სასწაული ახალი წლის ღამეს
არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.
ცოტა შორიდან დავიწყებ.
ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი – არ ვკადრულობდი.
ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.
დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“... ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – და, იატაკზე მოვადინე ბრახვანი.
მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.
ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.
მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება.