„დრონი მეფობენ“
ანუ, უნდა მისცე „ნასოსი“
ორიოდე კვირაა, რაც ოდესღაც ციხეების, თუმცა, რაღა ციხეების, უფრო პატიმრების რისხვის ადვოკატი აწ უკვე პატიმარ ბაჩო ახალაიასთვის ტელევიზორს მოითხოვს, თუმცა, სხვა მხრივ, გვაიმედებს, თავს კარგად გრძნობსო. ადვოკატი თავისი მოთხოვნის დასტურად კანონს იშველიებს (საკანში ტელევიზორის ქონის უფლება კანონით აქვსო და, მოდი და შეედავე, როდესაც მართლაც აქვს!).
თავის მხრივ, ახლახან დიდი სჯა-ბაასის შემდეგ დანიშნული სახალხო დამცველიც მიმართავს რეკომენდაციით სასჯელაღსრულების სამინისტროს, მისცეს პატიმარს ტელევიზორი (აი, იმას კი აღარავინ გვეუბნება, სრულიად საქართველოს ყველა პატიმარს აქვს ტელევიზორი და ბ-ნი ახალაია გამონაკლისია თუ ბ-ნი ახალაია იქნება ტელევიზორიანი გამონაკლისი?!).
როგორც უნდა იყოს, სახელდობრ, ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრებისა და ტელევიზორის ურთიერთობაზე სახალხო დამცველი უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, ბ-ნი ნანუაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მეცხრე დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში პატიმრებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, ტელევიზორი იქონიონ. პატიმრებს: ბაჩანა ახალაიას, ირაკლი ოქრუაშვილსა და იოსებ გიგუაშვილს (ეს ორი უკვე აღარ არის პატიმარი) აქვთ ტელევიზორები, რომლებიც შეერთებულია DVD-ზე და დაწესებულების ადმინისტრაცია მათ 12:00 საათიდან 22:00 საათამდე ურთავს ფილმებს (ფილმების ჟანრი არ ზუსტდება).“ ამაზე უარესი პრობლემა კი მეშვიდე დაწესებულების ბინადრებს ჰქონიათ: მათ DVD-ც კი არ აქვთ.
ერთი სიტყვით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია, პატიმრებს ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდეთ. ბუნებრივია, ჩვენც ვუერთდებით ომბუდსმენის გულისწყრომას, მაგრამ, რაკი სხვა გულისწრომებიც გვახსოვს (თვით გულის წასვლამდეც!), ვითომ, სამართლიანი არ იქნებოდა, თუკი ნაჩინოვნიკარებიც იმ პირობებში მოიხდიდნენ სასჯელს, როგორშიც მათი ჩინოვნიკობისას ახდევინებდნენ პატიმრებს?!