რატომ სთხოვა ღამით მეზობელს ბორის წიფურიამ მისი ცოლის ნახმარი „ჩულქი“
წლების წინ ამ ადამიანმა ზუსტი და გამორჩეული სახეები შექმნა ფილმებში: „შერეკილები”, „ზოგი ჭირი მარგებელია”, „მიზანი”, „ვერის უბნის მელოდიები”. მათში ის ძირითადად ცბიერი კაცის როლებს თამაშობდა. უამრავი სახე განასახიერა სცენაზეც, მაგრამ, ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ხდებოდა ამ ყველაფრის უკან. რატომ ვერ რიგდებოდნენ მსახიობი და რეჟისორები, რატომ ტოვებდა რეჟისორი მის გამო გადასაღებ მოედანს და საერთოდ, როგორ ცხოვრობდა ის. „იმედია მომიტევებთ, მე ხომ მწერალი არასოდეს ვყოფილვარ. აი, მთხრობელი კი, მგონი, ყოველთვის კარგი ვიყავი. წერილობითაც ზუსტად ისე გიამბეთ ეს ისტორიები, თითქოს ერთმანეთს სადმე, მეგობრულ ატმოსფეროში ვხვდებოდეთ. დანარჩენი კი, თავად განსაჯეთ. იმედი მაქვს, არ გამკიცხავთ, რომ შეულამაზებლად გაგიმხილეთ ყველაფერი.” გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ბორის წიფურიამ თავისი ცხოვრების ბევრი საინტერესო ეპიზოდი ფურცელზე გადაიტანა, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ წაგეკითხათ და ასე გაგეხსენებინათ მსახიობი.
კარგი ქურდი
„ერთხანს ძალიან გამიტაცა უცხოურმა მანქანებმა და ვიყიდე კიდევ ვერცხლისფერი „ვოლვო.” მისი მომსახურება თბილისში ძალიან გაჭირდა და ორ წელიწადში ისევ გავყიდე. მაშინ ცირკის დირექტორი ვიყავი. ერთმა სპიტაკელმა სომეხმა სამსახურში მომაკითხა. მანქანა ცირკის ეზოში გასინჯეს. მაგიდაზე 60 000 მანეთი დამიდეს და წავიდნენ (მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო). ამ დროს მოსკოვიდან ვიღებ შეტყობინებას, რომ 2 საათზე დანიშნულია სხდომა (საკავშირო ცირკების გაერთიანების სამხატვრო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახლდით და არაფრით არ შეიძლებოდა გამოტოვება). საგონებელში ჩავვარდი: ამდენმა კაცმა იცის, რომ მანქანა გავყიდე. ამოდენა ფული მაქვს. უკვე საღამოა და ბანკში შეტანას ვერ ვასწრებ. ხვალ დილით უთენია უნდა გავფრინდე მოსკოვში. არც ისეთი მაგარი კარი მქონდა, რომ არ გაეტეხათ. ერთხელ უკვე იყო შემტვრეული. ვზივარ და ვფიქრობ, აღარ ვიცი, სად შევინახო ეს დასაწვავი ფული. გავედი აივანზე ვეწევი სიგარეტს. გავხედე ჩემი საყვარელი მეგობრის, გუგული დანელიასა და ნათელა ვასაძის ბინის აივანს. ვხედავ, კიდია ორი „ჩულქი“ ხახვითა და ნივრით გატენილი. უცებ შევვარდი სახლში, მაგრამ „ჩულქი“, რომ არ მაქვს, რა ვქნა?! როგორ მოვიქცე და ვეცი ტელეფონს. მეზობელი