კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ჰგვანან ქართველი პოლიტიკოსები განათხოვარ ქალებს და პოლიტიკური ოპონენტების დათრევის რა მეთოდები გამომუშავდა საქართველოში

პოლიტიკური ცხოვრება ბუნებრივად ითვალისწინებს კონკურენციას, ოპონენტების განეიტრალებას და მათ გადაბირებასაც კი. იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, ძირითადად, ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ, არჩევანი, მაინცდამაინც, დიდი არ არის. რა მოტივით ერთიანდებიან ხოლმე საარჩევნოდ ქართველი პოლიტიკოსები, რა პრინციპით იქმნება საქართველოში პოლიტიკური პარტიები თუ ბლოკები და ოპონენტების დათრევის რა მეთოდები გამოიყენება საქართველოში პირველი ხელისუფლებიდან დღემდე მოყოლებული, თემას პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტთან, კახა კახიშვილთან, ერთად განვიხილავთ.

 

– გამსახურდიას დროს ცოტა სხვა ვითარება იყო. არსებობდა კომუნისტური რეჟიმი და ის ხალხი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ამ იდეით გაერთიანდა ერის ძალიან დიდი ნაწილი და გამსახურდიას დაუდგნენ მხარში. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს: ის ადამიანები, რომლებიც გამსახურდიას დროს არ იყვნენ აღჭურვილი იმ დონის ძალაუფლებითა და პრივილეგიით, რაც სურდათ, რასაც დაემატა ხელისუფლების შეცდომები, გადავიდნენ მის ოპოზიციაში. შემდგომ ჩამოყალიბდა პარტიები და ჩვენთან რეგისტრირებული პარტიების რაოდენობა ბევრად აჭარბებს დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიების რაოდენობას. ისე მოხდა, რომ ყველა პოლიტიკოსს საკუთარი პარტია ჰქონდა დარეგისტრირებული, რომელშიც მისი მეგობრები შეუცვლელი თანამებრძოლები იყვნენ. ამასთანავე,  მიუხედავად იმისა, იგებდა თუ აგებდა ეს პარტია არჩევნებს, თავმჯდომარე არ იცვლებოდა. დღესაც ასე გრძელდება და რეალურად პარტიების შიგნით დემოკრატია არც ადრე იყო და არც  ახლა არის.

რაც შეეხება გადასვლა-გადმოსვლას: სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც პარტიაში წევრიანდება იდეურად. ძირითადად, პარტიაში წევრიანდებიან იმის გამო, რომ ამ პარტიიდან შესაძლებელია, გახდეს თანამდებობის პირი, პრივილეგიით ისარგებლოს, საპარლამენტო სიაში მოხვდეს ან მაჟორიტარად იყოს წარდგენილი პარტიიდან. იდეები პარტიებსაც ნაკლებად აინტერესებთ, რადგან მათი ძირითადი ორიენტირი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ამიტომ მმართველ პარტიაში გაწევრიანების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანების მსურველი, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც მმართველი პარტია ძლიერია. თორემ, როდესაც მმართველი პარტია იშლება, ყველა ეძებს დასაყრდენს ძლიერ ოპოზიციურ პარტიაში. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სახით ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიები: შეუცვლელი თავმჯდომარეები, შეუცვლელი პარტიის ლიდერები, შუცვლელი სახეები, რომლებიც ცდილობენ, რომ ახალი პოლიტიკური სახე არ გამოჩნდეს.

– დასავლეთში როგორ არის? როგორც ვაკვირდები, იქაც შეუცვლელი ლიდერები ჰყავთ თითქოს.

– დასავლეთშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ იქ მაღალია შიდა დემოკრატიის დონე. ვიცით, რომ პრაიმერები ტარდება, სანამ პარტია კონკრეტულ კანდიდატს დაასახელებს რომელიმე არჩევნებზე. თუ ჩვენს ბოლო საპარლამენტო არჩევნებს გავიხსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა, ვისაც ყელში ამოუვიდა მიშას მმართველობა, ოპოზიციურ პარტიაში წევრიანდებოდა,  შიდა დემოკრატია მაინცდამაინც არც იქ იყო. საპარლამენტო სია თუ მაჟორიტარობის კანდიდატები არ განუხილავთ ყრილობაზე. ანუ კოალიციის ელიტამ გადაწყვიტა, ვინ რომელი უნდა ყოფილიყო სიაში, რომელ პარტიას რამდენი კვოტა უნდა ჰქონოდა და ასე შემდეგ. ამავდროულად, ჩვენს პარტიებში არ არსებობს პარტიული წინსვლის პერსპექტივაც. ამიტომაც ცდილობენ პარტიების წევრები, რომ, როგორც კი პარტია არჩევნებში დამარცხდება, სხვა ძლიერ პარტიაში გადავიდნენ. დღესაც იგივე ხდება: ბევრი ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი, დღეს ეძებს კავშირებს „ქართულ ოცნებასთან“, რომ რამენაირად გაწევრიანდეს იმ პარტიაში. რატომ? იმიტომ რომ შეინარჩუნოს ის თანამდებობა, პოზიცია, რომელიც აქვს; შეინარჩუნოს ბიზნესი, ან იმიტომ, რომ მომავალში იმ პარტიამ ის წარადგინოს რომელიმე თანამდებობაზე, გახდეს საკრებულოს ან პარლამენტის დეპუტატი.

