რატომ მოაკვლევინა „კაგებემ“ ქართველ ყმაწვილს ცნობილი გენერალი
ეგრეთ წოდებული „არალეგალთა კანტორის“ საქმე, სულ რაღაც, ათიოდე წლის წინათ გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყოფილი საბჭოთა „კაგებეს“ ერთ-ერთი პოლკოვნიკი უცხოეთში გაემგზავრა საცხოვრებლად. იქ გამოსცა წიგნი, რომელიც საბჭოთა უშიშროების ზოგიერთ ზესაიდუმლო ფაქტებს ამზეურებდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტები ზამოაღნიშნულ წიგნში არ შესულა. ამიტომ, მასალა ექსკლუზიურია, პრესაში პირველად იბეჭდება და მისი გამოქვეყნება რედაქციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია.
პუბლიკაციის რამდენიმე მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
საიდუმლო ბუნკერის მობინადრეები
1971 წლის 31 დეკემბერს თბილისში, ისანში განლაგებულ „გრუს“ სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმაში ინციდენტი მოხდა. „გრუს“ სპეცრაზმის მეომარმა, უმცროსმა ლეიტენანტმა 21 წლის გოჩა მჭედლიძემ „გრუს“ სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი იური ლიხაჩოვი მოკლა. ლიხაჩოვი, სულ რაღაც, ერთი კვირის დანიშნული იყო თანამდებობაზე და იმის გამო, რომ ქართველები სძულდა, მჭედლიძე აითვალწუნა. ყოველმხრივ ავიწროვებდა მას და იმ ავბედით საღამოსაც ჯერ დათვრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი პისტოლეტი მიუშვირა და მოკვლით ემუქრებოდა. თუმცა, მჭედლიძემ იარაღი წაართვა უფროსს, შეტრიალდა და ოთახიდან გადიოდა, რომ იატაკზე დაგდებულმა ლიხაჩოვმა მოულოდნელად მეორე პისტოლეტი ამოაცურა და თითქმის კარში გასულ მჭედლიძეს დაუმიზნა. ის-ის იყო სასხლეტისთვის თითი უნდა გამოეკრა, რომ უმცროსი ლეიტენანტი შემოტრიალდა და ლიხაჩოვს, მისივე იარაღიდან ერთი გასროლით შუბლი გაუხვრიტა... სულ რაღაც ორიოდე საათის შემდეგ გოჩა მჭედლიძე უკვე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჰაუპტვახტში გადაიყვანეს და ერთადგილიან საკანში მოათავსეს.
მიუხედავად იმისა, რომ გოჩა მჭედლიძე აბსოლუტურად უდანაშაულო იყო, რასაც ამ ინციდენტის შემსწრე ადამიანებიც ადასტურებდნენ, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბშივე გაიმართა და ერთი თვის შემდეგ, ის ტაჯიკეთში, დაბა პუსტინნაიაში განლაგებულ კოლონიაში გასამგზავრებლად გაამზადეს. პუსტინნაია სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი მკაცრი რეჟიმის კოლონია იყო. იქ განთავსებული ხუთასი პატიმრიდან, უკიდურესად მძიმე პირობების გამო, მეხუთედი სასჯელის მოხდამდე იღუპებოდა.
1972 წლის 2 მარტს, გოჩა მჭედლიძეს სამხედრო გამომძიებელი ერთადგილიან საკანში ესტუმრა და ბოლო ფორმალობის შესრულება შესთავაზა, რაც სხვადასხვა საგამოძიებო საბუთის ხელმოწერით გამოიხატებოდა. ამის პარალელურად, გამომძიებელმა მჭედლიძეს ანიშნა, გვისმენენ და ზედმეტი არაფერი წამოგცდესო, წინ კი ფურცელი დაუდო, რომელზეც ეწერა: „უშიშროების კომიტეტში იციან, რომ უდანაშაულო ხართ და თქვენთან თანამშრომლობა სურთ. თუ ამაზე თანახმა ხართ, მიანიშნეთ და აქედან გაქცევას მოგიწყობთ“.
გოჩა მჭედლიძემ გამომძიებელს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. მეორე დღეს, 3 მარტს, როცა მჭედლიძე საეტაპო მატარებლით ბაქოსკენ მიჰყავდათ, რომ იქიდან ტაჯიკეთში გადაეგზავნათ, პატიმარი ¹40712, თბილისიდან 80 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთ პატარა სოფელთან მატარებლიდან გადმოხტა და გაიქცა... მას იქვე, მანქანა ელოდებოდა, რომელსაც შუშებზე ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული და მჭედლიძე გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სულ რაღაც საათ-ნახევრის შემდეგ, მანქანა გაჩერდა და გაქცეული რომ გადმოვიდა, თავი დახურულ სივრცეში ამოჰყო. გოჩა მჭედლიძეს საშუალოზე მაღალი, ორმოცდაათიოდე წლის კაცი შეეგება და უთხრა:
– მე, უშიშროების პოლკოვნიკი ვიქტორ ბასოვი ვარ. კეთილი იყოს შენი ფეხი აქ. იმედია, რომ ერთმანეთს გავუგებთ.
მატარებლიდან გაქცეული გოჩა მჭედლიძე, თბილისში, რკინიგზის სადგურის ქვეშ, ღრმა მიწისქვეშეთში განლაგებულ საიდუმლო ბუნკერში მიიყვანეს. ბუნკერი „კაგებეს“ კუთვნილება იყო და იქ სხვადასხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებული ადამიანები იყვნენ განთავსებულები. ყველა მათგანი „კაგებემ“ გააქცია პატიმრობიდან და პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. იმ ბუნკერში მათ აცხოვრებდნენ, წვრთნიდნენ და სპეცდავალებებზე უშვებდნენ. ბუნკერს „არალეგალთა კანტორას“ უწოდებდნენ. იქ, სულ ორმოცი ადამიანი ცხოვრობდა და მათ ისეთ დავალებებს აძლევდნენ, რომლის თაობაზეც მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ.
ერთჯერადი დავალება
ვაგზლის მოედნის ქვეშ განლაგებული ბუნკერის მობინადრეები, ძირითადად მკვლელი-არალეგალები იყვნენ. „კანტორა“ მათ ერთჯერად დავალებას აძლევდა, რის შემდეგაც ისინი ან დავალების შესრულების დროს იღუპებოდნენ, ან კანტორა კლავდა. კანტორას ვიქტორ ბასოვი ხელმძღვანელობდა და დავალებებსაც უშუალოდ ის იღებდა ზემდგომებისგან. შემდეგ კი უკვე შემსრულებელს არჩევდა და საქმისთვის პირადად ამზადებდა მას. ბასოვი პირველივე დღეს ოთახში ესტუმრა მჭედლიძეს და უთხრა:
– ჩვენ იმიტომ გაგაქციეთ ციხიდან, რომ უდანაშაულო ხარ. შენი დოსიე კარგად შევისწავლე და ვიცი, რომ მშვენიერი ჯარისკაცი ხარ. ისიც ვიცი, რომ სამშობლოსთვის თავის გაწირვაც შეგიძლია. თუმცა, ამას არ გთხოვთ. ის, რაც შენ გევალება, ჩვენი დავალების მაღალპროფესიულ დონეზე, კეთილსინდისიერად შესრულებაა. ორი-სამი ასეთი დავალება და თავისუფალი ხარ. გაძლევთ ახალ პასპორტს, გიცვლით გარეგნობას, გაძლევთ ფულს და შეგიძლია, ახალი ცხოვრება დაიწყო. მით უმეტეს, რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს.
– რა დავალებები უნდა შევასრულო?
– სამშობლოს მტრები უნდა დახოცო. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სხვა სამუშაოს შესრულებაც მოგიწიოს. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– დიახ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. დღეს დაისვენე. ხვალიდან კი მუშაობას შევუდგებით, – უთხრა ბასოვმა მჭედლიძეს. გამოემშვიდობა და წავიდა, თუმცა იმის შესახებ არაფერი უთქვამს, რომ პირველივე დავალება, უკანასკნელი იქნებოდა და ამის შემდეგ მას უკვალოდ გააქრობდნენ.
გოჩა მჭედლიძის ერთჯერადი დავალება მართლაც რომ ზესაიდუმლო იყო, რადგან მას გენერალ-პოლკოვნიკი ევგენი ბასკოვი უნდა მოეკლა. ბასკოვი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იყო. მისი მოშორება კი პირადად „ცეკას“ მდივნის, მიხაილ სუსლოვის შეკვეთა გახლდათ. მთავარი საბჭოთა იდეოლოგი შეაშფოთა გენერალ ბასკოვის პროტესტანტულმა სულისკვეთებამ და რომ ანტიპარტიული ელემენტი იყო. ანტიპარტიული ელემენტები კი მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილს იმსახურებდნენ. ამიტომ, სუსლოვმა ეს მისია ერთ-ერთ თავის საიმედო თანაშემწეს, ანდრეი კოტოვს დაავალა. ის სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისში და ვიქტორ ბასოვს ბასკოვის მკვლელობა შეუკვეთა.
ვიქტორ ბასოვმა, მეორე დღეს, უკვე კაბინეტში დაიბარა გოჩა მჭედლიძე, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ბასკოვის სურათები უჩვენა და უთხრა:
– აი, ეს კაცი უნდა გავანადგუროთ. ესაა საბჭოთა გენერლის მუნდირს ამოფარებული, მოღალატე, რომელიც მტერს მიეყიდა და ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. მისი დაპატიმრება დიდ აურზაურს გამოიწვევს და არ გვაწყობს. ამიტომ, ის ამგვარად უნდა მოვსპოთ. ეს უფრო საიმედოა და დიდ ხმაურსაც არ გამოიწვევს. რას იტყვი, მოსპობ სამშობლოს მოღალატეს?
– ბოლოს მოვუღებ, – მტკიცედ მიუგო ბასოვს მჭედლიძემ და წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა ელოდა თავად მას, როცა საქმეს შეასრულებდა.
მას მერე, რაც ბასკოვის ლიკვიდაციის ოპერაცია დეტალურად დამუშავდა, დაინიშნა შესრულების დღე და 1972 წლის 1 სექტემბერს გენერალი უნდა გაენადგურებინათ. ორი დღით ადრე კი, გოჩა მჭედლიძე მოსკოვში გადაიყვანეს, კონსპირაციულ ბინაში ჩაასახლეს და მეთვალყურე მიუჩინეს. მოსკოვშივე იმყოფებოდა ვიქტორ ბასოვი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას და მასვე უნდა მოეკლა გოჩა მჭედლიძე, როცა ის გენერალს მოკლავდა და კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდებოდა.
1972 წლის 1 სექტემბერს, გენერალ-პოლკოვნიკი ევგენი ბასკოვი დღის 2 საათსა და 10 წუთზე სნაიპერული გასროლით იქნა მოკლული. ტყვია მას შიგ შუბლში იმ დროს მოხვდა, როცა სამსახურებრივი მანქანიდან გადმოდიოდა სამხედრო აკადემიის კურსანტებთან შესახვედრად.
გოჩა მჭედლიძემ ბასკოვს 300 მეტრის მანძილიდან ესროლა და კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდა, სადაც უკვე ვიქტორ ბასოვი ელოდებოდა. ბასოვს ის ჯერ მაყუჩიანი პისტოლეტით უნდა მოეკლა, შემდეგ კი გვამი აბაზანაში ჩაეგდო და სპეციალურ მჟავაში „დაედნო“... თუმცა, მჭედლიძე დაეჭვდა. მოულოდნელად პოლკოვნიკს იარაღი შუბლზე მიადო და ყველაფერში გამოტეხა. შემდეგ გათიშა, პისტოლეტი აართვა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა. ბასოვი ათიოდე წუთის მერე გამოფხიზლდა, მაშინვე კონსპირაციულ ტელეფონზე დარეკა და თქვა:
– „ჭინკა“ გაიქცა...
„ჭინკა“
„ჭინკა“ გოჩა მჭედლიძის საბრძოლო ფსევდონიმი იყო და როცა ბასოვმა მასზე ძებნა გამოაცხადა, ის უკვე ძებნილი იყო. მას საეტაპო მატარებლიდან გაქცევისთვის ეძებდნენ. თუმცა, ბასოვის საიდუმლო უწყებამ ჭინკას საიდუმლო ძებნა გამოაცხადა და მის მაძებრებს ერთადერთი დავალება ჰქონდათ, ის ადგილზევე უნდა მოეკლათ.
გოჩა მჭედლიძე, იგივე ჭინკა, სულ რაღაც 22 წლის იყო, მაგრამ საკმაო გამოცდილება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სუპერინტელექტით არ გამოირჩეოდა, საკმაოდ ცბიერი გახლდათ და მისი დაპატიმრება არც ისე იოლი იყო. კონსპირაციული ბინიდან გაქცეული ჭინკა „გრუს“ სპეცსკოლაში იყო გამოწვრთნილი და ეგრეთ წოდებული „ვიჟივანიის“ ორი კურსი ჰქონდა გავლილი. ამიტომ, საკმაოდ რთულ პირობებში შეეძლო ადაპტაცია და ორიენტირება. თანაც, შეიარაღებული იყო და კარგად იყენებდა ნებისმიერი სახეობის ცივ და ცეცხლსასროლ იარაღს. უპირველესად, მას საიმედო თავშესაფარი სჭირდებოდა. ამიტომ, გორკის სახელობის პარკთან მდებარე მეძავთა ბირჟას მიაკითხა და ოცდახუთიოდე წლის გოგონა შეარჩია, რომელსაც ჟღალი თმა და წვრილი ჭორფლები ჰქონდა. ჭინკამ გოგონა იხმო და ჰკითხა:
– რა გქვია, ლამაზო?
– შენ მხოლოდ ჩემი სახელი გაინტერესებს თუ სხვა რამეც? – კეკლუცად მიუგო გოგონამ გოჩას და გაუღიმა.
– სხვა რამეც. რა გქვია?
– ქსენია. ახლობლებისთვის კი – ქსიუშა.
– ესე იგი, ქსიუშა, – გაიმეორა გოჩამ, – ძალიან მომწონხარ და შენთან ერთად დროის გატარება მინდა. მაგრამ, ამ ქალაქში ხატა არ მაქვს და ესაა ჩემი პრობლემა.
– ფული გაქვს?
– აი, – გოჩამ მეძავს ხუთი ცალი ასმანეთიანი უჩვენა, რომელიც პოლკოვნიკ ბასოვს აართვა.
– კარგი. მაშინ ჩემთან წავიდეთ. მარტო ვცხოვრობ, – მიუგო გოგონამ და ჰკითხა, – შემთხვევით ბოროტმოქმედი ან სექსუალური მანიაკი ხომ არ ხარ?
– არა, ლამაზო. სრულიად უსაფრთხო კაცი ვარ, – მიუგო გოჩამ მეძავს. შემდეგ ტაქსი გააჩერა და ქსენია ვოლკოვასთან ერთად მის ბინაში გაემართა.
ახალგაზრდა მეძავთან გოჩა მჭედლიძემ 3 თვე იცხოვრა და ამ ხნის განმავლობაში მოსკოვის ¹6 შემნახველი სალაროს ინკასატორი გაძარცვა, 34 ათასი მანეთი წაართვა და მიიმალა. 1972 წლის 1 დეკემბერს კი, ჭინკას ბასოვის მაძებრებმა მიაგნეს და ქსენიასთან მიაკითხეს. თუმცა, გოჩა მჭედლიძემ ორი მეძებარი დაჭრა და გაქცევა მოახერხა. იმ დროისთვის ვოლკოვა ფეხმძიმობის მესამე თვეზე იყო და ექვსი თვის შემდეგ ვაჟი გააჩინა.
პატარა კოსტია მჭედლიძე 1973 წლის 8 ივნისს დაიბადა მოსკოვის ¹2 სამშობიაროში. მიუხედავად იმისა, რომ იქ მაძებრები იყვნენ ჩასაფრებულები და ჭინკას გამოჩენას ელოდნენ, მჭედლიძე სამშობიაროში არ გამოჩენილა. თუმცა, ქსენიამ რომ ბავშვი სახლში მიიყვანა და კარი მიიხურა, მას ჭინკა შეეგება, ტუჩზე თითი მიადო და უთხრა:
– ნუ გეშინია, ქსიუშა. ყველაფერი კარგად იქნება.
1974 წლის 2 აგვისტოს, ოდესის პორტიიდან თურქული გემი გავიდა, რომლის ბორტზეც არალეგალურად იმყოფებოდნენ გოჩა მჭედლიძე, ქსენია ვოლკოვა და წლისა და ორი თვის კოსტინკა...
P. S. 1976 წელს ნიუ-იორკში როჯერსების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად, რომლებიც სინამდვილეში საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ცოლ-ქმარი – გოჩა და ქსენია მჭედლიძეები, ასევე, მათი 3 წლის ვაჟი, კონსტანტინე იყვნენ.
პოლკოვნიკი ვიქტორ ბასოვი უკვალოდ გაქრა... ვაგზლის მოედნის ქვეშ განლაგებული ბუნკერი კი, თბილისის ახალი სადგურის მშენებლობისას საძირკვლად გამოიყენეს.