კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ელოდებიან ავთო ხურციძეს ღამის ორი საათივით შავი ქალები და რატომ ჩაშალა მან კინოგადაღება

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც  „ტორნადოს” ზედმეტი სახელით იცნობენ, მცირე ხნით საქართველოში დაბრუნდა და კარიერის გაგრძელებას შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გეგმავს. თუმცა, მას უკვე პროფესიონალური კრივისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი. 

 

ავთო ხურციძე: მალე ამერიკაში მივდივარ. უკრაინული კლუბიდან დიდი ხანია, წამოვედი, იყო რაღაც მიზეზები. რაზეც მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, კონტრაქტი იმ პირობებით არ შედგა, დარღვევები იყო და გადავწყვიტე, შემეწყვიტა. არ მინდა, კონკრეტულად, დეტალებზე ვისაუბრო. უკონფლიქტოდ წამოვედი, მაგრამ იურიდიულად კონტრაქტი მაინც ძალაში დარჩა. ერთი წელი დასჭირდა, რომ ყველაფერი მომეგვარებინა. მივდივარ ამერიკაში, სადაც კრივი პრესტიჟული სახეობაა. 

– უკრაინული თუ ისწავლე?

– ვერა, კიევში 6 წელი ვიცხოვრე და მაინც ვერ ვისწავლე. რომ წავედი, თითქმის რუსულიც არ ვიცოდი – ხელებით და ფეხებით ვაგებინებდი მათ სათქმელს (იცინის). დამტვრეული რუსულით ტელევიზიაშიც გამოვდიოდი. რა მოხდა მერე, მთავარია, ესმოდათ. მე ხომ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი არ ვარ? ენის კომპლექსი არ მქონდა. არც ისინი დამცინოდნენ, პირიქით, ძალიან უყვართ ქართული აქცენტი (იცინის). უკრაინელ ქალებსაც მოსწონთ ქართველი მამაკაცები. თუმცა, ჩვენ, კავკასიელები ნაკლებად ყურადღებიანები ვართ. იქ ყოველდღე სჩუქნიან ვარდებს ქალბატონებს. 

– როგორც ვიცი, მერე საფრანგეთში იყავი, იქ რატომ არ დარჩი?

– კი, ვიყავი, იქაც ბრძოლა მქონდა, ძალიან მძიმე და დაძაბული, სხვათა შორის, ქართული არხებით პირდაპირი ტრანსლირება იყო. შერკინება მქონდა არაბული წარმოშობის ფრანგ მოკრივესთან – ჰასან ჯიკამთან. საფრანგეთში იქაური პრომოუტერის მიწვევით წავედი. ამ ბრძოლის შემდეგ დაინტერესდნენ ჩემით. რომ გაიგეს უკრაინული „ელიტ ბოქსიდან” წამოვედი, საფრანგეთში მიმიწვიეს. მაგრამ, იქაც არ დავრჩი. პრომოუტერებს შორის დიდი სხვაობა არ არის – მათთვის ეს სუფთა ბიზნესია, შემოსავალი და დიდი შოუა. ყველაფერი ფულს უკავშირდება – მე კიდევ ნებისმიერი გზით ნაშოვნი ფული არ მჭირდება. ჩემთვის წარმატებაა უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა, ფულიც მნიშვნელოვანია, უფულოდ მეტროშიც ვერ ჩახვალ. შიდა სამზარეულოს ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, – პრომოუტერს, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მოკრივეები და გთავაზობს რომელიმე მათგანთან ბრძოლას, მაგრამ გზღუდავს დროში. თუ სრულყოფილ ფორმაში ყოფნისთვის სამთვიანი ვარჯიში გჭირდება, გაძლევს თვე-ნახევარს, ან შემდეგ, როცა ფორმაში შედიხარ, შეიძლება, ბრძოლა გადაგიდოს. ხდება ასეთი რაღაცეებიც, ყველაფერი მაფიაა. უკრაინაშიც ცდილობდნენ ჩემს დაბლოკვას, რა თქმა უნდა, ჩემი წარმატება არ სიამოვნებდათ იქაურ მოკრივეებს.  ჩემს წონაში ჰყავთ ცნობილი მოკრივე, მაქს ბურსაკი. უნდოდათ, მას შევხვედროდი, მაგრამ მერე დაეჭვდნენ, იფიქრეს, რომ ვერ გამიმკლავდებოდა. ისე, ყოველ წელს მოჰყავდათ და აყენებდნენ ჩემთან სპარინგზე. რინგზე ერთმანეთს არ შევხვედრივართ. არადა, ორივე ერთ წონაში გამოვდიოდით და დღემდე არ გვიბრძოლია ერთმანეთთან, ისე მოახერხეს, რომ ის ინტერკონტინენტალის სხვა კატეგორიაში გახადეს ჩემპიონი, მე კიდევ – სხვაში. 