– ამომრჩეველი რას აძლევს, აბა, ხმას?

– მხოლოდ პარტიულ ლიდერს უჭერს მხარს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩემი აზრით, იყო არჩევნები: მე მინდა მიშა და მე არ მინდა მიშა.

– და არა: მე მინდა ბიძინა ან მე არ მინდა ბიძინა? მაინც მიშა იყო მთავარი?

– მიშა იყო მთავარი, იმიტომ რომ ბოლო 8 წლის მმართველობის შედეგად ხალხმა ძალიან კარგად გაიგო ტექნოლოგიები, რომლებითაც მიშა სარგებლობდა და არ გახლიჩა ხმები ოპოზიციურ პარტიებს შორის. თუმცა ზოგმა ოპოზიციურმა პარტიამ თავადვე განაცხადა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

– ანუ ისევ ვინმესთვის არას თქმაა არჩევნების მოტივი?

– დიახ, იმიტომ რომ ჩვენთან არ არსებობს კლასიკური პარტიები. პარტიები, ძირითადად, ორიენტირებულნი არიან ისეთ ლოზუნგებზე, რომლებიც მოსახლეობას იმწუთას მოსწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, პარტიის ლიდერებმა წინასწარ არ იციან, რომ არ განახორციელებენ იმის 80 პროცენტს, რასაც ჰპირდებიან ამომრჩეველს.

– მაკიაველიც ასწავლის პოლიტიკოსებს, დაჰპირდით, რაც შეიძლება, ბევრს და იცოდეთ, რომ იმ დაპირებების უმეტეს ნაწილს ვერ შეასრულებთო.

– მაკიაველის სიტყვას აჰყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები და ძალიან ბევრს გვატყუებენ.

– შევარდნაძის დროს მომხრეების შენარჩუნების მეთოდი იყო კომპრომატები, ეს მეთოდი ახლაც მუშაობს? 

– ალბათ, თქვენ გულისხმობთ შევარდნაძის მმართველობის პირველ წლებს, რადგან ბოლო წლებში შევარდნაძის გუნდი არ ყოფილა ერთიანი. ჩვენ დღეს, როდესაც „ნაცმოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი შევარდნაძის დროსაც იყვნენ ხელისუფლებაში და ზუსტადაც მათ მოახერხეს ხალხის მოტყუება იმით, რომ თითქოსდა გაემიჯნენ შევარდნაძეს, მაგრამ რეალურად ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების უზურპატორებად. ადამიანებმა, რომლებიც თითქოსდა ხელისუფლებაში მოვიდნენ ხმების დაცვის მოტივით, ვერ უზრუნველყვეს ვერც ერთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ახლოს იდგა 2003 წლის არჩევნების შედეგებთან, როდესაც ექვსი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში და არც ერთს არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეტიც, სამი ძალის გაერთიანებაც კი არ იყო საკმარისი საკონსტიტუციო უმრავლესობის უზრუნველსაყოფად. მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებიც რევოლუციურ ტალღასა და ხმის დაცვის მოტივით მოვიდნენ ხელისუფლებაში, თავის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად ყოველთვის მოიპოვებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამდენად, თუ დღეს ვინმე სხვას აკრიტიკებს, სულაც არ ნიშნავს, რომ რამეს იმ სხვაზე უკეთ გააკეთებს, როდესაც ხელისუფლებაში მოვა. ის აკრიტიკებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და შემდგომ ავიწყდება ყველაფერი. ამის სიმპტომები, სამწუხაროდ, დღესაც არის.

