რა შანსი ეძლევა ქართველ მოდელს, გიორგი ჯავახიშვილს, რომელიც „დიორის“ შოუ-რუმზე საფრანგეთში მიემგზავრება
სამოდელო სააგენტო Look Models-ის 19 წლის მოდელი, გიორგი ჯავახიშვილი, სულაც არ იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველოში, კერძოდ, კი სააგენტოში, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მამაკაცი მოდელების ნაკლებობაა. მას ეს პროფესია ძალიან მოსწონს და მზად არის, წარმატებული კარიერის შესაქმნელად. მის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი ყოფილა და ცოტა ხანში, კიდევ ერთი შანსი ეძლევა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. გიორგი იანვარში საფრანგეთში, „დიორის“ შოუ-რუმზე მიემგზავრება. რას საქმიანობს მოდელობის გარდა და რით არის დაკავებული, ამას უკვე მისივე ნაამბობიდან შეიტყობთ.
– როდის გადაწყვიტე მოდელის პროფესიას დაუფლებოდი და რამდენი ხანია, რაც სამოდელო სააგენტო Look Models-ში ხარ?
– 6 თვეა, რაც ამ სააგენტოში ვარ და 3- წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. მანამდე სხვადასხვა სააგენტოში ვიყავი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებში, რამდენიმეში წარმატებასაც მივაღწიე, თუმცა შემდეგ კრახით დასრულდა.
– კრახით რატომ?
– რაღაცეები მოხდა, რამაც წარმატება კრახით შეცვალა. რაც შეეხება Look Models-ს, ძალიან მომწონს. ის ერთ-ერთი საუკეთესო სააგენტოა საქართველოში. ნინო ცქიტიშვილი – ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, ამ სფეროში განვითარების საშუალებას გაძლევს. ეს სფერო კი პირადად მე, ძალიან მიყვარს.
– საქართველოში მამაკაცი მოდელების ნაკლებობაა.
– არც ისე ნაკლებობაა. მაინც საქართველოა და სხვა სააგენტოებში მამაკაცი მოდელები ვერ ვითარდებიან. ჩვენს სააგენტოზე კი ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ნინო გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა ქვეყნებში წავიდეთ სამუშაოდ. სწორედ ამიტომ, Look Models-ში, მამაკაცი მოდელების ნაკლებობას ვერ ვგრძნობთ.
– მალე საქართველოდან საფრანგეთში მიემგზავრები.
– თბილისში ერთ-ერთ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, სადაც შოთიკო ბოჭორიშვილის სიმპათია გავხდი. ასევე, მივიღე სხვადასხვა პრიზი და გავედი მეორე ადგილზე. შემოთავაზება მივიღე რუსა მარგველაშვილისგან, რომ გავემგზავრო საფრანგეთში და „დიორის“ შოუ-რუმზე გამოვიდე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რუსას და ნინოს. მართალია „დიორის“ შოუ-რუმზე მივდივარ, მაგრამ იქ იქნება ისიც, ვინც ამჟამად „ივ სენ ლორანს“ ხელმძღვანელობს. შანსი მეძლევა და რომელიც ამიყვანს, იქნება ეს „დიორი“ თუ „ივ სენ ლორანი“ იქ ვიმუშავებ, რომ მოღვაწეობა საფრანგეთში გავაგრძელო. არ ვფიქრობ, რომ ჯერ წარმატებას მივაღწიე, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია ჩემთვის.
– მოდელობის გარდა, რას საქმიანობ?
– ბიზნესმენეჯმენტზე ვსწავლობ. ვმუშაობდი ტელევიზიაში, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო წამოვედი. ასევე, ვმუშაობდი ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. 15 წლის ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ შარდენზე ბარმენი ვიყავი. დედა დიდი ხანია, საბერძნეთშია, რომელიც დღემდე ძალიან მენატრება. მამაჩემს საკუთარი ბანკი ჰქონდა და დაუხურეს. მამამ ახალი ბიზნესი დაიწყო, მე კი სახლიდან წამოვედი და მუშაობა დავიწყე. მართალია, მამას ახლაც აქვს თავისი ბიზნესი, მაგრამ ისეთი ძლიერი აღარ არის ჩვენი ოჯახი, როგორიც ადრე იყო.
– სახლიდან რატომ წამოხვედი?
– მინდოდა მემუშავა, თან მესწავლა. ჩემი ოცნება იყო, საკუთარი დანაზოგით დედას სანახავად წავსულიყავი საბერძნეთში, მაგრამ მაინც ვერ წავედი. ახლა კი ჩემი ოცნებაა, კარგად ვისწავლო, წარმატებული ვიყო და დედას გული გავუხარო. ბევრ ქართველ ბიჭს არ ვგავარ – ვაკეთებ რაც მიყვარს და მაქვს ჩემი ოცნება. მინდოდა, თეატრალურ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ ეკონომიურზე მოვხვდი. მეოთხე კურსზე ვსწავლობ და სხვათა შორის, ძალიან კარგი სტუდენტი ვარ. თან ექსტერნად მაქვს გამოცდები ჩაბარებული.
– ამჟამად მამასთან ერთად ცხოვრობ?
– არა, ახლაც სხვაგან ვცხოვრობ.
– 15 წლის ასაკი ცოტა ადრე ხომ არ არის დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად?
– პირიქით, მამაჩემს ეს მოსწონდა თავისუფალი რომ ვიყავი. ახლაც ძალიან მოსწონს ჩემი დამოუკიდებლობა და იმედი აქვს, ცხოვრებაში რაღაცას მივაღწევ. როცა ადამიანი წარმატებას საკუთარი შრომით აღწევს, სულ სხვაა.
– ჯავახიშვილი ხარ გვარად და ალბათ, გეამაყება კიდეც, ამ გვარის ხომ ბევრი ცნობილი ადამიანია.
– რა თქმა უნდა. მეამაყება რომ ივანე ჯავახიშვილის მოგვარე ვარ. მინდა, მეც მასავით მქონდეს ცოდნის ბაზა შევსებული. რასაც ვაკეთებ, სწავლას ვგულისხმობ, მიმაჩნია, რომ განვითარებული ვარ. კარგი მენეჯერი ვარ-მეთქი, ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ მენეჯერის კარგი პრაქტიკანტი ნამდვილად ვარ. იმედი მაქვს, ამ სფეროში წარმატებას მივაღწევ. მაგრამ, დღეს უმუშევარი ვარ, რაც გულს მტკენს.
– როგორ ფიქრობ, შენთან ურთიერთობა ადამიანებისთვის რთულია თუ მარტივი?
– რთული ადამიანი არ ვარ, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. ახალგაზრდულ ორგანიზაციაში როცა ვმუშაობდი, ძალიან ბევრ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა. ვეხმარებოდით მათ, ვისაც ძალიან უჭირდათ. ვეხმარებოდით პატიმრების მშობლებს, ასევე იმ ადამიანებს, გარეთ თავს რომ არ ყოფდნენ, რადგან შიშები ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. არ ვარ ბოროტი და ცივი ადამიანი. თავმდაბალი ვარ, რაც ხშირად უკვირთ. ვარ მორწმუნე.
– ალბათ, ირგვლივაც ასეთივე ადამიანები გყავს.
– ძალიან კარგი მეგობარი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს – შოთიკო ბოჭორიშვილი. მასთან ყველაფრის თქმა შემიძლია, მაგალითად, შეყვარებულებზე მოვუყვე და ასე შემდეგ. შოთიკო ყოველთვის გვერდში მიდგას. მერე მოდის სხვა ძმაკაცების ჩამონათვალი – ბექა ვარდუაშვილი, თორნიკე ხუროშვილი და ასე შემდეგ. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან. თანაც, ზუსტად ჩემნაირები არიან – სწავლობენ, ჩემსავით თავს ხრიან, სურთ, რომ რაღაცას მიაღწიონ.
– ჩემს შეყვარებულებზე ვესაუბრებიო, ახსენე. 19 წლის ასაკში ბევრი გოგონა გიყვარდა?
– მყავდა რამდენიმე შეყვარებული. ერთი გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარდა, სალომე ბერაიაა. ძალიან ლამაზი გოგოა, რომელიც სულ ოთხჯერ მყავს ნანახი და როგორ შემიყვარდა, დღემდე არ ვიცი. ახლაც მოგვწონს ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვნახულობთ. რატომ? – არ ვიცი.
– სად გრძნობ თავს ყველაზე კარგად?
– თავს ყველაზე კარგად საქართველოში ვგრძნობ. მიყვარს მისი სიწმინდე და სილამაზე. მინდა, ჩემს ქვეყანას გამოვადგე. რად მინდა სხვისი ქვეყანა ვაშენო, როცა შეიძლება საკუთარი ავაშენო. აქედან გამომდინარე, მსურს, აქ დავსაქმდე.
– შენი ინდივიდუალიზმი რაშია?
– ალბათ, შინაგანი მხარე და ადამიანებისადმი პატივისცემა. ასევე სტილი, ანუ ვიცვამ იმას, რაც მომწონს და მიხდება. თმის ვარცხნილობა, რომელიც ვფიქრობ, რომ მიხდება.
– თავად თუ ქმნი სამოსის ესკიზებს?
– კი, როგორ არა, ესკიზიც შემიქმნია და შემიკერავს კიდეც. ჩემი ხელით რამდენიმე პიჯაკიც შევკერე და ბევრსაც მოსწონდა. ჟილეტიც მაქვს შეკერილი. მერე სხვებსაც ვუკერავდი და დღესაც აცვიათ. ერთხელ ბაბუაჩემის პალტოც კი გადავაკეთე და საკმაოდ დახვეწილი დიზაინის გამოვიდა. ჯერ მე მეცვა, ახლა კი ჩემს მეგობარს აცვია. ოჯახის წევრებს უკვირდათ, რომ ვკერავდი. რას აკეთებო, მეუბნებოდნენ, მაგრამ მერე რომ ნახეს, რაც გამომივიდა, შევუქივარ კიდეც.
– კიდევ რისი ნიჭი გაქვს?
– სისუფთავის, რომელიც ძალიან მიყვარს. შემიძლია, სახლი თვითონ დავალაგო, რადგან სიბინძურე და გაურეცხავი ჭურჭელი არ მიყვარს. მიყვარს, როცა ყველაფერი წესრიგშია. ხატვის ნიჭიც მაქვს, მაგრამ თითი გავიფუჭე და ახლა ვეღარ ვხატავ, რაზეც გული მწყდება. ალბათ, კიდევ მექნება რამის ნიჭი, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცი, ცხოვრება წინ არის.
– როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ?
– ჩემს საყვარელ დედიკოსთან ერთად რომ ვიჯდები თბილ სახლში, ეს ვიცი. ალბათ, წარმატებული ადამიანი ვიქნები და მექნება წარმატებული კარიერა.
– დედა რამდენი წელია არ გინახავს?
– 11 წელი ხდება უკვე, რაც დედა არ მინახავს და ძალიან მენატრება. უზომოდ მიყვარს და მინდა, ვნახო. დედა ჩემთვის ყველაფერია. ჩემ გამოა საბერძნეთში და ჩემთვის წვალობს, რომ წარმატებული მომავალი შემიქმნას. ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს. დღეს თუ რამეს ვაკეთებ და ვცდილობ, კიდევ უფრო უკეთესად გამომივიდეს, დედაჩემის დამსახურებაა.