რატომ დატოვა მაია სიდამონიძემ ტურიზმის დეპარტამენტი და რა შეუნახა მას საიდუმლოდ ვერა ქობალიამ
გასულ კვირას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა მაია სიდამონიძემ, რომელიც ქართულ ტურიზმს თითქმის სამი წელი შეფობდა. მაშინ, როდესაც ინგლისში კარიერას შეელია და თბილისში დაბრუნდა, სახელმწიფო სამსახური მისთვის დიდი დებიუტი იყო. „ჩინოვნიკურ გამოცდებს,” როგორც თავად ამბობს, ბევრს გაუძლო, მაგრამ დღეს, როცა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ფიქრობს, არჩევანს მაინც კერძო სექტორზე აკეთებს.
– მაია, რატომ დატოვეთ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი?
– ეს იყო ჩემი საკუთარი გადაწყვეტილება, რაზეც ხელისუფლების შეცვლას ნამდვილად არ მოუხდენია გავლენა. ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებიც კი დარჩნენ თანამდებობებზე და, უსამართლობა იქნება, ვთქვა, რომ რაიმე სახის მინიშნება ვიგრძენი ახალი ხელისუფლებისგან სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოვედი და ამ თანამდებობაზე დავინიშნე, ვიცოდი, რომ ეს სამსახური არ იყო სამუდამო და, ადრე თუ გვიან, სხვაგან მომიწევდა გადასვლა. ახლა ჩავთვალე, შესაფერისი დრო დადგა იმისთვის, რომ დამესრულებინა ჩემი ვალდებულებები და მეფიქრა კერძო სექტორში გადასვლაზე. ჩემი აზრით, კერძო სექტორის როლი ქვეყნის ცხოვრებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
– თითქმის სამი წელიწადი ხელმძღვანელობდით ტურიზმის სამსახურს. ამ პოსტზე პრეზიდენტის მოწვევით დაინიშნეთ და შეელიეთ კარიერას ინგლისში. ახლა ხომ არ ნანობთ იმ გადაწყვეტილებას?
– არა, ნამდვილად არ ვნანობ ამას, პირიქით, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდში მომიწია, მემუშავა იმ სფეროში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც ტურიზმის მიმართულებით ხორციელდებოდა საქართველოში, იყო ძალიან საინტერესო და გარკვეული პატივიც ჩემთვის. შესაძლოა, ცოტა რამ გავაკეთე, მაგრამ, იმის განცდა, რომ პატარა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი კარგ საქმეში, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ინგლისში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, რადგან იქ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესი და კომფორტი მქონდა. მაგრამ, ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ჩემი ჩამოსვლიდან ძალიან მალე „გადმოვიბირე” ჩემი მეუღლეც, რომელიც დღეს „თიბისი ბანკში“ მუშაობს. ჩვენი გადაწყვეტილება, ცხოვრება გაგვეგრძელებინა თბილისში, იყო სწორი. სინანულს არასდროს არ აქვს აზრი, რადგან, ყველაფერი, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ, ალბათ, მაინც უკეთესობისკენ არის.
– თქვენ პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტ „ჩინოსან ქალბატონთა” შორის იყავით. მას თუ შეუთანხმეთ თქვენი გადაწყვეტილება პოსტიდან წასვლის შესახებ?
– არ ვიცოდი, პრეზიდენტის რჩეულთა შორის თუ ვიყავი, ამასაც ამბობდნენ? (იცინის) ჩემს წამოსვლაზე პრეზიდენტთან საუბარი არ მქონია, მაგრამ, მან, ალბათ, იცოდა ამის შესახებ ვერა ქობალიასგან. როცა თბილისში ჩამოვედი პრეზიდენტს საერთოდ არ ვიცნობდი, მანამდე არც ვერა ქობალიასთან მქონია კავშირი – ის წლების განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა, მე კი ინგლისში. პრეზიდენტთან არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა. ეს, ალბათ, იმიტომ ითქვა, რომ ძალიან ხშირად მხედავდნენ მის გვერდით. მიხეილ სააკაშვილისთვის ტურიზმი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო და, ავტომატურად, მასთან გვქონდა ახლო სამუშაო გრაფიკი როგორც მე, ასევე ეკონომიკის მინისტრს. მე მგონი, ყველა მინისტრი ამა თუ იმ ფორმით იყო ჩართული ამ მნიშვნელოვან მიმართულებაში, ასე რომ, შეუძლებელი იყო, გუნდის წევრებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები არ ჰქონოდათ. ამ წლებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისითაც. ასეთ გამოცდილებას, ალბათ, სხვაგან ვერსად მივიღებდი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროფესიული თვალსაზრისით ძალიან მაღალი პოზიცია მეკავა. სახელმწიფო სექტორში მუშაობა სულ სხვა სპეციფიკაა, დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს. ახლა უფრო უკეთ ვერკვევი ადამიანებში, ვიდრე ადრე, ვისწავლე ურთიერთობის „ოქროს წესები” (იცინის). ამ წლებმა დამანახვა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს. ვფიქრობ, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სახელმწიფო სამსახურში უნდა იყოს. საკმაოდ ემოციური, პირდაპირი ხასიათი მაქვს, პირში ვეუბნები ხოლმე ყველას ჩემს სათქმელს და, ამიტომ, თავიდან ცოტა არ მესმოდა სხვათა „დიპლომატია”, მერე ნელ-ნელა გავერკვიე, რაც, ვფიქრობ, მომავალში გამომადგება.
