რატომ იყო ანი ამაშუკელი საკუთარ ოჯახში თოვლის ბაბუა და რა საჩუქარი გაუკეთეს მას ბიჭის გაჩენისთვის
ყველასთვის ცნობილი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის ოჯახი 2013 წელს სიახლით შეხვდა – მათ ოჯახში მატებაა. ჩვენი რესპონდენტია გიორგის მეუღლე – ანი ამაშუკელი, რომელიც თელ-ავივიდან გასულ კვირას დაბრუნდა, გიორგი კი სპორტულ კარიერას ახალ გუნდში განაგრძობს. როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რით არიან ისინი დაკავებული და კიდევ სხვა საინტერესო ამბების შესახებ ანის ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რამდენიმე დღის წინ ჩამოხვედი თბილისში, ოჯახში მატება გაქვთ – ისრაელიდან ერთით მეტი ჩამოხვედით.
– დიახ, 7 დეკემბერს ნიკოლოზი შეგვეძინა.
– უცხო ქვეყანაში იმშობიარე, გვერდით ვინ გყავდა?
– უშუალოდ სამშობიარო ბლოკში გიორგი და დედაჩემი იყვნენ. გიორგი მალე გავარდა, რადგან, ვეღარ შეძლო იქ ყოფნა, დედაჩემი კი ბოლომდე დაესწრო ჩემს მშობიარობას. მოკლედ, მხარდამჭერები მყავდნენ. პრინციპში, მარტოც რომ ვყოფილიყავი, სამედიცინო სფერო იქ ისეთ მაღალ დონეზეა განვითარებული, მაინც არაფერს გამიჭირვებდნენ. თუმცა, უცხო ქვეყანაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენიანები გყავს გვერდით.
– რამხელა დაიბადა ნიკოლოზი?
– 3,400 კილოგრამს იწონიდა, დიდი არ იყო. სიგრძეში კი არ გაზომეს. იქ, თურმე, სპეციალურად არ ზომავენ, ანუ, ახალშობილი ბავშვი რა ფორმითაც იბადება, მიაჩნიათ, რომ, იმ ფორმის შეცვლა – დაჭიმვა და ხერხემლის გასწორება – არ შეიძლება. ამიტომ არ გაზომეს. რომ შევხედე, გრძელი კი იყო, მაგრამ, ზუსტად რამდენი – არ ვიცი.
– როგორია ორი შვილის დედობა?
– ერთი დღე ჩემთან თუ დარჩები, ნახავ, როგორიც არის. გიჟები არიან და ჩვენც გაგვაგიჟეს. მართლა არაჩვეულებრივი გრძნობაა. არაფრისთვის და არავისთვის აღარ მრჩება დრო, თავიდან ბოლომდე დაკავებული ვარ ნუციკოთი და ნიკოლოზით. მართალია, ძალიან ბევრი დამხმარე მყავს, მაგრამ, მეც ძალიან დატვირთული ვარ. ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ, დღის ბოლოს, ძიძას რომ გავუშვებთ, მე და დედაჩემიც ისეთი „საყვარლები“ ვხდებით, მეტი რომ არ შეიძლება. დედაჩემი მართლა ძალიან მეხმარება. მის გარდა ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება, მაგრამ, დღის ბოლოს მაინც ჩვენ ვრჩებით სახლში ბავშვებთან. არაჩვეულებრივი ძიძა მყავს, რომელიც თელ-ავივშიც მყავდა. ძალიან კმაყოფილი ვარ მისით და, სადაც წავალ, ყველგან თან წავიყვან. ძალიან გაგვიმართლა. ნუციკო ძალიან ეჭვიანობს პატარაზე და ამის გამო ნიკოლოზი ძალიან გვეჩაგრება. ისეთი მაიმუნია, მგონი, შემთხვევით არის გოგოდ დაბადებული. ბავშვს ტელეფონის გარდა არაფერი აინტერესებს. შეუძლია, მთელი დღე მუნჯივით იჯდეს და აიფონით ითამაშოს, რომელიც უკვე მისი გახდა – გიორგიმ ქორწინების 3 წლისთავის აღსანიშნავად „აიფონ 5“ მაჩუქა, და „აიფონ 4“ ნუციკოს დარჩა.
– 3 წლის იუბილეს ორი შვილით შეხვდით.
– დიახ, ასეა. ნუციკო წლის და 8 თვის არის, ნიკოლოზი კი – ერთი თვის.
– მახსოვს, ფეხმძიმობის დროს სახელის ბევრი ვარიანტი გქონდათ, საბოლოოდ კი ნიკოლოზი დაარქვით.
– სიმართლე გითხრა, ძალიან ბევრი ვარიანტი მე კი არ მქონდა, მთავაზობდნენ. მე ყოველთვის მინდოდა, ბავშვისთვის ნიკოლოზი დამერქმია, რადგან წმიდა ნიკოლოზი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმიდანია. მით უმეტეს, დეკემბერში დაიბადა პატარა.
– ახალ წელს როგორ შეხვდით?
– ისრაელში შევხვდით ახალ წელს და, თან, საკმაოდ უცნაურად. ჩემს ცხოვრებაში პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც აბსოლუტურად არა საახალწლო განწყობით, ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის გარეშე შევხვდით. სამაგიეროდ, მიკი მაუსი გვყავდა. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ისრაელში ახალ წელს სექტემბერში აღნიშნავენ.
– თბილისში რამდენ ხანს დარჩებით?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, რადგან, ვიზები გვაქვს ასაღები. გიორგი საბერძნეთის „ოლიმპიაკოში” გადავიდა, რომელიც გასული წლის ევროლიგის ჩემპიონი გუნდია.
– ანუ, თელ-ავივიდან ათენში გადახვედით?