რისი მეზობელია, თუ განსაცდელში არ დაგეხმარა? ლადო გძინავს? არა, წიგნს ვკითხულობ. ლადო, მედიკოს ნუ გააღვიძებ (ცოლს) და, თუ ძმა ხარ, ნახმარი „ჩულქი“ მაჩუქე. მედიკოს „ჩულქები“ რისთვის გინდა? ლადო თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი, ძალიან მჭირდება და რისთვის მჭირდება, მაგას მერე აგიხსნი-მეთქი. კარგი, მოვძებნიო და დამიკიდა ყურმილი. ცოტა ხანში თვითონ მირეკავს კოლგოტკა თუ გაწყობს, ცოტა ნახმარიაო. მაწყობს, ჩემო ლადო, როგორ არ მაწყობს. ორ წუთში თავად მომადგა კარზე. მადლობა გადავუხადე, გადავკოცნე და გამოვემშვიდობე. კოლგოტკა გადავჭერი ორ ნაწილად და ვყრი შიგ ხახვს, ნიორს, თან ვურევ გაზეთში გახვეულ ფულს. შესანიშნავი შესახედი გამოვიდა, არა მგონია, ვინმემ ეჭვი შეიტანოს. გავედი აივანზე, დავკიდე ორივე ასხმა და და თან, ვფიქრობ – შევარცხვინე ის ქურდი, ვინც ხახვებსა და ნივრებში დაიწყებს ფოთიალს-მეთქი. დილით სრულიად დამშვიდებული გავფრინდი მოსკოვში. მესამე დღეს ვრეკავ მშობლებთან თბილისში. დედა მსაყვედურობს, სად დაიკარგეო. დედა მოსკოვში ვარ, საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე დარეკვა. დიდუ!.. ყვირის დედაჩემი – რა კარგია, დედა, მოსკოვში რომ ხარ, იყავი მანდ, ნუ ჩამოხვალ ერთ-ორ დღეს თბილისში, ინგრევა აქაურობაო. რა ხდება დედა? იმისთანა ქარიშხალია, ჩვენს პირდაპირ სახლს სახურავი ახადა და აივნებიდან სულ ტაშტები და ვედროები ცვივაო. მუხლები მომეკვეთა, გული გამიჩერდა. წარმოვიდგინე როგორ დააფრიალებს ქარი ჰაერში ჩემს ფულებს, როგორ დასდევს ხალხი ეზოში ასმანეთიანებს. დედა, მისმინე ახლა კარგად, წადი ჩემთან სახლში და ნახე ხახვი თუ კიდია აივანზე. შენ რა, დედა, მთვრალი ხარ? რას ჰქვია ხახვი თუა. ხახვი კი არა, ხალხი მიაქვს ქუჩაში ქარს. ჰოდა, დედა დავიღუპე, წადი, შენი ჭირიმე და ნახე ხახვი თუ კიდია აივანზე. ვერ წავალ დედა, გაგიჟდი, რა დროის ხახვია?! დედა, სხვა რამე კიდია, სხვა რამე! – ხომ ვერ გეტყვი ფულია-მეთქი. შეძლებისდაგვარად ვუხსნი. დედა, ჩემი „ვოლვო” ხომ გახსოვს? მერე? ის „ვილვო” ხომ გავყიდე დედა და ახლა იქ კიდია, ხახვში. დიდუ!.. ისევ მესმის კივილი და ტელეფონი გაითიშა. გადის ცოტა ხანი. ვრეკავ სახლში. არავინ მპასუხობს. ვრეკავ და ვრეკავ. უცებ ერთი ზარი გავიდა თუ არა, მესმის – კიდია დედა, კიდია! კარგად კიდია!.. ახლა ვფიქრობ, ნეტა, მოეგლიჯა ქარს და გაფანტულიყო ხალხში ჩემი ფული. ის ფული ჩამოსვლისთანავე შევიტანე ბანკში და მიდევს დღესაც სახლში სალაროს წიგნაკი, გაშაურებული”.
