მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N26-1(627)
ზიბკო გაოცებული დარჩა ვასილიჩის მიერ შერჩეული შეხვედრის ადგილის გამო. ეს იყო ხარკოვის გარეუბანში მდებარე საბჭოთა პერიოდის მცირე ზომის სასტუმრო, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა. გარე სამყაროდან მაღალი ღობით გამოყოფილ ვრცელ ეზოში უწესრიგოდ იყო მიმოფანტული სამშენებლო ნარჩენები და ავეჯის ნამუსრევი. შენობის ფანჯრები მტვერს დაეფარა. ადამიანებისგან მიტოვებული სასტუმროს პირველი სართულის ფოიე მტრედებს თავის საცხოვრებლად ექციათ – ყველგან ისმოდა მათი ფრთების ფართხუნი და ღუღუნი.
– უცნაური ადგილი შეგირჩევიათ, – ზიბკო ფოიეს შესასვლელში შედგა და იატაკზე გოგმანით მოსიარულე მტრედებს მიაპყრო მზერა.
– რა არ მოგწონთ? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– არ მიყვარს მიტოვებული შენობები, ქუჩაში დარჩენილ უმწეო მოხუცს მაგონებს, რომელსაც, ვიდრე ახალგაზრდა იყო, ანგარიშს უწევდნენ; ვიღაცას უყვარდა, ვიღაცას – არა. ის ცოცხლობდა, იბრძოდა... მაგრამ, გავიდა წლები და დადგა დღე, როდესაც ის ყველამ მიივიწყა და მისთვის ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა – აღსასრულის მოლოდინს, – უპასუხა ზიბკომ.
– მალე აქაურობას ვეღარ იცნობთ. უახლოეს მომავალში ამ ნანგრევების ნაცვლად, თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
– ესეც „ვერშინის” საკუთრებაა? – ჰკითხა ზიბკომ.
– დიახ, – დაუდასტურა ვასილიჩმა.
– ესე იგი, არც ისე ცუდად მიგდით საქმეები, – გახედა ზიბკომ.
– მიგვდიოდა... – ვასილიჩმა სიგარეტს მოუკიდა და „ვერშინის” ერთ-ერთ მცველს ხელით ნიშანი მისცა.
მცველმა დეტექტორი მოიმარჯვა და ზიბკოს მიუახლოვდა.
– რას ნიშნავს ეს?! – გაოცებული სახით გახედა ზიბკომ ვასილიჩს.
– დამშვიდდით, ის ჩამწერ მოწყობილობებზე შეგამოწმებთ.
– არ მენდობით? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ზიბკომ და ხელები აქეთ-იქით გაშალა, რათა მცველისთვის მისი შემოწმების შესაძლებლობა მიეცა.
მცველმა დეტექტორი რამდენჯერმე აატარ-ჩამოატარა მის სხეულზე, მერე კი ვასილიჩს ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო.
– კეთილი... ახლა შეგვიძლია, ვისაუბროთ, – თქვა მან.
– არ მიყვარს, როცა არ მენდობიან, – უკმაყოფილო ტონით განაგრძო ზიბკომ, – მიმაჩნია, რომ მხოლოდ ურთიერთნდობაა ნებისმიერი შეთანხმების წარმატების საფუძველი!
– გეთანხმებით... მაგრამ, მწარე გამოცდილებას ვერსად გავექცევით! – ვასილიჩმა პაუზა გააკეთა და შემდეგ ჰკითხა – მაშ, რა საკითხზე გინდოდათ ჩემთან საუბარი?
– მინდა, რომ ერთ ადამიანთან შეხვედრაში დამეხმაროთ – გეგეშიძეს ვგულისხმობ...
ვასილიჩმა ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ კი უპასუხა:
– მე უკვე მქონდა ამ თემაზე საუბარი პროკურატურაში!
– ვიცი, ვიცი... მაგრამ, ჩვენ ახლა პროკურატურაში არ ვიმყოფებით.
– და, რას ცვლის ეს? – გაიკვირვა ვასილიჩმა, – სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მე გეგეშიძის საიქიოდან დაბრუნება არ შემიძლია!
– ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამთვლით ბრიყვად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანტიმეტრ-სანტიმეტრ გაჩხრიკა კიევის წყალსაცავის ფსკერი, მაგრამ, გეგეშიძის ცხედარს ვერ მიაკვლია! – თქვა ზიბკომ.
– და, ვერც ცოცხალს! – შენიშნა ვასილიჩმა.
– თქვენთან შეხვედრამდე მე კაცუბას ვესაუბრე!
– რა, მან გითხრათ, რომ გეგეშიძე ცოცხალია?! – გაუკვირდა ვასილიჩს.
– არა... პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ... – ზიბკომ მზერა გაუსწორა ვასილიჩს და შემდეგ განაგრძო – კეთილი... მაშინ თქვენ გეტყვით იმას, რასაც გეგეშიძეს ვეტყოდი, ახლა აქ რომ ყოფილიყო.
– ყურადღებით გისმენთ, – უპასუხა ვასილიჩმა.
– ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ გუსმანი ცუდად მოიქცა. მისი მხრიდან ეს წმინდა წყლის პროვოკაცია იყო, პროვოკაცია, რომელსაც არასასურველი პროცესების გამოწვევა შეუძლია, – განაგრძო ზიბკომ.
– რას გულისხმობთ „არასასურველ პროცესებში”? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– თუნდაც კიევი-ბორისპოლის გზატკეცილზე დაღუპულ გუსმანის მცველებს. პროკურატურას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, მაგრამ, მე უკვე ვიცი, რომ გუსმანის ხალხი პირადად მონაწილეობდა გეგეშიძეზე მოწყობილ თავდასხმაში. კიევს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გუსმანმა ის ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის უკან ჩაბრუნებასაც ვეღარ შეძლებს!
– და, საქმე მას მიანდეს, ვისაც იმ ჯინის ბოთლში ჩაბრუნება შეუძლია?! – ვასილიჩმა დამცინავად ახედ-დახედა ჩია ზიბკოს.
– არა... მე არ შემიძლია ჯინის ბოთლში ჩაბრუნება, მე მხოლოდ შუამავალი ვარ, – უპასუხა ზიბკომ.
– ვის სურს და ვის შეუძლია? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– მე მგონი, ეს ყოველ ჩვენგანს სურს. მაგრამ, გეგეშიძის გარდა ამ ჯინს უკან ვერავინ შეაბრუნებს. ჩვენი მხრივ, მხოლოდ შესაფერისი პირობების შემოთავაზება შეგვიძლია, – უპასუხა ზიბკომ.
– რა პირობებზეა საუბარი? – მოულოდნელად გაისმა ფოიეში. ზიბკო ხმის მიმართულებით შებრუნდა და დაინახა, რომ შემოსასვლელის მხრიდან ტანმაღალი მამაკაცი მოდიოდა. ზიბკომ მაშინვე იცნო ლუკა გეგეშიძე, რომლის რამდენიმე ფოტოსურათიც ჰქონდა ნანახი.
ლუკა მის პირისპირ შედგა და კითხვა გაიმეორა:
– რა პირობებზეა საუბარი?
– თქვენ გეგეშიძე ხართ? – ზიბკომ იცოდა, ვინც იდგა მის წინ, მაგრამ მაინც მისგან სურდა ამის მოსმენა.
– დროს ნუ მაკარგვინებ, კითხვაზე მიპასუხე! – ცივად თქვა ლუკამ.
– ბოლო ხანებში რამდენიმე უსიამოვნო მოვლენა მოხდა: თქვენ თავს დაგესხნენ, დაიღუპა თქვენი მეგობარი; ორიოდე დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორი სერგეი კაცუბა; იმავ ღამით დაიღუპა სტეფანე გუსმანის დაცვის რვა წევრი... მგონი, საკმარისია. ამ დაპირისპირების შეწყვეტა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის... მეთანხმებით? – თქვა ზიბკომ.
– მოიცადე... – თქვა ლუკამ, – ვიდრე საერთო ინტერესებზე გადახვალ, ერთ კითხვაზე მიპასუხე: შენთვის ცნობილია, ვინ მოაწყო ის თავდასხმა?
– თქვენთვის არ არის ცნობილი? – ჰკითხა ზიბკომ.
– მე შენი აზრი მაინტერესებს!
