რა როლი მიუძღვის თბილისის ფოტოისტორიაში დიმიტრი ერმაკოვს და რომელ ქუჩაზე გახსნა მან თავისი პირველი ფოტოსტუდია
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისის თბილისი წარმოუდგენელია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოობიექტივის გარეშე. ამ ადამიანმა მოახერხა და თაობებს შემოუნახა ძველი თბილისის ისტორიული, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ინფორმაცია ფოტონეგატივზე. დღეს ძველი თბილისის ისტორიის მკვლევრებს ხელ-ფეხი შეკრული ექნებოდათ, რომ, არა ერმაკოვის თვალით დანახული თბილისი და დანარჩენი საქართველო. ის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში და მისი დამსახურებაა, რომ საშუალება გვაქვს, გავეცნოთ საუკუნის წინანდელი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
დიმიტრი ერმაკოვი
დიმიტრი ერმაკოვის დაბადების რამდენიმე ვერსია არსებობს, პირველი ვერსიის თანახმად, ის 1845 წელს ტფილისში დაიბადა. მეორე ვერსიით კი, დიმიტრი ერმაკოვი 1846 წელს ნახიჩევანში დაიბადა. ერმაკოვის დაბადებას უკავშირდება მთავარმმართებლად გრაფ მიხეილ ვორონცოვის დანიშვნა კავკასიაში. ცნობილია, რომ ვორონცოვმა ოდესიდან წამოიყვანა თავისი თანამოაზრეები: არქიტექტორები, მხატვრები. მათ შორის იყო ლუიჯი კამბიაჯო – იტალიელი არქიტექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოდესის განაშენიანებაში. გავრცელებული ცნობის თანახმად, დიმიტრი ლუიჯის შვილი იყო, ხოლო მეორე ვერსიით, ლუიჯი კამბიაჯო დიმიტრი ერმაკოვის ბაბუა გახლდათ. ფაქტია, რომ დიმიტრი ერმაკოვი მამინაცვლის გვარს ატარებდა. ამბობენ, ტფილისში ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ დედამისი, გაშორდა ლუიჯი კამბიაჯოს და რუსეთში გაემგზავრა, სადაც ერმაკოვს გაჰყვა ცოლად და შვილსაც მეორე ქმრის გვარი მისცა. დიმიტრის დედა მალაკნელი გლეხი იყო. უცნობია, როდის დაბრუნდა დიმიტრი ერმაკოვი თბილისში. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მან პირველი კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. შემდეგ კი სამხედრო ტოპოგრაფის პროფესიას დაეუფლა ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით, 102 კმ-ით იყო დაშორებით საქართველოს სამხედრო გზაზე. სწორედ ამ აკადემიაში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ერმაკოვი ფოტოგრაფიით და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა. 1860-იანი წლების ბოლოს ერმაკოვმა დატოვა აკადემია და 1866 წელს საკუთარი ფოტოატელიე გახსნა ტფილისში. ერმაკოვის ფოტოსტუდია იმ დროისთვის თბილისში პოპულარულ სასახლის ქუჩაზე მდებარეობდა, იქ წლების განმავლობაში მრავალი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. პირველი ფოტოსახელოსნო იმ ადგილას 1846 წელს ფოტოგრაფებმა ხლამოვმა და ქართული ფოტოგრაფიის პიონერმა ალექსანდრე როინაშვილმა გახსნეს. ფოტოსახელოსნოს „რემბრანდტი” ეწოდებოდა. ერმაკოვმა კი ფოტოატელიე მხატვარ კოლჩინთან ერთად, ცოვიანოვის სახლში გახსნა და თავდაპირველად, „კაბინეტურ პორტრეტებს“ იღებდა, რასაც თბილისელთა „სავიზიტო ბარათს” უწოდებდნენ. იმ დროს ტფილისში მოდად იქცა ფოტოგადაღება და აბსოლუტურად ყველა ცდილობდა, საკუთარი „სავიზიტო ბარათი” ჰქონოდა. ერმაკოვის ფოტოატელიე იმდენად პოპულარული იყო, რომ 1870 წელს მან გოლოვინის პროსპექტზე, ამჟამინდელ რუსთაველის გამზირზე, თავად მდივნის სახლში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოპირდაპირე მხარეს, მეორე ფოტოატელიე გახსნა. ფოტოსტუდიის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ერმაკოვი გახდა „Societe Francaise de Photographie” – (SFP) წევრი. ეს იყო ფოტოგრაფთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაცია ევროპაში. 1870 წელს, 25 წლის ასაკში, დიმიტრი ერმაკოვმა პეტერბურგში გადაგზავნა თავისი პირველი ალბომი კავკასიაზე, რითაც დიდად დააინტერესა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრები. 1874 წელს ერმაკოვმა მოაწყო იმ ფოტოების გამოფენა, რომელსაც ტრაპიზონში იღებდა. 1878 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ანთროპლოგიურ გამოფენაში, სადაც მისმა ფოტოებმა ღირსეული ადგილი დაიკავა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ერმაკოვი სამხედრო ტოპოგრაფად მსახურობდა და რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვია ფოტოაპარატი. ომის კადრებმა მის ფოტოკოლექციაში განსაკურებული ადგილი დაიკავა. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რაიონში. იღებდა ქალაქების ხედებს, პეიზაჟებს, არქიტექტურულ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ ჯგუფებს. თუმცა, ერმაკოვის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის მშობლიურ თბილისს, რომელსაც რამდენიმე ასეული ფოტოსგან შემდგარი ალბომი მიუძღვნა. 1907 წელს ერმაკოვი აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად, ხოლო 1912 წელს – თბილისის კაზმული ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებლად. სპარსეთში მოგზაურობისას ის სპარსეთის შაჰის პირად ფოტოგრაფად ითვლებოდა. 1910 წელს დიმიტრი ერმაკოვმა სვანეთში იმოგზაურა, საიდანაც 900 ცალი ნეგატივი ჩამოიტანა – სვანების ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტო-მასალა. 1903 წელს გაზეთი „ტიფლისკი ლისტოკი” იტყობინებოდა, რომ მისი უდიდებულესობა, იმპერატორი ალექსანდრე მესამე იმდენად იყო მოხიბლული დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრებით, რომ პირადად შეიძინა 500 ცალი ფოტო. დიმიტრი ერმაკოვი დაქორწინებული იყო ტფილისში მცხოვრები ავსტრიელი მშენებლის ქალიშვილზე, ანა ბიჰოლდზე. მათ სამი შვილი ჰყავდათ: ივანე, ალექსანდრე და ლიუდმილა. დიმიტრი ერმაკოვი 1916 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა. ის კუკიის კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს და სავარაუდოდ, მისი საფლავი დღეს დაკარგულია.