რატომ დაკარგეს ერთმანეთი მეგობრებმა და ვის ეძებს ქალაქ ისტრაში მცხოვრები ქალბატონი ნოვოსიბირსკში
43 წლის მაია ოთარის ასული კირკიტაძე (ნიკოლაიშვილი) ეძებს დაახლოებით 60-65 წლის ლუდმილა ჩირკოვას.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს – ლუდმილა ჩირკოვას (მამის სახელი არ მახსოვს). ლუდა ამჟამად დაახლოებით 60-65 წლამდე უნდა იყოს. ჩვენ ერთმანეთი ნოვოსიბირსკში გავიცანით, რაღაც პერიოდი ერთად მუშაობაც მოგვიწია. ლუდა ძალიან კარგი ადამიანია და ჩვენ დავმეგობრდით, მაგრამ, მაშინ დროებით საქართველოში დაბრუნება მომიწია და მას შემდეგ მე ლუდა ვეღარ ვიპოვე. ამჟამად მოსკოვის ოლქის ქალაქ ისტრაში ვცხოვრობ და აქ ვმუშაობ. ძალიან მინდა, დამეხმაროთ მეგობრის პოვნაში. ლუდა არის საშუალო სიმაღლეზე ოდნავ დაბალი. მაშინ თმა წაბლისფრად ჰქონდა შეღებილი და მოკლედ შეჭრილი.
ჟურნალისტის შენიშვნა: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალბატონი მაია ჩვენ ქალაქ ისტრიდან დაგვიკავშირდა და დახმარება სწორედ იქიდან გვთხოვა. პირადად მე ჩემი ნებაყოფლობითი დამხმარეების დიდი იმედი მაქვს. ისინი ეცდებიან, ქალბატონი ლუდმილა ნოვოსიბირსკში მოძებნონ.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მეგობრებმა? გვიამბეთ ყველაფერი, რაც ლუდაზე იცით.
– მე წარმოშობით გორიდან ვარ, მაგრამ, წლების განმავლობაში რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში ვცხოვრობდი. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი მე და ლუდამ. ჩვენ მოგვიწია ერთად მუშაობა რესტორან „არაგვში“, სადაც მზარეულად ვმუშაობდით. ლუდა თავისი საქმის ოსტატი იყო. რაც კი რამ ვიცი, ყველაფერი მან მასწავლა. ნოვოსიბირსკში მე ოჯახთან ერთად ვიყავი. ჩემი მეუღლე ავადმყოფობდა და, როდესაც გარდაიცვალა, ჩვენ ის საქართველოში ჩამოვასვენეთ. ლუდა მაშინ ნაქირავებში ცხოვრობდა. როდესაც უკან ჩავედი, ის იქ აღარ დამხვდა, იმ ადამიანებმა კი, ვინც ლუდას ბინაში ცხოვრობდნენ, მისი ახალი მისამართი არ იცოდნენ. ასე დავკარგეთ ერთმანეთი. ლუდას საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდა. მისი პირველი მეუღლე ქართველი იყო (ის ოჩამჩირეში იყო გათხოვილი). პირველი ქმრისგან ჰყავს გოგონა, სახელად დიანა (ამჟამად ის დედის გვარზე უნდა იყოს). მას შემდეგ, რაც ლუდას მეუღლე გარდაიცვალა, ის კვლავ ნოვოსიბირსკში ჩამოვიდა, სადაც მეორედ გათხოვდა და ეყოლა ბიჭი, სახელად დიმა (მეორე მეუღლის გვარი არ ვიცი). დიმა 1995 წელს დაახლოებით 14-15 წლის იქნებოდა. ჩემი შვილი და ლუდას ბიჭი თითქმის ტოლები იყვნენ. ლუდა გადასარევი ხასიათის ქალია, უბადლო მეგობარი და მე მისი დაკარგვა არ მინდა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ აღდგეს.
– როგორ ფიქრობთ, ლუდა თუ გეძებთ?
– დარწმუნებული ვარ, რომ მე მას ვახსოვარ. ჩვენ მართლაც არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოსვლა მომიწია, ვერ მოვიფიქრე, რაიმე თადარიგის დაჭერა. არ მეგონა, რომ ერთმანეთს ასე იოლად დავკარგავდით. სამწუხაროდ, კომპიუტერისა და ინტერნეტის არაფერი გამეგება, ამიტომ, აქამდე ვერც განაცხადი გავაკეთე ლუდას მოძებნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ლუდაც რუსეთის ტერიტორიაზე ვართ, ლუდას მოძებნაში თქვენი დახმარების იმედი მაქვს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.