– მმართველმა ძალამ უკვე თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ არის მათთვის პრობლემა: რა ტიპის ყიდვა-გაყიდვა მოსულა ქართულ პოლიტიკაში?

– პოლიტიკაში ვაჭრობაც მოსულა, ყიდვა-გაყიდვაც, დაპირებების სანაცვლოდ ხმების მოპოვებაც. ეს არის ის ბინძური პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში და რომლის გაკეთილშობილებასაც, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ ვახერხებთ. მოდი, ვთქვათ, რამდენი დეპუტატი გვყავს დღეს, რომლებიც იდეურად არიან გაერთიანებულნი? „ქართულ ოცნებაში“  შემავალ პარტიებს სულ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი გაერთიანდნენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო არა იმიტომ, რომ ძალიან უყვართ ან ენდობიან მას, არამედ იმიტომ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის სხვა შანსი არ ჰქონდათ. მათ ტაქტიკური სვლა გააკეთეს, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და შემდეგ გაეძლიერებინათ საკუთარი პარტია თანაპარტიელების დანიშვნით აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მათ შორის, ჩემი აზრით, მიდის შიდა კონკურენცია, ვინ რამდენ ადამიანს გაიყვანს საკუთარი პარტიიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამით ცდილობენ ბერკეტების ხელში აღებას, რომ გაიმაგრონ ხელისუფლებაში პოზიციები და შემდგომ არჩევნებს მოძლიერებულები შეხვდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ კვოტების სათავისოდ გამოყენებასაც ცდილობენ, სადაც პროფესიული ნიშნით უნდა დაინიშნონ ადამიანები. იქაც საკუთარი პარტიის წარმომადგენლების დანიშვნას ცდილობენ. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ, როდესაც დრო მოვა და ისინი ჩათვლიან, ბიძინა ივანიშვილი საჭირო აღარ არის და მათ აქვთ გარანტია, მის გარეშეც გადალახონ ბარიერი, დაიწყონ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა. ამის სიმპტომები უკვე ჩანს, მათ შორის, იმ განცხადებაშიც, რომ შესაძლოა, კოალიციას პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს.

– იმდენად აუტანელი იყო მონოლითური უმრავლესობის ყურება ამდენი წლის განმავლობაში, იქნებ უკეთესიც იყოს, თუ კოალიცია ფოლადივით ერთიანი არ იქნება?

– შეიძლება, ჯობია, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თუ შენ საპირისპირო აზრი გაქვს, ის უნდა გამოთქვა ახლავე და არა ხვალ, როდესაც პოზიციები გამაგრებული გექნება. ის, ვინც ვერ მიიღებს ბიძინა ივანიშვილისგან გარანტიებს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კვოტებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, წავა და აღარავის გაახსენდება ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის თქმა იმისთვის, რომ გადალახვინა 5-პროცენტიანი ბარიერი. ამდენად, არ არის გამორიცხული მის კრიტიკოსებად მოგვევლინონ. დღესაც ვუყურებთ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებსაც 15 წელია, ვუყურებთ. ისინი ან ერთმანეთის გვერდით დგანან, ან ერთმანეთის კრიტიკოსებად გვევლინებიან და მთელი პოლიტიკური სპექტრი გაღიზიანებით ხვდება ახალ სახეს.

– ერთ დროს იყო ასეთ გამონათქვამი, თბილისში ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან, მთავარია, წრეში ერთხელ მაინც მოხვდეო, დაახლოებით, იგივე ლოგიკა ვრცელდება პოლიტიკოსებზეც, მთავარია, წრეში მოხვდნენ ერთხელ და ამის შემდეგ ტრიალებენ და ტრიალებენ დაუსრულებლად სხვადასხვა პარტიასთან ერთად?

– დიახ… მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიები არ აქვთ, დიდი სიამოვნებით ერთიანდებან, რომ ახალი სახე ბოლომდე ჩაძირონ, რომ კონკურენტი  არ ჰყავდეთ. ძირითადად, რატომ იშლება ხოლმე ნებისმიერი ბლოკი? იმიტომ რომ ვერ იყოფენ კვოტებს. როგორც წესი, ჩვენთან ფინანსებისა და კვოტის გამო იღებენ პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს.

– მაინც რამ დაარღვია „ნაცმოძრაობის“ მონოლითურობა?

