კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინმა მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, მთელი ევროპული და ლიბიური გაზეთები ინკოგნიტო გმირზე ლაპარაკობენ, რომელმაც ცეცხლწაკიდებული ლაინერიდან ორასი ადამიანი გადაარჩინა.

– ას ოთხმოცდათექვსმეტი, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე შჩუკინს, – ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, რომ ტერორისტი ბენ აზერი ლიკვიდირებულია.

– ჰოდა, ძალიან კარგი, გილოცავ დავალების წარმატებით შესრულებას! აბა, რა ეგონა ბენ აზერს, „კაგებეს“ გააცურებდა? ჯანდაბამდეც ჰქონია გზა მას და მისნაირებს. ვინც ჩვენ გვიღალატებს, ყველა ძალიან ცუდად დაასრულებს. ჩვენ მათ ვზრდით, ვწვრთნით, ვაფინანსებთ, ისინი კი ჩვენს ღალატს ბედავენ? არა, ასე არ გამოვა და მათ ყოველთვის ისეთი ბოლო ელოდებათ, როგორიც ბენ აზერს...

შჩუკინის ენაწყლიანობა, ერთი მხრივ, ბენ აზერის ლიკვიდაციით გამოწვეული სიხარულის შედეგი იყო, მეორე მხრივ კი, ვიქტორ იაკოვლევიჩი გულწრფელად იყო აღშფოთებული ბენ აზერისა და მის მსგავსთა მოღალატეობრივი საქციელით და მიაჩნდა, რომ მათ უფრო მეტი ზიანი მოჰქონდათ, ვიდრე სარგებელი და ყოველთვის წინააღმდეგი იყო მათი გაწვრთნისა და დაფინანსების.

– ჩემი აზრით, – ამბობდა შჩუკინი, – ჩვენ ყოველთვის ჩვენი ძალებით უნდა გავდიოდეთ ფონს და არაა საჭირო, რომ ეს საეჭვო ხალხი პროფესიონალურად გავწვრთნათ და უხვად დავაფინანსოთ.

შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო, მოგვიანებით მისი მოსაზრებები გაიზიარეს კიდეც და, ეგრეთ წოდებულ „იდეურ მოძმეებს“ უმეტესწილად უფრო საზარბაზნე ხორცისა და ცოცხალი ბომბის როლში იყენებდნენ, ვიდრე კვალიფიციურ ტერორისტებად, რომლებიც, ადრე თუ გვიან, მაინც მტრებად შემოგვიბრუნდებოდნენ ხოლმე და უამრავ ზიანს გვაყენებდნენ, რადგან, მათთან ბრძოლა უამრავ ძალას მოითხოვდა.

– ცოცხალი ბომბები – აი, ძირითადად რა როლი უნდა დავაკისროთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ „იდეურ ძმებს“, რომლებიც ოდესმე, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მივეცით, უკვე ჩვენს განადგურებას მოინდომებენ, – ამბობდა შჩუკინი და დასძენდა – შეაბი ბომბი, მიეცი მიმართულება და გაუშვი – ამით მის მოქმედებასაც უფრო მეტი ეფექტი ექნება და ვერც ჩვენთან სამტროდ მოიცლის, რადგან ფიზიკურად აღარ იარსებებს...

შჩუკინის ეს თეორია საკმაოდ მალე დაინერგა პრაქტიკაში, აღმოსავლეთში არსებული კამიკაძის ინსტიტუტი კი „კაგებეში“ უფრო მეტად დახვეწეს, იდეურად დაამუშავეს და ისე მიაწოდეს ჩვენს „იდეურ მოძმეებს“, რომ ამ უკანასკნელებმა ეს პრიმიტიული, სასტიკი თეორია რელიგიის რანგში აიყვანეს და, ნებისმიერი მსხვერპლშეწირვა, რომელიც ზღვა სისხლით მთავრდებოდა, უმაღლესი რწმენისა და სულიერების გამოვლინებად იყო შეფასებული. ასე გაჩნდა ეგრეთ წოდებული „შაჰიდების მოძრაობა“ და, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ის „კაგებეში“ იყო მოგონილი, დამუშავებული და კულტივირებული...