– გულწრფელი დამოკიდებულების მიღება თუ გინდა, თავად უნდა იყო გულწრფელი. დიახ, ჩემთვის ცნობილია დამკვეთისა და შემსრულებლების ვინაობა. თავდასხმა დაუკვეთა სტეფანე გუსმანმა, განახორციელეს მისმა პირადმა მცველებმა, – მშვიდად უპასუხა ზიბკომ.
– ეს მხოლოდ შენი აზრია თუ კიევშიც ასე ფიქრობენ? – ჰკითხა ლუკამ.
– აქ ჩემს აზრებს ვერ მოისმენთ. ყველაფერს რასაც ვიტყვი, კიევის დირექტივებია.
– და, რა ღონისძიების გატარებას აპირებს კიევი გუსმანის წინააღმდეგ? – ჩაურთო ვასილიჩმა.
– არაფრის... სრულიად არაფრის, ისევე, როგორც თქვენ წინააღმდეგ, – სწრაფად თქვა ზიბკომ, – მგონი, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა. თქვენ ერთი დელიკატური საკითხის მოგვარებაში დაეხმარეთ კიევს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამისთვის უნდა მიგეღოთ სუფთა დოსიე და გარკვეული რაოდენობის აქციათა პაკეტი. მაგრამ, გუსმანმა ცალმხრივად შეცვალა შეთანხმების პირობები, უხეშად რომ ვთქვა, „გადაგდება“ დაგიპირათ. კონფლიქტის ინიციატორი ის იყო. ამიტომაც, შემდგომ განვითარებულ მოვლენებში თქვენ არავინ გადანაშაულებთ. მეორე მხრივ კი, გუსმანსაც ვერ დავუკარგავთ დამსახურებას – თქვენი საქმეში ჩართვის იდეა მას ეკუთვნოდა, რაც მოახერხა კიდეც. მისი სიხარბე და ქედმაღლობა რომ არა, ყველაფერი კარგად იქნებოდა – თქვენ მიიღებდით სუფთა დოსიესა და აქციებს და ერთმანეთს მეგობრებად დავშორდებოდით. ვინ იცის, იქნებ მომავალში კვლავ გამოჩენილიყო საქმე, რომლის მიმართაც საერთო ინტერესები გაგვიჩნდებოდა, მაგრამ, წარსულს ვერ დავაბრუნებთ. გუსმანმა ყველაფერი აურდაურია და ახლა ვითარების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. შორს რომ არ წავიდე, კიევი მოლაპარაკებების საწყის წერტილში დაბრუნებას გთავაზობთ, პირობების მცირე ცვლილებით.
– კონკრეტულად რას მთავაზობენ? – ჰკითხა ლუკამ.
– თქვენ მიიღებთ სუფთა დოსიესა და აქციათა პაკეტს. შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რომელ აქციებზეა საუბარი: საქმე ეხება ხარკოვის ტრაქტორების მშენებელ ქარხანას. არჩევანი ამ საწარმოზე შემთხვევით არ გაკეთებულა. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ საკმაოდ მყარად გრძნობთ თავს ამ ქალაქში. ჩათვალეთ, რომ ეს მეგობრული ჟესტია. სახელმწიფო აქციებიდან „ვერშინა” მიიღებს აქციათა სამპროცენტიან წილს. აქციათა ნომინალური ღირებულება სამ-სამ-ნახევარი მილიონი დოლარია. მაგრამ, ბირჟაზე გატანის შემთხვევაში, მათში ხუთ მილიონ დოლარზე მეტსაც მიიღებთ. თქვენთვის მისაღებია ასეთი ვარიანტი?
ლუკამ ვასილიჩს გახედა.
– მისაღებია, – დაუდასტურა მან.
– რა პირობები შეიცვალა? – ზიბკოს მიუბრუნდა ლუკა.
– უფრო სწორად, ძველ პირობებს ახალი დაემატა. პირველი – თქვენ არ შეეხებით გუსმანს, საერთოდ დაივიწყებთ მის არსებობას და, მეორე – ორი ან სამი წლით უკრაინიდან გაემგზავრებით. სად – თქვენი გადასაწყვეტია. სუფთა დოსიეთი ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებთ ჩასვლას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე უკრაინაში ჩამოსვლას გიკრძალავთ. თქვენ პერიოდულად შეგეძლებათ აქაურობის მონახულება, მაგრამ, უკრაინაში მუდმივად ცხოვრებას ვერ შეძლებთ, – უპასუხა ზიბკომ.
