როგორ უბრუნდებიან ადამიანები შობის მერე წარმართულ ცხოვრებას და როგორ შორდებიან ისინი მაცხოვარს მისი შობისთანავე
7 იანვარს მთელი მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რასაც წინ უძღვის შობის მარხვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღესასწაულს უკვე 2000 წელზე მეტხანს აღვნიშნავთ, მაინც გვიჭირს მისი გააზრება, მის არსში ბოლომდე ჩაწვდომა. შობის დღესასწაულის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამა გიორგი, შობა ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის შობის მარხვა. 2000 წელზე მეტია‚ ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ვიცავთ შობის მარხვას, თუმცა დღემდე გვიჭირს ამ დღის მნიშვნელობაში, მის არსში ბოლომდე ჩაწვდომა, გააზრება. შესაბამისად‚ ჩვენს ზეიმურობასაც ხშირად მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.
– საეკლესიო სწავლება საღვთო მოვლენების შესახებ ადამიანებისთვის ბოლომდე არ არის გარკვეული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველაზე დიდი მოვლენები: მაცხოვრის განკაცება, შობა, ნათლისღება, აღდგომა უწყებულია ანგელოზების მიერ. თუმცა, თავად ანგელოზებიც ბოლომდე არ ფლობენ ამ ინფორმაციას. როცა ანგელოზთა ქორო მაცხოვრის შობის ჟამს გამოჩნდება, ისინი ამბობენ შემდეგ ფორმულას: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა-ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება,” – ეს არის ღვთაებრივი სწავლება, რომელიც ანგელოზებმა ადამიანებს აუწყეს, მაგრამ მათაც ბოლომდე არ იციან ამ სწავლების შინაარსი, სიღრმე. ღვთაებრივი სწავლება ღვთაებრივი და საცნაური, მისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღვთაებრივი სულით, სულიწმიდით ცხოვრობენ. ამიტომაც, ჩვენთვის ბოლომდე არ არის ცნობილი და იმ დონემდეა გამოცხადებული, რის დატევაც ჩვენს დაცემულ გონებას შეუძლია. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: არავინ იცის მამა, გარდა ძისა და ძე – გარდა მამისა. დანარჩენი ჩვენ უკვე გამოგვეცხადა თეოფანიით, ანუ ღვთის გამოცხადებით. ამიტომაც, შობის მარხვა ემსახურება ადამიანების განღმრთობას, ანუ ადამიანების მიმართ ღვთის სწავლებისა და მოწყალების გამოცხადებას.
– როგორც ცნობილია‚ შობა და ნათლისღების დღესასწაული ერთ დღეს აღინიშნებოდა.
– მაცხოვრის შობას და მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს მეხუთე საუკუნემდე ეკლესია ერთი და იმავე თარიღით აღნიშნავდა. მეხუთე საუკუნის შემდეგ მოხდა მათი დაშორება, ანუ ვზეიმობთ ჯერ მაცხოვრის შობას, ხოლო შემდეგ – ნათლისღების დღესასწაულს. ორივე დღესასწაული არის თეოფანია, ანუ ღვთის გამოცხადება. თუ გვინდა, რომ თუნდაც პატარა, ღვთაებრივ ნაპერწკალს ჩაწვდეს ჩვენი გონება, უნდა ვაღიაროთ ადამიანური გონების უმეცრება, სისუსტე, რათა ღმერთმა ჩვენი გონება თავისი სიბრძნით გაანათლოს.
– ადამიანებს ყველაზე მეტად საკუთარი უმეცრების აღიარება უჭირთ.
– როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, ის ვერაფერს მიიღებს ღმერთისგან. შესაბამისად‚ მან საკუთარი გონება ნულ ჯგუფში უნდა ჩააყენოს, თქვას: მე ვარ უმეცარი, არარაობა, დაცემული, ცოდვილი, განშორებული უფლის წიაღიდან და მჭირდება, უფლისგან მიღება. ანუ, ადამიანი გლახაკი უნდა იყოს სულით. მაგრამ‚ თუ მას ჰგონია, რომ ის ადამიანური სიბრძნითაა განმსჭვალული და ბევრი იცის, როგორც ეს ზოგ თანამედროვე მოაზროვნესაც ეგონა და ჰგონია, ბუნებრივია‚ ის დარჩება თეოფანიის გარეშე.
– რატომ მოხდა, რომ პირველად მაცხოვრის შობა მწყემსებს ეუწყათ?
