კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შარშან შობის დღეს უბედნიერესი ქალი გავხდი

ყველა საეკლესიო დღესასწაული მიყვარს, განსაკუთრებით კი შობაზე ვგიჟდები. გარდა იმისა, რომ შობა ისედაც უდიდესი და უბრწყინვალესი დღეა, მასთან არის დაკავშირებული ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც ქალის ყველაზე დიდი ბედნიერება – შარშან 7 იანვარს გავხდი დედა. მართალია, შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და ეკლესიურად ეს, მსუბუქად რომ ვთქვა, ნებადართული არ არის, რასაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან განვიცდი, მაგრამ, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ასაკში (38 წლის ვარ) მომეცა საშუალება, გამეჩინა შვილი იმ ადამიანისგან, რომელიც ლამის ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ, ვერასდროს ვუბედავდი ამის თქმას, თვითონ კი ვერ ხვდებოდა და ყურადღებას არ მაქცევდა; მგონი, ქალად არც კი აღმიქვამდა, მიუხედავად იმისა, რომ უშნო და მახინჯი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ყოველთვის ზედმეტად მორიდებული და არააქტიური ვიყავი, ასეთებს კი ბიჭები ვერასდროს ამჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ უბანში გავიზარდეთ და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, ძალიან იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე მასთან ერთად თავშეყრის ადგილებში. მაშინაც სწორედ ასეთი შემთხვევითობის წყალობით, ერთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე აღმოვჩნდით ერთად. უკვე ბავშვები აღარ ვიყავით, მაგრამ, ისე მოვილხინეთ ყველამ, რომ თავზე დავიმხეთ ყველაფერი. მე სითამამისთვის ცოტა დავლიე და საკუთარ თავს აღარ ვგავდი. ისეთი აქტიური და მხიარული ვიყავი, თვითონ მიკვირდა. ბავშვობიდან კარგად ვცეკვავდი და ვმღეროდი, მაგრამ, არასდროს არსად არ მიმღერია და მიცეკვია, იმ დღეს კი, რომ იტყვიან, ავიწყვიტე. ჰოდა, სწორედ ამიტომაც მივიქციე მისი ყურადღება. მთელი საღამო მხოლოდ ჩემთან ცეკვავდა და სახლში გაცილებაც შემომთავაზა. მე უკვე აღარ ვეკუთვნოდი საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, რითაც დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაინც დავთანხმდი. სადარბაზოსთან რომ მიმიყვანა, მთხოვა, შენთან ამოვალო და ამაზეც დავეთანხმე. იმან არ იცოდა, რომ მარტო ვცხოვრობდი, მაგრამ, მე ხომ ვიცოდი?! მერე კი მოხდა ის, რაც, როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ფილმებშია ხოლმე. ჩვენ მხოლოდ ორი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი ის გერმანიაში წავიდა. მართალია, ტელეფონის ნომერიც დამიტოვა და ხანდახან მირეკავდა კიდეც, მაგრამ, არ მითქვამს, ორსულად რომ  ვიყავი – არ მინდოდა, ეფიქრა, რომ ბავშვის გაჩენა მის გამოსაჭერად და ხელში ჩასაგდებად მოვინდომე. მან დღესაც არ იცის, რომ ჩვენი შვილი წელს, 7 იანვარს, ერთი წლის ხდება. მას შემდეგ არც ჩამოსულა საქართველოში, მაგრამ, გავიგე, რომ ახლა, ძველით ახალ წელს აპირებს ჩამოსვლას, თუმცა, გავიგე კი არა, თვითონ დამირეკა და მითხრა, ჩამოვდივარო. რადგან დამირეკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ნახვას აპირებს, მე კი არ ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება, არც კი დამიჯეროს, რასაც ვეტყვი, ან, იქნებ, პირიქითაც მოხდეს – გამიგოს და ჩვენთან ერთად მოინდომოს ცხოვრება?!

ლიკა, 38 წლის.

 

ცოლის გული ვერაფრით მოვიგე

შობა-ახალი წელი, ალბათ ყველასთვის, სიკეთესთან, სიხარულთან, ბედნიერებასთან და, რა თქმა უნდა, საჩუქრებთან ასოცირდება. ამ დღეებში რატომღაც, ყოველთვის ო’ჰენრის „მოგვთა საჩუქარი“ მახსენდება და ყოველთვის ვცდილობ, ცოლისთვის ისეთი საჩუქარი შევარჩიო ხოლმე, ძალიან რომ გაუხარდება, ძალიან რომ მოეწონება და თან გამოიყენებს კიდეც. უკვე რამდენიმე წელია, არც ერთი სულ უმნიშვნელო თარიღიც კი არ გამომიტოვებია, საჩუქარი რომ არ მიმერთმია, მაგრამ, იშვიათად გამოუხატავს კმაყოფილება და მაშინაც მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელებულა მისი სიხარული, მერე კი უცბად ჰბეზრდებოდა ხოლმე. ყვავილებზე, სუნამოებსა და ცნობილ ბრენდებზე აღარაფერს ვამბობ, ავსებული მყავს უძვირფასესი სამკაულებით, რამდენჯერმე სამოგზაუროდ წავიყვანე ხან გემით, ხან თვითმფრინავით, ხან მანქანით, მაგრამ, ყველაფერი ეცოტავება. ცხადია, იცის, რომ მდიდარი ვარ და მისი საჩუქრებისთვის ფულის სესხება არ დამჭირდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამიწუნოს და ბოლოს მაინც უკმაყოფილო დარჩეს?! სხვათა შორის, თვითონ არც არასდროს უფიქრია, რომ, შეიძლება, მეც გამიხარდეს თუნდაც ყველაზე უბრალო, სიმბოლური საჩუქარი. დაბადების დღეც მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომილოცა: „გილოცავ. თეა“. არადა, თვითონ ისეთ ხელმოკლე ოჯახშია გაზრდილი და-ძმას ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა და საჭმელი ენატრებოდათ. ავტობუსშიც კი არ ჯდებოდა არც ერთი (ფეხით დადიოდნენ), რადგან, მგზავრობის ფულიც კი არ ჰქონდათ. რაც მე გამიცნო, მას შემდეგ კი ყოველ თვეში ახალ მანქანას მთხოვს. ფულის გასაჭირი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, როკფელერი ხომ არ ვარ. მე და მამაჩემს სერიოზული ბიზნესი გვაქვს და, მარტო ჩვენი ოჯახი კი არა, ჩვენი ახლობლებიც კარგად იყვნენ ჩვენი წყალობით, მაგრამ, რაც თეა შევირთე, ყველას დახმარება ამიკრძალა – ყველაფერი თავისთვის უნდა. დედამისს ფულს რომ ვაძლევ, იმასაც კი დასტყუებს ხოლმე, თვითონ ხომ ისედაც ყოველდღე მართმევს საკმაოდ სოლიდურ თანხებს. რაში ხარჯავს, წარმოდგენა არ მაქვს. რამეს რომ მოინდომებს, მაქსიმუმ მეორე დღეს თუ არ მივუტანე, ჯერ მებუტება, მერე კი ისეთ ისტერიკებს მიწყობს, ჩემი მშობლების მრცხვენია. ორივეს ვატყობ, რომ უკვე გაძლებაზე არიან, ძლივს იკავებენ თავს, რომ სახლიდან არ გაგვყარონ. ამას წინათ ორივე ძალიან მკაცრად მელაპარაკა ცალ-ცალკე. მამაჩემმა შეურაცხყოფაც კი მომაყენა – ქალმა ასე როგორ უნდა „დაგაჩმოროსო“. მეც ვიცი, რომ ისე არ ვიქცევი, როგორც საჭიროა და თავზე დავისვი ცოლი, მაგრამ, ისე მიყვარს, თავს ვეღარ ვერევი; მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის კანონია და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იმისთვის გავჩნდი, რომ მისი გაუთავებელი და ამოუწურავი სურვილები ვასრულო. დედაჩემმა მითხრა, ნამდვილად ჯადო გაგიკეთა მაგ გოგომ, ალბათ, ვირის ტვინი გაჭამაო. არ ვიცი, რა მაჭამა, მაგრამ, სიტუაციას რომ ვეღარ ვაკონტროლებ, ცხადია. ზუსტად ვიცი, ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება, მაგრამ, უძლური ვარ, რამე შევცვალო. ახლა საშობაოდ ისეთი მანქანა ვუყიდე, როგორზეც ოცნებობდა. ერთადერთი, იმაზე მეთანაღრება გული, ვაითუ ფერი დამიწუნოს, მას რომ უნდოდა, იმ ფერის არ იყო და, შეიძლება, საყვედური მითხრას.

ვიცი, ვინც ამ წერილს წაიკითხავს, კარგადაც გამლანძღავს და იმასაც იტყვის, ამ შობის დღეებში მაინც რატომ გვიშლის ნერვებს, ერთი ქალი თუ ვერ მოუყვანია ჭკუაზე, ჩვენ რაღას გვერჩის და, საერთოდაც, რატომ მოთქვამს ასე საქვეყნოდო, მაგრამ, მკითხველთან მაინც რომ არ დავცლილიყავი, არ შემეძლო, რადგან, ვერავის ვერაფერს ვეუბნები – მეშინია, არ დამცინონ. თუმცა, ვიღამ უნდა დამცინოს, მშობლებს ვეცოდები, ძმაკაცები კი იშვიათად მეხმიანებიან – აღარ უნდათ ჩემნაირ არანორმალურთან ურთიერთობა, რადგან, სულ ცოლის საჩუქრებზე დავრბივარ, სულ მასთან მეჩქარება და მასზე ვლაპარაკობ. ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა, ეგებ ცოტა შვება მეგრძნო, ან, თავმოყვარეობა გამღვიძებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერ ცვლილებას ვერ ვატყობ საკუთარ თავს. ვნახოთ, ეგებ, თანდათანობით მეც მოვიდე აზრზე.

თემური, 29 წლის.

скачать dle 11.3