საცთური
ქურდს რა უნდა და… უნიტაზიო
მართალია, ქურდს რა უნდა და – ბნელი ღამეო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ბნელი ღამეა საცთური. გასულ კვირას ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ქუთაისის ცენტრალურ მოედანსა და ეგრეთ წოდებულ წითელ ხიდთან აღმართული რამდენიმე საპირფარეშო გაძარცული დახვედრიათ.
იმის გათვალისწინებით, რომ საპირფარეშოები ამ ჩვენს ტურისტების მომლოდინე ქვეყანაში დიდი იშვიათობა და, მე ვიტყოდი, არანაკლებ დიდი ფუფუნებაა, ფაქტი სულისშემძვრელია. მით უფრო, რომ მძარცველებს საპირფარეშოებში დამონტაჟებული ფულის მიმღები აპარატები გაუტეხავთ, თანხაც წაუღიათ და, რატომღაც, საპირფარეშოების ინტერიერებიც დაუზიანებიათ.
სამწუხაროდ, მე არ ვიცნობ ფასიან საპირფარეშოებში ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემებს, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ მათი რაოდენობა დიდი არ უნდა იყოს, რაც, თავისთავად, ნიშნავს, რომ ფულის მიმღები აპარატების მძარცველებს დიდი ვერაფერი თანხა შეხვდებოდათ.
ამის მიუხედავადაც, ბუნებრივია, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს და, თუ მისი ბოლოდროინდელი ოპერატიულობით ვიმსჯელებთ, საპირფარეშოების წამბილწველებსაც მალე მიაგნებს. რაც შეეხება თავად ფაქტს, ვფიქრობ, ის ნათლად მეტყველებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე: თვით მძარცველსაც რომ ისე გაუხდება საქმე, ტუალეტში ფულის მიმღები აპარატი გატეხოს?!