ხერხი
„მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა კი არ ვამატებდი ტექსტს, საერთოდ არაფერს ვამბობდი. ბადრი კობახიძემ დადგა სპექტაკლი „ღვთაებრივი კომედია”: ადამი – კახი კავსაძე, ევა – ნანა ფაჩუაშვილი, ეშმაკი – გოგი გეგეჭკორი, ღმერთი – ეროსი მანჯგალაძე, ანგელოზები – მე, კარლო საკანდელიძე, გიგოლა თალაკვაძე და კიდევ ორი სხვა. რეჟისორს შევთავაზე – მოდი, ყრუ-მუნჯს ვითამაშებ-მეთქი. დამეთანხმა. მხოლოდ ბოლოს ვიღებდი ხმას ქაჯანასავით, როცა ეშმაკი შემაშინებდა და ვყვიროდი „დედა!”. ჩუმი მქონდა ერთი სცენაც: ღმერთი შუაზე მხერხავდა ნამდვილი ხერხით და მერე აღმადგენდა. იყო კივილი და სიცილი, როგორც სცენაზე, ასევე პარტერში.”
დეიდა ვარდო და სტალინი
„ბორჯომში ვისვენებთ მე და ჩემი მეგობარი ბონდო ჯიქია. წამოდი ბილიარდი ვითამაშოთ-მეთქი და შევედით ბორჯომის მე-4 სამმართველოს დასასვენებელი სახლის საბილიარდო დარბაზში. იქაურობა ბავშვებით დაგვხვდა სავსე. ვინ გითმობს ადგილს. ამ დროს შემოვარდა, მაგრამ რა შემოვარდა – სახელს ვერ ვიხსენებ, ან მარო, ან ვარდო – მოხუცი ქალი და დაუცაცხანა ბავშვებს. თქვენ აქ რა გინდათ, თქვე არგასაზრდელებო, აქ უფროსი ხალხი მოდისო... როგორც გაირკვა, ეს ქალი ამ სანატორიუმში წესრიგის დამამყარებელი იყო. უცებ ერთმა ბავშვმა უთხრა: ვარდო (თუ მარო) დეიდა, ჩვენს წყევლას და ჩხუბს, არა სჯობია, სტალინს რომ შეხვდით, ის მოგვიყვეთო? გადმოგვხედა და ჩვენც რომ დაგვინახა ყურადღებით ვიყავით, ჩართო და ჩართო: „სისხამ დილაა, ახალგაზრდა გოგო ვარ და ვარდებს ვრწყავ შლანგითა იმ სულმნათის დასასვენებელი სახლის ეზოშია. ამ დროს, დავინახე, კაცო, მომელანდა თუ მომეჩვენა. გავიხედე, კაცო, ფლოსტებში, თეთრ შარვალში, თეთრ კიტელშია, ეს ჩვენი სულმნათი არ დამდგომია თავზედა? ბელადი! დილა მშვიდობისა, ვარდოო. ვაი... მშვიდობის დილა გაგითენდეს, ბელადო-მეთქი. როგორა ბრძანდებით, ვარდოო. კარქათა ვარ თქვენის წყალობით-მეთქი. ოჯახში ხომ კარქათა ბრძანდებითო. არა გვიშავს რა, ცოტა დედაჩემი ვერ არის კარქათა-მეთქი. თქვენ ხომ კარქათა ბრძანდებით-მეთქი. მეც არა მიშავსო... და გააბა ვარდომ მთელი დიალოგი – ბოლოს მეუბნება ის სულმნათი ისა: არა გრცხვენია, ვარდო, აბა, რას აკეთებო. რას ვაკეთებ, ბელადო-მეთქი. აბა, როგორ შეიძლებაო, ასეთი დიდი ნაპორითა ამ ვარდების მორწყვა ამ ცივი წყლითაო. აბა, შენ დაგასხას თავზე ვინმემ ცივი წყალი, კარქი იქნებაო?.. ბელადო, რავი, სულ ესე ვრწყავთ-მეთქი. არა, ძირი უნდა მოურწყაო. დღეიდან ეგრე ვიზამ, ბელადო, თქვენ გაიხარეთ, თქვენა, ეგ რომ მასწავლეთ-მეთქი... უცებ ერთი ბუთხუზა ბიჭი ეუბნება: „იცი, რას გეტყვი, ვარდო დეიდა? ამდენი, თქვენ რომ ილაპარაკეთ, ჟუკოვს არ ულაპარაკია სტალინთანო. დავიხოცეთ სიცილით.“
