როგორ გახდა ქრისტინე ძიძიგური ალექსანდრ ვოტიეს მოდის სახლის მოდელი და როგორ აღმოჩნდა ის „დიორის“ მოდის სახლში
ევროპული სამოდელო საქმიანობა მისთვის სულ უფრო წარმატებული ხდება, ამაში კი, გარეგნობასთან ერთად გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხასიათის ბევრი სხვა თვისება ეხმარება. ამ სეზონზე ქრისტინე ძიძიგურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „დიორის“ სახლთან მუშაობა, რამაც მის კარიერაში ერთგვარი ტრამპლინის როლი შეასრულა.
ქრისტინე ძიძიგური: სექტემბერში უცებ დამირეკეს პარიზიდან და დაუგეგმავად გავემგზავრე. სამი დღის მერე კი‚ ერთი კვირით‚ ჩვენი სააგენტოდან ოთხი მოდელი წავედით გერმანიაში. ვიმუშავეთ ერთ-ერთ ლონდონურ ფირმასთან, რომელიც პროფესიონალურ კამერებს უშვებს. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და, რაც მთავარია‚ გერმანელებთან ერთკვირიანი მუშაობაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. საოცარი პასუხისმგებლობა აქვთ, მოწესრიგებულები არიან და, მინდა‚ მომავალში ბერლინში ან მიუნჰენში რომელიმე სააგენტოსთან ვითანამშრომლო. ძალიან პირდაპირები არიან, ყველაფერი ზუსტად ისე არის, როგორც უნდა იყოს, ასეთი რამ არსად მინახავს. გერმანიაში ერთ-ერთი ძალიან კარგი ფოტოგრაფი გვიღებდა ფოტოებს და, გარდა ამისა, სულ გვეპატიჟებოდა გერმანულ რესტორნებში, ძალიან კარგად გავერთეთ.
– რა პრინციპით შეგარჩიეს ოთხი მოდელი?
– ერთი იყო იაპონელი, მეორე – ამერიკელი ფერადკანიანი, მესამე – ავსტრალიელი და მე ანუ, განსხვავებული ტიპაჟები ვიყავით. ძირითადი მოთხოვნა იყო პროფესიონალიზმი. საფრანგეთში პროფესიონალიზმში‚ რა თქმა უნდა‚ იგულისხმება შენი საქმის ცოდნა‚ ამაში კი იგულისხმება, რამდენად გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ზუსტად უნდა იცოდე‚ რას აკეთებ და არ უნდა იყო დაბნეული. ასევე, დიდ აქცენტს აკეთებდნენ ხასიათზე, რადგან, შენთან მუშაობა რომ გაუადვილდეთ, კომუნიკაბელური და კარგი ხასიათი უნდა გქონდეს. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემს სააგენტოში კარგი სახელი მაქვს. როგორი კარგიც არ უნდა იყო, შენი პრეტენზიები სააგენტოს სულ არ აინტერესებს – არ გინდა და წადი. რა თქმა უნდა‚ ორმხრივი ურთიერთობაა, ორივეს ინტერესში შედის ერთმანეთთან მუშაობა, მაგრამ‚ როცა ისინი ჩემზე არიან მომართულები და ყველაფერს აკეთებენ, რომ წინ წავიწიო, მე რა უნდა მქონდეს საპრეტენზიო?! ამიტომაც‚ პირიქით‚ მათი სულ მადლობელი ვარ. ისინი პროფესიონალები არიან, იციან‚ რა არის ჩემთვის უკეთესი. უბრალოდ‚ მე ჩემი აზრი მაქვს: რაღაცაზე დავეთანხმები, რაღაცაზე – არა...
20 სექტემბერს მქონდა დაბადების დღე, ვერც თბილისში აღვნიშნე და ვერც პარიზში, მეგობრებთან ერთად. იმ დღეს შოუ გვქონდა და, რომ შემოვდიოდი კულისებში, უცებ დაიწყეს „ჰეფი ბერსთ დეის“ სიმღერა და ძალიან გამიხარდა. ამ დღის აღსანიშნავად ფოტოსესიაც მომიწყვეს, მერე ფოტო დამიბეჭდეს და მაჩუქეს. კულისებში სანთლებანთებული ტორტი და შამპანური დამახვედრეს... ძალიან დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო. ამის მერე დავბრუნდი პარიზში, სადაც წვრილ-წვრილი საქმეები სულ არის.