– პარიზში რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

– რა ვიცი, ეიფელის კოშკი (იცინის). ცოდვა გამხელილი ჯობია და მანდილოსნები მიყვარს ძალიან (იცინის). ახლა ამერიკაში მივდივარ, ლოს-ანჯელესში ვივარჯიშებ და ღამის 2 საათივით შავი ქალები რომ არიან იქ, ისინიც საინტერესოა ჩემთვის. მიყვარს ეგზოტიკა. სხვათა შორის, პარიზში ძალიან ლამაზი ქალბატონები არიან. მაშინ კარგ საბრძოლო ფორმაში ვიყავი და გამიყვანეს, შემახედეს, ნახე რამდენი ლამაზი ქალიაო. მაგრამ ჩემს ქუთაისს და ქუთაისელ ქალბატონებს არაფერი არ ჯობია მსოფლიოში.

– ქუჩაში თუ მოგსვლია ჩხუბი პროფესიონალ მოკრივეს?

– ჩხუბი არა, მაგრამ კიევში ერთი კურიოზი შემემთხვა. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი დნეპრის სანაპიროზე მივსეირნობდით, კარგი ამინდი იყო. იქ მზე ისეთი იშვიათია, რომ გამოდის, ხალხი ლოცულობს და სადღეგრძელოებს სვამს (იცინის). ჰოდა, მივდივართ და რას ვხედავ? მოდის გამომწვევი, ულამაზესი ქალი მოკლე კაბით, გაშლილი თმით. უცებ შავი „ჯიპი“ გაჩერდა, გადმოვიდა ვიღაც ბლანჟეიანი, კიკინიანი ტიპი და არ სთხლიშა გოგოს სილა სახეში? გადამეკეტა – ვუყვირე, გაჩერდი-მეთქი. მივვარდი გიჟივით, არადა ერთი სიტყვაც არ ვიცი რუსული, ახალჩასული ვარ. დავარტყი მუშტი, დავაგდე ძირს. მომცვივდა ხალხი წივილ-კივილით – რას შვრები, კაცო, აქ კინოგადაღება გვაქვს ჩვენო (იცინის). თურმე ფილმს იღებდნენ. მერე ჩემი მენეჯერები ჩაერივნენ, არიქა პრესაში არ გავიდესო, გული უსკდებოდათ. სხვა მხრივ, არაფერი შემმთხვევია. ძალიან უკონფლიქტო ხალხია უკრაინელები. იქაური კაცები ზოგჯერ მაოცებდნენ კიდეც. ერთხელ რაღაც კამპანიაში ვიყავი. ვიღაც ტიპი მოვიდა და ბოდიშის მოხდით შემეხვეწა, ჩემს მეუღლეს თქვენთან ცეკვა უნდა და ეცეკვეო. უხერხულში ჩავვარდი, მაგრამ რა მექნა, ვეცეკვე (იცინის).

– რამე განსაკუთრებული კვების რეჟიმი გაქვს, როგორც სპორტსმენს?

– კი, მაქვს. თვითონ გამოვიმუშავე, რომ არ დავლიო. კრივში ვარჯიში ცოტა გვიან დავიწყე – ვსვამდი, ვეწეოდი და მადლობა ღმერთს, დავანებე თავი, კიდევ კარგი, შემრჩა ჯანმრთელობა. ერთი პერიოდი, კრივს თავიც დავანებე. მერე მეგობართან, შემთხვევით, მაიკ ტაისონის ბრძოლები ვნახე – კასეტები. მაშინ ვიდეო თუ გქონდა, მაგარი იყავი, იშვიათი იყო. იმდენად აღმაფრთოვანა ნანახმა, მეორე დღიდან დავუბრუნდი კრივს. ისე კი ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო და გემრიელი სმა-ჭამა.

– კიევში ქუჩაში გცნობდნენ?

