რა ხდება მაშინ, როცა ჯეი.ბი საკუთარ თავთან მარტო რჩება და ვინ დაარქვა მას „შავი მარგალიტი“
გიორგი ჯებისაშვილი იგივე „შავი მარგალიტი”, 18 წლის დიზაინერი ჯეი.ბი, თავისი ექსტრავაგანტური და არაორდინარული ჩაცმის სტილით ყოველთვის იწვევს საზოგადოების გაოგნებას, თუმცა, ეს სულაც არ არის მისი იდეაფიქსი. ის „პეფსის” რეკლამასავით არის: „მე მინდა ვიყო პიროვნება და ვაკეთებდე იმას, რაც სწორად მიმაჩნია.“ ერთი შეხედვით ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე უფრო ადვილად მოირთვება, ვიდრე ჯეი.ბი, მაგრამ, ეს მისთვის იმდენად ყოველდღიური რიტუალია, რომ ურთულეს კონსტრუქციასაც კი ერთი ხელის მოსმით ქმნის. ამბობს, რომ ხალხის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ, საკუთარი – უფრო მეტად.
– ჯეი.ბი, მოდი, ბავშვობიდან დავიწყოთ: მომიყევი, როგორ გარემოში იზრდებოდი?
– ჩემს ირგვლივ ყველა გემოვნებით იცმევდა, მათ შორის – ოჯახის წევრები. ყოველთვის რაფინირებულ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა და ამან განაპირობა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ბავშვობაშიც ყველასგან გამოვირჩეოდი ჩაცმის სტილითა და გემოვნებით, ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მეცვა.
– შენი მშობლების დამოკიდებულება როგორი იყო, როცა ასეთ გამოწყობილს გხედავდნენ?
– მეც რომ მყავდეს შვილი, რომელიც ასე უცნაურად ჩაიცვამდა, გამიკვირდებოდა, მით უფრო, თუ ხელოვანი არავინ გყავს სანათესაოში. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ყურადღების მიქცევის მიზნით ვაკეთებდი ამას და დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ, უბრალოდ, ასეთია მათი შვილი და ამას ვერ გაექცევიან; ამიტომ, მიმიღეს ისეთი როგორიც ვარ.
– მამის მხრიდან არ იყო აგრესიული დამოკიდებულება შენ მიმართ?
– არანაირად. საბედნიეროდ, ძალიან ცივილური მშობლები მყავს და, რომ არა მათი ასეთი მიდგომა და ხელის შეწყობა, შეიძლება, მე დღეს დეგრადირებული ადამიანი ვყოფილიყავი. ვიქნებოდი ორ უკიდურესობაში საკუთარ თავსა და სოციუმს შორის, მშობლები კი დამეხმარნენ, საკუთარი თავი მეპოვა. ის კი არა, ზოგჯერ დედა იმასაც მეუბნება, რომ გემოვნება მისგან გამომყვა და ამით ამაყობს.
– ყურადღების ცენტრში ყოფნის მიზნით ხომ არ აკეთებ ყველაფერ ამას?
– აი, სწორედ აქ ცდებიან ადამიანები. ბევრისგან მსმენია იგივე აზრი, მაგრამ, მგონია, როცა ვინმე ამისთვის აკეთებს რამეს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს. ადვილია ძალით შექმნილი იმიჯის ამოცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყოველივე ძალიან სასაცილო იქნებოდა. თანაც, არა მგონია, ნორმალურ ადამიანს პოპულარობის გამო თავში აზრად მოუვიდეს, თავზე ჩირაღდანანთებულმა იაროს. მინდა გითხრათ, რომ ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ჩემს ვიზუალსა და ჩაცმის ამგვარ სტილს გაეღიზიანებინოს. ცოტა ამბიციური ნათქვამი გამომივა, მაგრამ, ბრილიანტი ტალახშიც რომ ჩააგდო, მაინც გაანათებს. ასე რომ, მე ტომარაც რომ ჩამოვიცვა, მაინც შესამჩნევი ვიქნები და დამატებითი აქსესუარები აღარ მჭირდება. თანაც, არა მგონია, ღამის 2 საათზე მეგობართან რომ მიხვალ სტუმრად, ასეთი მოკაზმვით მისი ყურადღების მიქცევა გჭირდებოდეს.
