როგორ შეიქმნა „იუთუბი” და რამდენ მილიარდ დოლარად გაყიდა ის მისმა ავტორმა ჩად ჰერლიმ
ცნობილი ფაქტია, რომ თავისი კომპანია „მაიკროსოფტი” მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა, ბილ გეითსმა 20 წლის ასაკში დააარსა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ცდილობს, მიჰბაძოს გეითსს და მისი ცხოვრებისეული გზის მაგალითით საკუთარი იდეების განხორციელება მოახერხოს. ზოგს ეს საქმე გამოსდის, ზოგი კი ადრეულ ეტაპზევე ანებებს თავს. გთავაზობთ ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებულ ბიზნესმენთა ხუთეულს. მათ საკუთარი ბიზნეს-იმპერია 30 წლის ასაკამდე შექმნეს და დღეს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ინტერნეტ-მილიონერები არიან.
მეთ მულენვეგი
28 წლის ამერიკელი მეთ მულენვეგი არ მუშაობს და დროის უმეტეს ნაწილს საქსოფონზე დაკვრასა და ბლოგის წერაში ატარებს. ეს იმიტომ, რომ მან 19 წლის ასაკში მოახერხა იმის შექმნა, რამაც დიდი როლი ითამაშა ინტერნეტი პოპულარული გაეხადა და რის გარეშეც დღეს ის წარმოუდგენელია, როგორც ამერიკელებისთვის, ასევე ევროპელებისთვის. მულენვეგმა „ვორდპრესი” – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კითხვადი უფასო საბლოგერო სისტემა შექმნა. სწორედ მულენვეგის შექმნილ სერვისზეა აწყობილი ინტერნეტ-დღიურების უმეტესობა მსოფლიოში. ამ საქმემ მას დიდი აღიარება და წარმატება მოუტანა, რამაც მისი კაპიტალიც მნიშვნელოვნად გაზარდა. დღევანდელი მონაცემებით „ვორდპრესის” სისტემაზე ყოველი მეექვსე ინტერნეტ-საიტი მუშაობს – დაახლოებით, 60 მილიონი საერთო ჯამში. მულევენგი ინტერნეტ-სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. პირველი შეხება ინტერნეტთან მას 12 წლის ასაკში ჰქონდა, ხოლო პირველი ბლოგი 18 წლის ასაკში შექმნა, როცა ვაშინგტონში ექსკურსიის ფოტოები განათავსა. საგულისხმოა, რომ, „ვორდპრესის” პოპულარობის მიუხედავად, მულენვეგი ჯერჯერობით არ ფლობს მილიარდიან კაპიტალს, თუმცა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მისი კომპანია გათვლას სარეკლამო ბაზარზეც გააკეთებს და „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში კიდევ ერთი ახალგაზრდა ინტერნეტ-მილიარდერი გამოჩნდება.
მარკ ცუკერბერგი
27 წლის მარკ ცუკერბერგმა შექმნა სოციალური ქსელი „ფეისბუქი”. ბრწყინვალედ გამოიყენა უზარმაზარი ტრაფიკი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი პლანეტაზე. ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მარკს აზრად მოუვიდა, გაეკეთებინა საერთო ბაზა სტუდენტებისთვის, სადაც მათ შეეძლებოდათ ფოტოსურათებისა და ინფორმაციის განთავსება. ცუკერბერგის იდეას უმიზეზოდ ეწინააღმდეგებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ამის საპირისპიროდ მარკმა უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის საიტი გატეხა და საკუთარი ფოტოსურათი განათავსა. თავისი ბაზა შექმნა და სხვა სტუდენტების ფოტოებიც განათავსა. მარკის ამ ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სკანდალი აგორდა და ცუკერბერგი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საშიშროების წინაშე დადგა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მხოლოდ საიტის დახურვით დამთავრდა. ინტერნეტ-რესურსმა მცირე ხანი იარსება და სტუდენტები იმდენად დაინტერესდნენ ამ ნოუ-ჰაუთი, რომ ახალი საიტის გახსნას ითხოვდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საკუთარი რესურსი ცუკერბერგს დაუთმო და 2004 წელს ოფიციალურად ამოქმედდა სოციალური ქსელი „ფეისბუქი”. ძალიან მალე „ფეისბუქი” ჰარვარდის უნივერსიტეტის საზღვრებს გასცდა და ამჟამად მსოფლიოში ნომერ პირველი სოციალური ქსელია. მარკ ცუკერბერგი კი, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს მან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა კაპიტალის რამდენიმე მილიარდიანი კლებით, ინარჩუნებს პოზიციას მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში.
ეშლი კოულსი
22 წლის ამერიკელმა ეშლი კოულსმა 14 წლისამ გახსნა საიტი „უოთევერლაიფსი” და 17 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო. სკოლაში სწავლის პერიოდში ეშლი გრაფიკულმა დიზაინმა გაიტაცა და სოციალურ ქსელ „მაისფეისზე” გვერდების დიზაინს ქმნიდა. 2004 წელს მან შექმნა საიტი „უოთევერლაიფსი”, რომელზეც საკუთარი ნაშრომების განთავსება დაიწყო. სულ მალე პორტალმა ათასობით ადამიანი მიიზიდა და სარეკლამო ბიზნესიც დააინტერესა. პირველი სამი სარეკლამო ბანერის განთავსებისთვის ვებ-გვერდზე ეშლიმ 20 ათასი დოლარი მიიღო. შვილის საქმიანობით დედა დაინტერესდა და საიტის გახსნიდან რამდენიმე თვეში, ეშლიმ გვერდების დიზაინის შექმნაში თავისი სამი საუკეთესო დაქალი და მშობელი დედა ჩართო. საიტზე ათიათასობით ნაშრომია განთავსებული და მას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ნახულობს. ამჟამად „უოთევერლაიფსზე” შესაძლებელია თემებისა და დესკტოპების გადმოწერა „ტვიტერისთვის” და „აიფონებისთვის”. ეშლი კოულსი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მილიონერად ითვლება, რომელიც ახლო მომავალში „ფორბსის” რეიტინგშიც გამოჩნდება.
სუხას გოპინატი
26 წლის წარმოშობით ინდოელმა სუხას გოპინატიმ რვა წლის წინ დააარსა ვებ-გადაწყვეტილებების კომპანია „გლობალ ინკი”. კომპანია სპეციალიზებულია ვებ-მოწყობილობების, სკოლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის, ვებ-დიზაინისა და აუტსორსინგული მომსახურების უზრუნველყოფაზე. კომპანია „გინესის წიგნის” რეკორდსმენია, რადგან მისი მფლობელი 14 წლის იყო, როცა ამ საქმით დაინტერესდა და კომპანიის დაარსების საქმეში მას სკოლიდან სამი მეგობარი დაეხმარა. თავდაპირველად, კომპანიის პოტენციური კლიენტები სკეპტიკურად უყურებდნენ ახალგაზრდა ვებ-ოსტატის წამოწყებებს. თუმცა, მალევე დარწმუნდნენ მის პროფესიონალიზმში და ამჟამად „გლობალ ინკი” მსოფლიო დონის, ტრანსნაციონალური IT კომპანიაა. მისი ოფისები მსოფლიოს 11 ქვეყანაშია რეგისტრირებული და წლიური მოგება 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჩად ჰერლი
ამერიკელი ჩად ჰერლი 35 წლისაა და მას თავისუფლად შეუძლია ისე გაატაროს დარჩენილი სიცოცხლე, ერთი დღეც არ იმუშაოს და ამის მიუხედავად, ყველაფერი ჰქონდეს. 2006 წელს ჩად ჰერლიმ თავის კომპანიონ სტივენ ჩენთან ერთად, კომპანია „გუგლს” 1,65 მილიარდ ამერიკულ დოლარად მიჰყიდა თავისი ქმნილება – ამჟამად მსოფლიოში ნომერ პირველი ვიდეო-ჰოსტინგი, სუპერ-პოპულარული ინტერნეტ-პორტალი „იუთუბი”. ჩადი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო გატაცებული კომპიუტერებით და ახალი ტექნოლოგიებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი იმდენად გაიტაცა ინტერნეტ-დიზაინერობამ, მთელ დღეებს ინტერნეტში ატარებდა და სხვადასხვა საიტების დიზაინზე მუშაობდა. მაგალითად, კომპანია „ფეიფალის” ლოგო და ინტერნეტ-გვერდის დიზაინი მისი ნახელავია. არსებობს ლეგენდა, თუ როგორ შექმნა ჩად ჰერლიმ კომპანია „იუთუბი”. 2005 წლის იანვარში ჩადი ინტერნეტის საშუალებით ცდილობდა, გადაეგზავნა მეგობრისთვის მობილურ ტელეფონზე ჩაწერილი ვიდეორგოლი. თუმცა, გადაგზავნა არ გამოვიდა და მან გადაწყვიტა, ინტერნეტში ვიდეორგოლების განთავსებისთვის სპეციალური საიტი გაეხსნა. ასე გაიხსნა „იუთუბი”, რომლის ინტერფეისი, ლოგო და საიტის დიზაინი მთლიანად ჩად ჰერლის დამსახურებაა. ცნობისთვის, „იუთუბიზე” პირველი რეკლამის განთავსებას ჩად ჰერლიმ განცხადება მოაყოლა, რომ ეს გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთა – არ გააჩნდა თანხა, რომ კომუნალური გადასახადები დაეფარა. თავდაპირველად, „იუთუბი” არ იყო გათვლილი კომერციაზე, თუმცა გახსნიდან რამდენიმე თვეში, თავის მფლობელებს უკვე მილიონობით დოლარის მოგებას აძლევდა. ამჟამად ჩად ჰერლი პროგრამისტებისთვის სპეციალური ტანსაცმლის დიზაინის შექმნაზე მუშაობს.