კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიცვალა საგადასახადო ჯარიმები და სანქციები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და როგორ შესრულდა დეკემბრის ბიუჯეტი წარსულის „პრაქტიკის” გარეშე

1 იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ადმინისტრირების ცვლილებები, რომლებიც ძირითადად ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენაა მიმართული, რაც მძიმე ტვირთად აწვა მცირე და საშუალო ბიზნესს. მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, საგადასახადო  ცვლილებების შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხატია მოისწრაფიშვილს გავესაუბრეთ.   

 

ხატია მოისწრაფიშვილი:  ცვლილებები, რაც საგადასახადო კანონმდებლობაში გატარდა, იყო  იმ დაპირების შესრულება, რომელიც მიეცათ გადასახადის გადამხდელებს ახალი ხელისუფლების მხრიდან,  რომ  განხორციელდებოდა ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიცაზია. პირობა შესრულებულია, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი რეკომენდაციების შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო გადამხდელთათვის მნიშვნელოვან სეგმენტებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდა სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის.  დღეს არ არსებობს არც ერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ ექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს. კანონის მოთხოვნის გათვალისწინება  ყველას  ერთნაირად  შეეხება და აღარ იქნება ის, რაც იყო ადრე – ვიღაც ზედმეტად მოხვდეს ადმინისტრირების ქვეშ, ვიღაც კი იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი. 

– ეს  იყო მონოპოლისტებისთვის „სასათბურე პირობების”  შექმნის საშუალება. როგორი იქნება ცვლილებების შემდეგ იმ სფეროების ბედი, რომლებიც საგადასახადო ადმინისტრირებაში არ ყვებოდნენ?  

–  ახალი ხელისუფლება ბევრს საუბრობდა  სამართლიანობის აღდგენაზე, რაც მხოლოდ სისხლისსამართლებრივ სამართლიანობას არ გულისხმობდა. სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო ისეთ სფეროში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, რაც პრაქტიკულად არ არსებობდა.  ამაზე შეფასებების გაკეთება პოლიტიკოსების საქმეა, თუმცა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ იყვნენ სხვა რეჟიმში ჩაყენებული სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები.   ჩვენ,  როგორც გადამხდელებს დავპირდით, მოვახდინეთ გადასახადების ლიბერალიზაცია, რადგან, იმ მკაცრი პირობების, იმ კანონმდებლობის ქვეშ,  რომელშიც  მცირე  ბიზნესი იყო ჩაყენებული, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მათი მუშაობა.  უკვე გატარებული ცვლილებები იმას არ ნიშნავს, რომ   გადასახადების ლიბერალიზაციის პროცესი აქ დასრულდება. ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით და, შესაბამისად, ცვლილებები კვლავ იქნება.  

– მცირე ბიზნესის გადამხდელებისთვის  საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სალარო აპარატების გამოყენებასთან  დაკავშირებული ცვლილებები. 

 – თავისთავად იყო საუბრები ცვლილებებამდე, რომ  ჯარიმები მართლაც საკმაოდ მაღალი იყო და, შესაბამისად, ეს სანქციები შეიცვალა. 1 იანვრიდან  საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან შემცირდა 200 ლარამდე.  შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები სალარო აპარატების მომსახურებისთვის წელიწადში ორჯერ გადაიხდიან 30 ლარს, წინასწარ 60 ლარის გადახდის ნაცვლად. ეს კარგი შეღავათია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევის პირველად გამოვლენისას შესაძლებელია სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა: 200 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 50 ლარით; სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას, პირი, ნაცვლად 1 000 ლარისა, დაჯარიმდება 500 ლარით; საურავის ოდენობა 0, 07 პროცენტიდან შემცირდა 0, 06 პროცენტამდე, ერთი შეხედვით ეს ცვლილება თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ, ყოველდღიური საურავისთვის  ეს არაა ცუდი ცვლილება.  საქონლის წარდგენის (დეკლარირების) ვადა ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვრის – 1 500 ლარის ნაცვლად, ჯარიმა განისაზღვრა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო, ყოველ  დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად – 50 ლარი. კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლება საგადასახადო ორგანოსა და დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად, მიენიჭა სასამართლოსაც. ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების გამო, კეთილსინდისიერად გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლების გამოყენება არ იზღუდება. დადგინდა და დამატებით დაზუსტდა ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. საგადასახადო დავალიანების იძულებითი გადახდევინება იწყება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მიიღებს საქართველოს მთავრობა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზარდა და გახდა სამი წელი.  მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა, მთავრობის დადგენილების ნაცვლად, განისაზღვრა კანონით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად, შესაძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა (იპოთეკით დატვირთვა). 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვალა და გადასახადის წყაროსთან დაიბეგრა 2006 და 2007 წლების საგადასახადო პერიოდებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები, ხოლო, რაც შეეხება 2008-2010 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, გადანაწილდა და ანაზღაურებულად ჩაითვალა 2013-2015 წლებში.  

