რის გამო ჰქონდა ნათია დუმბაძეს დიდი ხნის განმავლობაში ნევროზი და რატომ დადიოდა თიკა მახალდიანი 50 გრადუს სიცხეში ჩექმებით
ცოტა ხნის წინ ნათია დუმბაძე და თიკა მახალდიანი, რომლებიც ბავშვობის მეგობრები არიან, თურქეთში, კერძოდ კი, ქალაქ ანკარაში იმყოფებოდნენ რამდენიმე დღით. ისინი ანკარის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიიწვიეს სტუმრად, სადაც, ქართულ სიმღერებთან ერთად თურქული სიმღერაც შეასრულეს, პირად ცხოვრებაზეც ისაუბრეს და, ზოგადად‚ საკმაოდ სასიამოვნო და ხალისიანი დრო გაატარეს.
ნათია დუმბაძე: მოკლედ‚ ყველაფერი ასე დაიწყო: თურქეთის საკონსულოდან მოგვივიდა შეტყობინება, რომ მე და თიკა სტუმრის სტატუსით ვიყავით მიწვეული გადაცემაში – „ბირ ავაზ,“ ანუ თურქეთის წამყვან არხზე, ძალიან პოპულარულ მუსიკალურ გადაცემაში მიგვიწვიეს. მე და თიკა ჩავედით საქართველოს სახელით. სამი სოლო სიმღერა შეასრულა თიკამ, სამი – მე, მერე ერთად შევასრულეთ თურქულ სიმღერაზე დუეტი, რადგან, მათი მხრიდან ასეთი მოთხოვნა იყო.
თიკა მახალდიანი: ტარკანის „დუდუ“ მოვამზადეთ, ვიმღერეთ და ძალიან გაუხარდათ. სტუდიაში მაყურებელი იჯდა და ძალიან გახალისდნენ: ცეკვავდნენ, მღეროდნენ, კარგად იმხიარულეს. ნათიას მანქანაში ვისწავლეთ ტექსტი და იმდენი ვიცინეთ, ვერ ვჩერდებოდით. თან, გვეშინოდა‚ იქაც არ აგვტეხოდა სიცილი, ამიტომ‚ რეპეტიციაზე შევთანხმდით, ერთმანეთისთვის არ შეგვეხედა, რომ არ გაგვეცინა. „თბილისო“ ვიმღერეთ დუეტში და წამყვანიც შემოგვიერთდა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა. ბოლოს თვითონ იმღერა ქართულად „ვარდები არ არიან“.
ნათია: „სულიკოც“ ერთად ვიმღერეთ, ჯერ აკაპელაში, შემდეგ კი როიალიც შემოგვიერთდა. სხვათა შორის‚ სტუდია „იუთუბიზე” მქონდა ნანახი, გადაცემებიც, მაგრამ მერე ორივემ პირადად რომ ვნახეთ, პირი დაგვრჩა ღია და ცოტა შეგვეშინდა, რადგან, ძალიან გვინდოდა საქართველოს სახელით კარგად გამოვსულიყავით. ქართველი მომღერლები კი მიდიან უცხოეთში, კონცერტები აქვთ, მაგრამ‚ არ გამიგია, რომ გადაცემაში ვინმე მიეწვიათ. პირველები ჩვენ ვართ‚ ვინც უცხოეთში გადაცემაში მიგვიწვიეს და ძალიან გახარებული ვიყავი.
თიკა: ამ გადაცემაში ყოველთვის იწვევენ სხვადასხვა ქვეყნიდან მომღერლებს. როგორც აღმოჩნდა‚ ჩვენი სიმღერები მოსმენილი ჰქონდათ და ამიტომ მიგვიწვიეს. გარდა სიმღერისა ვისაუბრეთ პირადულ ამბებზე – როგორ დავიწყეთ სიმღერა, როგორ ვცხოვრობთ...
თიკა: ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ბენდი იყო საოცარი. აუდიტორია ისე კარგად შეგვხვდა, სულ გვიღიმოდნენ და მაშინვე მოგვეხსნა ნერვიულობა, დაძაბულობა. ჯერ ნათიამ იმღერა გურული „კრიმანჭული“, მერე მე ვიმღერე ქართული სიმღერა, შემდეგ დავსხედით და წამყვანი გვისვამდა კითხვებს. ნათიას როცა ჰკითხა, ფრანგული სიმღერა ასე თბილად რომ იმღერე‚ ვის მიუძღვენიო, ნათიამ უპასუხა – ჩემს მეუღლესო.
