კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აძვირებდნენ ქართული ფარმაცევტული კომპანიები წამლის ფასს 900 პროცენტით ადგილზე გადაფუთვის ოპერაციული ხარჯის შედეგად

ჯანდაცვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება და მშობიარობა, თავისი გამოკვლევებიანად, უფასო გახდება, რაც, უდავოდ, შეღავათია გაეროს პროგნოზის გათვალისწინებით (ჯერ ერთი, მომაკვდავი ერების კატეგორიას განვეკუთვნებით და 50 წელიწადში, თუ დღევანდელი ტემპებით განვაგრძეთ გამრავლება, უბრალოდ გავნახევრდებით). თუმცა ჯანდაცვის სექტორში არსებული არეულობისა და მძიმე სოციალური ფონის გამო ჯანმრთელობაც გვარიანად გვაქვს შერყეული და ჯანდაცვის დანახარჯიც საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. განსაკუთრებით, მძიმეა ვითარება მედიკამენტებთან მიმართებაში, რომელთა ხარისხიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ფასიც, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატურად მაღალია. ამჟამად მოქმედი ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტით, რომელიც 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, წამლების ნაწილში თანადაფინანსება 50-პროცენტიანია, ისიც 100 ლარამდე ღირებულების წამლებზე, ოღონდ არა ყველაზე, მათ შორის, არც ანტიბიოტიკებზე. ჯანდაცვის სამინისტრო გვპირდება, რომ საქართველოს მოსახლეობის, განურჩევლად შემოსავლების ოდენობისა, ჯანმრთელობა დაიზღვევა, თუმცა დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს, მოტივით, რომ პაკეტი დახვეწის პროცესშია. ჯანდაცვის როგორი პაკეტის შეთავაზების პოტენციალი აქვს ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანას? – თემას თინა ტურძილაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– ხელისუფლება მუშაობს ახალ სადაზღვევო პოლიტიკაზე, რომლის საბოლოო მიზანია თითოეული მოქალაქის უზრუნველყოფა ჯანდაცვის ელემენტარული სადაზღვევო პაკეტით. თუ არსებობს მსგავსი გამოცდილება განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენი ეკონომიკური შეძლების მქონე ქვეყანას რა დოზით შეუძლია ყველა მოქალაქის ჯანდაცვის უზრუნველყოფა?

–  ჯანდაცვის სერვისების უნივერსალური და საყოველთაო მოცვისთვის საკმარისი თანხა არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს, მათ შორის, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც  გლობალური ჯანდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 82-85 პროცენტს ხარჯავს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ევროპა ყველაზე მაღალი დონის სამედიცინო სერვისებს სთავაზობს თავის მოსახლეობას სოციალური დაზღვევის და ნაციონალური ჯანდაცვის სახით. 

გასაგებია, რომ საქართველოს შესაძლებლობები, ამ თვალსაზრისით, უაღრესად შეზღუდულია, თუმცა გვაქვს ტაილანდის წარმატებული მაგალითიც, მთავარია, არარაციონალურად არ მოვიქცეთ, რომ ფინანსების მწვავე დეფიციტის ფონზე, წარმატების ნაცვლად, უფრო არ დავშორდეთ მიზანს.

დღეს დისკუსია უსაგნოა, ვინაიდან ჯერ არ გაცხადებულა მაგალითად, წამლის შერჩევის რა მეთოდოლოგია და ანაზღაურების როგორი სქემები იქნება შემოღებული. სათაური –  საყოველთაო დაზღვევა, სრულიად არასაკმარისია შინაარსის შესაფასებლად.

– ოფიციალური სტატისტიკითაც, მოსახლეობის მიერ საკუთარი ჯიბიდან წამლებზე დახარჯული თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკას რა დოზით შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება? შედარებისთვის, როგორ არის მოგვარებული ეს პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში?

–  სადაზღვევო მოდელის აქილევსის ქუსლი წამლის კომპონენტია, არასწორად შედგენილი ანაზღაურების სიები და სრული, თუ წილობრივი დაფინანსების სტატუსები სუბიექტური დათვლის საგანი არ შეიძლება გახდეს, როგორც ეს დღემდე ხდებოდა... 

