რა რელიკვიას ინახავს კავსაძეების ოჯახი და ვისი გვირგვინი დაიდგა თავზე ირინა კავსაძემ
ხშირად შვილები მშობლების კვალს მიჰყვებიან, ირჩევენ იმ პროფესიას, რაც მათ ოჯახში მიღებული და ტრადიციულია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილმაც მსახიობობა არჩია. ის ამერიკაში დაახლოებით 11 წლის წინ წავიდა მშობლებთან ერთად და, ამჟამად, საკმაოდ წარმატებით გამოდის „სინეტიკის თეატრის” სცენაზე. როგორია 19 წლის მშვენიერი ირინა კავსაძის ამერიკული ცხოვრება ცნობილი ოჯახის წევრების გვერდით, ამას თავად გვიამბობს.
ირინა კავსაძე: ყოველთვის მიყვარდა სიმღერა და ცეკვა, ხატვაც, მაგრამ, თეატრი იყო ჩემთვის ნომერ პირველი პროფესია. შეიძლება ითქვას, რუსთაველის თეატრში დავიბადე და გავიზარდე, მთელი ცხოვრება ვუყურებ მამაჩემს და ბაბუაჩემს ეკრანსა და სცენაზე. ყოველი სპექტაკლი ჩემზე ჰიპნოზივით მოქმედებდა და, მახსოვს, როგორი გაოცებული თვალებით ვუყურებდი, მავიწყდებოდა მთელი სამყარო, მაოცებდა ის, რომ ამ მსახიობებს ასეთი სიხარული მოჰქონდათ მაყურებლისთვის. 6 წლის ვიყავი, როცა ვიგრძენი დიდი სურვილი, მეც ვმდგარიყავი სცენაზე მათ გვერდით და მეც ასეთივე სიხარული მიმენიჭებინა მაყურებლისთვის.
– ბატონი კახი მთელ საქართველოს უყვარს არა მხოლოდ როგორც მსახიობი, მისი საუბარიც დიდ სიამოვნებას ჰგვრის ყველას. როგორია ის ცხოვრებაში, შვილიშვილის თვალით დანახული?
– დილით სკოლაში რომ უნდა წავსულიყავი, ძილის წინ შემეკითხებოდა: ბაბუ, აბა, მითხარი, რა გინდა ხვალ, რა დაგახვედროო. რომ ავდგებოდი, საუზმე გაწყობილი მხვდებოდა – ხაჭოს და არაჟანს მაჭმევდა. მახსოვს, ზღაპრებს, ბევრ საინტერესო ამბავს მიყვებოდა. როცა წამოვიზარდე, მიყვებოდა, სად იყვნენ გასტროლებზე, რა ნახეს, ბელაზე მიყვებოდა. იცით, ბელას „ჭინჭრაქაში“ გვირგვინი რომ ეკეთა, ის გვირგვინი ჩვენს სახლშია, როგორც ოჯახის რელიკვია. ვთამაშობდი, თავზე ვიკეთებდი. სახლში ხანჯალიც გვაქვს, „პატარა პრინცში“ რომ ეკეთა ბელას. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ძალიან მიყვარს ბებიას ოთახში შესვლა და დათვალიერება – იქ შენახულია მისი სამაჯურები, მძივები. ბოლოს რომ ვიყავი, ვერცხლის თმის სამაგრი ვიპოვე, რომელიც ბებიას, თურმე, ძალიან უყვარდა, მართლაც ულამაზესია. ამერიკაში წამოვიღე და სათუთად ვინახავ ჩემს ოთახში. იშვიათად ვიკეთებ – მეშინია, არ დამეკარგოს.
– შენი მეორე ბაბუა – მალხაზ გორგილაძეც მსახიობი იყო. რა იცი მასზე გადმოცემით?
– 2 წლის ვიყავი, მალხაზი რომ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, არ მახსოვს ბაბუა, მაგრამ, ხშირად ვუყურებ მალხაზის ვიდეოებს, ფილმებს. „დღე პირველი, დღე უკანასკნელი” ჩემი უსაყვარლესი ფილმია. როგორც ოჯახის წევრებისგან გამიგია, ძალიან თბილი, კეთილი და საყვარელი კაცი იყო. სამწუხაროდ, მასზე ისტორიები არავის მოუყოლია. მხოლოდ ის ვიცი, დედაჩემი და დეიდაჩემი პატარები რომ იყვნენ, მალხაზი, ოლგა, ირინა და ლიკა მანქანით ყოველ ზაფხულს მიდიოდნენ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში. ძალიან უყვარდა ოჯახი და ცოლ-შვილს არაფერს აკლებდა.
– ფილმში „დღე პირველი, დღე უკანასკნელი” არაჩვეულებრივი ბელა და მალხაზი პარტნიორები არიან – შეყვარებულებს თამაშობენ, მაგრამ, ალბათ, მაშინ ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და დანათესავდებოდნენ.
– რა თქმა უნდა, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ესეც, როგორც ჩანს, განგებაა, რომ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა: თეატრალურში იყვნენ ჯგუფელები, ერთად თამაშობდნენ სცენაზე, შემდეგ – კინოში; იყვნენ კარგი მეგობრები და, ბოლოს ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ დანათესავდნენ. რაც ნიშანდობლივია, ორივე ახალგაზრდა წავიდა ამ ცხოვრებიდან.
– როდის გააცნობიერე, რომ ასეთი მაგარი ოჯახის წევრი ხარ, იმ ადამიანების გვერდით ცხოვრობ, რომლებიც ასე ბრწყინავენ ეკრანსა და სცენაზე და ასე უყვარს ყველას?
– ჩემთვის კახი, ირაკლი და ნანუკა უპირველესად, ოჯახის წევრები – მამა, ბაბუა და მამიდა არიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხაროდა მათი სცენაზე ნახვა, მიხარია, რომ ისინი ყველას უყვარს. ჩემთვის ჩემი ოჯახი ყოველთვის ბრწყინავს, არა იმიტომ, რომ კავსაძეების ოჯახია, არამედ, იმიტომ, რომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან და დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ამ ოჯახის წევრი.
– წარმოიდგინე, რომელიმე რეჟისორმა იმ ძველი ფილმების ახლებურად გადაღება რომ მოისურვოს, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს ყველას და შენ შემოგთავაზოს ის როლი, რომელსაც ბებია თამაშობდა, ითამაშებდი?
– ბელა რომ გარდაიცვალა, დაბადებული არ ვიყავი და ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ სიცოცხლეში ვერ ვნახე. ვიცი, რომ განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც საუკეთესო იყო მისი ოჯახისთვის. რაც შეეხება იმას, ვითამაშებდი თუ არა ასეთ ფილმში, ეს დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის და, თან, ძალიან საინტერესო, მაგრამ, ბელა მაინც ბელა იყო, ჩემთვის მიუწვდომელი და შეუცვლელი. ბელას ფოტოებზე და ფილმებში რომ ვუყურებდი, მის სახეში ვხედავდი ანგელოზის სახეს, ამიტომ, იმ როლების განსახიერება, რომლებიც ბელამ ითამაშა და შექმნა, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი.
– რომელი იყო პირველი სპექტაკლი და პირველი როლი, რომელიც მანდ, უცხო სცენაზე ითამაშე და დაძაბული თუ იყავი?
– ჩემი პირველი სპექტაკლი ამერიკაში იყო „სტუმარ-მასპინძელი.” დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, რომ მამასთან და ბაბუასთან ერთად ვიდექი სცენაზე, მაგრამ, მაშინ 11 წლის ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა. მახსოვს, სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, როგორ ვნერვიულობდი. მერე მამას და ბაბუას გავხედე კულისებში და შიშის გრძნობამ ცოტა გადამიარა – თითქოს მათმა დანახვამ დამაწყნარა.
– რა მსგავსებას ხედავ შენსა და თქვენი ოჯახის წევრებს შორის? გარეგნულად მამას ჰგავხარ, სხვა?
– არ ვიცი, ბელას რით ვგავარ, მაგრამ, ბაბუას და მამას, ალბათ, უფრო ხასიათით. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. იმედია, მათი იუმორი გადმომედო ან მალე გადმომედება, მაგრამ, ერთი საუკეთესო თვისება, რაც მაქვს მათ მსგავსად, არის უზომო სიყვარული ოჯახის, ადამიანების მიმართ. მთელი ცხოვრება ვაკვირდები, რომ კახი და ირაკლი ყველაფერს აკეთებენ ოჯახის კეთილდღეობისთვის და მათთვის, ვინც უყვართ.
– წეღან კინოზე გკითხე. არ გინდა კინოში ვარსკვლავების გვერდით ითამაშო და შენც კინოვარსკვლავი გახდე?
– კინო ყოველთვის მაინტერესებდა და, იმედია, მომავალში შანსი მომეცემა, რომ ეკრანზეც გამოვჩნდე. მინდა, ყველაფერი ვცადო. შეიძლება, ფილმმა გამიტაცოს, მაგრამ, ჯერჯერობით თეატრს ეკუთვნის ჩემი გული.
– როგორები არიან სახლში კახი და ირაკლი? როგორი მამაა ირაკლი, პატარა რომ იყავი, ხომ არ გიბრაზდებოდა?
– როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც არის კამათი, ყველაფერზე ვერ თანხმდებიან ხოლმე. ბავშვობაში ბევრ შეცდომას ვუშვებდი და, ალბათ, ბრაზდებოდნენ ამაზე, მაგრამ, ირაკლიც და კახიც ძალიან წყნარები არიან. სულ შაყირობენ, ვიცინით, ნაირ-ნაირ ისტორიას ყვებიან, ორივე საოცრად შრომისმოყვარეა და თავიანთი საქმე სიგიჟემდე უყვართ, რაც მათ მუშაობაში კარგად ჩანს.
– არის რამე როლი, რაც გულით გინდა, რომ ითამაშო?
– არ მიოცნებია რომელიმე როლზე. ამ თეატრმა საოცარი შანსი მომცა და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მათი თეატრის მსახიობი. პაატა ციქურიშვილი და ირაკლი მენდობიან, რომ ასეთი საოცარი როლები შევასრულო.
– როგორ ხვდებით ხოლმე ამერიკაში ახალ წელს?
– ძალიან ჩვეულებრივი ახალი წელი გვაქვს. პატარა რომ ვიყავი, კახი კართან მიდებდა საჩუქარს ზუსტად 12 საათზე – ვითომ, თოვლის ბაბუამ დამიტოვა. დედა საჭმელებს აკეთებს, მეც ვეხმარები და, ბოლოს, ყველა ერთად ვხვდებით ახალ წელს. რატომღაც, საქართველოში უფრო მიყვარდა ახალი წელი, ვიდრე აქ, მაგრამ, მიხარია, რომ ტრადიციას ვაგრძელებთ.
– ბატონ კახის, ალბათ, სკაიპით ელაპარაკებით და ისე ულოცავთ ახალ წელს.
– არა, კახის არ აქვს კომპიუტერი, ამიტომ, თვითონ გვირეკავს, რადგან, ჯერ საქართველოში დგება ახალი წელი და შემდეგ – ამერიკაში. ვერ ერკვევა კომპიუტერულ ამბებში და მისთვის მთავარია, რომ ჩვენ დაგვიკავშირდეს და ამას ტელეფონითაც კარგად ახერხებს, ამიტომ, არც ცდილობს, რომ კომპიუტერი შეისწავლოს.