– ისინი არ იყვნენ უბრალოდ მწყემსები, საპასექო კრავებს აძოვებდნენ და ამიტომაც, მაცხოვრის შესახებ პირველად ეუწყათ არა ამ სოფლის თავადთ, დიდებულებს, ბრძენთ, არამედ უბრალო მწყემსებს, მეთევზეებს, ანუ მათ‚ ვისაც გარეგნული და შინაგანი სიგლახაკე გააჩნდათ. ასეა დღესაც. თანამედროვე, „დიდებულ“ ადამიანებს, როცა ვესაუბრებით და ვეუბნებით, საჭიროა მარხვის შენახვა, აღსარება-ზიარება, ისინი მხრებს იჩეჩენ და აცხადებენ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ, ეს მასების საქმეა. მათ ისედაც კარგად იციან საეკლესიო და სასულიერო სწავლებანი. ეს‚ რა თქმა უნდა‚ მცდარი შეხედულებაა. ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს ასეთ სიტყვებს: ათიათასჯერ რომ დაიბადოს იესო ქრისტე ბეთლემში, თუ ის ჩვენს გულსა და სულში არ დაიბადება, მაშინ ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნება, ისევე‚ როგორც მაცხოვრის შობას არ ექნება არანაირი აზრი.
– რატომ აქვს მაცხოვრის შობას განსაკუთრებული მნიშვნელობა?
– ადამიანისთვის მაცხოვრის შობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კალენდარული მარხვის შენახვით, აღსარებითა და ზიარებით, არამედ მან უნდა იცოდეს დიდი მამა ათანასე ალექსანდრიელის, ათანასე დიდის სიტყვები, სადაც გამოხატულია მაცხოვრის შობის სიღრმისეული შინაარსი: „ღმერთმა ღმერთი ღვთიმშვენიერად შვა, ღმერთი კაც იქმნა, რათა კაცი განეღმრთოს”. მაცხოვრის შობის მთელი შინაარსია გადმოცემული ამ სიტყვებში და არა იმაში, რომ ჩვენ თევზით ვიმარხულებთ, ან უთევზოდ, პირველ იანვარს თევზს ვიხმევთ თუ არა, ნაძვის ხეს დავდგამთ და თოვლის ბაბუას შევეგებებით. მთავარია როგორაა ჩვენი გული გამზადებული მაცხოვრის შობის მისაღებად. ადამიანში ღვთის სამყოფელი გულია და არა გონება. საკურთხეველი ღვთისა არის გული. ამიტომაც, მთელი მარხვის და არა მხოლოდ მარხვის განმავლობაში ადამიანმა უნდა განიწმიდოს გული, გონება, რომ მასში მაცხოვარი იშვას. ის, რომ მაცხოვარი თავმდაბლობით იშვა ბეთლემში, უბრალო მღვიმეში, მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის გულიც ამ მღვიმესავით დაბინძურებულია გარკვეული ცოდვებით. პირუტყვიც ცოდვის სიმბოლოა. მაცხოვრის შობით უნდა განიწმიდოს ადამიანი და მაცხოვრის შობა უნდა გახდეს მისთვის მაცხოვნებელი. თქვენ გინახავთ, როგორ ზეიმობენ ადამიანები შობას და შემდეგ ისევ წარმართულ ცხოვრებას აგრძელებენ. ანუ, მაცხოვარი შობიდანვე მიტოვებული იქნება, ის ადამიანებისგან განიდევნება. მას ეს სოფელი ეძებს, რათა მოიცილოს თავიდან, რამეთუ: ნათელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ მოერევა. იმ ხალხმა, რომელიც ბნელსა შინა იჯდა, იხილა ნათელი. ანუ, ადამიანი, რომელიც არ არის სარწმუნოებაში, არ არის ქრისტესთან, ვერ გაიაზრებს მაცხოვრის შობას, მას ეკლესია აფასებს, როგორც ბნელში მყოფ ადამიანს. მჯდომარეობა ნიშნავს უმოქმედობას, ხოლო მდგომარეობა – მოქმედებას. როდესაც სტეფანე პირველმოწამე აწამეს, ის ხედავდა მაცხოვარს წინაშე მამისა მდგომარეს. ეს თითქოს შეუსაბამობაში მოდის ეკლესიურ სწავლებასთან, რადგან ვიცით, რომ იესო ქრისტე ამაღლდა და მჯდომარე არს მაღლითა მამისა, ხოლო სტეფანემ ის იხილა მდგომარე. ეს ნიშნავს, რომ მაცხოვარი ყოველთვის მოღვაწეობაშია კაცობრიობისთვის – ის თანასწორია მამისა, მაგრამ მისი ხორციელი ბუნება ყოველთვის მზად არის ადამიანების დასახმარებლად. ამიტომაც წერია: მდგომარე ვიხილე წინაშე მამისა. ანუ, სტეფანე პირველმოწამემ მაცხოვარი იხილა მდგომარე, ნუგეშის სახით. ასეთივე სწავლება