რთულია ამ დავალების შესრულება, ვინაიდან სახელმწიფო არათუ ვერ აკონტროლებს წამლის უსაფრთხოებას, ეფექტიანობას და სტანდარტულობას, ანუ ზოგადად ხარისხს, არამედ, ძალიან ხშირად სისტემური ხელმისაწვდომობაც არა აქვს ამ ობიექტურ ინფორმაციაზე. შესაბამისად, გართულებულია ფარმაცევტული სარგებლის გამოთვლის შესაძლებლობა. თუნდაც ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ კატასტროფულად მაღალია ჯანდაცვის დანახარჯებში წამლის წილი, დიახ, 48 პროცენტია თანხის ის რაოდენობაა, რომელსაც წამალი შთანთქავს და არა მარტო ფასის, არამედ მოჭარბებული გამოყენების გამო. ამიტომ ხარჯების შეკავების გარეშე სახელმწიფო ვერ შეძლებს და არც უნდა გააკეთოს ეს, რომ ამხელა თანხა გაუშვას წამალში. 

2008 წლის მონაცემებით ამერიკაში RX წამლების  დანახარჯი ჯანდაცვის დანახარჯის მხოლოდ 12 პროცენტია, ანუ არის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი. თანაც, ეს ხდება ერთ- ერთ ყველაზე ძვირ და ადეკვატური ხარისხის ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე!  რადგან განვითარებულ ბაზრებზე მეკითხებით –  ამერიკული FDA-ს რეგულაციები უზრუნველყოფენ ბრენდების და გენერიკების მაქსიმალურ  ბიოექვივალენტობას და ურთიერთჩანაცვლების იდეალურ შესაძლებლობას. 

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  ფასები მონოპოლისტურია და არ არის ხარისხთან კორელაციაში, ასეთი გაურკვეველი ხარისხის პროდუქციაზე მოდის  ჯანდაცვის დანახარჯის დაახლოებით 48 პროცენტი! ანუ არ ვიცით, რაში იყრება ჩვენი ფული.

იმისათვის, რომ სადაზღვევო სისტემამ რაციონალურობა შეიძინოს, ერთ-ერთი კრიტიკული ამოცანაა წამლის შერჩევის და ანაზღაურების სათანადო სქემების შექმნა, რომელიც ქართულ მოცემულობაზე იქნება მოდიფიცირებული. წამლის კომპონენტი რაც დღემდე იყო, არის ცუდი, ძალიან ცუდი… მოკლედ, ძირითადი შეცდომები ფარმაცევტული სარგებლის დათვლის ნაწილშია მოსალოდნელი; წარმატებისთვის უალტერნატივოა პრეპარატები, რომლებიც ეკონომიკურად ეფექტიანია, ამის შესაფასებლად ქართულ ბაზარზე წამლის ფასი არ გამოდგება!

 მეორე პრობლემა ის არის, რომ ქართულ ბაზარზე ფარმაცევტული დანახარჯების შეკავების  არანაირი სისტემა არ არსებობს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ისწრაფვის ფარმაცევტული დანახარჯების შემცირებისკენ. ეს პრობლემა პრიორიტეტულადაა მიჩნეული მდიდარი სახელმწიფოებისთვისაც კი, არათუ ისეთი რესურსების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ხარჯების შეკავება ყველა სახელმწიფოს პრობლემაა, ხარჯების შეკავება ითვალისწინებს  შეკავებას როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ნაწილში; როგორც პირდაპირი, ისე ირიბი რეგულაციებით, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის ბაზარზე მიწოდებას და მოთხოვნას, ანუ ორივეს ფარმაცევტული კომპანია აკონტროლებს, ხელისუფლება მძევალი ხდება, ხოლო საზოგადოება –  მსხვერპლი. ასანაზღაურებელი ფასების შერჩევისთვის სხვადასხვა  მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები გამოიყენება. ძირითადად ეს მწარმოებლებთან შეთანხმებული  ფასებია, მაშინ, როდესაც წამლების შესყიდვა დისტრიბუტორებისგან ხდება, მაგალითად, ხორვატიაში მაქსიმალური საბითუმო მარჟა 8,5 პროცენტს არ აღემატება. ევროპაში ანაზღაურების საფასო პოლიტიკა ორიენტირებულია გენერიკების შეძენაზე, ვინაიდან მათი ფასი, როგორც წესი, ორიგინალი გენერიკის ფასის მესამედია; თუმცა საქართველოში ეს ხშირად პირიქითაა! 

– რა ფაქტორების არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი?