– შენ დიზაინერი გქვია, თუმცა, არც ერთი ჩვენება არ გქონია, რატომ?
– არა, მე არ მიმაჩნია თავი დიზაინერად. საზოგადოება რას მიწოდებს – სხვა საკითხია, მაგრამ, მე ჩემს თავს ხელოვანად უფრო მივიჩნევ, ვიდრე დიზაინერად, რადგან, დიზაინერი ჩემთვის უმაღლესი რანგის შეფასებაა. სამწუხაროდ, ყველა მკერავი დიზაინერის სტატუსს იკრავს, მაგრამ, ის, რომ ვიღაცას ლამაზი წელის გამოყვანა შეუძლია, სულაც არ ნიშნავს, რომ მაღალ მოდას ქმნის. მე ვარ ხელოვანი ადამიანი, რომელსაც მაქვს სილამაზისა და ესთეტიკის ჩემი აღქმა, ნიჭი, რომელიც ღმერთმა მარგუნა.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქარია?
– ასე არ ვფიქრობ, ამას ჩემი გარეგნობა ამტკიცებს. სხვათა შორის, სხვებისგან განსხვავებით, ამ საჩუქრისთვის ხელი არ მიკრავს, სწორად შევაფასე, დავინახე და მივიღე ეს საჩუქარი. თუმცა, შეიძლება, სხვას ჩემს ადგილას ჩაეთვალა, რომ ეს სასჯელია და ხელი ეკრა. წარმოიდგინეთ, ახლა მე რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდიოდე, ვებრძოდე და ამის გამო ბოტასები და ფეხბურთის „მაიკა“ მეცვას, ხომ ერთი სული მექნებოდა, სახლში მივსულიყავი, გამეხადა და ჩაკეტილ ოთახში ჩამეცვა ისე, როგორც ახლა მაცვია?! ამით ხომ თავს დავიტანჯავდი და მეტი არაფერი?!
– ანუ, მიგაჩნია, რომ ვისაც რა ანიჭებს სიამოვნებას, იმას უნდა აკეთებდეს?
– რა თქმა უნდა. სამწუხაროა, რომ ადამიანები საზოგადოების მასის გავლენის ქვეშ ვექცევით, უფრო მეტს ვფიქრობთ მათზე, ვიდრე საკუთარ თავზე, ან, ვიდრე ისინი ფიქრობენ ჩვენზე. გააკეთეთ ის, რაც გსურთ, უბრალოდ, ჯერ ისეთები უნდა იყოთ, რომ სურვილი შეგეძლოთ.
– რა გაქვს ისეთი, რაც, არათუ აღიზიანებს, პირიქით, ზედმეტად დადებითადაც კი განაწყობს ადამიანებს შენ მიმართ?
– ბუნებრივი ვარ, არ ვთამაშობ და, უპირველეს ყოვლისა, არ ვცდილობ საკუთარი თავის მოტყუებას. ყველაფერი ჩემია, მე ვარ ჯეი.ბი, და არა „სვეცკი” დიზაინერი გიორგი ჯებისაშვილი. თქვენ სახლიდან ტრუსებით ხომ არ გამოდიხართ? ჩვეულებრივ, იცვამთ ტანსაცმელს, თმას ივარცხნით და ისე გადიხართ – აი, ასეთივე ბუნებრივი პროცესია ჩემთვის. ასეთი ჩაცმა სადღესასწაულო დღეებად არ მაქვს დაყოფილი. შესაძლოა გაზეთების ჯიხურში ჩასვლის დროს სანთელდანთებული შანდლები არ დავიდგა თავზე, მაგრამ, ჩემთვის ჩვეულებრივი ჩაცმა სხვისთვის არაჩვეულებრივად ჩანს.
