რატომ სთხოვდა დავით საგანელიძეს შვილი ახალ წელს „მწვანე ქალს“ და რა დროს ავიწყდება მას რაჭველი კაცის ბუნება
დათო საგანელიძის ოჯახში მისვლისას, მაშინვე მიხვდებით, რომ სახლში სრული იდილია და სიმშვიდე სუფევს. კარის გაღებისთანავე შემოგეგებებათ ორი პატარა ანგელოზი – ნოდარიკო და ელენე. როგორც ოჯახის უფროსი, ბატონი დავითი ამბობს, მის ცხოვრებაში გასული წელი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლეების მომტანი აღმოჩნდა. რას ელოდება ის მომავალი წლისგან, რა საჩუქრები მიუტანა თოვლის ბაბუამ და როგორ იტანს ის თბილისიდან შორს, ქუთაისში, საყვარელი ცოლ-შვილის გარეშე ყოფნას, ამაზე თავად გვესაუბრება.
– ზოგადად როგორ შეაფასებთ გასულ 2012 წელს და როგორი იყო ის თქვენთვის?
– 2012 წელი მართლაც განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩემთვის, რადგან, 8 მარტს ქალიშვილის მამა გავხდი, 30 დეკემბერს კი, ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, პირველად გაიარა. მას რაჭველობის არაფერი ემჩნევა (იცინის), რადგან ჩემმა ელენიკომ გასულ წელს მოასწრო დაბადებაც, გავლაც და მამიკოსთან თამაშიც. გვერდზე რომ ჩავუვლი და ხელში არ ავიყვან, მეტირება. ჯერ ორი კიჭი აქვს და ძალიან სასაცილო ვინმეა. მამიკოს სიხარულია. ნოდარიკო კი 2 წლისაა, უთბილესი და უსაყვარლესი ბავშვია. ერთი წამით არ ჩერდებიან, სულ გადატრიალებული აქვთ სახლი. ასე რომ, როცა ოჯახში მატებაა, ის წელი შენთვის წარმატებულია; მეორე მხრივ კი პოლიტიკურადაც წარმატებული წელი აღმოჩნდა გასული წელიწადი. 1999 წლიდან პოლიტიკაში ვარ, სულ ოპოზიციაში და ბრძოლაში. 2012 წელს კი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა ის ძალა, რომელსაც ვენდობი, რომლის იმედიც მაქვს და რომლისაც მჯერა. ჩემთვის კარგი წელი იმიტომაც იყო, რომ ამ პოლიტიკური ძალის წარმატებაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის, რადგან, საარჩევნოდ კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი და დიდი პასუხისმგებლობაც მქონდა საკუთარ თავზე აღებული.
– გამოკითხვის საფუძველზე გასული წლის საუკეთესო პოლიტიკურ მენეჯერადაც ხომ დაგასახელეს?
– დიახ, ჟურნალისტური გამოკითხვის საფუძველზე, 2012 წლის საუკეთესო პოლიტიკურ მენეჯერად დამასახელეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან გამიხარდა, რომ შრომა დამიფასდა.
– ესე იგი, 2013 წელს ახალი სტატუსით შეხვდით?
– ჩემთვის ყველაზე დიდი სტატუსი სახელი და გვარია. მას უნდა უფრთხილდებოდე კაცი და შენი სახელითა და გვარით ამაყობდე. სანამ ნაბიჯს გადადგამ, უნდა დაფიქრდე, რომ შვილები გყავს და მათთვის შენი საქციელი მაგალითია. ეს ახალი სტატუსი – „წლის პოლიტიკური მენეჯერი” – კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. როცა შვილები გაიზრდებიან, უნდა იცოდნენ, მამიკო რას საქმიანობდა და რა წარმატება მოუტანა ამით მან მის ქვეყანას.
– ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდით?
– ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა შემთხვევა, ახალ წელს სხვაგან შევხვედროდი. მიყვარს ახალი წლის ტრადიციულად, ოჯახურ გარემოში შეხვედრა. წელს დედასთან, მეუღლესთან, შვილებთან და ძმის ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს. ნაძვის ხე სოფომ, ჩემმა მეუღლემ მორთო. ნოდარიკომ კი წელს აღიქვა ახალი წლის დღესასწაული და გაოცებული უყურებდა მორთულ ნაძვის ხეს. ავუხსენი, ახალ წელს თოვლის ბაბუა მოვა და ბუხრის საკვამურიდან საჩუქრებს ჩამოგიყრის, ოღონდ, რაც გინდა, წინასწარ უნდა უთხრა-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: მე მინდა, მომიტანოს „აჩეჩეო”. ვერაფრით მივხვდი, რას ითხოვდა. სოფოს სიცილი აუტყდა – რას გთხოვს და, „აცეცეს” რეკლამა რომ გადის ტელევიზიით, იქ რომ მწვანე ქალი დარბის, ყველაფერს ამტვრევს და ლეწავს, იმ ქალს ითხოვსო (იცინის).
– მერე, მოუყვანა თოვლის ბაბუამ „აცეცეს” მწვანე ქალი?
– მწვანე ქალი ვერა, მაგრამ, მოუტანა რკინიგზის ვაგონები დიდი რელსებითა და თავისი ატრიბუტიკით. მატარებელი რომ დადის, ხმას გამოსცემს, ამაზე გიჟდება და თავადაც დაჰყვება წრეზე. ძალიან გაერთო „მატანინით” – როგორც მას ეძახის თავის ენაზე. ელენიკოს კი ბევრი სათამაშო მოუტანა, ისეთები, რომლებიც შეიძლება, დაღეჭო და არ მოიწამლო (იცინის). ყველაფერს პირში იდებს და თოვლის ბაბუამ ეს გაითვალისწინა.
– თქვენ და სოფოს რა მოგიტანათ, თუ საიდუმლო არ არის?
– მე მომიტანა სვიტერი, სოფოს კი ლამაზი, გულის ფორმის ლარნაკი, ჩაიდანი და პარფიუმერია. ჯერ კი დავიჯერეთ, რომ თოვლის ბაბუამ მოგვიტანა საჩუქრები, მაგრამ, მერე გავარკვიეთ, რომ ჩვენ ერთმანეთის თოვლის ბაბუები ვართ (იცინის). რომ ვაკვირდები, ნოდარიკო უფრო დედიკოს ემსგავსება, ელენე კი სულ მე მგავს. ჩემი ბავშვობის სურათებს რომ ვუყურებ და მერე ელენიკოს შევხედავ, ძალიან დიდ მსგავსებას ვპოულობ. რომ იტყვიან, „გამოხოხებული” მამაა (იცინის). მამობა ძალიან მაგარი გრძნობაა. ნოდარიკოც და ელენიკოც ერთნაირად მიყვარს და ორივე ერთნაირად ჩემია.
– პირველ შვილს მამის პატივსაცემად დაარქვით ნოდარი, გოგონას ვინ შეურჩია სახელი?
– მართალია, ნოდარიკოს მამაჩემის პატივსაცემად დავარქვით მე და სოფომ ეს სახელი, გოგონას სახელზე კი ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ ორივეს „ელენე“ მოგვწონდა.
– ძირითადად ქუთაისში გიწევთ ყოფნა, ოჯახიდან შორს. ოჯახის წევრებთან სიშორეს როგორ იტანთ?
– ეს ყველაზე მეტად მიჭირს. ყველაზე მეტად შვილებთან სიშორის გამო არ მინდა, ქუთაისში რომ არის პარლამენტი. ყველაფერი მაქვს გადატანილი ცხოვრებაში და ის არ მიქმნის პრობლემას, ნებისმიერ ამინდსა და პირობებში გავეკრა გზას და ვიარო წინ და უკან, მაგრამ, მე მათთან ყოველწამიერი შეხება მინდა. თან, საქმე ისე ითხოვს, რომ ხშირად ვერ ვახერხებ ბავშვების ნახვას და, რომ ჩამოვდივარ, მერე აღარ მეკარებიან. ნოდარიკო მებუტება, აღარ მეხუტება, ელენიკო კი, რომ დამინახავს ტირის.
– ერთი პერიოდი საერთოდ ჩამოშორდით პოლიტიკას და ამბობდით, ახლა ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ, ოჯახში მეტ დროს ვატარებ, ცოლ-შვილისთვისაც მოვიცალე და ეს ჩემი მთავარი სამსახურიაო.
