რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა”, ოთხივე წამყვანი თვალით, რომელიც ორი მიზეზით შევიძინე: მინდოდა აგრესიული და სპორტული მართვა და, თან, ზამთარშიც ხშირად მიწევს ქალაქგარეთ გასვლა. ჩემი ავტომობილი სრულად არის აღჭურვილი სპორტული დაკიდების სისტემით, ანუ სპორტული ამორტიზატორებით და, თანაც ზამთრის საბურავები მაქვს დაყენებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი მეგობრის უბრალო, ოთხივე წამყვანი თვალით „აუდი ა6” უკეთ დადის თოვლში. რისი პრობლემაა ეს – „აუდია” ასეთი მაგარი, ზოგადად, „სუბარუს“ აქვს ნაკლები გამავლობა თუ კონკრეტულად ჩემს ავტომობილს აქვს რამე პრობლემა?
პასუხი: რაც შეეხება „აუდს,” ზოგადად, ოთხივე წამყვან თვალში ის მოწინავე ბრენდია – მას ძალიან კარგად აქვს ეს სისტემა ათვისებული. პირველი სწორედ „აუდი” იყო, რომელმაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპებზე პირველმა გამოიყვანა ოთხივე წამყვანი თვალით აღჭურვილი ავტომობილი. ანუ, ჯერ კიდევ სპორტიდან, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მისი ოთხივე წამყვანი თვალი საკმაოდ დახვეწილია. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის „სუბარუს” თოვლიან გზაზე გამავლობაში აჯობებს. ამას კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტს ის, თუ რა დაკიდების სისტემით არის აღჭურვილი ესა თუ ის მოდელი. თოვლში, ყინულსა და, მით უმეტეს, უგზოობაში, რაც შეიძლება რბილი დაკიდების სისტემაა საჭირო. რაც უფრო გრძელია საბურავის სვლა ძარიდან და ქვემოთ, მით უფრო კარგად გრძნობს ავტომობილი თავს უგზოობაში; ხისტი და მყარი დაკიდების სისტემა კი ამის საშუალებას არ გვაძლევს. თქვენს ავტომობილს ექნება გაცილებით კარგი მოხვევა, მაგრამ, შესაბამისად, გაცილებით გაუჭირდება თოვლში. იმისთვის, რომ ის ისეთივე კარგი იყოს თოვლსა და უგზოობაში, გვჭირდება სტანდარტული დაკიდების სისტემა, სტანდარტული ამორტიზატორები, ზამბარები უკეთ იმუშავებს. სპორტულ ამორტიზატორებსა და ზამბარებს აქვთ ასეთი თვისება – თუ ერთი საბურავი ზედაპირის რაიმე ამობურცულობაზე მოხვდება, ავტომობილი მთლიანობაში ცდილობს, ერთი მთელი სიბრტყე შეინარჩუნოს და ამის გამო სხვა, მეორე მხარეს წონა მოაკლდება. ის, რომელსაც წონა მოაკლდება, შესაბამისად, გაცილებით ცუდად მოეჭიდება. სტანდარტული დაკიდების სისტემის შემთხვევაში კი ყველა მხარე ერთნაირად მოეჭიდება გზის საფარს და უკეთესი გამავლობა ექნება.
კითხვა: მინდა შევიძინო ავტომობილი „ნისანი X ტრიალი.” იქნებ, ამიხსნათ, როგორი მანქანაა ის, გამოდგება თუ არა საქართველოს პირობებში და, თუ შეიძლება ამ მანქანის საწვავის სისტემის გადაყვანა ბუნებრივ აირზე?
პასუხი: „ნისან X ტრიალი” საკმაოდ კარგი, გამომდგარი მანქანაა. ნორმალური „ჯიპია“, რომელიც ყველაფერში ზომიერია – სერვისშიც, საწვავის წვაშიც, სხვა მოთხოვნებშიც. ამ მანქანით არც სადმე მისვლაა სათაკილო – პირიქით, საკმაოდ წარმოსადეგია. თან, მეოჯახე ადამიანის მანქანაა, არ ითხოვს სერვისს ხშირად, უგზოობაშიც არ შეირცხვენს თავს და ქალაქშიც მშვენივრად გაატარებთ. რაც შეეხება საწვავი სისტემის გადაკეთებას, ეს ძალიან იოლად ხდება. ახალი თაობის გაზის სისტემა დაამონტაჟეთ და ეს მოდელი ძალიან ცოტა საწვავს დაწვავს.
კითხვა: მყავს „მიცუბიში პაჯერო” 3.5 ძრავით, 1999 წლის. გამიფუჭდა კატალიზატორის ტემპერატურის სენსორი და ავტომობილმა მოუმატა ბენზინის წვას. სად ვიშოვო ეს ნაწილი და როგორ მოვიქცე?
