რატომ ვერ პოულობენ საერთო ენას ოჯახში, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები
რატომ იცვლებიან ადამიანები ოჯახში?! ან, იქნებ, არც იცვლებიან და უბრალოდ, როცა ერთმანეთის პირისპირ რჩებიან – მაშინღა ხედავენ რეალურ სურათს. ერთმანეთს ხედავენ ისეთებს, როგორებიც არიან სინამდვილეში, ყოველგვარი „კოსმეტიკის“, „მაკიაჟის“ გარეშე...
ნებისმიერი, თითქმის ყველა რომანტიკული ისტორია, ზღაპრის მსგავსიც კი... სადაც სიყვარულზეა საუბარი, ბოლოს ქორწილით მთავრდება ხოლმე... ლოგიკური დასასრული კი ასეთია: ცხოვრობენ დიდხანს, ტკბილად და ბედნიერად. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ასე იშვიათად, ძალიან იშვიათად ხდება. ერთ ჭერქვეშ ორი ადამიანის თანაცხოვრება არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი, ან პირიქით – საკმარისი სიყვარული არ არის, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები დაძლიოს და ხდება ისე, რომ ყოველი ერთად გატარებული წლის შემდეგ, ერთ დროს შეყვარებული ადამიანები გაჭირვებით ურთიერთობენ ერთმანეთთან, დღითი დღე უჭირთ საერთო ენის პოვნა.
ლიკა (37 წლის): ჩიხში აღმოვჩნდი. მძიმე მდგომარეობაში ვარ. ჩემი ურთიერთობა ქმართან გართულდა. ცხრა წელია, ერთად ვართ და ბევრი კრიზისი გადავიტანეთ. ყველაფერი იყო – ღალატიც, ეჭვიანობაც, ფინანსური პრობლემებიც, ინტერესთა კონფლიქტიც და შეგუებისა თუ „პრივიჩკებზე“ შეჩვევის პერიოდიც. თითქოს დავძლიეთ და ერთად დავრჩით, მაგრამ ახლა არ ვიცი, რა იქნება... ისეთი შეყვარებული ვიყავი, როგორც არავინ და არასდროს. ოცდაშვიდი წელი ქალისთვის ის ასაკია, როცა პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული აქვს და ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან და მამაკაცისგანაც, რა თქმა უნდა.
– თქვენი პირველი სიყვარული იყო?
– სერიოზული – კი. გატაცებები როგორ არ მქონია, მაგრამ სურვილი, რომ მთელი ცხოვრება ამ ადამიანის გვერდით გამეტარებინა, ჩემი ქმრის გაცნობის მერე გამიჩნდა. ერთი წელი ვაწარმოებდი დაკვირვებას. ანუ, ამით იმისი თქმა მინდა, რომ „ბრმად“ არ მიმიღია გადაწყვეტილება.
– მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიყვარული გქონდათ?
– ეს არ ყოფილა შეყვარება ერთი ნახვით. გრძნობა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა ჩემთან და მყარად გაიდგა ფესვი. ზომიერად მგრძნობიარე და ზომიერად რომანტიკული ვარ. სულ ვფიქრობდი, რომ ოჯახს სიყვარულზე მცდარი და გადაჭარბებული შეხედულებები ანგრევს.
– რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანებს – უფრო ხშირად ქალებს, უყვარდებათ არა რეალური ადამიანი, არამედ გამოგონილი პიროვნება, ანუ თავიანთ წარმოსახვაში შეადგენენ ხოლმე იდეალური პარტნიორის პორტრეტს, შეიყვარებენ მას, გააიდეალებენ და მერე მოარგებენ იმ რეალურ მამაკაცს, რომელიც მათ გვერდით აღმოჩნდება. ჩვეულებრივ, ასეთი ექსპერიმენტები ცუდად მთავრდება. „გმირი“ დიდხანს ვერ „ქაჩავს“. იმიტომ კი არა, რომ თავად არ უნდა, უბრალოდ, მისგან ისეთ რამეებს ითხოვენ, რისი მიცემაც მას არ შეუძლია. იწყება კონფლიქტი. კაცს არ ესმის, რას ერჩის და რა პრეტენზიები აქვს ქალს; ქალი ნერვიულობს, რომ რჩეულმა მოლოდინი არ გაუმართლა და იმედი გაუცრუა. გეტყვით იმასაც, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გრძნობა, როგორი რომანტიკულიც – ურთიერთობა, ოჯახში მაინც არაფერი გამოუვა წყვილს, თუკი არ მიხვდებიან „ერთ ენაზე“ ლაპარაკის აუცილებლობას. დამიჯერეთ, ეს ადვილი ნამდვილად არ არის. ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ მივედი ამ დასკვნამდე. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ძალიან ბევრი რამ გადავლახეთ.
– თქვით, რომ თქვენს ცხოვრებაში ღალატიც იყო... რომელმა უღალატეთ?
– იმან, რა თქმა უნდა. ჩემთვის ღალატი წარმოუდგენელია. გამორიცხულია, ქმარს ვუღალატო. მაგრამ არ გამოვრიცხავ, ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდეს. თუ ეს მოხდება, მე დავტოვებ ქმარს და წავალ იმასთან. პატიოსანი თამაშის მომხრე ვარ.
– თქვენ ხედავთ ამ საშიშროებას?
– არა, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. დღეს ჩემი ქმარი მიყვარს და ოჯახის შენარჩუნება მინდა. ამიტომაც მოვედი თქვენთან. ის გაურკვევლობა უნდა დავძლიო, რომელშიც აღმოვჩნდი. ღალატის ამბავი რომ გავიგე, საკმაოდ დიდი დრო იყო გასული მომხდარიდან.
– როგორ გაიგეთ?
– თვითონ მითხრა. ერთ საღამოს მომიყვა. რატომ შეაწუხა სინდისმა, მართლა არ ვიცი. შემთხვევითი კავშირი იყოო. რაღაც ისეთი მოხდა, რომ თავი ვერ გავაკონტროლე. გულწრფელად ვნანობო... ცოტა აგრესია კი გამიჩნდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამ ამბავს. მინდოდა, მეჩხუბა, ისტერიკა ამეტეხა... ბოლოს და ბოლოს – მან მე მიღალატა. მაგრამ ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა. ისე მიყურებდა... ჭეშმარიტად სინანულში ჩავარდნილი კაცის მზერა იყო და მეც ვაპატიე.
– გულით აპატიეთ, თუ ამის მერე დაიწყო თქვენი კონფლიქტები?
– ვერ ვიტყვი, რომ ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო... პირიქით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობა რომანტიკულ-ლირიკულ ფაზაში შევიდა. ჩემი ქმარი თავს დამნაშავედ გრძნობდა და ცდილობდა, ვესიამოვნებინე. ლამის ფეხის წვერებზე დადიოდა. ყურადღებიანი გახდა. სამოგზაუროდაც კი წამიყვანა. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ვიფიქრე, რომ ამის მერე პრობლემები აღარ გვექნებოდა. ჩვენ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი და ეს ორივემ დავამტკიცეთ. იმან იმით, რომ ვერ მოისვენა, მოინანია და მითხრა, მე კი – პატიებით. ვაღიარებ, რომ გული მეტკინა, თუმცა, როგორც გითხარით, შინაგანად არ აღვშფოთებულვარ. მივხვდი, რომ ის ვიღაც ქალი, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა ჩემი ქმრისთვის.
– თუ ღალატი მარტივად გადაიტანეთ, რამ დაძაბა თქვენი ურთიერთობა?