– პოლიტიკიდან გარკვეული პერიოდი შორს ვიყავი და მართლაც მქონდა საშუალება, ჩემს თბილ ოჯახში გამეტარებინა დრო, ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებთან. ახლა კი, რა ვქნა, საქმე ასე მოითხოვს. იმედია, ყველაფერი დალაგდება და მეც მეტი დრო გამიჩნდება, შვილებთან ვითამაშო.
– რაჭველი კაცები დინჯები და დამთმობები არიან, თუმცა, ამ ბოლო დროს საკმაოდ მკაცრი ტონით გამოირჩევით.
– გეთანხმებით, რაჭველი კაცები დამთმობი ხასიათით გამოვირჩევით, მაგრამ, გვიყვარს სამართლიანობა. შემწყნარებელი ადამიანი ვარ და არც წყენის გულში ჩადება ვიცი, მაგრამ ზღვარს თუ გადავა ადამიანი და უსამართლოდ მოიქცევა, მეც ადეკვატური რეაქცია მიჩნდება და ამ დროს ტონს ნამდვილად ვერ გავაკონტროლებ. თვალს ვერ დავხუჭავ უსამართლობაზე, ტყუილსა და უტიფრობაზე. ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ყველამ კარგად ვიცით და პირადად მე ვიბრძოლებ, რომ ეს შურისძიებაში, ერთმანეთის დაპირისპირებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში არ გადაიზარდოს. კაცს რომ დასაკითხად დაუძახებენ და კითხვას დაუსვამენ და ამაზე ერთ ამბავს ატეხ – ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებააო, ცოტა სასაცილოა. ნოდარიკო რომ დააშავებს რამეს, მასაც ვაძლევ შენიშვნას და ვუყვირი კიდეც – უნდა იცოდეს, რომ მტყუანია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს. მერე ვეხუტები და ვესიყვარულები. ახლავე ვასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს და იყოს სამართლიანი. არ დავუშვებ იმას, თავად დააშავოს რამე და მერე დაიკოს დააბრალოს – ეს არა, ამან ჩაიდინაო. თუ დააშავე, იმის ვაჟკაცობაც უნდა გეყოს, რომ აღიარო. კაცს ბოდიშის მოხდისაც არ უნდა შეგრცხვეს – ესეც დიდი ვაჟკაცობაა. „არ მესმის, ვერ ვიგებ და არაფერი გამეგება“, – ამ პოზიციაზე ვერ დავდგები, ვერ გაპატიებ და არ გავჩუმდები.
– თქვენს ოჯახში როგორი პოლიტიკაა და როგორ გადაანაწილეთ მოვალეობები, ისევ „მემარჯვენეები“ ხართ?
– მე ბუნებით მართლაც მემარჯვენე ვარ
(იცინის). ვიცი, რომ, თუ ოჯახი არ არის ძლიერი, ვერც ქვეყანა იქნება ძლიერი და წელში გამართული. ვიცი შრომის, ურთიერთობების, მოვალეობებისა და ტრადიციის ფასიც. ეს ყველაფერი ჩემს ოჯახში შეიგრძნობა. თუ ოჯახში პატივისცემა და სიყვარულის პოლიტიკა არ არის, იმას ოჯახი არ ჰქვია. თან, ჩემს ოჯახში ორი ანგელოზი ცხოვრობს – ნოდარიკო და ელენიკო და მათ მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე მე (იცინის). მიხარია ჩემს სახლში შემოსვლა და იმ იდილიის შეგრძნება, რაც აქ სუფევს.
– ისე, რაც მეტი ანგელოზია სახლში, მით უკეთესი არ არის? მრავალშვილიან მამობაზე თუ გიფიქრიათ?
– სულ ვამბობ, იმდენი შვილი მინდა, რამდენსაც ღმერთი მომცემს და არასდროს დავგეგმავ მათ რაოდენობას-მეთქი. რამდენად კარგი მამა ვარ, ვერ გეტყვით, მაგრამ, კარგი შვილები რომ მყავს, ეს ვიცი.
– კაცები ცოტა ჯუჯღუნები არიან. თქვენ?
– როცა კაცი ხარ, ხან ხმამაღალ სიტყვას იტყვი, ხან გაბრაზდები და ხანაც იჯუჯღუნებ, აბა, რა! (იცინის) თუმცა, მე მაშინ ვჯუჯღუნებ, როცა მშია.
– კარგ თამადად და სუფრის გამძღოლად მოიაზრებით. ამ მხრივ თქვენმა თანამდებობამ ხომ არ შეგზღუდათ?
– კარგი თამადა და სუფრის გამძღოლი ადრე ვიყავი, ახლა ისეთი სამუშაო მაქვს, სად მცალია ამისთვის? თამადამ უნდა დალიოს, ისე როგორ იქნება, მე კი ბოლო დროს დალევას ვერიდები. პატივს რომ დაგდებენ, სუფრაზე თამადად აგირჩევენ, შენ კი ყოველ წუთში ტელეფონი გირეკავს, დაძაბული ხარ, საქმე არ ითმენს და სულ გაქცევაზე გაქვს თვალი, ცოტა უხერხულია. ამიტომ, სუფრებს შეძლებისდაგვარად ვერიდები.
– ბატონო დავით, პირადი ცხოვრება და კარიერა მოიწყვეთ. ახლა რა ოცნება დაგრჩათ ასახდენი?
– ამაში ვერ დაგეთანხმებით. პირად ცხოვრებაში ნამდვილად გამიმართლა, კარიერისტი კი არასდროს ვყოფილვარ და ჯიბეში პარლამენტის მანდატი ნამდვილად არ ნიშნავს აწყობილ კარიერას. ჯერ ბევრი რამ დამრჩა მოსაგვარებელი – ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის და ამას რომ მოვახერხებ, მერე ვიტყვი, კარიერაში გამიმართლა-მეთქი.
– მე მაინც იღბლიან ადამიანად მიმაჩნიხართ.
– რასაკვირველია, იღბლიანი კაცი ვარ, ამას მეც ვერ უარვყოფ და ამას ბავშვობიდან ვგრძნობდი. ხომ გახსოვთ, ვაკის პარკსა და მუშტაიდში საათამაშო აპარატები რომ იყო, ტირში სულ ვიგებდი და აღარ მათამაშებდნენ (იცინის). იღბლიანი ვარ, მაგრამ, ბევრი ოცნება კიდევ ასახდენი მაქვს. მთავარი ოცნება კი ჩემი ქვეყნის სიმშვიდე და ხალხის კეთილდღეობაა – ამისთვის ნამდვილად თავგამოდებით ვიბრძოლებ.
– ყველაზე მეტად ვისი შეფასების გეშინიათ და ვინ არის ის ადამიანი, ვის რჩევებსაც ითვალისწინებთ?
– ადრე მამაჩემი იყო ის კაცი, ვის შეფასებასაც გულისყურით ველოდი და ვისი რჩევაც გასათვალისწინებელი იყო ჩემთვის. მამა პროფესორი იყო, ფილოსოფოსი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ოპონენტი ჩემთვის. სათვალიდან ამომხედავდა და დელიკატურად მაძლევდა შენიშვნას. დღეს, ძირითადად, დედაჩემის, ჩემი უფროსი ძმისა და ცოლის შეფასებაა ჩემთვის მთავარი. რომ გითხრათ, ვინმეს რჩევებს ვითვალისწინებ-მეთქი, მოგატყუებთ. მე ვუსმენ ყველას და მერე ისე ვმოქმედებ, როგორც სწორად მიმაჩნია. თუ რჩევა ან რეკომენდაცია შენთვის მიუღებელია, ნაკარნახევით არ უნდა იმოქმედო კაცმა.
– ამბობენ, ლამაზი ცოლის პატრონს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდესო. ქუთაისის პარლამენტის წინ თუ დგას შეკაზმული ცხენი?
– (იცინის) ასეთი შეკაზმული ცხენი ნამდვილად არ მყავს დაბმული პარლამენტის წინ, თან, ცუდი მხედარი ვარ და ხერხემალიც მაწუხებს (იცინის). მე და სოფო ერთმანეთს ვენდობით. თუ ოჯახში ნდობა არ არის, არც ცხენი გიშველის კაცს, არც მობილური ტელეფონი და არც „ლამბორჯინი”.
– ბატონო დავით, ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ნათლული გყავთ.
– 51 ნათლული მყავს და ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ამბობენ, ვისაც შვიდი ნათლული ჰყავს, ის სამოთხეში მოხვდებაო. ვხუმრობ ხოლმე: სხვებმა იფიქრონ, თორემ, მე სამოთხეში „ვიაიპი” ადგილი დაბრონილი და გარანტირებული მაქვს-მეთქი.