პასუხი: ამ ნაწილის შოვნა სამ ადგილას შეიძლება: ქუთაისის ქუჩაზე მაღაზიებში, სადაც, გამართლებაზეა, კარგი ხარისხის ნაწილს იყიდით თუ ვერა; მეორე – „მიცუბიშის” ცენტრში, სადაც კარგი ხარისხისას იყიდით, მაგრამ, შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და, მესამე – დაშლილებში, სადაც, ასევე, გამართლებაზეა, იქნება თუ არა საერთოდ ეს ნაწილი და, თუ იქნება, ივარგებს თუ არა. სენსორის გამოცვლა მარტივია და მისი შეცვლა ბევრ ხელოსანს შეუძლია, მაგრამ, უმჯობესია, ისეთ ადგილას შეცვალოთ, სადაც ახლოსვე იქნება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომ შემდეგ მისი მუშაობა გადაამოწმოთ.
კითხვა: მყავს „აუდი”, 2003 წლის, 3.0 ძრავით, მექანიკა, „კვადრო“. შეიძლება თუ არა ამ ავტომობილზე კომპრესორის დამონტაჟება, მომიმატებს თუ არა ეს ავტომობილზე წვას და რა დაჯდება ამის გაკეთება?
პასუხი: შეუძლებელი არაფერია, მაგრამ კომპრესორის დამონტაჟება საკმაოდ რთული თემაა კონკრეტულ მოდელზე საქართველოში. გარდა იმისა, რომ ბევრი წვრილმანი დეტალი დასჭირდება (როგორიცაა სამაგრები, გადამყვანები და სხვა), შემდგომში უკვე კომპიუტერული ჩარევა მოგიწევთ. ამისთვის კი საჭიროა ან სპეციალური კომპიუტერი, რომლითაც თქვენს კომპიუტერს ჩაანაცვლებთ, ან, მინიმუმ – ჩიპი, რომელიც წინასწარ არის მომზადებული ამ ტიპის ინსტალაციისთვის. ეს რომ იყოს რომელიმე ისეთი მოდელი, რომელიც კომპრესორით ქარხნულად არის აღჭურვილი და დაშლილებში იოლად მოიძებნება, პირდაპირ აიღებდით ყველა საჭირო დეტალს, კომპიუტერის ჩათვლით და დაამონტაჟებდით. „აუდის” შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა: პირველი – გაგიჭირდებათ ხელოსნის პოვნა, ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს და, თუ აიღო მისი შესრულება საკუთარ თავზე, დროშიც ძალიან გაიწელება და ძალიან ძვირიც დაჯდება. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა, გაიზრდება საწვავის ხარჯი. ამას მარტივი ახსნა აქვს – დამატებითი ჰაერი, რომელიც კომპრესორმა ჩატუმბა, საჭიროებს დამატებით საწვავს მის ფეთქებად მასად გადასაქცევად. ეს კი იმდენად ძვირი დაგიჯდებათ, რომ, უმჯობესია, ავტომობილი შეცვალოთ და ის მოდელი შეიძინოთ, რომელსაც თქვენთვის სასურველი სიმძლავრე აქვს.
კითხვა: ქალაქის პირობებში რომელ „ჯიპს“ ანიჭებთ უპირატესობას: „სუზუკი გრანდ ვიტარას”, „პაჯერო იოს” თუ „ჰონდა სიარვის”? პირადად მე უფრო „სუზუკისკენ” ვიხრები – მომწონს ეს მანქანა როგორც ვიზუალურად ისე ფასითაც.
პასუხი: თუ ამ სამი ავტომობილიდან აქცენტს გავაკეთებთ პრაქტიკულობაზე, ანუ, იმაზე, რომელი უფრო მისაღებია ჩვენს პირობებში, მაშინ, ყოყმანის გარეშე გეტყვით, რომ საუკეთესოა „ჰონდა სიარვი”, იგივე „ცეერვე”. „სუზუკის” გაცილებით რთულად აქვს მოწყობილი ზოგიერთი სისტემა და თან, საკმაოდ იოლადაც ზიანდება (ნებისმიერი წვრილმანი თუ მსხვილმანი სისტემა იქნება ეს გადაბმის, სავალი ნაწილი თუ სხვა). „პაჯერო” კარგია უგზოობის პირობებში გამავლობის თვალსაზრისით, თან, საკმაოდ რბილი ავტომობილია, მაგრამ გაცილებით ბევრ საწვავს მოიხმარს, ვიდრე „გრანდ ვიტარა” ან „სიარვი”. თან, მოვლის თვალსაზრისითაც ოდნავ ძვირი ჯდება. რაც შეეხება „სიარვის”, ის ძალიან იაფი შესანახი ავტომობილია და არც ძალიან უხეშად დადის – როდესაც სალონში ზიხართ, მსუბუქი ავტომობილის სალონში ყოფნის შეგრძნებას ტოვებს. კარგია უგზოობის პირობებში და იმის უნარიც აქვს, რომ ცოტა სხარტადაც იაროს. უგზოობაში გადასვლისას მისი მეორე ხიდი ჩვენი ჩართვის გარეშე, ავტომატურად გვეხმარება, ანუ, ბევრი ჩასართავ-გამოსართავი არ აქვს, ეს ყველაფერი კოლოფში მექანიკურად ხდება. უმარტივესად მოწყობილი ავტომობილია და დამატებით პრობლემებს არ გვიქმნის.