ინტიმური საუბრები
ახლა ისეთი ოჯახი გვაქვს, როგორზეც ვოცნებობდი
ისეთი ბედნიერი ვარ, ამ გრძნობას გულში ვერ ვიტევ და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი სიხარული.
შარშან, ძველით ახალი წლის ღამეს მამაჩემი დაბრუნდა. რამდენიმე წლის წინ მიგვატოვა და მთელი ამ წლების განმავლობაში ერთხელაც კი არ მოუკითხავს თავისი ოჯახი. მე ეს საშინლად მწყინდა და გული მტკიოდა. ხშირად მიფიქრია, რომ არასდროს ვაპატიებდი ასეთ საქციელს და რომც დაბრუნებულიყო, არ მივიღებდი, მაგრამ, სახლში შემოსული რომ დავინახე, ყველა წყენა და ტკივილი დამავიწყდა, მაშინვე შევახტი და კოცნა დავუწყე. ეტყობა, ამას არ მოელოდა, რადგან, ჯერ დაბნეული და გაოგნებული იდგა, მერე კი თვითონაც დამიწყო კოცნა და თან ტიროდა. დედას უფრო გაუჭირდა პატიება, მაგრამ, რომ შემხედა, რა დღეში ჩავვარდი, ჩემ გამო გადაყლაპა წყენა და მანაც აპატია. მთელი ეს ერთი წელიწადი, შარშანდელს აქეთ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, ამ ამბავმა, რაც ამ რამდენიმე დღის წინ გავიგე, ჩემი ბედნიერება გააათმაგა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში ტყუპი ძმები მეყოლება. იცით, ყველაზე მეტად რა მიხარია? თითქმის მთელი ბავშვობა ისე გავატარე, მე და დედა მარტო ვცხოვრობდით, სულ მალე კი ძალიან ბევრნი ვიქნებით ოჯახში. სულ ვოცნებობდი, და-ძმა მყოლოდა, ახლა კი ორი ძმა ერთად მეყოლება. მე მათზე საკმაოდ ბევრით ვიქნები უფროსი და ისე მოვუვლი, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. ყველაფერს ვასწავლი, ვიზრუნებ მათზე, რომ მაგარ ბიჭებად გაიზარდონ. კიდევ ის მიხარია, რომ დედას და მამას ძალიან უყვართ ერთმანეთი და წარსულს არც ერთი არ ახსენებს, რისთვისაც მე ორივეს ვუხდი მადლობას. მიხარია, რომ ახლა სწორედ ისეთი ოჯახი გვაქვს, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
საბა, 13 წლის.
შობის ღამის სასწაული
ბავშვობიდან მჯეროდა და მთელი ცხოვრება ველოდი, რომ შობის ღამეს აუცილებლად მოხდებოდა სასწაული – ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებული. მართალია, წლები ისე გადიოდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, მაგრამ, არასდროს დამიკარგავს იმედი, რომ ეს ბედნიერი ღამე ჩემთვისაც დადგებოდა. ნათქვამია, კაცი იმედით ცოცხლობსო და მეც ასე ვიყავი. მიუხედავად ჩემი ასაკისა (წელს 30 წლის ვხდები), ისევ ისეთი რომანტიკოსი და მეოცნებე ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი. არც მატერიალურად მილხინდა და ოჯახის შექმნაშიც სულ რაღაც გაუთვალისწინებელი მიზეზები მიშლიდა ხოლმე ხელს, მაგრამ, შინაგანად მუდამ ვგრძნობდი, რომ ყოველთვის ასე არ გაგრძელდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვლებოდა ყველაფერი სასიკეთოდ.
