს თითქმის ყოველთვის შერჩებათ ხოლმე საკუთარი უსაქციელობა, ანუ, მუდმივად პატიების რეჟიმში არიან. რატომ უნდა თქვან უარი იმ სიამოვნებაზე, რაც არაფერი უჯდებათ?! გასდით და აკეთებენ.
– თქვენ გგონიათ, მამაკაცებისთვის ადვილია ახალ-ახალი ტყუილების მოფიქრება? მეეჭვება, რომ მათაც არ უღირთ ეს ნერვების ფასად.
– მაშინ, რას ერჩიან საკუთარ თავს, ან ჩვენ რას გვერჩიან?! დაკმაყოფილდნენ საკუთარ ცოლებთან ურთიერთობით და იმათთან შეასხან ფრთები თავიანთ ინტიმურ-სექსუალურ ოცნებებს. თუ არ გამოსდით, გაშორდნენ და მერე ეძებონ ახალი სიყვარული.
– ამაზე იმასთან უნდა გელაპარაკათ.
– ვინ გითხრათ, რომ არ ვლაპარაკობდი?! მეუბნებოდა, დრო მჭირდება, ყველაფერი რომ დავალაგო, მერე სულ ერთად ვიქნებითო. ოჯახი მარტო ჩემი ცოლი არ არის. ბავშვებზეც უნდა ვიფიქრო და ისე გავაკეთო, მათ ნაკლები სტრესი მიიღონო. მესმის, რომ კარგი მამაა და ეს დასაფასებელი თვისებაა, მაგრამ, ჩემთან რატომ იყო ასეთი თამამი, თუკი მოუშორებელი კუდი მოჰყვებოდა თან?
– თქვენც ხომ გინდოდათ ეს ურთიერთობა?
– მე სიყვარული და საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა მინდოდა. ის დავინახე მასში, რაც რეალურად არ ჰქონდა. ეტყობა, იმ მომენტში ჩემი გული სიყვარულისთვის გახსნილი აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა კი მისი ინიციატივით მოხდა. ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომადგა პირდაპირ სამსახურში. რომ გამოვედი, მანქანით დამხვდა. ასე რომ არ ექნა, მე მას არავითარ შემთხვევაში არ შევხვდებოდი. სულელი არ ვარ და არც ისე მიჭირდა, რომ ცოლიან კაცს ავკიდებოდი. ფაქტის წინაშე დავდექი და მერე შემიყვარდა. შემომთავაზა, გავისეირნოთო. მე ძალიან ვიუარე – არ ვგეგმავდი შენთან შეხვედრას-მეთქი. გამიღიმა, როგორი სერიოზული ყოფილხარ, ყველაფრის დაგეგმვა როგორ შეიძლება. მეც არ დამიგეგმავს შენი გაცნობა, მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და, დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევით არ მომხდარაო. თურმე, იმ დღეს სამი ჩემნაირი „მოულოდნელობა“ უნახავს. ეტყობა, მისი გემოვნება მე დავაკმაყოფილე, რაღაცით დანარჩენებზე უკეთესი აღმოვჩნდი და ამიტომაც მე ამომირჩია. მეც მომეწონა: დახვეწილი იყო, სერიოზული, განათლებული, ერთი სულელური კომპლიმენტიც კი არ უთქვამს.
– სერიოზული მამაკაცები შემთხვევით ნაცნობებს არ ეძებენ. მით უმეტეს, რომ თქვენთან ერთად სამი კიდევ ჰყოლია „რეზერვში“.
– სამწუხაროდ, სიმართლე ძალიან გვიან გავიგე – როცა ჩემმა „გმირმა“ თავისი რეალური სახე გამოაჩინა.
– ეს როდის მოხდა?
– როცა ჩემი მხრიდან სულ პატარა პრობლემა შეექმნა. პრობლემაში, – მისი სიტყვებით გეუბნებით, – ჩემი უაზრო და ზღვარსგადასული პრეტენზიები იგულისხმება.