შეშინებული გოგოები და თავხედი რადიოგადამცემი
„ერთხელ დასასვენებლად წავედით მე და ჩემი ძმაკაცი კუკური მეფარიძე. ნელ-ნელა ავყევით, ავყევით და რიგაში ამოვყავით თავი. წასვლის წინ ერთმა ჩვენმა მეგობარმა მოკლეტალღიანი რადიოგადამცემი გაგვატანა – გამოგადგებათო. რა მოვალეობას ასრულებდა, იცით? მაგალითად, გავიცანით გოგოები, ვსხედვართ რესტორანში. ეს გადამცემი ძალიან პატარაა, შეუმჩნევლად ვტოვებ მაგიდაზე და მივდივარ მანქანისკენ. მაგიდასთან რა საუბარიც გრძელდება, ის მესმის მოკლე ტალღაზე მანქანაში. ერთხელაც ასე გავშალეთ სუფრა ჩვენს აპარტამენტში და ორივენი გავედით. ვუსმენ, ერთი გოგო ეუბნება მეორეს: „...აი, ამ შამპანურს რომ დავლევთ, მერე მე მივალ ტელეფონთან და დავრეკავ. მერე ვიტყვი, დედა გამხდარა ავად და სახლში უნდა წავიდე-მეთქი. შენ მეტყვი, მარტოს ხომ არ გაგიშვებ, მეც უნდა წამოგყვეო და ასე წავიდეთ. მოვისმინე ეს ყველაფერი და დავბრუნდით ადგილზე. ავწიე პირველი ჭიქა და ვამბობ: ამ ჭიქით მინდა, დავლიო ერთი სადღეგრძელო. აი, ჩვენ საყვარელი ადამიანები გვყავს, დედა, მამა. ერთ საათში დედათქვენი ცუდად გახდება, მარტო ხომ არ წახვალთ, დაქალიც წამოგყვებათ-მეთქი. ჰოდა, ახლა აქედან დროზე მოუსვით და მიხედეთ დედებს-მეთქი. ასე ვერთობოდით. ამასობაში ფული შემოგვეხარჯა, დაბრუნება კი არ გვინდა. ვფიქრობთ, ვის გამოვუგზავნოთ დეპეშა, რომ ფული მოგვაწოდოს. ამ დროს სასტუმროს ნომრის კარებზე ბრახუნია. გავაღეთ კარი და ჩვენი მეგობარი შალვა ისაკაძე გაგვეჩითა. შალვა იმხანად გამწვანების ტრესტის მმართველი იყო თბილისში. ვკითხე, შალვა რამდენი დღით ჩამოხვედი-მეთქი. ერთი ოთხი დღით ვარ ჩამოსულიო. ჩვენ გაგვიხარდა, რომ ეს სამი დღე ნორმალურად შევჭამდით საჭმელს. შალვა არ გშია-მეთქი. არა, გმადლობ, ახალი ნასადილევი ვარო. აუ, რა ვქნათ ახლა – ვფიქრობ. თუ გინდათ, წამოდით ბოტანიკურ ბაღში, იქ ერთი ჩემი მეგობარი უნდა ვნახო და თან ბაღს დავათვალიერებთო, – შემოგვთავაზა. ბოტანიკური ბაღი მინდა ახლა მე?.. და სადილი-მეთქი. სადილი? სადმე ვისადილოთო. წავედით. დაგვხვდა იქ შალვას მეგობარი მეცნიერ-მუშაკი. ერთი სამასი სხვადასხვა ჯიშის კაქტუსი გვაჩვენა და ბოლოს გამოგვისტუმრა. არავითარი პურმარილი, ჩვენ რომ ვიცით დახვედრა და ქეიფი. მოვდივართ უკან და შალვას ვეუბნები, გვშია და სადმე დავსხდეთ-მეთქი. აქ, გზაზე ძალიან დიდი რესტორანია და ჯობია, სასტუმროში რომ მივალთ, იქ, ბუფეტში დავსხდეთო. ვაიმე! სასტუმრომდე 50 კილომეტრია, რა ვქნა, რა მოვიფიქრო ისეთი, რომ პურმარილი ვაკისრებინოთ. კუკური, ვეუბნები ჩემს ძმაკაცს, როცა მანქანა ტყეში შევიდა, – ერთ წუთს გააჩერე, მგონი, შიმშილისგან გული მერევა და გადავალ-მეთქი. გადავედი და