– ძირითადად რა სამუშაოები გქონდა?
– მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლუქის განახლება. პარიზში იცი, როგორ ხდება? დავუშვათ‚ ბევრი იმუშავე სხვადასხვა ჟურნალთან, ცნობილ ბრენდებთან, მაგრამ, ეს ფოტოები, შეიძლება‚ არც ჩაგიდონ ბუქში, ან, თუ ჩაგიდებენ‚ იმიტომ არა, რომ მათთან გაქვს ნამუშევარი; ანუ, ბუქში დებენ მხოლოდ ისეთ ფოტოს, სადაც კარგად ჩანს‚ როგორი მასალა ხარ, რა გამოვა შენგან. როცა ქასთინგზე გადიხარ, მათ ორ წამში იციან, სჭირდები თუ არა. ამიტომაც‚ ბუქში უფრო ხშირად დევს ბუნებრივი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე. ფოტოშოპი უფრო ბიუთის ფოტოს უკეთდება. ბუქში მაქვს ერთი სურათი, რომელიც ძალიან გადაფოტოშოპებულია, მაგრამ, ეს ბიუთისთვის არის საჭირო, რომელიც სხვა ხაზია და მე ამაზეც ვმუშაობ. ანუ, ბუქი ხარ შენ და, ამიტომაც, მოდელი არასდროს არ უნდა გაჩერდეს, სულ უნდა იღებდეს ბუქისთვის ფოტოებს. ამიტომ‚ როცა რომელიმე ფოტოგრაფი მთავაზობს ფოტოების გადაღებას, მაშინვე ვთანხმდები – გადახდაზე არ არის აქ საუბარი, რადგან, ეს მისთვისაც კარგია და ჩემთვისაც. ანუ, ფოტოგადაღებები სულ მაქვს. სინგაპურელ ფოტოგრაფთანაც ვიმუშავე ერთ-ერთი ჟურნალისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ასევე‚ ვიმუშავე იაპონელ ფოტოგრაფთან, რომელიც ძალიან წარმატებულია იაპონიასა და ევროპაშიც – პარიზში ცნობილ ჟურნალებთან თანამშრომლობს.
– „დიორის“ სახლთანაც ითანამშრომლე.
– ეს იყო ის‚ რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. ვიმუშავე „დიორის“ პარფიუმის სახლში, აგვარჩიეს ძირითადად ისეთი გოგონები, რომლებსაც კლასიკური სახე გვქონდა. ეს იყო „დიორის“ მაკიაჟის ბოლო ტენდენციების პრეზენტაცია, პრესას გავაცანით ყველაფერი. ერთი თვით ადრე გავიგე, რომ მათთან უნდა მემუშავა და, არ იცი‚ რა მჭირდა... ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ამ დღეს კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. „დიორის“ სახლი ულამაზესია, მუშაობის დონე – საოცარი, სრული ჰარმონია. გადავირიე, ეს არასდროს დამავიწყდება. ყველაფერი დროში იყო გათვლილი, მყავდა ჩემი ასისტენტი, ვიზაჟისტი. „დიორის“ მაკიაჟის სტილი გააცნეს საზოგადოებას. რვა გოგონა ვიყავით, ყველას სხვადასხვანაირი მაკიაჟი გაგვიკეთეს, რადგან მე ყავისფერი თმა და მწვანე თვალები მაქვს, ძირითადად, იასამნის ფერებში გამიკეთეს. დაგვასაჩუქრეს „დიორის“ პროდუქციით. ისეთი საჩუქრები დაგვირიგეს, ლამის ხელფასს გადააჭარბა. მათმა ფოტოგრაფმაც ბევრი ფოტო გადამიღო და ახლა ვაპირებთ ბუქისთვის ახალი ფოტოების გადაღებას. მოკლედ‚ „დიორთან“ მუშაობა ჩემთვის დიდი ტრამპლინი აღმოჩნდა და, სააგენტო „სლაიდთან“ ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ‚ წამოსვლის