– გიორგი იქ არის, მაგრამ, ჩვენ ჯერ არ გვაქვს საბუთები მზად. თან, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი თვის ნიკოლოზის პასპორტის გაკეთება.
– გიორგის გარდა ყველანი ჩამოხვედით?
– დიახ, გიორგი ათენშია. მე, დედაჩემი, ბავშვები და ჩემი დედამთილი წამოვედით თბილისში. ძიძაც იქ გვყავდა, რომელიც ცოტა ადრე წამოვიდა.
– როგორც აღნიშნე, ძალიან დაკავებული ხარ და ბავშვების გარდა, არაფრისთვის და აღარავისთვის დრო აღარ გრჩება. გიორგი ხომ არ დაიჩაგრა ამის გამო?
– გიორგი არ დამეჩაგრა, რადგან, ფიზიკურად არ ვართ ერთად. ისეთი დაძაბული რეჟიმი აქვს, იმდენი გადაფრენა-გადმოფრენა, რომ, მგონი, უდროობით ვჩაგრავთ ერთმანეთს. სანამ წამოვიდოდით, კი დამეჩაგრა ცოტა – გაციებული იყო, ბავშვთან არ ვუშვებდი ახლოს და გარკვეული პერიოდი ცალკე ოთახში გავუშვი.
– ახალი გუნდით კმაყოფილია?
– დიახ, საკმაოდ ძლიერი და დახვეწილი გუნდია. სხვა თუ არაფერი, შარშანდელი ევროლიგის ჩემპიონი გუნდია.
– გიორგი როგორ მიიღეს?
– როგორც გიორგიმ და მისმა აგენტმა მითხრეს, ძალიან კარგად მიიღეს. ღვთის წყალობით, ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო და, იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება.
– რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა?
– ამჯერად ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომში კი არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.
– 2013 წელი ძალიან კარგად დაიწყო თქვენი ოჯახისთვის.
– მართალია, ახალ წელს ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის გარეშე ვიყავით, მაგრამ, სამაგიეროდ, ოჯახის ახალ წევრთან – ნიკოლოზთან ერთად შევხვდით 2013 წელს. ის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თოვლის ბაბუაა. ისე, პრინციპში თოვლის ბაბუ მე ვიყავი, რადგან ნიკოლოზი ოჯახისთვის მე მოვიყვანე.
– შენ რა საჩუქარი გაგიკეთეს?
– საჩუქრებით დამხუნძლეს: გიორგიმ ძალიან ლამაზი ოქროსა და ბრილიანტის ნივთი მაჩუქა, დედაჩემმა – ასევე ძალიან ლამაზი ოქროს სამკაული. ჩემს დედამთილს ჰქონდა ნათქვამი, რომელ რძალსაც პირველს გაუჩნდება ბიჭი, იმას ვაჩუქებ ოქროს საათსო. სიმართლე გითხრა, აღარც მახოვდა ამ საათის ამბავი, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს დედამთილს არ დავიწყებია და თელ-ავივში ჩამომიტანა. პრინციპში, ოჯახის წევრებმა ძვირფასი ნივთებით დამასაჩუქრეს.
– ორ ბავშვზე ჩერდებით თუ მესამესაც ფიქრობთ ახლო მომავალში?
– თელ-ავივში ვიყავით და სასწაული ხდებოდა ჩვენს სახლში. ერთი აქეთ ღნაოდა, მეორე – იქით, ორივეს ერთდროულად უნდოდა რაღაც. ამ დროს გიორგის ვეუბნები: მგონი, დროა, მესამე ბავშვზე დავიწყოთ ფიქრი-მეთქი. გიორგიმ თვალებით მანიშნა: თუ არ გინდა, მეშვიდე სართულიდან მოკლე გზით გადავხტე, გაჩერდიო. ასე რომ, სანამ არ წამოიზრდებიან, ამაზე ფიქრი ადრეა.
– გიორგის სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოგიწიათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ნუციკოსთვის ხომ არ არის ეს დამღლელი პროცესი?
– ნუციკო გმირი ბავშვია, ყველა ქვეყანაში ახალ სიტყვას სწავლობს. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებს, მთავარია, მშობლები და მისთვის ახლობელი ადამიანები ჰყავდეს გვერდით. ყველგან ერთობა.
– ალბათ, გიორგის თამაშებს ვეღარ ესწრებოდი ბოლო დროს.
– ძალიან მომენატრა თამაშზე დასწრება და გულშემატკივრობა. რომ ჩავედი, უკვე მეცხრე თვეში ვიყავი და ვერ დავდიოდი, არ შემეძლო. უკვე იმდენი ხანია, არ ვყოფილვარ თამაშზე, რომ მართლა ძალიან მომენატრა ის განწყობა, რომელიც იქ არის ხოლმე.
– მოკლედ, გმირი დედა და გმირი ცოლი ხარ.
– გმირობამდე ბევრი მიკლია, მაგრამ, ვცდილობ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ მესამე შვილი პატრიარქმა მოგვინათლოს, დანარჩენი ვნახოთ...
– ნიკოლოზის ნათლობა სად შედგება?
– ალბათ, თბილისში მოვნათლავთ, რადგან, 40 დღე აქ შეუსრულდება. მინდა, სრული წესების დაცვით მოვნათლოთ და კარგად აღვზარდოთ ბავშვი.
– ნათლიები ვინ არიან?
– გიორგის აგენტი, ლევან მიქელაძე იქნება ბავშვის ნათლია. სავარაუდოდ, კიდევ ერთი ნათლია გვეყოლება – გიორგის მეგობარი, რომელიც საქართველოს ელჩია ისრაელში. უბრალოდ, არ ვიცით, მოახერხებს თუ არა ჩამოსვლას.