–  ფარმაცევტული სექტორი სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს, მაგრამ რეფორმის ვექტორი წამლის გაიაფება კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ წამლის ხარისხი და ფასი იყოს ადეკვატური. ამ თვალსაზრისით, ქართულ ბაზარზე ფასები სერიოზულად დეფორმირებულია. მაშინ, როდესაც ფასი ხარისხთან კორელაციაში მოვა, პარალელურად ამუშავდება ხარჯების შეკავების სისტემური პოლიტიკა –  იაფი გენერიკები,  თანადაფინანსება, ხარჯ-ეფექტიანობა, თვითმკურნალობა და ასე შემდეგ –   როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის ნაწილში, უკვე ეფექტიანია წამლის ანაზღაურების სტატუსის დადგენა. აი ეს არის გზა ხელმისაწვდომობისკენ. 

– ტელეეთერში გაჩნდა მედიკამენტების ახალი სატელევიზიო რეკლამა –  ევროპული და ამერიკული გენერიკები იაფად. ავუხსნათ მკითხველს, რას ნიშნავს ეს და რაზეა სარეკლამო კამპანია გათვლილი: პაციენტმა თავისი ინიციატივით უნდა შეიძინოს ამ ტიპის მედიკამენტები თუ ექიმებს აქვთ მითითება, გამოწერონ ისინი?

–  როგორც ჩანს, რეკლამამ შეასრულა თავისი შენიღბული მისია და თქვენც დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ საუბარია ევროპასა და ამერიკაში წარმოებულ წამლებზე, სინამდვილეში, ეს ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული წამლებია, თუმცა  აკმაყოფილებენ რა ამერიკულ სტანდარტებს, მათ შორის USP სტანდარტს, და რამდენადაც რეგისტრაციით (ბაზარზე დაშვებით) მარეგულირებელმა ეს დაუდასტურა, გამოდის რომ ეს წამლები ხარისხიანია. აქ საინტერესო ის არის, რომ წამლები დიდი შეფუთვებითაა 500 ტაბლეტი, 1 000 ტაბლეტი და ასე შემდეგ, ანუ ეგრეთ წოდებულ ეკონომიურ შეფუთვებშია დაფასოებული. ამის მიზანი წამლის გაიაფებაა, ვინაიდან ასეთი ტიპის შეფუთვის წამლის ღირებულებიდან გამორიცხულია ამბულატორიული დაფასოების საოპერაციო ხარჯები, რაც ქართულ მოცემულობაში ზოგჯერ წამალს 900 პროცენტით აძვირებდა. ჩვენ ამაზე კვლევები 2008 წელსაც გვქონდა. გარდა ამისა, ეკონომიური შეფუთვების გენერიკებს არ ახლავს ის „საფირმო აქსესუარები“ და პრომოუშენი, რაც ინვესტორის მხრიდან სოლიდურ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს და საბოლოოდ, უძვირებს წამალს მომხმარებელს.

„გენერიკები –  ეკონომიური შეფუთვებით“ –  ეს არის ხარჯების შეკავების წარმატებული პროექტი, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს, ამ პროექტს წარმატებით ახორციელებენ ამერიკაში. ერთადერთი, ვის ინტერესებშიც არ შედის ეს პროექტი, როგორც წესი, ის ფარმაცევტული კომპანიებია, რომლებიც გადაფუთვის ოპერაციებით არიან დაკავებულნი და რის საფასურადაც ზოგჯერ წამალს რამდენიმე ასეული პროცენტით გვიძვირებენ; ამიტომაც გასაგებია, რატომ არ აწყობთ ქართველ მწარმოებელ-გადამფუთავებს ეს პროექტი. მაგრამ გაუგებარი იყო სახელმწიფოს პოზიცია. ამ პროექტისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებამ დაადასტურა,  რომ ხელისუფლება ფარმაცევტულ სექტორში დეზორიენტირებულია.

– ადამიანს ხშირად სჭირდება მედიკამენტები, რომელთა მიღებისთვის, მაინცდამაინც, ექიმის კონსულტაცია არ არის აუცილებელი. თუმცა არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს იმ მედიკამენტის ღირებულებას, რომელიც არ არის გამოწერილი ექიმის მიერ. არადა, წამალი ნამდვილად სჭირდება, მაგრამ მისი ანაზღაურებისთვის უნდა წარადგინოს ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციის თანხაც უნდა გადაიხადოს, რის გამოც, თუნდაც, სადაზღვევოს უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს. შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?

–  მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელია თუ არა თვითმკურნალობის ანაზღაურება? რა თქმა უნდა, არა, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და ეს სწორიც არ იქნებოდა. უფრო მეტიც, რიგი ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ გარკვეულ ჩარჩოებში, OTC  წამლებით თვითმკურნალობის წახალისებით, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას. აქ მთავარი OTC პრეპარატების  სწორი შერჩევა და გამოყენებაა, საამისოდ ორიენტირება ხდება ელექტრონულ სერვისებზე და ზოგადად პერსონალური ელექტრონული ჯანდაცვა მომავლის პროდუქტი გახდება. 