წინ, ახალი კონტრაქტი გავაფორმე სააგენტო „კრისტალთან“. ანუ, ეს სააგენტო უფრო დიდი და ძლიერია, ამიტომ, ეს ჩემთვის საინტერესოა. რაც მთავარია‚ ისევ ვიმუშავებ ჩემს ბუქერთან, რომელმაც მე აღმომაჩინა. რომ არა ის‚ შეიძლება, არ გადავსულიყავი ახალ სააგენტოში. პარიზში შესაძლოა‚ მოხვდე დიდ სააგენტოში, მაგრამ, აქ მთავარია‚ მათ რამდენად მოსწონხარ, როგორ გიწყობენ ხელს. ბევრიც რომ მეცადა‚ ვერ მოვხვდებოდი „დიორთან“, ჩემი ბუქერისგან მხარდაჭერა რომ არ მქონოდა. დღეს იმდენი მოდელია, ნატალია ვოდიანოვას „კონკიას“ ისტორიები აღარავის აინტერესებს. ახალი სახის აღმოჩენები ისევ ხდება, მაგრამ, შენ უნდა გაუმართლო იმედები და მერე ისინიც ჩადებენ შენში ენერგიას. ახალმა სააგენტომ უკვე ძალიან საინტერესო ქასთინგზე გამიშვა: „ლანკომე“, „ლორეალი“ და ასე შემდეგ. ორივე სააგენტოს ურჩევნია‚ ცოტა კლიენტი ჰყავდეს, მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ იყოს მაღალი დონის, ვიდრე მთელ პარიზთან ითანამშრომლოს. „დიორის“ მერე‚ როგორც ჩანს‚ პარფიუმერიული ხაზიც მომცეს.
– კიდევ ვისთან იმუშავე?
– „ქლოესთან“ ვიმუშავე ფითინგზე, ახალი კოლექცია მოვირგე. ალექსანდრ ვოტიეს მოდის სახლის მოდელი ვარ, ეს არის პერმანენტული სამსახური‚ იმ გაგებით, რომ, როცა მოდელი სჭირდებათ, ყველაფერზე მე მეძახიან. დღეს პარიზში ძალიან პოპულარული დიზაინერია, რამდენიმე წელია‚ დაიწყო საქმიანობა და, რაც მთავარია სერიოზულად დაიწყო. ყველაფერთან ერთად‚ პიროვნულად არის ძალიან კარგი ადამიანი. მის სახლში რომ შედიხარ, საოცარ ჰარმონიას გრძნობ, სულ მალე სუნამოს გამოუშვებს. მაჩუქა და, ისეთი სურნელი აქვს, ვერანაირი სუნამო ვერ შეედრება. მიყვარს მასთან მუშაობა. როცა ფითინგზე მუშაობ‚ ყველაფერს გიზომავენ. აქ სილამაზეზე არ არის საუბარი, მთავარია‚ სტანდარტებში იჯდე. მე პარამეტრებში ვჯდები – ქვემოთაც და ზემოთაც 36 ზომას ვიცვამ, სტანდარტული ტანი მაქვს და, ამიტომ‚ ფითინგზე კარგად ვმუშაობ.
– პარიზში რომ ჩახვალ‚ უკვე იცი‚ რა სამუშაოები გელოდება?
– რომ ჩავალ‚ დამიგეგმავენ მომდევნო თვეების სამუშაოებს. სხვა ქალაქებიდანაც‚ ანუ, მოდის დედაქალაქებიდანაც არის შემოთავაზებები და, ვნახოთ‚ რა იქნება. პარიზში მუშაობა უფრო პრესტიჟია, ამერიკაში კი უფრო მეტი ფული კეთდება. ჩინეთში წასვლა ძალიან ადვილია, თან‚ თუ პარიზში გიმუშავია და, პლუს ამას‚ ევროპული გარეგნობა გაქვს. იქ კონკურენცია ნაკლებია, მაგრამ, ანაზღაურებაა დიდი. თუმცა‚ ყველა მოდელი ამბობს: იქ იშოვი ფულს, ძალიან დაიღლები, მაგრამ, ვერ აიწყობ კარიერასო. ანუ, ჩინეთში უფრო ფულის საშოვნელად უნდა წახვიდე, ევროპაში კი ფულთან ერთად კარიერაც გეხმარება, უფრო კარიერაზე ხარ ორიენტირებული. ამიტომ, ჯერჯერობით ევროპაში ვაპირებ დარჩენას და აქ მუშაობას.