ეს ჩემი რადიოგადამცემიც თან წავიღე. ხეებს მოვეფარე და დავიწყე: ლაპარაკობს თბილისი. თბილისის დროით ესა და ეს საათია. დღეს თბილისში ჩამოვიდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი... ამ დროს მესმის ყვირილი: ბორია! თბილისი დავიჭირე, თბილისი, მოდი!.. მე ვაგრძელებ: დღეს შედგა აღმასკომის რიგგარეშე პლენუმი. პლენუმმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა აღმასკომის თავმჯდომარე ესა და ეს. მის ადგილზე დაინიშნა მისი მოადგილე ესა და ეს. აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა გამწვანების ტრესტის მმართველი, შალვა ისაკაძე! დედა!!! – მესმის კივილი, მაგრამ რა კივილი. ბორია, მოდი! რა იყო, რა მოხდა-მეთქი. მომილოცეო. რა იყო-მეთქი. აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავუნიშნივარო. კი მეუბნებოდნენ, კოორდინატები დაგვიტოვეთო, მაგრამ რას წარმოვიდგენდიო. ბინას თუ მომცემო, კუკური ეკითხება. ოთხოთახიან ბინას მოგცემო. მე რამდენს მომცემ-მეთქი. შენ ოროთახიან ბინას მოგცემო. გულში ვფიქრობ, ეს კაცი ჩემი დაწინაურებულია და ორიანის მეტს ვერ იმეტებს-მეთქი. მე ვუთხარი, არ მინდა ეგ შენი ბინა, სადილი მაჭამე-მეთქი. სადაც გინდა გააჩერეთო. გზადაგზა არც ერთი რესტორანი არ მოგვეწონა, თანაც უკვე ქალაქში ვიყავით და ვიფიქრე, ისევ ჯობია, ნომერში შევუკვეთოთ, ეს ხვალ მაინც არაფრის მკისრებელია და რაც დაგვრჩება, მაცივარში შევინახავთ ხვალისთვის-მეთქი. ნომერში გავაშლევინეთ არნახული სუფრა. შალვა შუა სუფრიდან წამოდგა და განაცხადა: ახლა მე თბილისში უნდა დავრეკო და დავაზუსტო ჩემი დანიშვნის ამბავიო. მისცა შეკვეთა. გავედი და მორიგეს მოვახსნევინე შეკვეთა. გადის ერთი საათი, ორი, სამი... გაგიჟდა შალვა. კაცო, ადრე ათ წუთში გვაერთებდნენ და ახლა რა დაემართათო. რამდენჯერაც მისცა შეკვეთა, იმდენჯერ მოვახსნევინეთ. ასე გაგრძელდა ორი დღე. ბოლოს გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაფრინდეს თბილისში. ახლა, ჩვენ არ გვინდა, რომ ასე გიჟივით ჩაფრინდეს და ვფიქრობთ, რა ვქნათ, როგორ ვუთხრათ. გავისეირნოთ-მეთქი. გავედით ქალაქგარეთ. მე უკან ჩავწექი „სიდენიაზე” და დავიწყე გადაცემა: „ლაპარაკობს ისრაელი! (ვითომ ვიღაც ქართველი ლაპარაკობდა ისრაელიდან) ნუ დაუჯერებთ წერილებს, რომლებსაც აქვეყნებენ, თითქოს აქ ცუდი ცხოვრება იყოს. ეს არ არის მართალი, აქ ყველას ხელი მოემართა. ჩამოდით, ჩვენო მეგობრებო და ერთი სათხოვარი გვაქვს, როცა ჩამოხვალთ, თან წამოიყვანეთ ჩვენი ძმა და მეგობარი შალვა ისაკაძე,” – შალვა გაშრა. გადმოიხედა უკან და ხედავს გადამცემი მიჭირავს ხელში. მიყურა, მიყურა და მკითხა: არა ვარ მოადგილეო? არა, შალვა, გეხუმრეთ, მაგრამ მომავალი წინ გაქვს-მეთქი“.