– მე რაღაცეები წავიკითხე და გავიგე, რომ წყვილები, რომლებიც არ არიან ბედნიერნი, თავისი პრობლემებით ერთმანეთს ჰგვანან. მათი „უბედურების სიმპტომები“ ერთნაირია. თურმე, მთავარი მიზეზი ყოფილა ორი ადამიანის ხანგრძლივი თანაცხოვრება ერთ სივრცეში და განმარტოების საშუალების არქონა. აუცილებელი ყოფილა საკუთარი, პირადი სივრცის ქონა. ბევრ ცოლს არ მოსწონს, როცა ქმარს რამდენიმე დღის სხვა გარემოში, თანაც, მარტო გატარების სურვილი უჩნდება, მაგრამ ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ეს აუცილებელია.
ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები: „ისევ აურიე, არა, ოთახი“... „შეხედე, იატაკზე ისევ შენი წინდები ყრია...“ „როდემდე უნდა ვალაგო შენი ნივთები“... „უზნეო ბავშვივით ჭამ და ირგვლივ ყველაფერს სვრი,“ – აი, საიდან იწყება ტრაგედია. თუ დროზე არ მიხვდი და არ გაჩერდი, გვიან იქნება. ისეთ სიღრმეებში შეხვალ, უკან გამოსვლის შანსიც აღარ დაგრჩება. ვერც მიხვდები, როგორ გადაიქეცით ერთმანეთის მტრად. ვეღარაფერზე ვეღარ დაილაპარაკებთ და საუბრის წარმართვის უნარს დაკარგავ. საშინელებაა, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვეღარ ესაუბრება. ვერ განიხილავს რაღაც ყოფით თემებს და „უკვდებათ“ საერთო ინტერესები.
– თქვენ გქონდათ საერთო ინტერესები?
– ასე ვერ ვიტყვი, რომ საერთო ინტერესები გვქონდა. მაგრამ, ერთმანეთის ინტერესებს პატივს ვცემდით. მეც მქონდა მცდელობა და იმასაც, რომ ერთმანეთის დამაკავშირებელი ძაფი არ გაწყვეტილიყო...
– იმ შემთხვევამ, ღალატთან დაკავშირებით, ეჭვიანი არ გაგხადათ?
– ეტყობა, ცოტა გამხადა. თავიდან არ იყო შესამჩნევი, მაგრამ თავისი საქმე მაინც გააკეთა. ერთხელ, გაბრაზებულს წამომცდა, რომ ის ვალში იყო ჩემთან, რადგან ისეთი საშინელი დანაშაული ვაპატიე, როგორიც ღალატია. გამწარდა. ახლა მთელი ცხოვრება ეს უნდა მაძახო, კუთხეშიც უნდა დამაყენო და დამსაჯოო?! დიდი ამბავი, კაცები მუდმივად ღალატობენ ცოლებს, მაგრამ არც ბოდიშებს იხდიან და არც ინანიებენ. თავში აგივარდა, მე რომ ასეთი გულჩვილი აღმოვჩნდი, თორემ ჩემ „ფეხებს“ გაიგებდი. დებილი ვარ, რომ გითხარი. მეგონა, გაგებით მოეკიდებოდი ამ ამბავს, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ შენც, როგორც ყველა ქალი, „ისტერიჩკა“ ხარო. ჩემთვის ეს სიტყვები სიგნალი უნდა ყოფილიყო და გავჩერებულიყავი, მაგრამ პირიქით გავაკეთე – „ავკრიფე“ ჩემი ქმრის წინააღმდეგ და დავიბოღმე. საღამო არ ჩაივლიდა ისე, რომ არ გვეჩხუბა.
– უმიზეზოდ ჩხუბობდით?
– როცა ჩხუბი გინდა, მიზეზსაც იპოვი. მოთხოვნილებასავით გამიჩნდა, წივილ-კივილი ამეტეხა და სკანდალი მომეწყო. ბოლომდე რომ დავიცლებოდი, საშინელი სიტყვების კორიანტელს რომ დავაყენებდი, მერე მეწყებოდა ტირილისა და სინანულის პერიოდი. მერე ვაანალიზებდი, რა არ უნდა მეთქვა. რაც შეეხება ეჭვს, უკვე ყველასა და ყველაფერზე დავიწყე ეჭვიანობა. ამას შეუცნობლად ვაკეთებდი. ვერ ვიტანდი, ქალზე რომ იტყოდა, ლამაზიაო. ვცოფდებოდი.
– კონკრეტულად რომელიმე ქალზე?
– არა, ნებისმიერზე. საღამოს, ტელევიზორის წინ ერთად თუ ვისხედით და ჩემი ქმარი უცებ იტყოდა, ვა, რა ქალია, რა „ტანზე დგასო“, მე შიგნით რაღაც მექანიზმი „ჩამერთვებოდა“ და ვიწყებდი ჩხუბს. სკანდალის შემდეგ კი სულ ვნანობდი. იცით, რა შევამჩნიე საკუთარ თავს? – ქმართან მიმართებაში ისე ვიქცეოდი, საუბრისა თუ ჩხუბისას ისეთ სიტყვებს ვიყენებდი, უცხო ადამიანთან თავს მსგავსის თქმის უფლებას არაფრით მივცემდი. საიდან მოდიოდა ეს ფრაზები, გაუგებარია.
– ფსიქოლოგისთვის არ მიგიმართავთ?
– არა. სპეციალური ლიტერატურა წავიკითხე. ერთგან ეწერა, ცოლების ურთიერთობა ბიოლოგიურ ციკლურ დინებებს ჰგავს. აქვს დათბობისა და აციების პერიოდები. ჩვეულებრივად, ეს პერიოდები 3, 7 და 11 წელიწადში იცვლება და კრიზისიც ამ დროს არის მოსალოდნელიო.
– თქვენ რომელ პერიოდში ხართ?
– სადღაც შუაში. 7 წელი გადავლახე და 11-მდე ჯერ არ მივსულვართ. მეშინია, რომ ვერც მივალთ. რა მოვუხერხო საკუთარ თავს, არ ვიცი. ფაქტობრივად, ერთი დღეც არ არის ისეთი, რომ არ ვიჩხუბოთ. დაიღლება ჩემი ქმარი ამდენი სკანდალებით და წავა.
– უკვე ამჩნევთ ამის სიმპტომებს?
– როგორ გითხრათ, სულ დაძაბულია, მოღუშული მიყურებს, თითქოს ელოდება, როდის დავიწყებ ჩხუბს და მერე არც ის მაკლებს ლანძღვას. ძირითადად, მეუბნება, რომ „ისტერიჩკა“ და გიჟი ვარ – პათოლოგიური გადახრებით, აკვიატებული აზრებით და კიდევ – იპოქონდრიისკენ მაქვს მიდრეკილება. ამაზე კიდევ უფრო ვცოფდები და მერე უკვე ინერციით მიდის. იქნებ, ეს უკვე ის ჩიხია, საიდანაც ვეღარ გამოვალთ?! იქნებ ჩვენმა ურთიერთობამ ყველა რესურსი ამოწურა? არ მინდა, ოჯახი დამენგრეს. ორი შვილი გვყავს და ბავშვები ჭკუას კარგავენ მამაზე. როგორ დავამთავრო ეს ომი, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება.
– გიყვართ ქმარი?
– რადგან მისი დაკარგვის შიში მაქვს, ესე იგი, მიყვარს. იქნებ, როგორმე ვისწავლო პრობლემებზე მშვიდად საუბარი? თუმცა, კონკრეტულად რა პრობლემა გვაქვს, ვერ ვხვდები. მუდმივად კომპრომისის რეჟიმში ვიყო? – ისედაც, სულ მე ვთმობ და მერე ხომ მთლად „კრიმინალად“ გამომიყვანს. არადა, არ მინდა, ჩვენს სკანდალებს ბავშვები რომ უყურებენ. მომენატრა თბილი, ოჯახური საღამოები. იქნებ, ისევ ვიღაც ჰყავს? რატომ იქცევა ჩვენი ნებისმიერი კამათი ნამდვილ ტრაგედიად?! მინდა, ერთხელ მშვიდად დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, გავარკვიო ისევ ვუყვარვარ თუ არა, მაგრამ მეშინია...