– როგორც ვიცი, ძალიან ახლომეგობრული ურთიერთობები გაქვთ ვერა ქობალიასთან. როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
– როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მე მაქსიმალურად ვიცავდი სუბორდინაციას. ვიცოდი, რომ ის იყო ჩემი უფროსი და ვცდილობდი, არ გავცდენილიყავი საქმიანი ურთიერთობის ფორმატს. ახლა, როცა ვერა ჩემი უფროსი აღარაა, ჩვენ ერთმანეთთან კარგი, გულწრფელი მეგობრობა გვაკავშირებს, რომელსაც ნამდვილად იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ უკვე ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს.
– ახლა როგორ ზრუნავთ ორსულ მეგობარზე?
– ხანდახან ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო, კონსულტაციებს ვაძლევ ხოლმე ორსულობასთან დაკავშირებით. ბავშვი უკვე ორი თვის რომ ეყოლება, ჩემი კონსულტაციები, ალბათ, აღარ გამოადგება, რადგან, ჩემი შვილი ორი თვის იყო, როცა მუშაობა დავიწყე და, სამწუხაროდ, შვილისთვის ვეღარ ვიცლიდი. ვერასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება: მესტიაში ეწყობოდა ღონისძიებები, რომელთა შორის იყო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოფისის პრეზენტაციაც. პრეზიდენტი უკვე ჩამოსული იყო მესტიაში, წუთი-წუთზე ცენტრში უნდა მოსულიყო და შენობაში წყალი ჩამოვიდა. ეს ჩემთვის შოკი იყო, მახსოვს, პატარა ბავშვივით ატირებულმა დავურეკე ვერას, რომელმაც დამამშვიდა და, ეს ამბავი, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ შეინახა (იცინის). მუშებთან ერთად ძალიან ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, მაგიდებიც მიწმენდია და კედლებზე ფოტოებიც დამიკიდებია, როცა ამის აუცილებლობა იყო. რაც არ უნდა ორგანიზებულად დაგეგმო ღონისძიება, ყველა დეტალი შეიძლება ბოლომდე ვერ გათვალო.
– ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ, მუდმივად უცხოეთში გიწევდათ ყოფნა. ახლა ეგუებით ცხოვრების პასიურ რეჟიმს?
– ჯერჯერობით ვისვენებ და ცხოვრების პასიური რეჟიმი არ მაწუხებს, პირიქით, მსიამოვნებს კიდეც. დავგეგმე, რომ ამ თვეში კარგად გამოვიძინო, დავუბრუნდე ოჯახს და, ალბათ, თებერვლის დასაწყისიდან დაიწყება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. ამ წლებმა დამაკარგვინა თავისუფლება, პირადი ცხოვრება; დამაკარგვინა ურთიერთობები ახლო მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ჩემს შვილთან, რასაც ახლა ვინაზღაურებ. ერთადერთი „კარგი,“ რაც ამ წლებში დავკარგე, ჭარბი წონაა (იცინის). როცა მეკითხებიან, როგორ დაიკელი წონაშიო, ყველას ვახსენებ, იმდენი ვიარე მთასა და ბარში, რომ არ დამეკლო წონაში, გასაკვირი ის იქნებოდა-მეთქი. საქართველოში თითქმის ყველგან მომიწია წასვლა, სადაც, კი შეიძლებოდა. მოვიარე თუშეთი, სადაც, გეგონება, რომ წინა საუკუნეებში მოხვდი. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე მაღალმთიანმა აჭარამ – არ მოველოდი, ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა ეს მხარე. ფაქტობრივად, ყოველთვე მიწევდა წასვლა უცხოეთში, ერთხელ დღე-ნახევარი ვიყავი ჩინეთში, დღე-ნახევარი კი – ნიუ-იორკში. წარმოგიდგენიათ, რამდენი ვიფრინე იმ დღენახევრიანი ვიზიტისთვის?! თავიდან ეს არის ხიბლი, მაგრამ, მერე უკვე ისეთი დამღლელი იყო ასეთი რეჟიმი, ერთმანეთს გადავაბარებდით ხოლმე სადმე წასვლას, მოტივით: მე ხომ უკვე ვიყავი იქ, ახლა შენ წადიო (იცინის). ეს რეჟიმი ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა, მაგრამ, ახლა ყველაფერი კარგად მახსენდება და, დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო კარგად გამახსენდება ის დრო, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტში გავატარე.
– ცხოვრებას კერძო სექტორს ვუკავშირებო, თქვით. რა სახის საქმეში გიხილავთ მომავალში?
– აუცილებლად დავრჩები ტურიზმში – ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, რომელსაც ვერასოდეს ვერ მივატოვებ. ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, თუმცა, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობისას დავინახე ბევრი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს კერძო სექტორში – კერძო სექტორში მაინცდამაინც ტურისტულ სააგენტოს არ ვგულისხმობ. მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. მქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდანაც, მაგრამ, მათზე ბევრი არც მიფიქრია – ახლა ისევ სხვაგან ვერ წავალ, მირჩევნია, აქ ავაწყო ჩემი ცხოვრება. ჩემი მეუღლეც ძალიან კმაყოფილია თავისი სამსახურით და, ალბათ, არასოდეს დამაყვედრის, რომ ჩემ გამო ინგლისიდან აქეთ წამოვიდა (იცინის).