– რატომ? – ჰკითხა ლუკამ, – ერთი მხრივ, მეუბნებით, რომ ჩემ მიმართ არავის აქვს პრეტენზია; მეორე მხრივ კი უკრაინაში დარჩენას მიკრძალავთ. ეს როგორ გავიგო?
– ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს: თქვენ მიმართ კიევს არა აქვს პრეტენზია, მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარებიან. მე ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებათა დამცველებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს... ეს საქმე ისე იზიდავს მათ, როგორც ფუტკარს თაფლის კასრი. გარკვეულ წრეებს რაღაც ინფორმაციები გააჩნიათ ამ საქმეში თქვენი მონაწილეობის შესახებ. ზოგ მათგანს ფულს დახარბებულ კრიმინალად მიაჩნიხართ, ზოგს – კეთილშობილ რაინდად, ზოგსაც – მსხვერპლად. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებთ თქვენ მიმართ. უკრაინაში თქვენი ყოფნით კიევი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გაჩნდება მრავალი კითხვა, რომლებზეც კიევი პასუხს ვერ გასცემს და, როგორც მგონია, თქვენც არ უნდა გიზიდავდეთ საგაზეთო სტატიებისა თუ სატელევიზიო გადაცემების მთავარ პერსონაჟად ქცევა. ასეთია კიევის მოსაზრება. ახლა კი საკუთარ წესს დავარღვევ და ჩემს აზრს გეტყვით: უბრალოდ, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი იგრძნობს თავს მშვიდად, თუ თქვენ მათგან რაც შეიძლება შორს იქნებით. თუკი თქვენ ამ პირობებს მიიღებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ „ვერშინის” ფინანსური საქმიანობის კვლევა დაუყოვნებლივ შეწყდება და ფირმას მომავალშიც არ შეექმნება პრობლემები.
– რა მოხდება, თქვენი პირობები თუ არ მივიღე?
– რა მოხდება უარის შემთხვევაში? – ზიბკო წამით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა – სიმართლე გითხრათ, ჩემთან ამ საკითხზე არავის უსაუბრია. კიევს თქვენ გონიერ ადამიანად მიაჩნიხართ. მათი აზრით, პირობები სავსებით მისაღებია. ისე კი, შემიძლია, ვივარაუდო, რაც მოჰყვება თქვენს უარს: პირველ ყოვლისა, კიევი კანონგარეშედ გამოგაცხადებთ თქვენ და ყველა თქვენს მეგობარს; თქვენზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდება; ამის პარალელურად, შეუტევენ „ვერშინას” – ფირმას დაანაწევრებენ და მიწასთან გაასწორებენ. დამიჯერეთ, არ ღირს გუსმანის ბინძური სულისთვის ასეთი მსხვერპლის გაღება! – უპასუხა ზიბკომ, – თქვენს პასუხს ახლა არ ველი. ჩემთვის გასაგებია, რომ მოსაფიქრებლად დრო დაგჭირდებათ. თანხმობის შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირება აღარ იქნება საჭირო, შეგიძლიათ, პირდაპირ გაგზავნოთ „ვერშინის” ფინანსური წარმომადგენლები სააქციო საზოგადოება „ხეტეზეში” – იქ უკვე გამზადებული აქვთ თქვენთვის გადმოსაცემი აქციების პაკეტი. სულ ეს არის, მე მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი, – დაასრულა ზიბკომ და პასუხის მოლოდინში ლუკას თვალებში შეხედა.
– მაშინ, ამით მოვრჩეთ, – თქვა მან და შესასვლელთან მომლოდინე მცველებს ანიშნა, გააცილეთო.
– რას იტყვი, ლუკა? – ჰკითხა ვასილიჩმა, როგორც კი მცველებმა ზიბკო ეზოდან გაიყვანეს, – მე მგონი მისაღები პირობებია.
– შენ ასე გგონია?
– ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ეს საქმე, აქვე გავცემდი პასუხს.
– მე კი ვიფიქრებ – რამდენიმე დღე ხომ მომცეს მოსაფიქრებლად, – თქვა ლუკამ.
– ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად არასდროს გჭირდებოდა რამდენიმე დღე, – შენიშნა ვასილიჩმა.
– ახლა მჭირდება! – მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
ვასილიჩმა დაძაბულმა გახედა და შემდეგ თქვა:
– ლუკა, გთხოვ. ნუ მისცემ მათ „ვერშინის” მიწასთან გასწორების მიზეზს!.. ამდენი ვიბრძოლეთ მისი შენარჩუნებისთვის და ახლა ეს ჩვენი პირდაპირი დამარცხების ტოლფასი იქნება.
– კარგი კაცი ხარ, ვასილიჩ. ძალიან კარგი. შენ ბევრი გააკეთე „ვერშინისთვის” და პირადად ჩემთვისაც, მაგრამ, მეგობრულად გირჩევ: ნუ ჩაერევი საქმეში, რომელიც შენი გადასაწყვეტი არ არის!.. როცა მე ვამბობ, რომ დრო მჭირდება, ესე იგი, უნდა მოითმინო. ნუ ღელავ, რასაც გადავწყვეტ, პირველი შენ შეიტყობ! – თქვა ლუკამ და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
* * *
მდივანმა ვერ შეძლო გუსმანის შეჩერება – მან ქალი უხეშად გასწია გვერდზე, კაბინეტში შევიდა, კარი მთელი ძალით მოაბრახუნა და შინაგან საქმეთა მინისტრს გააფთრებით შეხედა.
– კარგი... მაგ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით, – უთხრა მინისტრმა მის სამუშაო მაგიდასთან მსხდომ ორ თანამშრომელს.
ისინი მაშინვე ადგნენ და კაბინეტიდან გავიდნენ. მინისტრი სელექტორით დაუკავშირდა მდივანს – ორი ჩაი მომიმზადე და ჩემთან არავინ შემოუშვაო, შემდეგ კი გუსმანს მიუბრუნდა.
– დაჯექი, სტეფანე. დაჯექი და ისე მიამბე, რამ აგაღელვა?
– მაგ მოჩვენებითი თავაზიანობით ვერ შემაბამ! – ბრაზით წამოისროლა გუსმანმა და მის პირისპირ დაჯდა.
– არ იტყვი, რა მოხდა? – ჰკითხა მინისტრმა.
– მე მეკითხები, რა მოხდა?! – გაიკვირვა გუსმანმა, – პირიქით, მე აქ განმარტების მისაღებად მოვედი!
ამ დროს ოთახში მდივანი შემოვიდა, რომელსაც სინით ორი ფინჯანი ჩაი მოჰქონდა. ქალმა ერთი ფინჯანი მინისტრს დაუდგა წინ და გუსმანს მიუბრუნდა.
– აქედან მოაშორე! – ავად შეუღრინა მან.
მდივანმა შიშით უკან დაიხია.
– ყველაფერი რიგზეა, ნადია, – დაამშვიდა მინისტრმა, – ფინჯანი მაგიდაზე დადგი.
მდივანმა განკარგულება შეასრულა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
– ჩემს ზურგსუკან ჩალიჩი არ გამოგივათ. ან, რამ გაფიქრებინათ, რომ მე ვერაფერს შევიტყობდი?! – ბრაზით განაგრძო გუსმანმა, როგორც კი მდივანმა კარი გაიხურა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მინისტრმა.
– მე უკვე ვიცი, რომ „ხეტეზემ” აქციების სამი პროცენტი „ვერშინას” გადასცა.”
– აა... აი, რაში ყოფილა საქმე? – მშვიდად ჩაილაპარაკა მინისტრმა და ჩაი მოსვა, – სამწუხაროდ, მისამართი შეგეშალა, სტეფანე. მე მაგ გარიგებასთან არაფერი მაკავშირებს.
– გინდა მითხრა, რომ არაფერი იცი ამის შესახებ?! – ეჭვით შეხედა გუსმანმა.
– არა... მაგას არ გეტყვი. აქციების გადაცემის შესახებ მეც ვიცოდი, მაგრამ, გადაწყვეტილება მე არ მიმიღია.
– ვინ მიიღო გადაწყვეტილება? – სწრაფად ჰკითხა გუსმანმა.