– როგორია სტატისტიკა კანონში შესული ცვლილებების შემდეგ?

– ჯერ ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან, სულ რამდენიმე დღეა, რაც ცვლილებები ძალაში შევიდა. გარდა ამისა, საახალწლო დღეებში  ნამდვილად არ არსებობდა იმის სურვილი, რომ მკაცრი შემოწმებებით გაგვეფუჭებინა ადამიანებისთვის სადღესასწაულო განწყობა. მე შემიძლია გითხრათ ჩვენი საქმიანობის პირველი შედეგები: 2012 წლის დეკემბრის ბიუჯეტი, 680,4 მილიონი ლარი, შესრულებულია 102 პროცენტით, გადაჭარბებამ შეადგინა 11, 1  მილიონი ლარი – 2011 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელი შეადგენდა 670, 9 მილიონ ლარს. აქვე გეტყვით, რომ 2012 წლის დეკემბრის ბიუჯეტი შესრულებულია საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯზე, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესიდან შემოსული თანხებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შექმნილი აქვს მიმზიდველი სამუშაო გარემო  და მთელი დატვირთვით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით პირველად არ გამოყენებულა გასულ წლებში არსებული, სამთავრობო უწყებებიდან და კერძო სექტორიდან ერთჯერადი ჩარიცხვებისა და  ზედმეტად გადახდილი თანხების უკანონო პრაქტიკა. გაძლიერდა კონტრაბანდასთან ბრძოლა, თითქმის გაორმაგდა საბაჟო საზღვარზე გამოვლენილ სამართალდარღვევათა რაოდენობა: თუ სექტემბერ-ოქტომბერში დაფიქსირებული იყო 298 სამართალდარღვევა, ნოემბერ-დეკემბერში ეს რიცხვი 518-მდე   არის გაზრდილი. 

– გადასახადების გადამხდელები ჩიოდნენ, რომ ხშირად სამართალდარღვევა ინსპირირებული იყო თავად საგადასახადო სამსახურის ინსპექტორების მიერ. რა ბერკეტი დაიცავს ამისგან გადასახადის გადამხდელს ცვლილებების შემდეგ? 

–  ჩვენ  გვაქვს მკაცრი მონიტორინგი ჩვენი სამსახურის ქმედებებზე, შესაბამისად, განვიხილავთ თითოეულ საჩივარს და გამოვრიცხავთ გადასახადის გადამხდელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ღონისძიებას.  ამ ბერკეტით გამოირიცხება ნებისმიერი უსამართლობა გადასახადის გადამხდელის მიმართ.  იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელები ჩიოდნენ, რომ საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელმა ხელოვნურად,  ინსპირირებით მოახდინა გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა.  ჩვენ ამას გამოვრიცხავთ ჩვენი თანამშრომლების მხრიდან, თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მაინც ყველაფერი გასათვალისწინებელია.   ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, რომ გადასახადის გადამხდელი მაქსიმალურად იყოს დაცული: დავხვეწეთ მექანიზმი, გავამარტივეთ „დავების საბჭოში” საჩივრის შესვლისა  და მსვლელობის პროცედურა და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განიხილება გადასახადის გადამხდელის საჩივარი. ამას გარდა,  დეკემბრის ბოლოს გაუქმდა ხელშეკრულებები დაქირავებულ საგადასახადო ინსპექტორებთან, რომლებიც, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მოტივირებულები იყვნენ, გამოევლინათ რაც შეიძლება მეტი სამართალდაღვევა. მათ ჰქონდათ გეგმა, უნდა მიეღოთ ჰონორარი თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე.  იანვრის თვიდან ამ საქმეს აკეთებენ ჩვენი სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ ხელფასზე და არ აქვთ ზედმეტი მოტივაცია ეგრეთ წოდებული „გეგმის” შესასრულებლად.  გადასახადის გადამხდელსა და ამკრეფს შორის უნდა მოხდეს თანამშრომლობა. ჩვენ მედიასაშუალების მეშვეობით, მუდმივად ვატყობინებთ გადასახადების გადამხდელებს, თუ რა  ღონისძიების გატარებას იწყებს შემოსავლების სამსახური, რომელიც ნამდვილად არაა ჩასაფრებულ მდგომარეობაში.  ფინანსთა სამინისტროს არანაირი მოტივაცია არ აქვს, რომ გამოავლინოს მეტი სამართალდაღვევა; ჩვენი მოტივაციაა, მოვახდინოთ სამართალდარღვევათა პრევენცია, ხელი შევუწყოთ გადასახადის გადამხდელებს, იმუშაონ და გადაიხადონ გადასახადები. ბიუჯეტი არ ივსება ჯარიმებით, ბიუჯეტი ივსება გადასახადებით – ეს ბოლო თვემ უფრო მეტად  დაადასტურა.        

 

скачать dle 11.3