არის ღვთისმშობელზე. ერთ-ერთი წმიდა მამა ზეციურ სასუფეველს გამოცხადებით მოიხილავს. ის ვერ ნახავს ღვთისმშობელს და მას ანგელოზები ეტყვიან: ტყუილად ეძებ ღვთისმშობელს სასუფეველში, რამეთუ ის დედამიწაზეა, რათა ადამიანებს დაეხმაროს. მაცხოვრის შობა, ნათლობა, აღდგომა, ანუ ყველა დღესასწაული ემსახურება ადამიანის განღმრთობას, მის კეთილდღეობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საუკუნეები, წლები გადის, იცვლება და მოდის სხვადასხვა ხელისუფლება, მაგრამ ადამიანის ცვლილება და კეთილდღეობა მაინც შორსაა. დღეს ასეთი მოარული გამონათქვამიც არსებობს: გვეშველება რამე? ამას ჩვენც გვეუბნებიან ხან ირონიით, ხან ხუმრობით, ხანაც სრული სერიოზულობით, სასოებით. ჩვენ მათ ვპასუხობთ: თუ ადამიანს განკაცებული ღმერთის სწავლება არ მიუღია, არ სჯერა და არ ატარებს იესო ქრისტეს სახელს სარწმუნოებითა და სიყვარულით, მას‚ ბუნებრივია‚ არაფერი ეშველება. მაგრამ, შენ თუ გწამს, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია, შენთვის მოვიდა, აღდგა, ამაღლდა, მჯდომარეა მარჯვენით მამისა, მაშინ შენ უკვე ნაშველები გაქვს. მაგრამ, თუ შენ კიდევ ეძებ ვინმე გადამრჩენელს, მესიას, ლიდერს, ბელადს, ბუნებრივია‚ ყოველთვის იქნები იმედგაცრუებული – სხვადასხვა ბელადებით შეიცვლება ჩვენი სასოება და ოცნება. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: თუ ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება, ის იქნება ცრუ სწავლებით შეპყრობილი. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: სამი ჭეშმარიტება გაგვათავისუფლებს ჩვენ. თუ განკაცებული ღმერთი არ არის ჭეშმარიტება, ბუნებრივია, ადამიანის ცნობიერებაში ადგილი ცარიელი არ რჩება. მას უკვე ცრუ სწავლება და იდეოლოგია იკავებს. ჯერ კიდევ სამოთხეში, როცა ადამიანმა შესცოდა, დაეცა, მაშინ ჩაითესა მასში ეშმაკი და ცრუ სწავლება. ანუ, ღმერთზე ცრუ სწავლება სამოთხეშივე იქნა შემოტანალი. დღეს‚ სამწუხაროდ‚ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და ის იშვა ჩვენი ცხონებისთვის – იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. ნანოტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო აღარ გახდება აღარც ღმერთი და აღარც მოძღვარი, ეკლესია... ადამიანი იფიქრებს, რომ ქვეყანაზე მარადიული ცხოვრებაა და აღარ მოითხოვს ღმერთისგან პურს არსობისას. ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ სწავლება ღმერთზე ეს წინა საუკუნეების გადმონაშთია, მოძველდა რელიგია, მაცხოვარი, განკაცება და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიები დაიკავებს მოძღვრის, ეკლესიისა და ღმერთის ადგილს. დღეს აშკარად არა‚ მაგრამ შეფარულად უკვე არის ამის ნიშნები. იესო ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ და ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ ის საჭირო იყო პირველ საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გასულ საუკუნეებში, ასევე საჭირო იქნება მომავალ საუკუნეებშიც, სანამ უფლის ნებით არსებული სამყარო არ შეწყვეტს არსებობას. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვამხილოთ ის ცრუ სწავლება, ცრუ იდეოლოგია, რომელიც‚ სამწუხარიდ‚ შემოსულია თანამედროვე რეალობაში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებას. ეს არის პირველ საუკუნეში ნათქვამი და ბუნებრივია‚ ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო შეეგებოს მაცხოვრის შობას და ჩვენს გულებშიც დაიბადოს იესო ქრისტე, რათა ჩვენც ვცხონდეთ და გადავრჩეთ.