როგორ გახდა მარიამ ქინქლაძე თვითმფრინავის პილოტი და ვისთან ერთად უშვებს ის ამერიკაში ენერგეტიკულ სასმელს, რომელსაც ანალოგი არ აქვს მთელ მსოფლიოში
მარიამ ქინქლაძე 15 წლის იყო, როცა პირველად წავიდა ამერიკაში სასწავლებლად. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. დღეს ის საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს, აქვს საკუთარი ბიზნესი და რაც მთავარია‚ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქველმოქმედება. ქველმოქმედებისადმი ლტოლვა კი ბავშვობიდან აქვს, გენეტიკურად მოსდევს. მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახეზე დანახული ბედნიერი ღიმილია. სწორედ ასეთი ბავშვების კარგ მომავალზე, მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნავს მისი საქველმოქმედო კომპანია Honor vitae. კომპანია მან 2 წლის წინ ქართველ გოგონებთან – სალომე ბეღელაძესა და ანი ამირიძესთან ერთად დააარსა და დღეს მას უკვე საერთაშორისო სტატუსი აქვს.
10 წლის წინ... ამერიკაში დაწყებული კარიერა...
მარიამ ქინქლაძე: ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ, მეც თბილისში დავიბადე, მაგრამ მოგვიანებით, მამას ახმეტაში კარგი სამსახური შესთავაზეს და მთელი ოჯახი იქ გადავედით საცხოვრებლად. მამა ქველმოქმედი იყო, სულ ცდილობდა‚ ვინმეს დახმარებოდა. უყვარდა კულტურა და ამ მხრივ‚ ახმეტაში ბევრი რამ გააკეთა: ქუჩები გაალამაზა, შესასვლელში დადგა ცნობილი ქვევრები. ის სულით ქველმოქმედი იყო და ეტყობა‚ ეს მეც გენეტიკურად გადმომეცა... ოჯახში 4 დედმამიშვილი ვართ: 18 წლის ძმა, რომელიც ინგლისში სწავლობს, ძალიან წარმატებული სტუდენტია. და საფრანგეთში ბიზნესსკოლას ამთავრებს, მეორე და კი გათხოვილია. 15 წლის ვიყავი‚ როცა გადავწყვიტე, ინგლისური მესწავლა. მანამდე გერმანულს ვსწავლობდი, 6 თვეში სერტიფიკატი ავიღე. გაცვლითი პროგრამით ჩავედი ტეხასის შტატში, სადაც საშუალო სკოლა დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე ნიუ-იორკის პატარა კოლეჯში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ის რომ დავამთავრე, მერე უკვე სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განვაგრძე. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების მიმდევარი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქართველები, ამერიკა იმდენად საოცარი ქვეყანაა, შესაძლებლობებით სავსე, რომ გადავწყვიტე‚ დავრჩენილიყავი. აქ მესწავლა და საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა... კოლუმბიის უნივერსიტეტში მოსახვედრად ბევრი საფეხურის გავლა იყო საჭირო – აუცილებლად უნდა იყო ჩართული სპორტში, ქველმოქმედებას ეწეოდე და ასე შემდეგ. მე ძალიან მიყვარს სპორტი, ასევე‚ ქველმოქმედებაც – ვიყავი მოხალისე წითელ ჯვარში, „იუნისეფში“, „გაეროში“, უხელფასოდ ვმუშაობდი ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციაში „სივი“ რომ გამეკეთებინა. მოკლედ‚ შევიტანე კოლუმბიის უნივერსიტეტში საბუთები, დამიბარეს ინტერვიუზე და აღნიშნეს‚ რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. საინტერესო ქვეყნიდან მოვდიოდი და საინტერესო ცხოვრება მქონდა გავლილი. კოლუმბიის უნივერსიტეტში ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. შევისწავლე პოლიტიკური მეცნიერება, ავიღე: ეკონომიკის, ადამიანთა უფლებების დაცვის, ბიზნესის კლასები. კიდევ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ჰარვარდში‚ ან კოლუმბიის უნივერსიტეტში უკვე დიპლომატიის განხრით. ამ ყველაფრის პარალელურად‚ ვმუშაობ, მაქვს ჩემი ბიზნესი, ვფიქრობ ოჯახის შექმნაზე. როგორც აღვნიშნე, ტრადიციებს პატივს ვცემ და მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია‚ ამერიკაში ვცხოვრობ, სასურველია‚ ჩემი რჩეული ქართველი მამაკაცი იყოს.
