2012 წლის „ფორბსის” მილიარდერების ახალი ტოპ-ათეული
2012 წელი საიუბილეო გამოდგა მსოფლიო მილიარდერების რეიტინგისთვის: ზუსტად 25 წლის წინათ, 1987 წელს, „ფორბსმა” პირველად მილიარდერების სია შეადგინა. 2012 წელი სარეკორდო წლად ჩაითვალა თავად რეიტინგისთვის, რადგან მასში 1 226 მილიარდერი მოხვდა, რომელთა საერთო კაპიტალმა 4,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა. რეიტინგში მსოფლიოს 58 ქვეყნის მილიარდერი მოხვდა, მათ შორის საქართველოდან, პერუდან და მაროკოდან. მილიარდერების რაოდენობით ლიდერობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა – 425 ადამიანი, შემდგომ მოდის რუსეთი – 96 და ჩინეთი – 95. გთავაზობთ წლის შემაჯამებელ რეიტინგს, რომელიც „ფორბსის” მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.
კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა) – 67 მილიარდი დოლარი
მექსიკელმა კარლოს სლიმმა ზედიზედ მესამედ შეინარჩუნა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული, მიუხედავად იმისა, რომ მისი კაპიტალი წლის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის მიზეზად სლიმ ელუს წარუმატებელი ინვესტიციები დასახელდა ევროპის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, კერძოდ, ავსტრიასა და ჰოლანდიაში. გასულ წელთან შედარებით, მექსიკელმა მაგნატმა უფრო მეტი დრო დაუთმო ქველმოქმედებას, თავის ფონდებს: კარლოს სლიმს და „ტელმექსს”. სლიმ ელუს მიზანია: ქველმოქმედება ადამიანური შესაძლებლობების განვითარებისთვის და არა მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად.
ბილ გეითსი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 66 მილიარდი დოლარი
ბილ გეითსის პირველი მისია შესრულებულია, ის გახდა პლანეტის ყველაზე გულუხვი ადამიანი (საერთო ჯამში, ქველმოქმედებაზე დახარჯულია 28 მილიარდი დოლარი), რომელმაც პოლიომიელიტი დაამარცხა ინდოეთში. 2012 წელს ინდოეთმა გამოაცხადა, რომ პოლიომიელიტის გარეშე განვლო წელი. ყოველწლიურად გეითსი 200 მილიონ დოლარს ხარჯავს ამ დაავადების საბოლოო დამარცხებისთვის, რიგში დგას: პაკისტანი, ავღანეთი და ნიგერია. წლის განმავლობაში გეითსმა „მაიკროსოფტის” 80 მილიონი აქცია გაყიდა, რაც მისი წილის 15 პროცენტს შეადგენს. ამასთან ერთად, ბილ გეითსი 2012 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილზე გავიდა.
უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 46 მილიარდი დოლარი
ამერიკის სენატის 2012 წლის ერთ-ერთი პირველი დადგენილება, რომელიც მდიდრებს გადასახადების გადახდას მთლიანი შემოსავლიდან არანაკლებ 30 პროცენტის ოდენობით ავალდებულებს, „ბაფეტის კანონად” არის ცნობილი. სწორედ მისი ინიციატივაა, რომ მდიდრებმა უფრო მეტი გადაიხადონ, ვიდრე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. ბაფეტი ბარაკ ობამას მხარდამჭერად მოგვევლინა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაშიც შეიტანა მცირე წვლილი. ივლისში მან 1,5 მილიარდი დოლარი გადასცა ბილ გეითსის საქველმოქმედო ფონდს და საერთო ჯამში, მის მიერ ქველმოქმედებაზე დახარჯულმა თანხამ 17,3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ლარი ელისონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 41 მილიარდი დოლარი
2012 წელი წარმატებული გამოდგა „ორაკლისთვის”. მთელი წლის განმავლობაში აქციების ფასი თამაშობდა და მხოლოდ წლის ბოლოსთვის გამოსწორდა სიტუაცია. ამ ყველაფერმა ელისონის კაპიტალზეც იქონია გავლენა, რომელიც 8 მილიარდით გაიზარდა მარტის მონაცემებთან შედარებით. მილიარდერის სპორტული გატაცება კვლავ იახტებია და 2013 წელს მისი ორგანიზებით სან-ფრანცისკოს ყურეში ჩატარდება ამერიკის თასის 34-ე ფინალი, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. გარდა ამისა, წელს ლარი ელისონმა 500 მილიონ დოლარად ჰავაის კუნძულების სიდიდით მეექვსე კუნძული, ლანუი შეიძინა, რომლის ფართობი 364 კვადრატული კილომეტრია.