– ეს ხომ არ არის პროტესტის გამოხატვის შენეული ფორმა, თუნდაც ხელოვნების მიმართ?
– გარკვეულწილად – კი, მაგრამ, უფრო მეტი პროტესტი მაქვს იმის მიმართ, რასაც ვიღაცეები ხელოვნებას უწოდებენ და დამახინჯებული ფორმებით გადმოგვცემენ. დღეს უნიჭო შემოქმედების ბუმია საქართველოში და გული მწყდება, რომ ჭეშმარიტ ხელოვნებას ვერ თუ არ აფასებენ.
– შეიძლება, ახლა რომელიმე მკითხველმა, რომელიც ზის სოფელში და ცომის აფუებამდე კითხულობს ამ ინტერვიუს, დახედოს შენს ფოტოს და თქვას, რომ სწორედ შენ ამახინჯებ ხელოვნებას.
– რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც გამაკრიტიკებენ და, ის, რაც მე მაცვია, მათთვის სულაც არ არის ხელოვნება, მაგრამ, სინამდვილეში ხომ ეს ჩემი სულის გამოძახილია, რომელსაც ვერასოდეს გაიგებს ის კატეგორია, ვისაც არასდროს მოუსმენია თავისი სულიერებისთვის, ვისთვისაც „იავნანასავით“ არის ალკოჰოლით გაჟღენთილი ქმრის გინება დილას, შუადღესა და საღამოს. ხელოვნება თავისი სინამდვილით ფასობს, რომელიც თავისთავად, გაუაზრებლად იმორჩილებს ადამიანს. მე ნამდვილი ვარ და ჩემი გულწრფელობით ვიმორჩილებ მათ.
– სახლიდან რომ გამოდიხარ ასეთი მორთულ-მოკაზმული, რას გეუბნებიან მშობლები?
– დიდი ხანია, მათ ამაზე რეაქცია აღარ აქვთ. მთავარია მე მათთან არ ვარ ყალბი, არ ვატყუებ და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.
– კახეთში გეტყოდნენ: როგორ დადიხარ, შვილო, პატრონი არ გყავ, რომ თოფი დაგცეს?
– (იცინის) საბედნიეროდ, ვიცი შენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და, ზუსტად ვხვდები, ამას იმიტომ მეუბნები, რომ რეალურად მართლა ასეა და ასე მეტყოდნენ, თანაც – კახეთში, მაგრამ, არანაირად არ მწყინს. პირიქით, ის გამიკვირდებოდა, ვენახში მომუშავე გლეხმა მითხრას, როგორ ექსტრავაგანტურად გაცვიაო. ჩემთვის მიუღებელია ადამიანი, რომელიც არ იწესრიგებს საკუთრ თავს, თუმცა პირველ ყოვლისა, ჯერ შინაგანი უნდა მოიწესრიგო და შემდეგ აისახება ეს გარეგნულზეც. ღმერთმა ადამიანს ერთი – საკუთარი თავი ჩააბარა, რომელსაც უნდა მოვუაროთ როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. ყველა თავისებური ადამიანია, თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვთ და ყველას გვაქვს რაღაც ჩარჩოები, რომელშიც ვექცევით. ყველაზე უჩარჩოებო ადამიანად ვჩანვარ, მაგრამ, ამ დროს, ყველაზე დიდ ჩარჩოში მე ვარ ჩასმული, ოღონდ, ჩარჩოში, რომელიც არ ჰგავს სხვების ჩარჩოს, უბრალოდ, ჩემი განსხვავდება.
– გგონია, რომ შენი არსებობით აწუხებ საზოგადოებას?
– პირიქით, ისინი მაწუხებენ მე (იცინის). ზოგისთვის „მონა ლიზა” ჩვეულებრივი ნახატია.
– ანუ, შენ მათთვის ზედმეტი ხარ?
– მგონია, რომ ისინი არიან ჩემთვის ტვირთნი. ადამიანები ხომ ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლები არიან?!
– შენ კი – თითის ანაბეჭდივით ინდივიდუალური?
– აბსოლუტურად ასეა. ზოგჯერ მგონია, რომ მე მათ ხელს ვუშლი, თუმცა ისინი მზეს მე მიჩრდილავენ.
– მოდი, ჩვენ არ ჩამოვეფარებით მზეს და აღარ შეგიშლით ხელს. მითხარი, როცა საკუთარ თავთან რჩები მარტო, მაშინ რა ხდება?
– ეს არავინ იცის და არც არის საჭირო, იცოდეს, როცა ბალიშზე თავს ვდებ და სრულიად მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, რა ხდება მაშინ. უმრავლესობის პრობლემა სწორედ ის არის, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უჭირთ, ვერ უტყდებიან სიმართლეში და რეალობას თვალს ვერ უსწორებენ. თუ ადამიანი შეძლებს, რომ საკუთარ თავთან აღიაროს და დაინახოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, მაშინ ძალიან ბევრ პრობლემას გადალახავს ცხოვრებაში.
– აღმოჩნდა, რომ შენ არ ხარ მხოლოდ თავზე ბუმბულწამოცმული ადამიანი, ამის პარალელურად, საკმაოდ ფილოსოფიურად განიხილავ შენი პიროვნების არსებობას.
– ზოგადად, ბევრს ვფიქრობ. არ არსებობს, ღამით დავწვე და ჩვეულებრივად დავიძინო. ზოგჯერ ფიქრებში დამთენებია და, მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო ფსიქოთერაპიაა. ბევრი ფიქრი ზრდის ადამიანს. ამ ფიქრებში ვეკამათები საკუთარ თავს, ჭიდილი მაქვს საკუთარ „მესთან“, ხშირად მიპოვია პასუხები ჩემსავე დასმულ კითხვებზე და, ასევე, პასუხგაუცემელი კითხვებიც დამრჩენია.
– შენს განათლებაზე არაფერი გითქვამს. სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?
– ამჟამად კერძო პედაგოგებთან ვემზადები. მომავალ წელს საფრანგეთში, მარანგონის კოლეჯში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ეს არის მსოფლიოში ძალიან ცნობილი იტალიური კოლეჯი, რომლის ერთ-ერთი ფილიალი საფრანგეთშია.
– La Perle Noire ფრანგულად „შავ მარგალიტს“ ნიშნავს. ვინ შეგარქვა ეს სახელი?
– ეს არის ჩემთვის პატივსაცემი ფრანგი მოდის კრიტიკოსი, რომლის სიტყვასაც წონა აქვს და ცნობილი დიზაინერები მის აზრს ყოველთვის იზიარებენ. მისი ეს შეფასება ჩემთვის უდიდესი პატივია და სწორედ მან მოახდინა გარდატეხა ჩემს შემოქმედებით აზროვნებაში. სიტყვამ – „შავი მარგალიტი” – კონტურები შემოავლო და მკაფიო გახადა ჩემი სტილი.
– ძირითადად, ყოფითი ცხოვრებისთვის მოუხერხებელ ტანსაცმელს იცვამ. ახალი წლის დღეები როგორი კოსტიუმებით გაატარე?
– ჩემთვის აბსოლუტურად მოსახერხებელია ჩემი ყველა ტანისამოსი. ყოველთვის სიტუაციის შესაფერისად ვიცვამ და, შესაბამისად ახალი წლის დღეებშიც ღონისძიებების მიხედვით ვიკაზმები. რადგან ახალი წელია, იმას არ ნიშნავს, რომ თავზე ნაძვის ხე დავიდგა და ისე ვიარო (იცინის).