ცხენები, ჩოგბურთი, პილოტის სკოლა...
ძალიან ენერგიული ვარ, აქტიური, მხოლოდ მუშაობა არ მაკმაყოფილებს, ფიზიკურადაც მინდა, რომ დავიტვირთო. თან‚ არ მიყვარს ერთფეროვნება. ცეკვის კლასებიც არაერთხელ ამიღია, თხილამურებით ვსრიალებ, ვთამაშობდი ჩოგბურთს, ვჯირითობდი ცხენით, ვსწავლობდი პილოტის სკოლაში. როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტში ნახეს‚ რომ ერთ ადამიანში ამდენი განსხვავებული რამაა თავმოყრილი, ძალიან მოეწონათ. მითხრეს: საინტერესო ცხოვრება გაქვს და კოლუმბიის უნივერსიტეტის შემდეგ, კიდევ უფრო საინტერესო გექნებაო. დღესაც მიყვარს ცხენები, ვჯირითობ. ჩვენს ოჯახს სხვა შტატში ცხენების ფერმა აქვს. ჩვენი ცხენები არაერთხელ მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეჯიბრებაში. რამდენიმე ჩემპიონიც გვყავს, ნიუ-იორკში ორ-სამჯერ გავიდა ჩვენი ცხენი პირველ ადგილზე. ყოველ სეზონზე ჩავდივარ მათ მოსანახულებლად. პილოტის სკოლაში ოთხკაციანი თვითმფრინავის მართვა ვისწავლე. მართვის მოწმობაც შემეძლო ამეღო, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ. სამაგიეროდ‚ შემიძლია‚ პილოტის გვერდით დავჯდე და ვიფრინო დახმარების გარეშე. იმდენად მიყვარს ფრენა, მოგზაურობა, რომ როცა თავად დავფრინავდი, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ამ დროს სულიერად ძლიერად გრძნობ თავს.
ენერგეტიკული სასმელი – „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქის“ სპონსორი
ბიზნესის კეთება ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ამის ნიჭი შინაგანად უნდა გქონდეს, ბუნებრივად უნდა მოდიოდეს ყველაფერი. რაც მთავარია‚ ეს მერე ბევრ რამეში გეხმარება, მათ შორის ქველმოქმედებაშიც. ჩემი სურვილია‚ მთელი ცხოვრება ვეწეოდე ქველმოქმედებას. ამისთვის კი შესაძლებლობებია საჭირო. ამიტომაც გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესის გაკეთება – სხვასთან რომ აღარ დამჭირდეს მისვლა. დღეს ენერგეტიკული სასმელების ბიზნესი არ არის მომაკვდავი ბიზნესი, პირიქით‚ ეს სფერო სულ იზრდება. ამიტომაც ავირჩიე ენერგეტიკული სასმლის წარმოება, რომელიც ქოქოსის წყალზე მზადდება, ასეთი რამ მსოფლიოში არ გაკეთებულა. გაყიდული სასმლიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი სწორედ ქველმოქმედებას მოხმარდება. სასმელს ერქმევა „ოკო“ და სულ მალე „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქზე“ გამოვა. დეკემბრის დასაწყისში Honor vitae-მ ნიუ-იორკში ჩაატარა დიდი ივენთი, სახელწოდებით: Charity Meets Fashion და იგივე სახელწოდებით ჩატარდება „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქზე“ ჩემი სასმლის სარეკლამო კამპანია. „ფეშენი“ და ქველმოქმედება ისეთი სფეროებია, რომელზეც უარის თქმა ძნელია. ამიტომ, ორივეს თუ გააერთიანებ, შეიძლება‚ დიდი რაღაც შექმნა. შესაბამისად‚ გადავწყვიტე, ჩემი ენერგეტიკული სასმელი „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქზე“ გამოვიდეს. იმედი მაქვს‚ ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის და შევძლებთ ჩვენი ბავშვების დახმარებას. აღარ გახდება საჭირო ფულის მოსაძიებლად სხვაგან წასვლა. დეკემბერში ჩატარებულ ივენთს, რომელშიც გიორგი ნაზღაიძეც მონაწილეობდა, ძალიან ბევრი ცნობილი, წარმატებული ადამიანი ესწრებოდა და ამის შემდეგ, თითქმის ყველა დიზაინერს გაუჩნდა სურვილი, ჩვენი სასმელი იყოს მისი ჩვენების სპონსორი. ანუ, ივენთის სპონსორი იქნება ჩვენი ენერგეტიკული სასმელი. ისიც იციან, რომ შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება და კიდევ უფრო მეტად აინტერესებთ, თან‚ რაც მთავარია‚ ჯანმრთელი სასმელია. „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქზე“ მოდელები და ყველა სტუმარი დალევს ჩემს ენერგეტიკულ სასმელს, გაიცნობენ და ეს საკმაოდ წარმატებული სტარტი იქნება. შემდეგ მანჰეტენზე 200 მაღაზიაში გავიტანთ და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, აქედან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ქართველ ბავშვებს მოხმარდება. მერე შეიძლება, საქართველოშიც ჩამოვიტანოთ და აქ გაყიდვაზეც ვიფიქროთ. ამ საქმეში ორი პარტნიორი მყავს, რომლებსაც საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვართ.