– „ნაცმოძრაობა“ იყო ძლიერი, სანამ ხელისუფლება იყო. ეს არ ნიშნავდა, რომ მათ შორის არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ იქ ყოველთვის მოქმედებდა რამდენიმე ფრთა: ლიბერალები ბოკერიას თამადობით; მერაბიშვილის გუნდი და სადღაც შუაში –  ადეიშვილი, რომელიც არც ერთთან არ იფუჭებდა ურთიერთობას და, იმავდროულად, ორივე მხარის აქტივისტებს აკონტროლებდა, მაგრამ მათ აერთიანებდა მიშა სააკაშვილი. ის პროფესიულად ართმედა თავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ არ დაშლილიყო, მიუხედავად ამ ორ გუნდს შორის არსებული დაპირისპირებისა. მიშა სააკაშვილი სახელისუფლო ბერკეტების მეშვეობით, პროკურატურისადმი შიშის მეშვეობით, მათთვის ბიზნესის წართმევის შიშით კრავდა იმ წრეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოშორდა, ძალიან ბევრი ზრუნავს იმისთვის, რომ კავშირი მოძებნოს „ქართულ ოცნებასთან“.

– როგორც მივხვდი, მოტივაცია სხვადასხვანაირია: ბიზნესის წილების დაკარგვის შიში, საკუთარი უსაფრთხოება, კიდევ?

– თანამდებობები. ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, პირველივე სხდომაზე ადამიანებმა, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შეუცვლელი მხარდამჭერები იყვნენ, უფრო ადრე კი –  შევარდნაძის მხარდამჭერები, მაჟორიტარებს ვგულისხმობ, განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს. რაც დრო გავა და „ოცნება“ გაძლიერდება, ეს წრე გაფართოვდება. იგივე ხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც: ის ხალხი, რომლებიც სიამოვნებით ასრულებდნენ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მმართველების მითითებებს, დღესაც სიამოვნებით ასრულებენ უკვე ახალი ხელისუფლების მითითებებს.

– ეს, რბილად რომ ვთქვა, არაპროფესიონალების ჩვევაა, თუ უხეშად ვიტყვით –  მონის. ვინ მოიაზრება „ნაცმოძრაობის“ ყველაზე მყარ ბირთვად, რომლებიც გადაბირებას  არ ექვემდებარებიან?

– ის, ვინც ყველასთვის მიუღებელია, რომლებსაც, მიუხედავად მათი სურვილისა, არ მიიღებენ მმართველ პარტიაში. მაგალითად, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, სააკაშვილმა, მაჭავარიანმა, წერეთელმა რომ თქვან კიდეც, გადავდივართო, მიიღებს მათ მმართველი პარტია?! ანუ მათ წინასწარვე იციან, რომ არ აქვთ დღევანდელ მმართველ რგოლში მოხვედრის არანაირი პერსპექტივა, ამიტომაც ისინი დარჩებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“.  ამასთანავე, არ არის გამორიცხული, „ნაცმოძრაობამ“ მოახდინოს რებრენდინგი, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად გამოუვათ ვაჭრობის შედეგად პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივება. ეს დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“.

– იქნება თუ არა იმ ვაჭრობისას მუშტარი?

– რამდენად მისცემს მათ საშუალებას „ქართული ოცნება“, რომ გამოიყენონ ის ბერკეტი, რაც აქვთ. თუ „ნაცმოძრაობას“ ბერკეტს წაართმევ, სავაჭროც აღარაფერი ექნებათ, ამიტომ ისინი შეეცდებიან, ამოატივტივონ ის ხალხი, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ ასოცირებული „ნაციონალებთან“, მაგრამ იდეოლოგიურად მათთან კავშირში არიან. ისინი მოგვევლინებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. და თქვენ ხედავთ ტენდენციას, რომ ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებდნენ, მინისტრის მოადგილეები თუ  დეპარტამენტის უფროსები, აფუძნებენ არასამთავრობოებს. რადგან მათ არ იცნობს საზოგადოების ფართო წრე, ისინი დღეს გვარიგებენ ჭკუას და არ არის გამორიცხული, რომ 5-6 წლის შემდეგ დააფუძნონ რომელიმე პარტია, რომელიც თითქოსდა არანაირ კავშირში არ იქნება „ნაცმოძრაობასთან“, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გადალახონ ბარიერი. თუ „ქართული ოცნება“ დაუშვებს შეცდომებს, ერთმანეთს  დაუპირისპირდებიან კვოტებისა და თანამდებობების გამო, არჩევნებში გამარჯვების უფრო მეტ საშუალებას მისცემენ  რებრენდინგებულ პარტიას.

 

скачать dle 11.3