მამათა შეგონებანი
ანტონ ჭყონდიდელი: ყოველივე სოფლისა მსწრაფლ წარმავალი არის; რადგან წარმავალი არის, ცოდვისგან მოქცევას ნუ ჰყოფნით, თორემ სოფლის წარსულის მერმე სინანულის მუშაკობა აღარ არის. გესმის დიდი იერემია წინასწარმეტყველისგან: „წარხდა მკა და წარვიდა ლეწვა“. უნანელად აქედამ განსრულს ქრისტესგან ეს არ ესმის: „მოვედით ჩემდა“, არამედ „წარვედით ჩემგან“, ეს ესმის. წოდება აქ არის, ამასვე სოფელსა და ნუღარ ჰყოფნი, ცოდვის სიბნელიდამ გამოდი.
პაისი მთაწმინდელი: წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს – ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომავლობა, ვინც უსამართლოდ მოიქცა – აი, ამ წყევლას ძალა აქვს. ღმერთი უშვებს, წყევლას ჰქონდეს ძალა ისევე, როგორც, ვთქვათ, უშვებს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლას. თუმცა, უსამართლობა რომ არ ყოფილიყო, წყევლა უკან დაუბრუნდებოდა მას, ვისგანაც გამოვიდა.
ნეტარი ავგუსტინე: კარგი გონებისთვის სხვათა განსჯისას ბუნებრივია, ჭეშმარიტების და არა სიტყვის სიყვარული.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ვინ მოთვლის, რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ჭორაობა და დაბეზღება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისთვის. ერთი ძირითადი მიზეზი იმ სიძულვილის შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, მოყვასთა და ნათესავთა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა. ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვადაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ, რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი, მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღმრთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება, მას შეუძლია აღვირი მთელ სხეულს ამოსდოსო. ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება.
ნიკოლოზ სერბი: ყოველივეს, რასაც ღვთის გულისთვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რაც საკუთარი თავისთვის შეინახავ, დაკარგულია. ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენ სახელისა და პატივმოყვარეობისთვის გაიღებ, დაკარგულია. ყოველივე, რასაც მიიღებ, ადამიანთაგან უფლის სახელით, სიხარულს მოგანიჭებს; ყოველივე, რასაც ადამიანთაგან ჯილდოს სახით მიიღებ, მხოლოდ საზრუნავს გაგიმრავლებს.
წმიდა სილუანი: უფლის გული მოიგება ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთესი საგნებისგან მზერის არიდებით, უკეთური აზრების უკუგდებით, ლოცვისთვის საკუთარი თავის ძალდატანებით.