ქართველების მიერ ჩატარებული დიდი ივენთი ნიუ-იორკში
ცოტა ხნის წინ‚ დეკემბერში გქონდა საქველმოქმედო ივენთი. ეს იყო ყველაზე დიდი ივენთი‚ რაც აქამდე Honor vitae-ს გაუკეთებია. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსების მხრიდანაც დადებითი შეფასებები იყო. მსახიობი ვანესა ჰაჯენსი, რომელიც ჩვენს ივენთს ესწრებოდა, იმდენად დაინტერესდა, რომ სურს საქართველოში ჩამოვიდეს, ბავშვები მოინახულოს და დაეხმაროს. ჩვენი მიზანია‚ ახალგაზრდები ჩავრთოთ ქველმოქმედებაში. ეს ჩვენთვის და ბავშვებისთვის დიდი წარმატება იქნება. ივენთის ფარგლებში გაიმართა გიორგი ნაზღაიძის კოლექციის არაჩვეულებრივი ჩვენება. ალბათ‚ მისი ჩვენების გარეშე ივენთი არ გამოვიდოდა ასეთი კარგი. „ვოლ სტრიტ ჯურნალიც“ აღნიშნავდა იმის შესახებ, თუ რამდენი რამ ჰქონდა ჩადებული გიორგის თავის კოლექციაში. მან წარმოადგინა სრულყოფილი კოლექცია და ამან ივენთის ჩატარება გაგვიადვილა. გარდა ამისა‚ ივენთში მონაწილეობდა ფიგურულ სრიალში ოლიმპიური პრიზიორი საშა კოენი, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ დავმეგობრდით. 2 წელია‚ იცის ჩვენი ქველმოქმედების შესახებ და გადაწყვიტა‚ დაგვეხმაროს. ბევრი წარმატებული სპორტსმენი, მსახიობია დაინტერესებული და ჩვენთან ერთად ეწევა ქველმოქმედებას. მათ შორის არის ჯონ კლუგი, მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ფილანტროპიის სამყაროში. მამამისმა 7 მილიარდამდე ჩადო ფილანტროპიაში, რაც ძალიან დასაფასებელია. მისი შვილი, ანუ ჯონ კლუგი‚ ჩემი პარტნიორია, ერთად ვაკეთებთ პროექტებს. აპრილში მე, ჯონი, ვანესა და კიდევ რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი, მსახიობი და სპორტსმენი ორი კვირით კენიაში მივდივართ, სადაც განვახორციელებთ ჩვენს პროექტს. რაც შეეხება სხვა გეგმებს, საქართველოში უკვე გავხსენით Honor vitae-ს ფილიალი. ძალიან საინტერესო პრეზიდენტი გვყავს, რომელიც 20 იანვარს ჩამოფრინდება და ჩვენი დახმარებით გააგრძელებს პროექტების განხორციელებას... ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხდო ყველას, ვინც დამეხმარა, რომ ნიუ-იორკში და შემდეგ კი თბილისში გამეკეთებინა ივენთი. მათ შორის‚ ყველაზე დიდი მადლობა გიორგი ნაზღაიძეს, სალომე ბეღელაძესა და ანი ამირიძეს.