მსუბუქწონიანი
ანუ, პავლიკას დაბრუნება
მართალია, პარლამენტის საიტი, მას შემდეგ, რაც კანონშემოქმედებმა ქუთაისში დაივანეს, განახლდა და გალამაზდა, დაპირებული სიამეებით (გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის კუთხით) მაინც ვერ ვსარგებლობთ. ჯერ ერთი, საიტიდან გამქრალია ხალხის რჩეულთა შრომითი ბიოგრაფიები, რაც ცნობისწადილსაც მოგვიკლავდა და იმის საშუალებასაც მოგვცემდა, განგვეჭვრიტა, რა დოზითა და ოდენობით უმოძრავებთ რუხი ნივთიერება. რაც მთავარია, იმასაც შევიტყობდით, რას იქმდნენ გადეპუტატებამდე ჩვენი რჩეულები. მაგრამ, ვაი რომ, ამაოა ჩვენი ზრახვანი: საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დეპუტატის დაბადების თარიღს თუ აღმოაჩენ. შესაბამისად, სწორედ მხოლოდ ის ვიცით ხალხის რჩეულ ქ-ნ ბოკუჩავას შესახებ, რომ 1983 წლის მაისში მოევლინა ქვეყანას.
რაკი მისი ღვწის შესახებ საჯარო ინფორმაცია მიუწვდომელია, ბუნებრივია, შეფასებისას ვხელმძღვანელობთ პრინციპით: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს.“ ჰოდა, რაკი გამოგაჩინოსო, გასულ კვირას ქ-ნი ბოკუჩავა კიდეც გამოჩნდა და, ზედაც, ქ-ნი წულუკიანიც გამოიწვია (არადა, წონითი კატეგორიები აშკარად შეუსაბამოა). როგორც ჩანს, ეს განსხვავება, ანუ, უპირატესობა, ქ-ნმა წულუკიანმაც იგრძნო, ამიტომაც, არა ქ-ნ ბოკუჩავას, არამედ, უფრო მსხვილ ნანადირევს – ბ-ნ კუბლაშვილს გამოეპასუხა.
კერძოდ, ქ-ნმა ბოკუჩავამ, დაუწუნა რა იუსტიციის მინისტრს სიძულვილის ენა, რიტორიკულად ჰკითხა: იღებს თუ არა რჩევებს მამის, „ყველაზე სისხლიანი მოსამართლის“, ავთანდილ წულუკიანისგან.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ქ-ნ ბოკუჩავას უკვე გაეცა ამომწურავი პასუხი, ამ დეტალზე არ შევჩერდები, თუმცა, თუ კანონშემოქმედი ქალბატონის ასაკს გავითვალისწინებთ, წესით, პავლიკ მოროზოვის ბიოგრაფიას ნაკლებად უნდა იცნობდეს, თუმცა, მისი შეკითხვის პათოსი აშკარად პავლიკისეულია: როგორც ჩანს, ქ-ნი ბოკუჩავა ელოდება, როდის დაგმობს ქ-ნი წულუკიანი მამას.