კარგად მახსოვს, როგორ გამომიძახა ერთხელ ვიქტორ იაკოვლევიჩმა ლუბიანკაზე და, მითხრა:

– მრავლისმნახველი კაცი ხარ, კოკი, მაგრამ, რასაც ახლა განახვებ, არასდროს გინახავს და, დარწმუნებული ვარ, რომ გაოცდები.

– ვნახოთ, – მივუგე შჩუკინს, – ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და ყოველთვის მოიგონებს ისეთ რამეს, რაც მის მოძმეს გააოცებს და განაცვიფრებს. აბა, მაჩვენეთ თქვენი მსოფლიოს მერვე საოცრება.

– მოთმინება, მოთმინება და ყველაფერს სულ მალე საკუთარი თვალით ნახავ, – მომიგო შჩუკინმა, შემდეგ მეორე ოთახში გამიყვანა და მითხრა, – იცოდე, რასაც ეკრანზე იხილავ, რეალურია და არანაირი მონტაჟი არ არის გაკეთებული.

შჩუკინის მიერ ნაჩვენებ ნახევარსაათიან ფილმში შაჰიდთა ბატალიონის მომზადება და მათი შესრულებული დავალებები იყო გადაღებული, რამაც ნამდვილად გამაოცა. მართალია, მრავალი რამ მქონდა ნანახი ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში, მაგრამ, მსგავსს პირველად ვუყურებდი. ეგრეთ წოდებულ შაჰიდებს სპეციალურად წვრთნიდნენ ყაზახეთში, კოსმოდრომ ბაიკანურიდან ასი კილომეტრით დაშორებულ საიდუმლო სამხედრო ბაზაზე, სადაც მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო. იქ ისინი ცხოვრობდნენ, პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებას გადიოდნენ და იქიდანვე იგზავნებოდნენ დავალებაზე, საიდანაც, რა თქმა უნდა, ცოცხლები აღარ ბრუნდებოდნენ, რადგან, ნებისმიერი შაჰიდის დავალება საკუთარი თავის აფეთქება იყო. ისინი დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ ამ „ღვთიურ მისიას“, „ღვთიურობას“ კი მათ „კაგებეს“ სპეცინსტრუქტორები ჩააგონებდნენ. ისინი შაჰიდებს რელიგიით განზავებულ პოსტულატებს უდებდნენ ტვინში და სამთვიანი სპეცკურსის გავლის შემდეგ, ნორმალური, იდეური ადამიანი ფანატიკოსი ხდებოდა და უყოყმანოდ სწირავდა თავს იდეას... განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო დავალების შესრულების დროს გადაღებული კადრები. „კაგებეს“ ოპერატორს, რომელიც მათ აფიქსირებდა, დიდი ოსტატობით ჰქონდა გადაღებული თვითმკვლელი ტერორისტის სახე თავის აფეთქების წინ და ყველა შაჰიდის თვალები ისეთ ფანატურ ცეცხლს აფრქვევდა სიკვდილის წინ, რომ მათ შემხედვარეს სხეულში დენი დაუვლიდა...

– როგორია? – მკითხა შჩუკინმა, როდესაც ჩვენება დასრულდა.

– საშინელი, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს,  – კი მაგრამ, რა აიძულებს ამ ადამიანებს, რომ ასეთი საშინელება ჩაიდინონ, არც სხვები დაზოგონ და არც საკუთარი თავი?

– რა და, „კაგებეს“ უახლესი ფსიქოლოგიური ტექნოლოგიები. ხომ მართლაც მარტივი და გენიალურია?

– მე ვიტყოდი – სატანური, – მივუგე შჩუკინს, რომელმაც მითხრა:

– რას დავარქმევთ, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეფექტურია, იაფი და, თანაც, ჩვენთვის უსაფრთხო.

„უსაფრთხოა, რომ?“ – გავიფიქრე გუნებაში, თუმცა, მაშინ ჩემი ეჭვების შესახებ შჩუკინისთვის არაფერი მითქვამს და ვკითხე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამ ჩვენებას რა მიზანი ჰქონდა?

– უპირველესად ის, რომ უახლესი ტექნოლოგიები გაგაცანი, ყველაზე იაფი და ეფექტური, – მითხრა მან, – ერთი ოპერაცია გვაქვს დაგეგმილი და მას შენ უნდა უხელმძღვანელო.

– რა ოპერაცია?

– ორი შაჰიდის გამოყენებით.

იმ პერიოდისთვის შჩუკინთან უკვე ახლობლური დამოკიდებულება მქონდა. ამიტომ, თავს უფლება მივეცი და ვკითხე:

– მესამე მე ხომ არ ვარ?

– კი, მესამე შენ ხარ, მაგრამ, არა შაჰიდი, არამედ, მათი კოორდინატორი და, შენ უნდა გადაწყვიტო, ააფეთქო თუ არა ისინი.

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ლიკვიდაციაზე ვმუშაობდი და აფეთქებას არასდროს ვიყენებდი საქმეში. ამჟამად კი აფეთქება მთავარი იყო იმ დავალებაში, ანუ, მთელი ეს აქცია სწორედ აფეთქებაზე იყო აწყობილი. ცნობილი ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელწოდება – „ნათება“ მიანიჭეს, იმაში მდგომარეობდა, რომ, ორი შაჰიდი,  ჩვენდამი მტრულად განწყობილი ერთ-ერთი აღმოსავლური ქვეყნის ელიტურ წვეულებებზე უნდა აფეთქებულიყო და თან, იქ მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი უნდა გაეწყვიტა. თუმცა, ის ჩვეულებრივი შაჰიდური ოპერაციისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მათი აფეთქება დისტანციური პულტით იყო შესაძლებელი და ეს პულტი მე უნდა მქონოდა. შესაბამისად, ჩემივე გადასაწყვეტი იყო მათი აფეთქება-არაფეთქების საკითხიც და ამ ქმედებების კრიტერიუმი შჩუკინმა ზუსტად და მკაფიოდ განმისაზღვრა:

– აფეთქებ იმ შემთხვევაში, თუკი იქ არც ბავშვი  იქნება და არც ფეხმძიმე ქალი. ხოლო, თუ ასეთი წინააღმდეგობა წარმოიშობა და შენ მისი მოშორება ვერ მოახერხე, მაშინ, არ აფეთქებ...

შჩუკინის სიტყვებმა მეხივით გამიარა გულში, რადგან, ნამდვილად არ მსურდა, მასობრივი მკვლელობების შემსრულებელი გავმხდარიყავი და ვოცნებობდი, რომ იქ ბავშვები და ორსულები ყოფილიყვნენ, რაც თითქმის გამორიცხული იყო. ამიტომ, დავალების შესასრულებლად ყოველგვარი ხალისის გარეშე გავემართე. ადგილზე რომ ჩავედი, ორი შაჰიდი იქ შემომიერთდა. მათ ჩვენი ჯგუფის ორი წევრი აკონტროლებდა, რომლებმაც ისინი ოპერაციისთვის მოამზადეს და სხეულზე საშინელი ძალის ფეთქებადი ნივთიერებები შეაბეს, თან, რადიოშუქურები მიამაგრეს და იმ ქვეყნის არმიის ოფიცრების ფორმები ჩააცვეს. ხოლო, როდესაც ყველაფერი რიგზე იყო, ამ აქციის მთავარმა ამფეთქებელ-მექანიკოსმა მაჯის ელექტროსაათი გადმომცა, რომელიც სინამდვილეში დისტანციური ასაფეთქებელი პულტი იყო და მისი მოხმარება მასწავლა.

გეგმის მიხედვით, „ცოცხალი ბომბები“ წვეულების მონაწილეებს შორის ერთმანეთის დიაგონალზე, ერთმანეთისკენ პირით უნდა მდგარიყვნენ, რომ ეგრეთ წოდებული ცენტრისკენ მიმართული აფეთქება გამოსულიყო და იქ მყოფები ერთიანად ამოეწყვიტა. ყველაფერი „კაგებეში“ იყო წინასწარ გათვლილი და, თუკი ამ აქციას რამე არ შეუშლიდა ხელს, ყველა იქ მყოფს სიკვდილი ელოდა. მეც შიგნით უნდა ვყოფილიყავი და, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლიდა, მაშინ, ბოლო მომენტში, ის „ტუსოვკა“ უნდა დამეტოვებინა. გავიდოდი თუ არა კარიდან, ჩემი ელექტრონული საათის წითელი ღილაკისთვის თითი უნდა მიმეჭირა და იქაურობა მიწასთან გამესწორებინა.

ოპერაცია დაიწყო. წვეულებაზე ჯერ შაჰიდები შევიდნენ და წინასწარ განსაზღვრულ პერიმეტრზე განლაგდნენ. შემდეგ მეც შევედი და, იქ შეკრებილებს რომ გადავავლე თვალი, დავრწმუნდი, ყველაფერი მზად იყო აფეთქებისთვის. იქ არც ფეხმძიმე ქალები იმყოფებოდნენ, არც, ზოგადად, ქალები და არც ბავშვები. ამიტომ შევტრიალდი და კარისკენ გავემართე, რათა გარეთ გავსულიყავი, დისტანციური ასაფეთქებელი პულტის ღილაკზე თითი მიმეჭირა და რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი იქაურობას. კარიდან ორიოდე მეტრის დაშორებით ვიმყოფებოდი, როდესაც დარბაზში ათიოდე წლის, ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნა შემოვიდა, მას კი უკან ახალგაზრდა, ფეხმძიმე ქალი მოჰყვებოდა. ისინი იმ ქვეყნის მმართველის ცოლი და შვილი იყვნენ და წვეულებაზე მივიდნენ...

„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში და, მიუხედავად იმისა, რომ დავალების შესრულების შეჩერება შემეძლო, ასე არ გავაკეთე. ამიტომ ახალმოსულებისკენ გავემართე და ბავშვი ხელში ავიყვანე, ორსულ ქალს კი მკლავში ხელი მოვკიდე, თან წავიყოლე და ვუთხარი:

– აქ ყოფნა ძალიან საშიშია, უსაფრთხო ადგილზე მიბრძანდით.

– რატომაა საშიში, თქვენ ვინ ხართ? – მითხრა ქალმა, მაგრამ, მისთვის პასუხი არ გამიცია. ჯერ ბავშვი დავსვი, შემდეგ წითელ ღილაკს თითი დავაჭირე და როდესაც დარბაზში საშინელი აფეთქება მოხდა, ქალს იქითკენ მივანიშნე, შემდეგ თავი დავუკარი და სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას.

აფეთქებამ წვეულებაზე იმ მომენტში მყოფი ას ოთხი ადამიანი გაანადგურა და იმ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის თითქმის ნახევარი გაწყვიტა მეთაურითურთ. მე სულ რაღაც ცხრა საათის შემდეგ დავბრუნდი მოსკოვში. იმ აქციიდან ათი საათიც არ იყო გასული, როდესაც უკვე შჩუკინის კაბინეტში ვიჯექი და მას დავალების შესრულების შესახებ პატაკს ვაბარებდი.

– ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებია, რომ ორსული ქალი და ბავშვი შენვე გაარიდე იქაურობას და დავალება არ შეაჩერე, – მითხრა შჩუკინმა, – ახლა კი ნამდვილად ეცოდინებათ, ვისთან აქვთ საქმე იმ მოღალატე მმართველებს და დარწმუნდებიან, რომ საბჭოთა კავშირი დაუსჯელს არ ტოვებს არც ცალკეულ მოღალატეებს და არც მოღალატე ქვეყნებს. არა, მართლაც რომ გენიალური კონცეფცია მოვიფიქრეთ, „ცოცხალ ბომბებს“ ნამდვილად დიდი მომავალი აქვს ჩვენს დაუძინებელ მტრებთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მეთოდი, სიზუსტესთან, სიიაფესთან და ეფექტურობასთან ერთად, ყოვლად უსაფრთხოა ჩვენთვის და, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულყოფილი იარაღი შევქმენით.

იმ მომენტში შჩუკინი თავისი „პირმშოს“ ეფექტური მოქმედების ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა და აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს. თუმცა, ამ კონცეფციის ამოქმედებიდან, სულ რაღაც, სამი წლის შემდეგ, მან აღიარა, რომ მონსტრი შექმნა და „ცოცხალი ბომბები“ ისევე საშიში იყო საბჭოთა კავშირისთვის, როგორც იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ამ მეთოდებით ებრძოდა ჩვენი ქვეყანა. სამიოდე წლის შემდეგ, ივლისის ერთ ცხელ დღეს, როდესაც ოჯახთან ერთად სოჭში ვიმყოფებოდი დასასვენებლად, სასწრაფოდ ლუბიანკაზე მიხმეს.

– უნდა ვაღიარო, რომ ვცდებოდი და, თან, საკმაოდ მწარედაც, – მითხრა შჩუკინმა.

მე, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ვკითხე:

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– რას და, ვითომდა ყოვლად უსაფრთხო კონცეფციას „ცოცხალი ბომბების“ შესახებ, რომელიც მე მოვიგონე, – მომიგო შჩუკინმა, – მე მეგონა, რომ ეს კონცეფცია ჩვენთვის უსაფრთხო იქნებოდა და ჩვენ არასოდეს დაგვემუქრებოდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ვცდებოდი, თანაც, ძალიან მწარედ.

– რა ხდება, ამხანაგო გენერალო?

შჩუკინმა, ისევე, როგორც სამი წლის წინ, გვერდითა ოთახში გამიყვანა და ერთსაათიანი ფირი მიჩვენა, რომელიც ფარული კინოკამერით იყო გადაღებული საბჭოთა მზვერავის მიერ.

– აი, ეს შაჰიდების ბანაკია, სადაც ამერიკელები ანტისაბჭოურად განწყობილ თვითმკვლელებს ამზადებენ. ორასი ტვინგადაბრუნებული ფანატიკოსი უკვე მზად ჰყავთ. გვაქვს უზუსტესი ცნობები, რომ ისინი საბჭოთა კავშირში ერთდროული, ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქციების განხორციელებას აპირებენ, ჩვენ კი მათ ამაში ხელი უნდა შევუშალოთ.

შაჰიდების ბანაკი ავღანეთში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა, რომელსაც მაშინ მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი უსამა ბინ ლადენი კურირებდა, მას კი ამერიკის მთავრობა აფინანსებდა. ისინი მათ წვრთნასა და „ტვინის გამორეცხვას,“ ანუ, იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურ დამუშავებას ახორციელებდნენ. 

– შთამბეჭდავია, – ვთქვი მე, – ამ კადრების გადაღება იოლი არ იქნებოდა.

– ურთულესი იყო... სამწუხაროდ, ჩვენი მზვერავი დაიღუპა. მან მხოლოდ ფირის სამალავში ჩადება მოასწრო. ის შეიპყრეს, აწამეს და მოკლეს. პირადად უსამა ბინ ლადენმა გაატყავა და შხამიანი გველების ორმოში ჩააგდო.

– უსამა ბინ ლადენი ვინ არის?

– ამერიკელების გამოზრდილი ტერორისტი. მას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი პატარ-პატარა ჯგუფების ჩამოყალიბება ევალება და სულ მალე ისინი ერთიანი ფრონტით შეგვიტევენ, მაგრამ, სად და როდის, არ ვიცით. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ავმოქმედდეთ და ისინი გავანადგუროთ.

– ეს არც ისე ადვილი იქნება.

– რა თქმა უნდა, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ჩვენი და სამხედრო უწყების მიერ შემუშავებული ოპერაციაა, რომელიც შაჰიდების განადგურებას ისახავს მიზნად. შენ ამ ოპერაციაში ერთ-ერთი მთავარი როლი გენიჭება და დღესვე უნდა ჩაერთო საქმეში. ავღანეთში ნაბრძოლი ხარ, იქაურობას კარგად იცნობ და მტკიცედ მჯერა, რომ ამ აქციის წარმატებით დასრულებაში დიდ როლს შეასრულებ.

– მზად ვარ, შევასრულო ნებისმიერი დავალება! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ. მუხინიც საქმეშია და ერთად მიფრინავთ.

ოპერაცია, რომელშიც მე და ანდრეი ლუკიჩ მუხინი ვმონაწილეობდით, საჯარისო, არმიული ტიპის იყო და „კაგებეს“ სპეცრაზმი, ანუ ჩვენ, ეგრეთ წოდებული „სათადარიგო მწმენდავების“ როლს ვასრულებდით.

გეგმის მიხედვით, რვა საბჭოთა ბომბდამშენს სასტიკი იერიში უნდა მიეტანა შაჰიდების ბანაკზე და იქაურობა მიწასთან გაესწორებინა, ჩვენ კი ვერტმფრენებით უნდა გადავმსხდარიყავით იქ, მრგვალი პერიმეტრი დაგვეკავებინა და, თუკი ბანაკიდან ვინმე ცოცხალი გამოაღწევდა, გაგვენადგურებინა. ჩვენი იქ ყოფნა საკმაოდ სახიფათო იქნებოდა, რადგან, შესაძლებელი იყო, რომ ჩვენიანებსვე გავენადგურებინეთ, რადგან, ბომბებმა თავისიანისა და მტრის გარჩევა არ იცის...