– სახელები რას შეცვლის? გადაწყვეტილება მიიღო ადამიანმა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნდა.
– გასაგებია... – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გუსმანმა, – მერედა, შენ რას აკეთებდი ამ დროს?! მთავრობა კრიმინალსა და მკვლელს აქციებით აჯილდოებდა და შენ ამ დროს მშვიდად ხვრეპდი ჩაის?!
მინისტრს გამომეტყველება შეეცვალა. მან მძიმედ დაუშვა ფინჯანი მაგიდაზე, გუსმანს მზერა გაუსწორა და თქვა.
– სხვათა შორის, ის მკვლელი და კრიმინალი შენ ჩართე საქმეში და, სიმართლე რომ გითხრა, მან უკეთ გაართვა საქმეს თავი, ვიდრე შენ!
– ესე იგი, მაინც მე ვარ დამნაშავე?! – მოიღრუბლა გუსმანი.
– არ მინდოდა შენთან ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ, შენ არჩევანს არ მიტოვებ!.. საქმე არც ისე კარგადაა, სტეფანე და, ახლა შენ „ხეტეზეს” აქციები კი არა, საკუთარი მომავალი უნდა გაღელვებდეს!
– ჩემი მომავალი?! – დაიბნა გუსმანი, – რა შუაშია ჩემი მომავალი?!
– ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ, მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრთან შენი შემცვლელის კანდიდატურაზე იმსჯელეს, – ხმადაბლა უთხრა მინისტრმა.
– ხომ არ შეიშალნენ! როცა მე იმ კაბინეტს ვაყალიბებდი, მისი ბევრი წევრი ღამის ქოთანზე სხვისი დახმარების გარეშე ვერ ჯდებოდა და მე...
– არაფერი გამოგივა, სტეფანე. აქ დათმობაზე აღარ არის საუბარი, იქით მოგიწევს თხოვნა: მადლობელი დაგრჩებით, თუ თანამდებობიდან მშვიდად წასვლის შესაძლებლობას მომცემთო!
– შენ რაღაც იცი? – მზერა გაუსწორა გუსმანმა.
– ვიცი, – დაუდასტურა მინისტრმა, – ამის შესახებ პროკურატურას ოფიციალურად არაფერი უთქვამს, მაგრამ, ვიცი, რომ ძიებას უკვე აქვს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და იმ დასკვნით დასტურდება, რომ კაცუბა შენი დაღუპული მცველების მანქანიდან ამოღებული ავტომატებიდან გასროლილი ტყვიებით იყო დაჭრილი. იგივე იარაღი გამოიყენეს გეგეშიძეზე თავდასხმისას! გეგეშიძე ჯანდაბას, შენი მცველებისა და კრიმინალების შეტაკებას ათასი მიზეზი შეიძლება გამოენახოს, მაგრამ, შინაგან საქმეთა კურატორისა და პრეზიდენტის მრჩევლის დაჭრას ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ მოუძებნი. ეს ის ლოდია, რომელიც უეჭველად ჩაგძირავს!
– ჩემი მცველების მკვლელობაზე რას იტყვით?! – ბრაზით წამოისროლა გუსმანმა.
– ეს საქმე ძიებაშია, – მშვიდად უპასუხა მინისტრმა.
– „ძიებაშია!“ – გამოაჯავრა გუსმანმა, – რაა მანდ გამოსაძიებელი? ისინი გეგეშიძემ დახოცა!
– მომეცი სამხილი და დიდი სიამოვნებით აღვძრავ საქმეს მის წინააღმდეგ!
– ისე არ არის გასაგები, რომ ეს მისი გაკეთებულია?! – აღელდა გუსმანი.
– არა, არ არის გასაგები. მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის ძალიან ბევრი რამ არაა გასაგები. მაგალითად, ის, თუ რისთვის დაჭრეს შენი პირადი დაცვის წევრებმა კაცუბა!
– ესე იგი, ჩემს ხარჯზე ცდილობთ გეგეშიძის რეანიმაციას?! მე მათავისუფლებთ თანამდებობიდან, რომ მან მშვიდად იგრძნოს თავი და მომავალშიც ღვაროს სისხლი?!
მინისტრმა დუმილით უპასუხა.
– არაფერი გამოგივათ! – მოულოდნელად იფეთქა გუსმანმა, – ყველას შეგახსენებთ, ვინცა ვარ!
– დამშვიდდი, სტეფანე. ყვირილით ვერაფერს შეცვლი, – შემრიგებლური ტონით თქვა მინისტრმა. ამის პასუხად გუსმანი ფეხზე წამოიჭრა და კარისკენ გავარდა, მაგრამ, კართან მისული უკან შემობრუნდა:
– მე წავალ... სკამს არ ჩავებღაუჭები, მაგრამ, ისეთი ხმაურით წავალ, რომ ყველას სანანებლად გაგიხდით ამ გადაწყვეტილებას! – წამოისროლა ღვარძლით, შემდეგ კი ისეთი ძალით გაიბრახუნა კარი, რომ კაბინეტი შეზანზარდა.
* * *
იმავე საღამოს გუსმანი თავის აგარაკზე შეხვდა ბუცას. კანონიერი ქურდი უხალისოდ გამოიყურებოდა. ჩანს, არაფრად ეპიტნავებოდა ხელისუფლების წარმომადგენლის აგარაკზე ყოფნა.
– ნუ იბღვირები! – ცივად შეეგება გუსმანი სასტუმრო ოთახში შემოსულ ბუცას, – მადლობა თქვი, საერთოდ რომ შემოგიშვი ჩემს სახლში!
ბუცამ ბრაზით შეხედა, მაგრამ, არაფერი უთქვამს.
– ასაკი ხომ არ მოგერია? ადრე უკეთესად ართმევდი თავს ჩემს დავალებებს, – უცვლელი ტონით განაგრძო გუსმანმა, – დრო ხომ არ არის შენს შემცვლელზე ვიფიქრო?
– შენი აპარატის დიშოვკა ჩინოვნიკი ხომ არ გგონივარ, რომ შენი სურვილით გადამაყენო?! – შეუბღვირა ბუცამ, – რა პრეტენზია გაქვს ჩემთან?!
– არ გახსოვს, როგორ შევთანხმდით? – ჰკითხა გუსმანმა.
– მახსოვს, – უხალისოდ უპასუხა ბუცამ.
– მე გეგეშიძის საკითხი უნდა მომეგვარებინა, შენ – მისი სასტავის! – შეთანხმება შეახსენა გუსმანმა, – გეგეშიძის შესახებ ყველაფერი გარკვეულია. რას აკეთებ შენ?!
– გეგეშიძის შესახებ ყველაფერი გარკვეული არ არის! – შენიშნა ბუცამ, – ჯერ ვერავინ გაარკვია, ცოცხალია თუ არა.
– ჩემი სიტყვა შენთვის საკმარისი არ არის? – ჰკითხა გუსმანმა.
– ამ შემთხვევაში, სიტყვას გეგეშიძის ტრუპი ჯობდა, მაგრამ, ის არავის უნახავს,– უპასუხა ბუცამ, – ვიდრე ეს არ მოხდება, არც მე და არც ჩემი ხალხი მის სასტავს არ დაეტაკება!
– ასე გაშინებთ გეგეშიძე?! – ცივად გაიღიმა გუსმანმა.
– რა შუაშია შიში?! – იწყინა ბუცამ, – ჩვენს წრეში კარგადაა ცნობილი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ის ნამდვილი გიჟია. ვერასდროს გათვლი, რას უნდა ელოდო მისგან – შეიძლება, ერთს მილიონი დოლარის საქმე აპატიოს, მეორე კი მხოლოდ ერთი სიტყვისთვის, ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმისთვის მოკლას! მე თვითონ შევესწარი როსტოვში მარჩუკისა და ციგანოვის მკვლელობას. გეგეშიძეს წარბი არ შეუხრია. ისე დახოცა, თითქოს წიწილები ყოფილიყვნენ. თანაც, ეს გააკეთა თხუთმეტი-თექვსმეტი კაცის თვალწინ. არადა, იცოდა, რომ მათ შორის, სულ მცირე, ორი ან სამი ნაბოზარი მაინც იქნებოდა, მაგრამ, მან მაინც დახოცა ისინი. და, იცი, რამდენმა კაცმა ჩაუშვა?!
– არა, – მექანიკურად უპასუხა გუსმანმა.