***
„მსახიობობა ურთულესი პროფესიაა. ჩემს თავს არ ვემდური, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. ღმერთის ნაბოძები ნიჭი თუ უნარი ბოლომდე ვერ გამოვიყენე ან ბოლომდე არ გამომაყენებინეს, თორემ უსათუოდ უფრო მეტს შევძლებდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თეატრში თუ კინოში როლი ორიანზე ან სამიანზე ჯერ არ მითამაშია. ერთხელ რობერტ სტურუამ მითხრა, შენი საქციელის გამო კარგი როლი დაკარგეო. ეს შენ დაკარგე კარგი მსახიობი-მეთქი. დიახ, მე კარგ მსახიობად მიმაჩნდა ჩემი თავი.” ნადეჟდა შალუტაშვილის წიგნში აკაკი ბაქრაძე იხსენებს: „მსახიობი საერთოდ რთული ბუნების ადამიანია, კონკრეტულად, ბორის წიფურიაც. რასაც ის აკეთებს, როგორც აქტიორი, სულითა და გულით აკეთებს, მაგრამ ამასთანავე, მისთვის უცხოა დისციპლინა. ერთი მოხდენილი ხუმრობისთვის რეპეტიციასაც ჩაშლის და არც სპექტაკლის ჩაშლაზე იტყვის უარს. რაღაც მისთვის აუხსნელი, შინაგანი ჟინი სთხოვს ამას. ასეთი მსახიობის რეჟისორებს ეშინიათ. არავინ იცის, როდის, რას მოიმოქმედებს.” ელდარ შენგელაია: „ჩემი კინოში მუშაობის პერიოდში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობის გამო მიმეტოვებინოს გადასაღები მოედანი. ეს მოახერხა ბორია წიფურიამ. „შერეკილების” გადაღების დროს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ გაცოფებულმა გადაღება მივატოვე. ძალზე რთული იყო მასთან მუშაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შედეგით პირადად მე და მგონი, მაყურებელიც კმაყოფილია. ბორიას მოზრდილ თავში უსასრულო ფანტაზია ტრიალებს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, მაგრამ რეჟისორისთვის აუცილებლად მოიძებნება მის „სისულელეებში” ერთი-ორი კარგი იდეა. „შერეკილებში” ხუტა უფროსის როლზე ისინჯებოდა არაერთი ცნობილი მსახიობი (როგორც ეს მიღებულია კინოში). სასინჯ გადაღებებზე მოსულ მსახიობებს ჩვენ ვაცმევდით იმ კოსტიუმს, რომელიც არჩეული იყო მხატვრის მიერ. ბორიას კოსტიუმი არ მოეწონა. შეიგინა (ეს საერთოდ მას ეხერხება) და თქვა: მე თვითონ მოვნახავ ჩემთვის კოსტიუმსო. გაბრაზებული გავარდა სტუდიის გარდერობში. გავიდა თითქმის ოთხი საათი, უცბად გაიღო სარეჟისორო ოთახის კარი და ჩვენ წინ დგას ჩვენი ფილმის მომავალი გმირი, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. კოსტიუმი ხომ მონახა ძალიან სახოვანი, თავისი ფაფახით, საგრიმიოროშიც გაუვლია და გრიმი გაუკეთებია. ულვაშები და ბაკენბარდებიც თავისივე ფანტაზიით მოურგია. შემოვიდა თუ არა, მივარდა ფანჯარას და დაიწყო ყვირილი: ხომ გითხარით გაფრინდებიან-მეთქი, ხომ გითხარით!”