– კი და ავტოგრაფებსაც მთხოვდნენ. ჩემი ძმა იყო სტუმრად და სულ ეშლებოდათ, ყველას მე ვეგონე, ავტოგრაფებს სთხოვდნენ. როგორც ჩვენთვის არიან იაპონელები და ჩინელები ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს, ისე ვართ, ალბათ, მათთვის. არ ვგავართ მე და ჩემი ძმა ერთმანეთს, იერით თუ მიგვამსგავსებენ.

– ყველაზე რთული ემოციურად და ფიზიკურად რომელი ბრძოლა იყო შენთვის?

– ყველა ბრძოლა რთულია, მარტო პროფესიონალებთან მიწევს ჩხუბი. ერთი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის WBC-ს ქამარზე დურანის წინააღმდეგ გამოვედი ზაპოროჟიეში. მას მერე ბრძოლა აღარ მქონია, მერე რაღაც კონფლიქტები მომიხდა. ცუდი ამბები მოხდა ჩემს ცხოვრებაში – ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, მთლიანად დამეწვა სახლი. ყველა ჩემი საყვარელი ნივთი განადგურდა, დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლით, რაც ზედ მეცვა და მანქანის გასაღებით. საუნა მქონდა მოწყობილი,  ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამ დღეში ბრძოლა მქონდა, წარმოიდგინე. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად წავიდა – 1 ქულით მოვიგე. არადა მოკრივე სპორტსმენებიდან ყველაზე ადვილი დასაჩაგრია. საფრანგეთში იყო საშინლად არაობიექტური მსაჯობა, მსაჯებს ორგანიზატორები იწვევენ. ასევე, მსოფლიო ქამარზე არ იყო დოპინგ-კონტროლი, რაც აუცილებელია. საერთოდ, დაიკარგა ჩემი მოწინააღმდეგე და მისი გუნდი, შემოწმებაზე არ გამოცხადდა. მერე კი გავიგეთ, რომ ტესტი დოპინგზე არ იქნებოდა. ჩემი მენეჯერები კი ბობოქრობდნენ, ამას ასე არ დავტოვებთო, მაგრამ მერე ყველაფერი მიჩუმათდა. ბრძოლა არ წამიგია, მაგრამ ქამარი საფრანგეთში დარჩა. თუმცა რინგსგარეთ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტი არასდროს მომსვლია. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ყველასთან. არ ვარ მოჩხუბარი, თუმცა სულ სხვის გამო ვჩხუბობდი ქუთაისში, თბილისში... აქ რომ ჩამოვედი, კრივისთვის თავის დანებება მქონდა გადაწყვეტილი, ასაკით პატარა აღარ ვარ. თან, საკმაო წარმატებასაც მივაღწიე, ბევრი ტიტული მაქვს – სამგზის ევროპის, სამგზის მსოფლიოს და ხუთგზის ინტერკონტინენტალის ჩემპიონი ვარ. 31 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. ერთი სიტყვით, წასვლა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი.

– ამერიკის ამბავი როგორ გადაწყდა?

– ჩემი მენეჯერი, ედი, თბილისელია, რომელიც დიდი ხანია, – ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. თვითონ დამიკავშირდა „ფეისბუქით“, მერე ამერიკაში კრივის ძალიან ცნობილ პრომოუტერს, ლუდიბელას დამაკავშირა. ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და ამერიკის უცნობილესი პრომოუტერების სამეულში შედის. მე ვიცხოვრებ და ვივარჯიშებ ლოს-ანჯელესში. ადრე ფილადელფიაში ვცხოვრობდი, დებიუტი ატლანტიკ-სითიში მქონდა. 

– წეღან, საუბრის დაწყებამდე მითხარი, შავმა პრინცმა სიმღერა მომიძღვნაო. 

– კი, ძირძველი ქუთაისელია. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. სხვათა შორის, კლიპიც უნდა გადაგვეღო ამ სიმღერაზე და მერე რაღაცნაირად დავეკარგეთ ერთმანეთს. „ტორნადო“, ჩვენია... მერე აღარ მახსოვს ტექსტი. სხვათა შორის, ლოს-ანჯელესში რინგზე რომ გამოვალ, ამ სიმღერით დავიწყებ ბრძოლას. ეს ჩემი ჰიმნია (იცინის). 

– სხვა სახეობებს უყურებ, გულშემატკივრობ?

– კი, ჭიდაობა მიყვარს ძალიან. ადრე ჭიდაობაზეც დავდიოდი. ფეხბურთს ვერ ვიტან, მირჩევნია, დავჯდე და მთელი საათი „სვარკას” ვუყურო.

 

скачать dle 11.3