კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია ქალმა შური გაქცეულ ქმარზე მცირეწლოვან გერთან გარყვნილი ქმედებისთვის

36 წლის  გოჩა კ-ძე, რომელსაც თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, იმ სახლის მეპატრონემ აღმოაჩინა, სადაც ის მეგობართან ერთად სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. დილით, სახლში ხელოსნებთან მოსალაპარაკებლად მისულმა  ბინის მეპატრონემ  უგონო მდგომარეობაში მყოფი გოჩა კ-ძე, საწოლში სისხლში მოსვრილი აღმოაჩინა.  მან შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა, რომლებმაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შედეგად შეძლეს. 

მოწმის სახით დაკითხულმა ბინის მეპატრონემ სამართალდამცველებთან განაცხადა: „ერთი თვეა, რაც ბინაში რემონტს ვატარებ,  სამუშაოებისთვის  ჭიათურაში მცხოვრები ხელოსანი ვაჟა ჯ-ძე დავიქირავე. მამაკაცი კი, რომელიც ჩემს ბინაში აღმოვაჩინე, სულ ორჯერ მყავს ნანახი, მის შესახებ ჩემმა ხელოსანმა მითხრა: ჩემი ნაცნობია, წვრილმან საქმეებში მეხმარება და ფულს მე გადავუხდი, ეგ თქვენი  პრობლემა არ არისო. ამის  გარდა ამ მამაკაცის შესახებ არაფერი ვიცი.”  

სამართალდამცველებმა ვაჟა ჯ-ძეც  დაკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებული მამაკაცი ბინაში, სადაც რემონტს აკეთებდა, ინციდენტამდე ორი დღით ადრე დატოვა. რადგან თავად რაიონში იყო წასული და მომხდარის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. გოჩა კ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო – მას დაზიანებები  თავისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული. 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ოპერატიული სამსახურისთვის ნათელი გახდა, რომ დანაშაული სამშენებლო ჩაქუჩით იყო ჩადენილი. დამნაშავეს, რომლის ვინაობაც გამოძიებისთვის უცნობი იყო, ჩაქუჩი იქვე დაეტოვებინა. ოთახში, სადაც დაზარალებული აღმოაჩინეს, მხოლოდ  ერთი საწოლი იდგა, იქვე იყო მიყრილი დაზარალებულის სამოსი და საფულე, სადაც მხოლოდ ხურდა ფული და ბანკის ბარათი აღმოჩნდა. ბინის ან დაზარალებულის გაძარცვის ფაქტი თავიდანვე გამოირიცხა, თუმცა, ვინ და რატომ გაუსწორდა  ახალგაზრდა მამაკაცს ასე სასტიკად,  უცნობი იყო. დაზარალებულის წრის გადამოწმების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გოჩა კ-ძე  ცოლთან გაშორებული იყო და ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი ცხოვრების შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა.  

პირველი   ინფორმაცია სამართალდამცველებისთვის დაზარალებულის გამოჯანმრთელებისა და დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი. ამონაწერი გოჩა კ-ძის ჩვენებიდან: „სახლში, სადაც ჩემთვის უცნობი ადამიანი დამესხა თავს, სულ რამდენჯერმე ვიყავი მისული. იქ ჩემმა ნაცნობმა ვაჟა ჯ-ძემ მიმიყვანა და მთხოვა, სამშენებლო ნარჩენის გატანაში დამეხმარე და ფულს მოგცემო. წინა დღეს ვაჟამ მითხრა: სოფელში მივდივარ ორი დღით და, თუ გინდა, ამ ბინაში დარჩიო. იქ გვიან მივედი, ნასვამი ვიყავი – ქუჩაში ჩემთვის უცნობ ადამიანებთან ერთად არაყი დავლიე, ბინაში ავედი და დავიძინე. ღამით ხმაურმა გამომაღვიძა: თავზე უცნობი მამაკაცი მადგა და ფულს მთხოვდა. მე ვუთხარი, მუშა ვარ, ფული არ მაქვს და თავი დამანებე-მეთქი. სანამ საწოლიდან წამოვიწიე, მან ჩაქუჩი აიღო და თავში და სახეში დამარტყა. ორი დარტყმის შემდეგ გონება დავკარგე და არაფერი აღარ მახსოვს.” იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულის მონათხრობში ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი ჩანდა, გამოძიებას დაზარალებულის მიმართ მაინც ბევრი შეკითხვა  ჰქონდა: გოჩა კ-ძემ ვერ გაიხსენა, დაკეტა თუ არა ბინის კარი; ასევე, არ ახსოვდა როგორი გარეგნობის იყო მამაკაცი, რომელიც მას თავს დაესხა; საიდან უნდა აღმოჩენილიყო უცნობი ცარიელ ბინაში, სადაც  ხელოსნისთვის განკუთვნილი ერთი საწოლის გარდა არაფერი არ იდგა, თანაც, არც თავად გოჩა კ-ძე ტოვებდა მძარცველისთვის  საინტერესო „ობიექტის” შთაბეჭდილებას... მოკლედ, როგორც ჩანდა, ყველაფერი მთლად ისეც არ იყო, როგორც დაზარალებული აღწერდა. 