ამანსიო ორტეგა (ესპანეთი) – 39,5 მილიარდი დოლარი
ამანსიო ორტეგა 2012 წელს ევროპის უმდიდრეს ადამიანად იქცა. იმის მიუხედავად, რომ მან „ინდიტექსის” მმართველის თანამდებობა დატოვა, ამ ფაქტს კომპანიაზე გავლენა არ მოუხდენია. ის პირველად მოხვდა პლანეტის ხუთ უმდიდრეს ადამიანს შორის. ამანსიო ორტეგამ მილიარდერ ესტერ კოპლოვიცისგან, 536 მილიონ დოლარად „ტორე პიკასო” – მადრიდში მდებარე 43-სართულიანი ცათამბჯენი იყიდა. მას ეკუთვნის ასევე „ეპიკ რეზიდენს და ოტელი” მაიამის სანაპიროზე.
ბერნარ არნო (საფრანგეთი) – 32,7 მილიარდი დოლარი
გემოვნების საკითხში ავტორიტეტად მიჩნეული ბერნარ არნო ევროპის უმდიდრესი ადამიანი იყო, თუმცა 2012 წელს მას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეუქმნა საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის კანონმა მდიდრებისთვის სპეციალური გადასახადის შესახებ. არნომ ბელგიის მთავრობას მოსთხოვა თავშესაფრის უფლება, თუმცა უარი მიიღო. ამიტომ, მისთვის 2012 წელი წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს. ცნობისთვის, არნოს საკუთრებაა სუპერმარკეტების ქსელი „კარფური”, რომელმაც ქართული ბაზრის ათვისება დაიწყო.
ჩარლზ და დევიდ კოხები (ამერიკის შეერთებული შტატები) – 31 მილიარდი დოლარი
ძმები – ჩარლზ და დევიდ კოხები ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ბიზნესმენებად ითვლებიან, მათ მეოთხე პოზიცია უკავიათ უმდიდრესი ამერიკელების ტოპ-ოთხასეულში და მათი საერთო კაპიტალი 31 მილიარდ დოლარს აღემატება. ძმები ფლობენ მრავალპროფილიან ჰოლდინგს „კოხ ინდასტრისი”, რომელიც ნავთობის გადამუშავებაზე, პოლიმერზე, ტრეიდინგსა და ნავთობსადენების ბიზნესშია ჩართული. ცნობისთვის, ძმები მით რომნის საპრეზიდენტო კამპანიის უმსხვილესი დამფინანსებლები იყვნენ.
ეიკე ბატისტა (ბრაზილია) – 30 მილიარდი დოლარი
პლანეტის უმდიდრესი ბრაზილიელი ნავთობის ხარჯზე მდიდრდება. ის ფლობს ნავთობმომპოვებელ კომპანია „OGX პეტროლეოს”, რომლის აქციათა ფასი 19,8 მილიარდი დოლარია და ეს ბატისტას კაპიტალის ორ მესამედს უდრის. ბატისტა არც ოქროს მოპოვებაზე ამბობს უარს, ბოლო წლებში მან 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯა და მის საკუთრებაშია ოქროს მოპოვებისთვის პერსპექტიული მაღარო კოლუმბიაში.
სტეფან პერსონი (შვედეთი) – 26 მილიარდი დოლარი
სტეფან პერსონის საკუთრებაში არსებულ H&M-ის მაღაზიათა ქსელს დაემატა „ვერსაჩე” და „მარნი” – პირველი მაღაზიები გაიხსნა ხორვატიაში, სინგაპურსა და რუმინეთში. ამჟამად მსოფლიოს 43 ქვეყანაში H&M-ის 2 500 მაღაზიაა. სტეფან პერსონმა, რომელსაც კომპანიის მმართველის თანამდებობა უკავია, დამატებით 5 მილიონი აქცია შეიძინა. ამ ხუთიდან კი ოთხი მილიონი, რომელთა ფასი 150 მილიონი დოლარია, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას მოახმარა. გოლფის, თხილამურებისა და ჩოგბურთის მოყვარული სტეფან პერსონი უმდიდრესი ადამიანია შვედეთში.
ლი კა-შინი (ჰონკონგი) – 25,5 მილიარდი დოლარი
მიუხედავად იმისა, რომ ლი კა-შინის კაპიტალმა წინა წლებთან შედარებით დანაკარგი განიცადა, პირველად, 2007 წლის შემდეგ, მან დაიბრუნა ადგილი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველ ათეულში და ასევე, აღიდგინა 2004 წლის შემდეგ აზიის უმდიდრესი ადამიანის ტიტული. ლი კა-შინის ბიზნეს-იმპერიაში მსოფლიოს 53 ქვეყანაა ჩართული და 270 ათასი ადამიანი მუშაობს. მისი კომპანიის აშენებულია ყოველი მეშვიდე ბინა ჰონკონგში, ხოლო სულ ახლახან შეძენილი „ბორთამბრიან უოთერი” 4,5 მილიონ ადამიანს ინგლისში სასმელ წყალს მიაწვდის და 2,7 მილიონისთვის კი – კანალიზაციის მუშაობას უზრუნველყოფს.