ნათია: წამყვანმა იქიდან მოიკითხა ბაჩო. თიკამ უფრო კარიერაზე ისაუბრა. რომ ჩავედით‚ თურქეთში დაგხვდა ერთი ადამიანი – ომარი‚ რომელიც ყველგან დაგვყვებოდა, გადაცემაშიც კი ჩვენ გვერდით იჯდა. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე‚ ყველას ქართულად უნდა გვესაუბრა და თარჯიმანი თარგმნიდა. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ მას, რადგან, თან გადაგვყვა.
თიკა: საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაცემის ჩაწერა, მაგრამ, ისე გავიდა ეს დრო, ვერ გავიგეთ.
ნათია: საოცრად მაღალი დონის გადაცემა იყო, დაშოკილები ჩამოვედით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
თიკა: თავიდან მხოლოდ იმას ვფიქრობდით, არა უშავს‚ რაც იქნება, იქნებაო, მაგრამ, სტუდიაში რომ შევედით მერე მივხვდით‚ სად ვიყავით.
ნათია: სიამოვნებით ვმღეროდით, მაყურებელიც ძალიან კულტურული, თბილი იყო; იციან, როდის დაგიკრან ტაში, როდის არ უნდა დაგიკრან... მოკლედ, ძალიან კმაყოფილები დავრჩით.
– ახლა ისიც მომიყევით, როგორ გაერთეთ ამ სამი დღის განმავლობაში.
თიკა: წარმოიდგინე ორი ბატი, რომლებსაც ყველგან აგვიანდებათ. ტრანზიტით გავემგზავრეთ – ჯერ სტამბულში უნდა ჩავფრენილიყავით და შემდეგ უნდა გადავფრენილიყავით ანკარაში. ყველამ იცის, რომ სტამბულის აეროპორტი უდიდესია და ჩვენ ზუსტად ნახევარი საათი გვქონდა გადასაჯდომად.
ნათია: ხელში რაღაცეები გვეჭირა და ორივე გიჟებივით გავრბოდით, თან, ვინც ჩქარა მიდიოდა‚ იმას მივყვებოდით. ყველას ვეკითხებოდით, სად უნდა წავსულიყავით, მაგრამ, რომ გვიხსნიდნენ‚ იმდენ რამეს გვეუბნებოდნენ‚ ვერ ვიმახსოვრებდით. ბოლოს‚ როგორც იქნა‚ მივაღწიეთ და დავსხედით. გახდა 12 საათი, მაგრამ, არავინ არ გვეძახდა. აღმოჩნდა, რომ სხვაგან, სხვა ნომერზე ვისხედით.
თიკა: უნდა გენახა‚ როგორი თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით, ძლივს მივაღწიეთ, მხოლოდ ჩვენ გველოდებოდნენ, თან, ისეთი საშინელი სახეებით.
ნათია: აეროპორტში დაგვხვდა ჩვენი გამყოლი – ომარი, მძღოლთან ერთად და მიგვიყვანა არაჩვეულებრივ სასტუმროში. მაგრამ‚ აღმოჩნდა, რომ ცალ-ცალკე ნომრებში ვიყავით. მთელი ღამე ერთმანეთს ვემესიჯებოდით და ასე ვათენებდით ღამეებს. ათა თურქის მუზეუმში ვიყავით, მოგვეწონა. ის კაცი, ვინც დაგვყვებოდა‚ გავაგიჟეთ, რადგან, ყველგან ფოტოების გადაღებას ვთხოვდით. ანკარაში ბევრი დასათვალიერებელი არ ყოფილა, მაგრამ, მაინც კარგად გავერთეთ.
თიკა: ქუჩაში‚ ერთ-ერთი შენობის თავზე ნათიამ დაინახა განათებული წარწერა – „თიკა“. მე რომ დამანახვა‚ ისე გამიხარდა, მაშინვე კივილი დავიწყე. მაგრამ, თურმე, რაღაც კომპანიის სახელწოდებაა და მისი რეკლამა იყო.