– არც ერთმა!.. გესმის შენ? ვერავინ გაბედა მასზე ინფორმაციის მიწოდება!
– მე არ მაინტერესებს თქვენი რაზბორკები! – გაღიზიანდა გუსმანი, – გეკითხები: რას აპირებ გეგეშიძის სასტავთან დაკავშირებით?
– მე უკვე გიპასუხე!
გუსმანმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და მერე თქვა:
– ბუცა, შენ ბევრი რამ არ იცი. მყვინთავებმა მეორე დღესვე მიაგნეს გეგეშიძის გვამს, მაგრამ, არ გაუბაზრებიათ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ფოტოები, რომლებზეც გეგეშიძის გვამი იყო აღბეჭდილი!
– დამალეს?! – გაოცდა ბუცა.
– ჰო, – მშვიდად დაუდასტურა გუსმანმა.
– მაგრამ, რისთვის?!
– ელია ბუკოვსკი გახსოვს? – ჰკითხა გუსმანმა.
– ხარკოველი ებრაელი?
– ჰო... მან დააფუძნა კომპანია „ვერშინა”. ბუკოვსკის სერიოზული კავშირები ჰქონდა კიევთან. როდესაც გეგეშიძე თბილისის საგამოძიებო იზოლატორიდან გაიქცა, ბუკოვსკიმ საბუთები გააკეთა, რომ ის დაიღუპა და წლების განმავლობაში ოფიციალურად ასე იყო ცნობილი. მაგრამ, გეგეშიძემ ამის შემდეგაც არ მოისვენა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე მოკლა. ბუნებრივია, რომ რუსეთის პროკურატურამ გამოაცხადა ძებნა და უკრაინას გეგეშიძის გადაცემა მოსთხოვა. კიევმა განაცხადა, რომ ის დაიღუპა და კრემაციაც გაუკეთდა. ეს ჭიდილი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. რუსები პერიოდულად ითხოვდნენ მის გადაცემას, კიევი კი ძველებურად პასუხობდა – დაღუპულიაო. ცოტა ხნის წინ კი გეგეშიძემ საერთოდ აიშვა თავი და რუსეთის „ეფესბეს” თანამშრომლები დახოცა. მოსკოვმა ისევ განაახლა გეგეშიძის მოთხოვნა და კიევმაც ტრადიციული პასუხი გასცა. ახლა ხვდები, რატომაც არ გამოცხადდა ოფიციალურად მისი დაღუპვის შესახებ?
– კიევი ბოლომდე მიაწვა გეგეშიძის გარდაცვალების ვერსიას... – ჩაილაპარაკა ბუცამ.
– ჰო... სხვა შემთხვევაში, რუსეთი ხმაურს ატეხდა და კიევს კრიმინალური ავტორიტეტის მფარველობაში დაადანაშაულებდა. ამ ვარიანტს მისი სასტავიც იყენებს. ცნობა ოფიციალური გარდაცვალების შესახებ არ არსებობს. მათ კი იციან, რომ გეგეშიძის ავტორიტეტი ბევრი თავზეხელაღებულისგან დაიცავს „ვერშინასა” და მათ სასტავს. სინამდვილეში კი გეგეშიძე კიევსა და ბორისპოლს შორის მდებარე უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე დამარხეს, – თქვა გუსმანმა.
– ეს მისმა სასტავმა იცის? – ჰკითხა ბუცამ.
– დაღუპული რომაა, იციან. ყოველ შემთხვევაში, მის ადვოკატს, ვასილიჩს, ამის შესახებ ნამდვილად აუწყეს. მას მხოლოდ გეგეშიძის საფლავის ადგილმდებარეობა არ გაუმჟღავნეს. ასეთი შემთხვევებისთვის ეს სტანდარტული მიდგომაა, – გუსმანმა პაუზა გააკეთა და შემდეგ შემპარავი ხმით დაამატა: – ასე რომ, შეგიძლია, იმოქმედო. ისე, შენს ადგილას რომ ვიყო, ძალიან დამაინტერესებდა რუსულ დოსიეებში ჩახედვა – იქ ხომ ბევრ უკრაინელ ავტორიტეტთან დაკავშირებული მონაცემებიც იქნება, რომლებიც რუსეთის „ეფესბესთან” თანამშრომლობდნენ!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში