რომელი ლამაზმანია ჰოლანდიელი ვარსკვლავის უესლი სნეიდერის მეუღლე და რით არის ცნობილი ლიონელ მესის ყოფილი „გერლფრენდი“, ლუსიანა სალაზარი
ფეხბურთელების ცოლები და „გერლფრენდები” არანაკლებად ცნობილნი არიან. მათ შესახებ ბევრს საუბრობენ ჟურნალისტებიდან დაწყებული საფეხბურთო ექსპერტებით დამთავრებული. განსაკუთრებით კი მათით ინტერესდება „ყვითელი პრესა”. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ 2012 წლის ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური მეორე ნახევრების ტოპ-ათეულს.
იოლანტა სნეიდერი
ესპანელი მოდელი, ტელეწამყვანი და უბრალოდ ლამაზი ქალი – იოლანტა მილანის „ინტერის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, უესლი სნეიდერის მეუღლეა. თავისი სექსუალურობით იოლანტამ დიდი ხანია, ყურადღება მიიპყრო და არაფრით ჩამოუვარდება განთქმულ იტალიელ ლამაზმანებს. 2006, 2007 და 2009 წლებში გავლენიანმა ჟურნალმა FHM-მა იოლანტა სნეიდერი ჰოლანდიის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. იოლანტა და უესლი სამი წელია, ერთად ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. იოლანტა თითქმის არ აცდენს მეუღლის მატჩებს და სტადიონის ტრიბუნიდან გულმხურვალედ ქომაგობს მას.
სილვია მაიჰელი
მიუნჰენის „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფორვარდის მარიოს გომესის მეგობარი გოგონა – სილვია მაიჰელი გერმანიაში იმითაა ცნობილი, რომ ულამაზესი ღიმილი აქვს. გარდა ამისა, სილვია აღნაგობითაც არაფრით ჩამოუვარდება განთქმულ მოდელებს და ცნობისთვის, მარიოს გომესს და გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩზე ტრიბუნიდან ქომაგობდა, რაც ფეხბურთელების ცოლების უმეტესობამ ვერ გარისკა. ეშინოდათ პოლონეთსა და უკრაინაში მგზავრობის.
სარა კარბონერო
სარა კარბონერო, ესპანელი მოდელი და ტელეწამყვანი მადრიდის „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერის, იკერ კასილასის საცოლეა. იკერისა და სარას რომანის შესახებ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს გახდა ცნობილი, ხოლო პირდაპირ ეთერში ნაჩვენებმა ვნებიანმა ამბორმა იკერის თაყვანისმცემლებს საბოლოოდ დაუკარგა იმედი, რომ ოდესმე მათი რჩეული გახდებოდა. ამბობენ, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ერთადერთი მარცხი, ესპანეთმა სარას გამო განიცადა. მან, უბრალოდ, ყურადღება გაუფანტა იკერს, როდესაც შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი კარის მიმართულებით ურტყამდა.
კაროლინა სელიკო
ბრაზილიელი ლამაზმანი კაროლინა სელიკო კაკას მეუღლეა. კაროლინა ნამდვილი პოლიგლოტია და საუბრობს თავისუფლად ხუთ ენაზე: ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე. კაკა და კაროლინა 2005 წლიდან ერთად ცხოვრობენ. კაროლინას დედა ბრაზილიაში „დიორის” სახლის წარმომადგენელია და არც კაროლინაა შორს სამოდელო ბიზნესისგან. ის ხშირად მონაწილეობს ჩვენებებში.
ლუსიანა სალაზარი
არგენტინელი მოდელი, მომღერალი და ეროტიული ჟანრის ფილმების ვარსკვლავი. ლუსიანა სალაზარი სპორტის სამყაროში ცნობილი ლიონელ მესისთან რომანით გახდა. „ბარსელონას” სუპერვარსკვლავი ლუსიანას 97-სანტიმეტრიანი ბიუსტით მოიხიბლა. მესი უკვე დიდი ხანია ლუსიანას აღარ ხვდება. თუმცა, ამბობენ, რომ ლუსიანას ძალიან ენატრება არგენტინელი ლეგენდა. ცნობისთვის, მესიმდე ლუსიანას გახმაურებული რომანი ჰქონდა ჩოგბურთელ ნიკოლას მასუსთან.
ფრედერიკა ნარჯი
ფრედერიკა იტალიელი ფორვარდის, „იუვენტუსის” წევრის, ალესანდრო მატრის მეუღლეა. წარსულში ფრედერიკა „მის რომი” და „მის იტალია” იყო. ამჟამად კი წარმატებული მოდელია, რომელსაც ძალიან უყვარს მილანურ და ტურინულ ბუტიკებში შოპინგზე სიარული. ამბობენ, რომ ალესანდრო მატრით რუსული კლუბებია დაინტერესებული და შესაძლოა, ფეხბურთელს მოსკოვში ან პეტერბურგში მოუწიოს გადაბარგება. საინტერესოა, ამ ფაქტს როგორ შეხვდება ფრედერიკა, რომელსაც ძალიან უყვარს სითბო და მზეზე გარუჯვა.
შაკირა
„ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების მცველის, ხერარდ პიკეს ვარსკვლავური მეორე ნახევარი – შაკირა 10 წლით უფროსია თავის რჩეულზე. თუმცა, ეს ფაქტი მას ხელს არ უშლის, 2012 წლის ყველაზე სექსუალური ფეხბურთელების რჩეულების რეიტინგში მოხვდეს. შაკირას პოპვარსკვლავობა და პიკეს სპორტული წარმატებები ამ წყვილს ერთ-ერთი ყველაზე გლამურული წყვილის სახელს ანიჭებს. ცნობისთვის, შაკირა ახლო მომავალში პიკესგან შვილს ელოდება და 2013 წელს ისინი თავიანთ ურთიერთობასაც ოფიციალურ სახეს მისცემენ.
ირინა შეიკი
ირინა რუსეთის ჩრდილოეთიდან, ჩელიაბინსკის რაიონის მეშახტეების ქალაქიდანაა წარმოშობით. მისი ნამდვილი გვარია შაიხლისილამოვა, თუმცა ფსევდონიმით – შეიკით იცნობენ. მომხიბვლელი ირინა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული მოდელია, რომლის ჟურნალის ყდაზე გამოჩენა არაერთი ცნობილი გამოცემის პრიორიტეტია. ირინას დიდი ხანია, რაც რომანი აქვს „რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან. თუმცა, ოფიციალური სახის მიცემას თავიანთი ურთიერთობებისთვის ისინი არ ჩქარობენ. შეიკი რომ ნამდვილი სექს-სიმბოლოა, ამას მისი ნებისმიერი ფოტო მოწმობს, რომელთა უმეტესობა საკმაოდ გულახდილია.
ალენა სერედოვა
ჩეხი მოდელი ალენა სერედოვა იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარის, ჯან-ლუიჯი ბუფონის მეუღლეა. ჯიჯი და ალენა იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ წყვილად მიიჩნევა. ალენა 1998 წლის „მის ჩეხეთია”. ამის გარდა სხვადასხვა დროს ის „პენტჰაუსის”, „ფლეიბოისა” და „იქსტრემის” გამოცემებთან თანამშრომლობდა. ამ ჟურნალების გარეკანზე ის საკმაოდ გულახდილ ფორმაში პოზირებდა. ალენა ხშირად ესწრება მეუღლის მატჩებს და მას კომპანიონობას უწევენ მისი და ჯიჯის საერთო ვაჟები – თომასი და დავიდი.
ვიქტორია ბექჰემი
დევიდ ბექჰემის ცნობილი მეუღლე, 2013 წელს 40 წლის გახდება. თუმცა, დღემდე მიიჩნევა ის სილამაზის ეტალონად, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ვიქტორიას გემოვნებასა და პლასტიკურ ოპერაციებზე საუბრობენ. ვიქტორია ოთხი შვილის დედაა და ამის მიუხედავად, ბრწყინვალე ფორმაშია და სიამოვნებით უკეთებს დემონსტრირებას თავის სხეულს. „სფაის გერლზის” ყოფილი სოლისტი – ვიქტორია, სამოდელო ბიზნესით არის დაკავებული და ამ სფეროში დიდი გავლენითაც სარგებლობს.