წელს, 6 იანვრის საღამოს, მეგობარმა დამირეკა და თავისთან მიმიწვია შობის შესახვედრად. მარტო ვცხოვრობდი და ამიტომ წასვლის პრობლემა არ მქონდა, მაგრამ, უარი ვუთხარი, რადგან საფულეში მხოლოდ ორ ლარამდე ხურდები მეყარა და გზის ფულადაც არ მეყოფოდა, რომ არაფერი ვთქვა საჩუქარზე. ჩემი მეგობარი მაშინვე მიხვდა უარის მიზეზს და დამაფიცა, მივსულიყავი. ისევ უარი რომ ვუთხარი, მითხრა, ტაქსით მოდი, ქვემოთ დაგხვდები და მე გადავიხდი და უკან დასაბრუნებელ ფულსაც მოგცემო. კი შემრცხვა, მაგრამ, სხვა გზა აღარ მქონდა და დავთანხმდი.
ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მხიარულად შევხვდით შობას. რომ ინათა, ყველანი დავიშალეთ. რადგან ტრანსპორტი ჯერ არ იყო (დილის 7 საათი სრულდებოდა), ტაქსის ფული კი არ მქონდა (ჩემს მეგობარს დაავიწყდა მოეცა, მე კი ვეღარ შევახსენე), ფეხით გავუყევი გზას. ჩემი სახლი საკმაოდ შორს იყო, თან არსად არ მეჩქარებოდა და ნელა მივუყვებოდი გზას. ხომ იცით, ასეთ დროს ფიქრებმა იცის მოძალება და მეც რა არ გავიხსენე, ბოლოს კი მაინც ცრემლი მომერია, რადგან, ისევ ჩემს გამოცარიელებულ სახლში უნდა მივსულიყავი, ისევ მარტოს უნდა გამეტარებინა შობის დღე, მეორე დღიდან კი ისევ ჩვეულებრივ, მოსაწყენ ცხოვრებას უნდა შევდგომოდი. ამ ფიქრებში ვარ, რომ ფეხი რაღაცას დავადგი და ქუსლი გადამიბრუნდა. კოჭთან ისე ამეწვა, დავიხარე, რომ ხელით დამეზილა, მაგრამ, უცებ დავინახე, რომ ჩემ წინ საკმაოდ მოზრდილი და გაბერილი საფულე ეგდო. ტკივილი მაშინვე დამავიწყდა, დავავლე ხელი, გავხსენი და კინაღამ გული წამივიდა – საფულე დოლარებითა და ევროებით იყო გაძეძგილი. ოდნავ რომ დავწყნარდი, გადავწყვიტე, ცოტა ხანს იქვე ვმდგარიყავი – იქნებ პატრონმა მოაკითხოს-მეთქი. კარგა ხანს ვიარე წინ და უკან, მაგრამ არავინ მოსულა. ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო, მანქანებიც კი არ დადიოდნენ. ძალიან რომ გავიყინე, გადავწყვიტე, სახლში წავსულიყავი და იქ მომეფიქრებინა, როგორ მოვქცეულიყავი.
სახლში რომ მივედი, მაშინვე გავჩხრიკე საფულე, რომ პირადობის მოწმობა ან რაიმე საბუთი მეპოვა. დაზღვევის ბარათის მეტი ვერაფერი ვნახე, ისიც ინგლისურად იყო შევსებული, მაგრამ, პატრონი ქართველი გამოდგა – ქართული სახელი და გვარი ეწერა. მერე ამოვალაგე დოლარები და ევროები და დავთვალე. ათი ათასი ევრო და შვიდი ათასი დოლარი აღმოჩნდა. ყველაფერი ისევ საფულეში ჩავალაგე და კომპიუტერს მივუჯექი – მხოლოდ ასე თუ ვიპოვიდი ამ საფულის პატრონს. მიუხედავად იმისა, რომ სურათი არ მქონდა, სადაზღვევო ბარათის მონაცემებით მაინც ვიპოვე ის, ვისაც ვეძებდი. როგორ შემეტყობინებინა მისთვის, რაც მინდოდა, არ ვიცოდი, ამიტომ მივწერე, თქვენი გაცნობა მინდა და თუ შეიძლება, მისამართი მომწერეთ-მეთქი, თან ჩემი მობილურის ნომერიც მივუთითე. დაახლოებით შუადღისთვის მივიღე მესიჯი, რომელშიც მისამართი ეწერა. ვუპასუხე, ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები-მეთქი, ჩავიცვი და წავედი (ავტობუსით ვიმგზავრე).
გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების? მეც არ მჯეროდა, მაგრამ, სიმართლე ყოფილა, რადგან, ასე დაგვემართა ორივეს. გიორგი მარტო არ დამხვდა, მასთან ორი მეგობარი მამაკაცი იყო სტუმრად. ჩემი მასპინძელი აშკარად ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ მისთვის უცნობ ქალს მაინც თავაზიანად შეხვდა. ჩვენი გაცნობა რომ შედგა, ტკბილეული დააწყო მაგიდაზე, პატარა სირჩებში კონიაკი ჩამოასხა და ოდნავ „გატეხილი“ ქართულით შობა მოგვილოცა ყველას. თან, ვგრძნობდი, რომ აღფრთოვანებულ მზერას არ მაშორებდა. მე ძალიან ვღელავდი, რადგან, ხომ უნდა მეთქვა, ბოლოს და ბოლოს, რისთვის მივედი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვიგრძენი, ეს უცხო მამაკაცი დანახვისთანავე შემიყვარდა, თუმცა, არ ვიცოდი, ცოლიანი იყო თუ უცოლო. როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალა, ამოვიღე ჩემი ჩანთიდან ნაპოვნი საფულე და ვკითხე, ხომ არ გეცნობათ-მეთქი. იქ ამბავი ატყდა?! – ენა ვერ აღწერს. ცოტა რომ დამშვიდდნენ, გიორგიმ (ჩემს დასარწმუნებლად, რომ საფულე ნამდვილად მისი იყო) ჩამომითვალა, რა ედო საფულეში, რამდენი იყო თანხა და ასე შემდეგ. იქიდან ზარ-ზეიმით გამომაცილეს. სხვათა შორის, გიორგიმ თავისი მანქანით მიმიყვანა სახლამდე და გზაში მიამბო, რომ უკვე თხუთმეტი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ერთი თვით არის საქართველოში საქმეებზე ჩამოსული. თან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახი ჯერ არ შეუქმნია და აუცილებლად ქართველი ქალი უნდა ცოლად. მერე ჩემ შესახებ გამომკითხა რაღაცეები და ასე დავშორდით. ორი დღის შემდეგ კი ულამაზესი თაიგულით მომადგა სახლში, თან ის ორი მეგობარიც ახლდა, რომლებმაც შამპანურები და ტორტი მომართვეს. ძალიან ხანმოკლე საუბრის შემდეგ კი გიორგიმ ხელი მთხოვა. გაოცებისგან ისე დავიბენი, ვერაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ის ვუთხარი, შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ-მეთქი (ვითომ მე ვიცნობდი). მან გაიცინა და მითხრა, ვერც კი წარმოიდგენ, ისე კარგად გიცნობ. სანამ აქ ვიქნები, ყოველდღე შეგხვდები და ჩემს თავსაც გაგაცნობ. შენ ვერ დაგკარგავ, რადგან ღმერთმა შენი თავი შობა დღეს გამომიგზავნა, თან, დაგინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდიო.
ბედნიერებისგან კინაღამ კივილი დავიწყე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, ერთმანეთს ვიცნობთ და ვხვდებით. მაგრამ, არ მგონია, ჩვენზე ბედნიერი წყვილი სადმე თუ დადის დედამიწაზე. იანვრის ბოლოს ჯვარს ვიწერთ და ხელს ვაწერთ, მერე კი ამერიკაში მივყავარ. მიჭირს ყველაფრის ასე ხელაღებით მიტოვება, მაგრამ, გიორგი მპირდება, რომ ხშირად ჩამოვალთ ხოლმე საქართველოში, რამდენიმე წლის შემდეგ კი სულ დავბრუნდებით.
აი, ასე გამაბედნიერა შობის ღამის (თუ დღის – რა მნიშვნელობა აქვს) სასწაულმა. ამიტომ, ყველას მივმართავ: იმედი არ დაკარგოთ, სასწაულები ნამდვილად ხდება!
თამუნა, 30 წლის.