– რა პრეტენზია გქონდათ?
– იცით, რაშია საქმე? მე მაწუხებდა ის, რომ სიცრუეში ვცხოვრობდი. „ნაპარავი სიყვარულისგან“ დისკომფორტი მქონდა. მინდოდა, თავისი დაპირება შეესრულებინა. ცოლისთვის სიმართლე ეთქვა და ერთად დაგვეწყო ახალი ცხოვრება – ის მე ამას დამპირდა. დიდი ხანია, ცოლი აღარ მიყვარს, მასთან შვილების გამო ვარ. არც მას ვუყვარვარ. ყველა წვრილმანზე ვჩხუბობთ, ჩვენი ურთიერთობა წუთებსაც აღარ ითვლის. უკვე ყველაფერი დამთავრებულია და ის ამას შეგუებულიც არის. შენ მხოლოდ ცოტა მოთმინება გამოიჩინე და მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ორივეს გვინდა. ძალიან, ძალიან ბედნიერები ვიქნებითო.
– არ ჯობდა, ჯერ ცოლთან დაემთავრებინა ურთიერთობა, პატიოსნად წამოსულიყო მისგან და მერე გამხდარიყავით მისი?
– ჩემი სისუსტის ბრალია, რომ ასე არ მოხდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის არც გეგმავდა ცოლისგან წამოსვლას; უფრო მეტიც, სიყვარულსაც ეფიცებოდა. როცა მივედი მასთან და მოვუყევი, გაგიჟდა – ეს ყველაფერი ჩემმა ქმარმა გითხრაო?
– მის ცოლთან იყავით? თამამად მოქცეულხართ.
– თუ, თავხედურად? – თქვენ ხომ ეს იფიქრეთ? შეიძლება, ვიღაცას მართლა ასე მოეჩვენოს, მაგრამ, მე ჩიხში შევედი. დეპრესიამდე მიმიყვანა ჩემმა სიყვარულმა. გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ერთ დღეს რომ მეტყოდა, მიყვარხარ და მარტო შენთან მინდა ყოფნაო, მეორე დღეს საშინელ სცენებს მიწყობდა: ჩემს თავის ტკივილად იქეციო; სულს მიხუთავ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევო... ლამის გავგიჟდი. რა უნდა მექნა?!
– პირდაპირ მიადექით?
– დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. წინასწარ არ მითქვამს, ვინ ვიყავი. ისეთ ადგილას მუშაობს ის ქალი, არ გაოცებულა. თავიდან ძალიან გამიჭირდა ლაპარაკის დაწყება. ისე ვნერვიულობდი, რომ ცრემლები მომდიოდა. ჩემი დამშვიდებაც დასჭირდა. მერე კი... გახსენებაც არ მინდა..
– გეჩხუბათ?
– მერჩივნა, ეჩხუბა და ისტერიკა მოეწყო. ისე შემომხედა, როგორც არარაობას, როგორც უსახურ არსებას, როგორც უსარგებლო ნივთს, რომელიც ყველას პრობლემებს უქმნის და არავის არაფერში სჭირდება. მითხრა, ილუზიას ნუ შეიქმნი, ჩემი ქმარი არასოდეს მიმატოვებს. ოცდახუთი წელია, ერთად ვართ და შენნაირი „სატრფოები“ ბევრი ჰყოლია. ყველაზე რომ მენერვიულა, ასეთ ფორმაში კი არ ვიქნებოდი, ნაადრევად დავბერდებოდიო. გაოგნებული ვუსმენდი. ასეთი უთავმოყვარეობა არ გამიგია.
– თქვენ ფიქრობთ, რომ, რადგან თმაში არ გწვდათ და ქმარი ბარგშეკრული არ გამოაგდო სახლიდან, უთავმოყვარეოა?
– აბა, რა არის? ნუთუ ქმარი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ სტატუსის გამო ყველანაირი დამცირება აიტანო? ღალატზე უარესი ხომ არაფერია? მას კი წარბიც არ შეუხრია. მსგავსი არაფერი მინახავს. გამანადგურა თავისი ყალბი ამპარტავნობით.
– რატომ – ყალბი?
– იმიტომ, რომ, დარწმუნებული ვარ, შინაგანად აუცილებლად განიცდიდა ამ ამბავს. შეუძლებელია, არ სტკენოდა. არ მჯერა მე ამის. ეს ნიღაბი იყო, რომელსაც ამოეფარა. ასეთი „ნიღბებით“ ეძლევა კაცს მოქმედების სრული თავისუფლება, ასეთი „მშვიდი“ ცოლები აქეზებენ მათ ღალატისკენ.
– თქვენ ხომ ცალმხრივად მსჯელობთ. თქვენ ხომ არ იცით მისი ღირებულებები. იქნებ, ისიც სიყვარულის გამო პატიობს ქმარს ღალატს – ამაზე არ გიფიქრიათ?
– ფიქრის მეტს რას ვაკეთებ, მაგრამ, ამ ქალის არ მესმის. თავისი გასაკეთებელი ქმარს გააკეთებინა – „დაგრუზა“ და ჩემთან საომრად გამოუშვა.
– ისევ ცალმხრივად მსჯელობთ. იქნებ, ურთიერთობა გაარკვიეს და თქვენ თვითონ ქმარმა დაგადანაშაულათ ოჯახის არევაში?
– რა უსამართლობაა! რომანი ჩემთან თავად გააბა და ოჯახის ამრევი კიდევ მე ვარ? წარმოუდგენელ ტყუილებს იგონებდა და გულისამრევ ვერსიებს თხზავდა... ცოლმა ეს ყველაფერი აპატია და მაინც ტკბილად შეირგო ღალატი, დაზარალებული კი მარტო მე გამოვედი. სამი წელი სამი დღე ხომ არ არის?
– ეს მამაკაცი მატერიალურადაც გეხმარებოდათ?
– მატერიალურ დახმარებაში რას გულისხმობთ? საჩუქრებს რომ მჩუქნიდა და ზოგჯერ რესტორანში მივყავდი? მანქანა და ბინა არ უყიდია, თანაც, პირველ წელიწადს გაცილებით უფრო გულუხვი იყო და ხელგაშლილი. მერე დაიწყო: უჰ, შენთვის რაღაცის ყიდვა მინდოდა და დამავიწყდა; ბავშვებმა მთელი ფული დამცინცლეს და შენ მერე გიყიდი მაგარ რამეს... მე მისთვის არაფერი მითხოვია. შემიძლია, ყველა საჩუქარი უკან დავუბრუნო, არ მჭირდება, მაგრამ, იმან ის სამი წელი და სიხარული დამიბრუნოს, რომელიც წამართვა და, კიდევ, ამ ჩემს ტკივილებსაც მოუძებნოს წამალი.
– ისევ გინდათ მისი დაბრუნება?
– არა. არავითარ შემთხვევაში. მე ეს არ მითქვამს! იმ სიტყვების შემდეგ, რაც მაკადრა და როგორც მომექცა, მასში მამაკაცს საერთოდ ვეღარ ვხედავ.
– გძულთ?
– არა, უფრო მეცოდება... ეგეც და მისი ცოლიც. ეგენი ვერასოდეს გაიგებენ, რა არის ნამდვილი ბედნიერება. ქმარი ისევ უღალატებს და ცოლიც ისევ აპატიებს... მე კი ჭკუა ვისწავლე. ახლა უკვე ვიცი, რომ მამაკაცის ერთი სიტყვის არ უნდა გჯეროდეს. თითს არ გაანძრევს არც ერთი, თუ იქიდან სარგებელს არ გამოელის. ჩვენ კი, ქალები, ვეფერებით და ვანებივრებთ. ვიყვარებთ და უფლებას ვაძლევთ, ფეხქვეშ გათელონ ჩვენი გრძნობა.