სანამ გოჩა კ-ძე საკუთარი გაძარცვის ვერსიას „თხზავდა” და გამოძიება გაუჩინარებული მძარცველის კვალზე გასვლას ცდილობდა, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა ისტორია მისი ცხოვრებიდან, რომელმაც გამოძიების მიმართულებაც შეცვალა და დაზარალებულის ამპლუაც – ის დაზარალებულიდან  იქცა დამნაშავედ, რომელსაც მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. 

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით  ცნობილი გახდა ვინმე მარინა კ-იას შესახებ, რომელსაც დაზარალებულთან ინტიმური კავშირი ჰქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, გოჩა კ-ძე ბოლო ორი წელი მარინა კ-იას ბინაში ცხოვრობდა და ისინი ერთმანეთს  სკანდალურად დაშორდნენ. ქალი მას  ბინის გაყიდვასა და ფულის მითვისებაში ადანაშაულებდა და გამქრალი მამაკაცის  კვალს ეძებდა.  სამართალდამცველებმა უსახლკაროდ დარჩენილ ქალს მეგობრის ბინაში შეფარებულს მიაგნეს. მას დაკითხვაზე  არ დაუმალავს, რომ გოჩა კ-ძის მიმართ  შურისძიების გრძნობა ჰქონდა. ამონაწერი მარინა კ-იას ჩვენებიდან: „ექვსი თვეა, რაც ამ კაცს ვეძებ. როდესაც ის გავიცანი, ჩემს ორ შვილთან ერთად მშობლების დანატოვარ პატარა ბინაში ვცხოვრობდი. არ მინდოდა კიდევ გათხოვება, მაგრამ, შემომიჩნდა, ხელი მოვაწეროთო და მეც დავთანხმდი.  ქმარი წლების წინ გარდამეცვალა და შვილები გაჭირვებით გავზარდე. ექთნად ვმუშაობ, ღამეებს  მორიგეობაში ვატარებდი, რომ ცოტა მეტი გამომემუშავებინა ჩემი შვილებისთვის. ამ კაცმა ჩვენი ცხოვრება სულ თავდაყირა დააყენა: ჯერ ფულის გამოძალვა დაიწყო, სულ ტოტალიზატორში იჯდა და ჩემი ოფლით ნაშოვნ ფულს იქ ტოვებდა; მერე კი ისეთ ვალებში გადამაგდო, სახლი გავყიდე და შვილებთან ერთად ნაქირავებში გადავედით. გოჩას ბინის ფულიდან სამი ათასი დოლარი მივეცი –  ცელოფნის პარკების ბიზნესი უნდა წამოეწყო მეგობართან ერთად. რა ბიზნესი, რის ბიზნესი, გარდა იმისა, რომ ვერ გავიგე, ფული სად წაიღო, იმ ფულთან ერთად თვითონაც გაქრა, მობილური ტელეფონი კი გამორთო,  ხან სად  ვეძებე, ხან – სად, მაგრამ, ვერსად მივაგენი”. 

მარინა კ-იას დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი   მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა დაზარალებულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, მარიანა კ-იამ გამოძიებასთან თანამშრომლობა განიზრახა და აღიარა, რომ, დანაშაული, რომლისთვისაც გამოძიება „უცნობ მძარცველს” ეძებდა, მის მიერ იყო ჩადენილი. მან აღიარა, რომ გოჩა კ-ძე გამოჯანმრთელებისთანავე დაუკავშირდა და გაურიგდა: მე არ ჩაგიშვებ პოლიციაში, რომ  თავს შენ დამესხი და შენც  არ გამცეო, მოგვიანებით გამოძიებისთვის ისიც გახდა ცნობილი, თუ რის დაფარვას სთხოვდა დაზარალებული ყოფილ ცოლს.  ამონაწერი მარინა კ-იას ჩვენებიდან. „ფულის გამოძალვასა და სახლის გაყიდვას კიდევ ვაპატიებდი, რომ არა ერთი გარემოება: გოჩა ახალი გამქრალი იყო სახლიდან, როცა ჩემი მეგობრისგან საიდუმლოდ შევიტყვე: შენი შვილი, ქრისტინე, გამომიტყდა, გოჩა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მასთან ინტიმური კავშირი მაქვსო.  ამის გაგონება ჩემთვის  დიდი დარტყმა აღმოჩნდა. სახლს რაღას დავეძებდი, მთავარი  ბავშვი იყო. ერთ საღამოს, გავბედე და  ქრისტინეს ამ თემაზე დაველაპარაკე.  ჩემმა მეგობარმა კი მთხოვა, ბავშვმა საიდუმლოდ გამანდოო, მაგრამ, ამას როგორ დავტოვებდი რეაგირების გარეშე. ქრისტინე გამომიტყდა, რომ გოჩასთან ინტიმური კავშირი იმ პერიოდიდან ჰქონდა, როცა ის ჯერ კიდევ ჩვენს სახლში ცხოვრობდა. გოჩა მას სთხოვდა, ეს ურთიერთობა ისე დაემალა, რომ მე არაფერი გამეგო, დროთა განმავლობაში კი ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა.  მოგვიანებით  იგივე  დაადასტურა  14 წლის ქრისტინე მ-შვილმაც,  რომელიც ფსიქოლოგისა და პედაგოგის თანდასწრებით დაიკითხა. მან  განაცხადა, რომ  მამინაცვალს მასთან ინტიმური ურთიერთობა ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა. „როცა პირველად შემოვიდა ჩემს საძინებელში, დედა ღამის მორიგე იყო. გოჩამ მითხრა, მოგეფერებიო. თავიდან გავუძალიანდი, მერე კი მე თვითონაც თანახმა ვიყავი ხოლმე. როცა დედა ღამით სამსახურში იყო, გოჩა სულ ჩემთან წვებოდა. მერე დამპირდა, ჩუმად გავიპაროთ სახლიდან და ცოლად მოგიყვანო, ერთ დღეს კი თვითონ გაიპარა ჩვენგან.  ვიცოდი, რომ გამწარებული დედა მას ყველგან ეძებდა, მაგრამ, მან არ იცოდა, რომ მისგან მალულად მეც ვეძებდი გოჩას.“ 

ამ აღიარებების შემდეგ  ყველაფერს  მოეფინა ნათელი, მარინა კ-იამ დაწვრილებით აღწერა ის ღამე, როცა შურისძიების კვალმა იმ სახლში მიიყვანა, სადაც გოჩა კ-ძე ღამეს ათევდა.  ამონაწერი მარინა კ-იას ჩვენებიდან: „ერთ დღეს ჩემი ნაცნობი ქალი შემხვდა, რომელიც  გოჩასაც იცნობდა და მან მითხრა: სადაც მე ვმუშაობ, იქვე ახლოს შემხვდა რამდენჯერმე, მეგობართან ერთად  ბინის რემონტზე მუშაობსო. ღამით გვიან მივადექი იმ კორპუსს, მივიკითხ-მოვიკითხე და გავიგე, რომელ სართულზეც არემონტებდნენ ბინას. კარი ღია დამხვდა. ოთახში რომ შევედი, გოჩა საწოლში იწვა – ნასვამი იყო და ეძინა. ისეთი  გამწარებული ვიყავი ჩემი შვილის გამო,  შურისძიების წყურვილი მახრჩობდა. იქვე სამშენებლო  იარაღები შევნიშნე, ჩაქუჩი ავიღე ხელში და მთვრალი გოჩა შევანჯღრიე. გონზე რომ მოვიდა და შემომხედა, ერთი რაც ვუთხარი: ნაბიჭვარი ხარ-მეთქი და ჩაქუჩი სახეში ჩავარტყი, ამის მერე მეორედ დავარტყი – უკვე თავში. გოჩა ხელს მიჭერდა, მაგრამ, ნასვამს ძალა არ ჰქონდა და წინააღმდეგობას ვერ მიწევდა.  ჩაქუჩი თავშიც რომ ჩავარტყი, თავი გაუტყდა და  სისხლმა ამოფეთქა, შეშინებულმა ჩაქუჩი იქვე მივაგდე და იმ ბინიდან  გავიქეცი”.            

სამართალდამცველებმა მარინა კ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით აღძრეს; პასუხისგებას ვერ გაექცა ვერც დაზარალებული გოჩა კ-ძე,  რომელიც ასევე აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე. ის თავიდან უარყოფდა მცირეწლოვან გოგონასთან ინტიმურ ურთიერთობას, თუმცა დაზარალებულთან დაპირისპირების შემდეგ, ჩადენილი დანაშაული აღიარა. სასამართლომ გაითვალისწინა მარინა კ-იას მდგომარეობა, რომ ის  მცირეწლოვანი ბავშვების  ერთადერთი მარჩენალია და მინიმალური სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; გოჩა კ-ძე კი, ცრუ ჩვენების მიცემისა და მცირეწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის 8 წელს გაატარებს გისოსებს მიღმა. 

скачать dle 11.3