მიუხედავად ყველაფრისა, შაჰიდების ბანაკის განადგურების ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა და საბჭოთა ბომბდამშენებმა ისეთი ცეცხლი დაატეხეს ბინ ლადენის თვითმკვლელთა ბანაკს, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ იწვოდა ქვები... ბინ ლადენი საბჭოთა ავიაიერიშის დროს ბანაკში არ იმყოფებოდა და ცოცხალი გადარჩა.

მოსკოვში გმირებად დავბრუნდით და ბომბდამშენის პილოტებს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები მიანიჭეს. მსოფლიო მასმედია კი საბჭოთა არმიის სისასტიკეზე მოუთხრობდა სამყაროს და ამბობდნენ, რომ წითელმა არმიამ მშვიდობიანი ავღანელი მწყემსები ამოხოცაო...

– აი, ამერიკული პროპაგანდა. მგლებს ცხვრებად რაცხავენ და პირიქით, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მე და მუხინი მის კაბინეტში შევედით – რომ იცოდეთ, ეს ყველაფერი სჯერათ ადამიანებს, ისეთებსაც კი, ვისაც საბჭოთა კავშირი არ ეჯავრება, ანუ, ჩვენს მეგობრებს.

– სჯერათ და სჯეროდეთ, – უთხრა მუხინმა,  – მთავარია, რომ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და მტერს ჩვენზე გამარჯვების საშუალება არ მივეცით.

– ეგ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამერიკელები სწორ გზას ადგანან და, თუ მათ ჩამოვრჩით, იცოდეთ, დაგვამარცხებენ.

შჩუკინის სიტყვების არსს ვერ ჩავწვდი და ვკითხე:

– რას გულისხმობთ?

– რას და, საინფორმაციო ომს, – შჩუკინმა ერთ-ერთი ევროპული გაზეთი დააგდო მაგიდაზე, – აი, ნახეთ, მსხვილი შრიფტით პირველ გვერდზე წერია: „ორასი მშვიდობიანი ავღანელი მწყემსის სიცოცხლე საბჭოთა სამხედროების სინდისზეა“. ეს სიცრუე ამერიკელების ნამოქმედარია და მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დაარწმუნეს, რომ ჩვენ ნამდვილად მშვიდობიანი ავღანელი მწყემსები დავხოცეთ. აი, ესაა ახალი ტექნოლოგიები, რაც ყველაზე ეფექტურ იარაღზე უფრო ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ეს იარაღი ამერიკელებზე უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ და მათვე მივუბრუნოთ, რადგან, ის ჩვენი ყველაზე უმთავრესი და დაუძინებელი მტერია.

შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო და მისი თაოსნობით მძლავრი საინფორმაციო ქსელის შექმნა დაიწყო „კაგებემ“. თუმცა, ამერიკელებმა მაინც გვაჯობეს და საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორი ამერიკასთან წაგებული საინფორმაციო ომი იყო.

უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, შჩუკინთან შეხვედრის დროს, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ხედავ, ამერიკა რას შვრება?

– რას, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– რას და, უკვე რუსეთის წინააღმდეგ გააძლიერა მძლავრი ინფორმაციული ომი. თუმცა, ამას ის ძველი რუსეთის მთავრობის დროს არ აკეთებდა. იცი, რატომ?

– რატომ?

– იმიტომ, რომ ძველი მთავრობა მათ ქვეყანას აძარცვინებდა, ახალი ქვეყნის მეთაური კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს და დაიწყეს მისი ლაფში ამოსვრის კამპანია. თუმცა, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამოუვათ.

– დარწმუნებული ხართ?

– აბსოლუტურად, – მითხრა შჩუკინმა. 

– გეთანხმებით, რომ რუსეთი ახლა ის არაა, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში იყო, საგრძნობლად გაძლიერდა. მაგრამ ამერიკაც ხომ არ დაუძლურებულა. პირიქით, ის, ალბათ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

– არ გედავები, კოკი, მაგრამ, მერწმუნე, რომ ამერიკის შესაძლებლობები, მიუხედავად მისი კოლოსალური სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერისა, მაინც შეზღუდულია და რუსეთის უდიდეს რესურსებთან შედარებით არაფერს წარმოადგენს. ეს ახლაა ამერიკა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ, ათი წლის მერე ასე არ იქნება.

– ათი წლის მერე, შეიძლება, ჩინეთმა გადაუსწროს ყველას.

– ესეც ძალიან ცუდია და, ასე რომ არ მოხდეს, რუსეთს ძალიან ძლიერი ზურგი სჭირდება. ანუ, მას არც ამჟამინდელმა მოკავშირეებმა არ უნდა უღალატონ და არც ყოფილ მეგობრებს უნდა მივცეთ ზურგში მახვილის ჩაცემის საშუალება.

– ყოფილ მეგობრებში, ალბათ, ჩვენ – საქართველოსა და ქართველებს გვგულისხმობთ, ხომ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– სამწუხაროდ, ასეა, – მითხრა შჩუკინმა, – სწორედ იმის გამო მოგიწვიე აქ, რომ ერთი საიდუმლო გაგანდო და მომავალი ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადავდგათ.

– გისმენთ.

– მოკლედ, ჩემო კოკი, თბილისში, აი, ამ მონაკვეთზე, – შჩუკინმა სქემაზე ერთი ცნობილი ადგილი მაჩვენა – ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს დამონტაჟებული მძლავრი ნაღმი დევს და, ამ გზაზე, გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანი დადის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მოძრაობს. ეს ნაღმი ძალიან ეშმაკურადაა დამონტაჟებული და ისეა შენიღბული, რომ მას სპეცმოწყობილობებიც კი ვერ აფიქსირებენ. სიძველის მიუხედავად, ნაღმი ძალიან მძლავრი და საიმედოა. თუმცა, შეიძლება, რაიმე ზემოქმედების გამო აფეთქდეს, ან, სულაც, ვინმემ ააფეთქოს. ამიტომ, შენ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს უნდა აცნობო, რომ ეს საშიშროება განიმუხტოს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამის გაკეთება ხომ თქვენც შეგეძლოთ და ჩემი ჩარევა რა საჭირო იყო, მე ხომ მაინც ინკოგნიტოდ უნდა ვიმოქმედო?

შჩუკინმა ეშმაკურად გამიცინა და მითხრა:

– ჯობია, რომ ეს ადგილობრივებმა გააკეთონ.

მე, რა თქმა უნდა, თბილისში დავბრუნდი და პოლიციას მესიჯი გავუგზავნე, სადაც მითითებული იყო, თუ სად დავმალე სქემა, რომელზეც თითქმის ორმოცი წლის წინ დანაღმული ადგილი იყო მითითებული. დიდხანს ვიფიქრე შჩუკინის საქციელზეც და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩემი სახით მოწმე სჭირდებოდა, რომელიც საქართველოს მიმართ მის კეთილგანწყობას დაადასტურებდა მომავალში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ შჩუკინის ჯგუფი თუ ორგანიზაცია დიდ გეგმებს აწყობდა სამომავლოდ და საქართველოს ამ გეგმებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა...

ძველი ბომბის დემონტაჟი ჩუმად და უმტკივნეულოდ ჩატარდა, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე.

ამას წინათ, შჩუკინს სოჭში შევხვდი. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, მითხრა:

– ერთი შეკვეთაა. მილიონს იხდიან და აქ იმიტომ მოგიწვიე, რომ ყველაფერი დაწვრილებით გითხრა.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს და მოსასმენად მოვემზადე.

– მოკლედ, ასეა, ჩემო მეგობარო, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და ერთი რესპექტაბელური ჯენტლმენის ფოტო მაჩვენა, – აი, ეს ბატონი ახალი ამრევია, რომელიც ოკეანის გაღმიდან შემოგზავნეს. მას ოფიციალური დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და მისი ლიკვიდაცია დიპლომატიურ სკანდალს არ გამოიწვევს. რას იტყვი, იკისრებ?

– თუკი ეს ჩემს სამშობლოს არგებს, თანაც, მილიონს გადაიხდიან, რატომაც არა?!

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3