ნათია: პირველ დღეს გადავწყვიტეთ, ადრე დაგვეძინა, რომ მეორე დღეს გადაცემის ჩაწერაზე კარგ ფორმაში ვყოფილიყავით. მაგრამ, მერე ვიფიქრეთ, თურქეთში ვართ და ფეხბურთის საყურებლად როგორ არ წავიდეთ, ან, ჩაი როგორ არ დავლიოთო... მოკლედ‚ ომარი რომ გავისტუმრეთ სასტუმროდან, ორივე გამოვიპარეთ. არადა‚ ომარმა გაგვაფრთხილა, 11 საათზე ყველაფერი იკეტებაო. ისეთ ქუჩაზე ვცხოვრობდით‚ ყველაფერი იქ იყო: ბარი, რესტორანი. მოკლედ‚ ხმაურს გავყევით და მივედით ერთ-ერთ ბარში. თურქეთში ძალიან უყვართ ფეხბურთი, ყველა უყურებს – ქალი, კაცი. იმ ღამეს თურქული გუნდი თამაშობდა და, ხომ წარმოგიდგენია‚ რა მოხდებოდა. შევედით ერთ ბარში, გვინდოდა‚ ჩაი დაგველია, არადა‚ ისეთი ამბავი დაგვხვდა: წივილი, კივილი, ყველა ფეხბურთს უყურებდა. ჩვენ შევედით „სვეცკად“ გამოწყობილები, ვიფიქრეთ‚ ცოტა განვიტვირთებითო, მაგრამ, ჩვენ გვერდით აღმოჩნდა გოგონების ფან-კლუბი.
თიკა: ნამდვილი მხეცები ჩვენს თავზე დადიოდნენ, კიოდნენ, წიოდნენ, მაგიდაზე ურტყამდნენ ხელს. შეგვეშინდა.
ნათია: ბოლოს, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ ბარი.
– ეს‚ ალბათ‚ არ იყო თქვენი ერთობლივი პირველი გასტროლი.
– დიდი ხანია‚ მე და თიკა ერთმანეთს ვიცნობთ. „ნუცას სკოლაშიც“ ერთად გამოვდიოდით და მანამდეც, სტუდიაში, ერთად ვმღეროდით. „ნუცას სკოლა“ რომ დამთავრდა, გადავწყვიტეთ‚ თურქეთში წავსულიყავით მე, თიკა, სალომე ბაკურაძე და ტატა ხვედელიანი.
თიკა: საერთოდ არ გვეძინა‚ ისეთ დღეში ვიყავით. ერთ დღეს, გამოვიდა ნათია სასტუმროდან და, რატომღაც‚ მოინდომა, რომ პირდაპირ თავით გადამხტარიყო აუზში. მოკლედ, გადმოხტა, მაგრამ, უცებ ამას მოჰყვა ერთი წივილ-კივილი. თურმე‚ აუზის წინ რომ არის ტრაპი, სადაც წყალი ჩადის‚ იქ ფეხის თითი გაეჭედა, თვითონ კი თავით გადაეკიდა აუზში. ახლა მეცინება, მაგრამ, ეს იყო საშინელება, ძლივს ამოვაღებინეთ თითი. მთელ ხმაზე ჯღაოდა‚ დედა მინდაო.
ნათია: იმის მერე წვიმიან და ქარიან ამინდებში მტკივა ხოლმე. ის ღამე ძალიან ჩამიმწარდა – ესენი ჩილიმის მოსაწევად წავიდნენ, მე კი სასტუმროს ნომერში დავრჩი და მთელი ღამე გავათენე. იმის მერე ნევროზი მქონდა დიდი ხანი. მეორე დღეს კონცერტი გვქონდა, ამათ იმღერეს და მერე‚ როგორც დაზარალებულმა‚ არ ვიმღერე. ერთ დღეს, გადავწყვიტეთ‚ დისკოთეკაზე წავსულიყავით, გამოვიკვანწეთ და, უცებ‚ ამ გაგანია სიცხეში, 50 გრადუსში, ვხედავთ, როგორ მოდის თიკა ჩექმებით. ჩვენ ლამის საცურაო კოსტიუმებით ვაპირებდით წასვლას, ეს კი ჩექმებში იყო გამოწყობილი.
თიკა: ადრე ვითომ მოდაში რომ იყო – ზაფხულში ჩექმები, რატომღაც‚ მეც ასე ჩავიცვი. თურქეთში ამ სიცხეში ჩექმა – ძალიან სოფლელობა იყო. დუმბაძე კი 212-სანტიმეტრიან ქუსლებზე იდგა. მოვდივართ, ბედნიერები ვართ, თავი ყველაზე ლამაზები გვგონია და, არ დაიწყო ხალხმა სტვენა და ყვირილი?! თან, მივდიოდით დისკოთეკაზე‚ ოღონდ‚ სანაპიროზე. ბოლოს, გავიხადეთ და ფეხშველები ვცეკვავდით.
ნათია: მე ჯინსმა ისე შემაწუხა, რომ პირსახოცშემოხვეული ვცეკვავდი. ბოლოს ფეხშიშველები დავბრუნდით სასტუმროში. მოკლედ‚ ძალიან კარგი დრო ვატარეთ.