მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სულიერი აღზრდა?
პასუხი: კარგი იქნება, თუ ბავშვს მთლად ყრმობიდან მივიყვანთ ხოლმე ხატებთან. სულიერი თვალსაზრისით სულ პატარა ასაკსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სულიერი განვითარებისთვის. შემდგომში უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს ხშირი ზიარება, ბავშვის ეკლესიაში ტარება, მოძღვრისგან კურთხევა, წმიდა წყლის პკურება, ბავშვისთვის ლოცვა, სულიერი ხასიათის საუბრები მასთან და მისი თანდასწრებით.
კითხვა: ვცხოვრობ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში. ჩემი მეგობრები თბილისში არიან, გვერდით არავინ მყავს, ვისაც ჩემს სულიერ განცდებს გავუზიარებ და გულს გადავუშლი. მარტოობით ვიტანჯები, რაც მომავლის რწმენასაც მიკარგავს და დეპრესიაშიც მაგდებს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენი მარტოობის მტანჯველი შეგრძნების ერთადერთი მიზეზი არის არაეკლესიურობა. საკმარისია დაიწყოთ რელიგიური ცხოვრება – იკითხოთ ლოცვები, ეზიაროთ, გაეცნოთ მამათა ცხოვრებას, რომ მარტოობის მძაფრი შეგრძნება გაგიქრებათ. წმიდა მამები მოშორებულნი იყვნენ ახლობლების წრეს, მაგრამ სავსენი იყვნენ საღვთო მადლით.
კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიან ადამიანს სხვა ადამიანების მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ; ყველა უნდა დააყენოს თავისზე წინ; მოთმინებით უნდა აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი; არავინ არ უნდა შეურაცხყოს; სარგებლობა უნდა მოუტანოს მათ სულიერი საუბრებით და უნდა ილოცოთ ერთმანეთისთვის.
კითხვა: არის თუ არა გამართლება ქრისტიანისთვის აღმსარებლობის აღიარება ეკლესიაში სიარულის გარეშე?
პასუხი: ვინც უფლის სახლს გაურბის, ის თავად უფალს გაურბის და განეშორება. მისთვის უცხოა რწმენა და კეთილზნეობა. ასეთი ადამიანების ცხოვრება აღსავსეა ვნებებით და ხშირად ეკლესიაში წაუსვლელობას ისინი ამართლებენ დაკავებულობით, დროის უქონლობით, რაც არასწორია.