ჩვენთან სიტუაციას ის ართულებს, რომ თვითმკურნალობის საზღვრები არ არის დადგენილი, სახელმწიფოს სერიოზული პრობლემა აქვს, თუ ამ საზღვრებს მკაცრად გაავლებს, ისე, როგორც ეს ევროპაშია და თუკი ადამიანები RX წამლებს ვერ იყიდიან თვითნებურად, ისინი შეიძლება საერთოდ უწამლოდ დარჩნენ, ეს დაუშვებელია; ამიტომ დაზღვევა ერთადერთი გამოსავალია ამ რთული სიტუაციიდან.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ჩვენს პირობებში ჯანდაცვის დაზღვევის იდეალური სქემა?

–  იდეალური მოდელები არ არსებობს. უფრო მეტიც, ყველა არსებული მოდელი და სქემა მწვავე დისკუსიის საგანია და ეს სწორია. მოდელები მუდმივად საჭიროებს კორექციას მოცემულობის შესაბამისად. მე შემიძლია გითხრათ წამლის კომპონენტზე, რომ ანაზღაურების სიები და თანადაფინანსების სტატუსები უნდა შეიქმნას არა ფარმაცევტული კომპანიების ლობირებით, არამედ სამი კრიტერიუმით: თერაპიული ღირებულება, დანახარჯის ეფექტიანობა და  დაავადების სიმძიმე.

ყველა ქვეყანას ხარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავებისას  თავისი მიდგომები აქვს, სისტემა უნდა რეაგირებდეს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას უდგას და უნდა ეფუძნებოდეს მის კულტურულ და მენტალურ ტრადიციებს.  მაგალითად, ევროპის 19 სახელმწიფოში –  ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, ფინეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო –  ასეთი სქემა მუშაობს:  ფარმაცევტულ კომპანიას მხოლოდ რეგისტრირებულ პროდუქციაზე შეუძლია, წარადგინოს განაცხადი ანაზღაურებაზე. შესაბამისი კომიტეტი, როგორც საკონსულტაციო ორგანო წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეფასების საფუძველზე გასცემს დასაბუთებულ რეკომენდაციას ანაზღაურების სტატუსის მინიჭების ან უარის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა. ანაზღაურების სტატუსს ეს იქნება  100- 75-50-40- 20 პროცენტი ისე, როგორც ბელგიაშია, ან 69- 37-15 პროცენტი, ისე, როგორც პორტუგალიაშია  გამომდინარეა ხარჯეფექტიანობიდან და არა რომელიმე თანამდებობის პირის სუბიექტური მოსაზრებიდან.

ანაზღაურების მოდელები  მრავალნაირია: წამლის ანაზღაურება შეიძლება დაკავშირებული იყოს წამლის  სამედიცინო ჩვენებასთან, მაგალითად, ასე ხდება ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში; ან მოსახლეობის ჯგუფებთან, რომლებიც საჭიროებენ ასეთ უზრუნველყოფას (კვიპროსი, ირლანდია, მალტა), დანიასა და შვეციაში კი ანაზღაურება იზრდება წამლის წლიური მოხმარების ზრდის მიხედვით.   

ევროკავშირის ქვეყნებში ამ სქემების პარალელურად არის კიდევ ანაზღაურების სქემა უმწეო მოსახლეობისთვის, სადაც კიდევ უფრო მაღალი ანაზღაურებაა.

გარდა ამისა, არსებობს პოზიტიური და ნეგატიური სიები –  23 სახელმწიფოს აქვს პოზიტიური სიები, სადაც ის წამლებია შეტანილი რომლებიც ანაზღაურდება. 4 სახელმწიფოს, უნგრეთს, გერმანიას, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს, აქვს ნეგატიური სიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ ანაზღაურდება, ამ ტიპის სიაზე შექმნაზე მუშაობს საბერძნეთიც. პოზიტიურ სიაში შეტანა ავტომატურად მის სრულ ანაზღაურებას არ გულისხმობს, ეს შეიძლება იყოს, სხვადასხვა პროცენტული თანადაფინანსება,   ევროკავშირის მხოლოდ 7 სახელმწიფოში ხდება სრული ანაზღაურება. ანუ არჩევანი დიდია!

 

скачать dle 11.3