როგორ მოიარა ბესო ბერულაშვილმა ავღანეთი და რა უთხრეს მას ქართველმა ჯარისკაცებმა
ბესო ბერულაშვილს რეპეტიციის დამთავრების შემდეგ შევხვდით. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ინტერვიუ. გვიამბო, თუ როგორ ცხოვრობდა, სანამ ფილარმონიაში მოხვდებოდა, ვისგან გადმოჰყვა პაროდირების ნიჭი და რატომ ვერ ჩამოყალიბდა ფეხბურთელად.
– ბესო, გარდა იმისა, რაც საზოგადეობისთვისაა ცნობილი, კიდევ სად მუშაობთ?
– სპორტული სამსახურის უფროსი ვარ თავდაცვის სამინისტროში.
– ბესო და სპორტი?
– ბესო და სპორტი – რატომაც არა, ძალიან აქტიური ვიყავი, ბურთიანი სპორტი ბავშვობიდან მეხერხებოდა. ამიტომ, მამაჩემმა ფეხბურთზე შემიყვანა. ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. მე სტადიონიდან ცოცხალ-მკვდარი გამოვდივარ.
– კაცმა, რომ თქვას, გულშემატკივრად უფრო ადვილი აღსაქმელი ხართ.
– ჰო, აბა, ჩემი ტანის პატრონი, როგორ უნდა აღმიქვა როგორც სპორტსმენი?! უფრო სპირტსმენი. ახლა, სპირტსმენიც ვეღარ ვარ, – შაქარი დამემართა ამდენი სპირტსმენობით. ერთი სიტყვით, თავდაპირველად მიმიყვანეს „სინათლის” სტადიონზე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო გურამ გვანცელაძე. მან ძალიან კარგი გუნდი შეკრა. თავიდან წინ ვთამაშობდი, მაგრამ ძალიან ბევრი სირბილი არ მიყვარდა და ამიტომ, ჩავდექი კარებში. სიზარმაცე სულ თან დამსდევდა – მსუქანსაც და გამხდარსაც.
– თქვენი „კარგი გუნდიდან” ვინმემ იბარტყა?
– როგორ არ იბარტყა – გიორგი ნემსაძე, კაპიტანი იყო, იბარტყა რომელია! ფენომენი იყო, სასწაულად თამაშობდა ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული, გიორგი დევდარიანი – ძალიან სახელგანთქმული მწვრთნელია დღეს. კიდევ: ჯამარაული, ყაველაშვილი, ჩემი პლეადის ძმები არველაძეები, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
25 წლის ვიყავი პირველად, გივი ბერიკაშვილთან, კოტე მახარაძესთან, კახი კავსაძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან... ამ ბუმბერაზების გვერდით რომ დავდექი სცენაზე, ფეხები ამიკანკალდა. მე მათ საზოგადოებაში ყოფნას არ ვიყავი მიჩვეული, არ მქონია ეგ ბედნიერება. ბავშვობაში, მახსოვს ერთხელ, მამაჩემმა მანუჩარ მაჩაიძე დაპატიჟა ბურახზე და მერე, უკვე, როცა კარგად გავიცანით ერთმანეთი, სულ დავძახოდი – გახსოვს, კვასი რომ დაგალევინე-მეთქი? კარგი, რა წაიღე ტყვინიო.
– ფეხბურთიდან – ფილარმონიამდე დიდი მანძილია?
– არც ისე. ამ ამბავში გვანცელაძე იყო მაგარი სელექციონერი. სულ მასწავლიდა: შენ ხარ მეკარე, შენი გადასახედიდან უნდა უკარნახო თანაგუნდელებს: შენ ეს გააკეთე, შენ – ისო. ბევრი უნდა ილაპარაკოო! ჰოდა, იმდენი ვილაპარაკე, ბოლოს ფილარმონიაში ამოვყავი თავი. რა უნდოდა, ბურთის დაჭერა ესწავლებინა, ვინ სთხოვდა, ლაპარაკი მასწავლეო (იცინის).
ფეხბურთში მეკარე რომ გამოდის და დაიძახებს: ია! ანუ ჩემიაო, მცველები უნდა გაჩერდნენ ამ დროს, რომ მეკარემ ბურთი აიღოს. მე რომ დავიძახებდი: „ია!” არიქა, დავიღუპეთო და ჩემი მცველები რას იბრძოდნენ კარის გადასარჩენად, უნდა გენახათ. მსოფლიოში არც ერთ მეკარეს არა აქვს ისეთი ბურთები გაშვებული მე რომ მაქვს (იცინის). მაგაში პირველი ვარ.
მართლა ეგეთი „სიაფანდი” მეკარე კი არ ვარ. სამი წლის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროში საუკეთესო მეკარის პრიზი ავიღე.
ერთ დღესაც მორიგი გოლის გაშვებისას, გვანცელაძემ მითხრა: წადი სახლშიო. შე დალოცვილო, დამაცადე, იქნება როგორი ფეხბურთელი დავდგე (იცინის). ცალკე ეს, ცალკე – სახლშიც დაიწყეს: აუ, სწავლას მოუკლოო. მაინცდამაინც ლომონოსოვი ხომ არ უნდა გამოვსულიყავი. თუმცა ვიცოდი ლომონოსოვი ვინ იყო (იცინის). ცხონებულ ქართლოს კასრაძეს აქვს: ლექსებს ვწერდი, რა ქათქათა კულულები გაქვს, რა თმები, რა ქალი ხარო და მერე, რომ გავიზარდე მითხრეს, ქალი კი არა ლომონოსოვიაო. მე ვცნობდი, ვიცოდი, რომ ლომონოსოვი იყო და ლექსები არ უნდა მიმეძღვნა.
მოგვიანებით, როცა უკვე მე და ჩემი ტრენერი დავმეგობრდით, ვკითხე, რას მერჩოდი, რატომ გამომიშვი-მეთქი? რა მითხრა, იცი? მადლობის მაგიერია, როგორი არტისტი გახდი. მე რომ არ გამომეშვი ტყუილა იჯახირებდიო.
– სპორტში რომ არ გაგაჩერეს და ლომონოსოვიც რომ იცოდით ვინ იყო, სად ჩააბარეთ?
– ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1990 წელს მოვხვდი მეტალურგიულ ფაკულტეტზე. მეტალურგიაში იყო მაშინ კადრების დეფიციტი (იცინის). 20 ბიჭი ვიყავით ჯგუფში, გოგო არ გვყავდა. რა ხდებოდა, იცით? ქულა ვისაც დააკლდებოდა, ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე ადვილი იყო საბუთების გადატანა და ქიმიურზე რომ აბარებდა, დააკლდებოდა ქულა – გაამწესებდნენ მეტალურგიულზე. ამიტომ, დამამთავრებელ კურსზე გოგონებით გაივსო ჩვენი ჯგუფი. ისეთი მაგარი ჯგუფი შეიკრა, იქიდან აღარსად გადაუტანიათ საბუთები, ყველამ მეტალურგიული დაამთავრა. მოკლედ, „გეპეიში” სწავლის პერიოდში, შემთხვევით დავინახე „გეპეის” თეატრი. შევედი, – თუ მიმიღებთ-მეთქი. მითხრეს – კონკურსიაო. ერთი სიტყვით, ამ კონკურსში ორი უმაღლესი ქულა მივიღე. თურმე, ამაში ვარ რა მაგარი.
– მანამდე არ შეგიმჩნევიათ, რომ ამ საქმეში ვარგოდით?
– როგორ არა, სკოლაში რამე ჩატარდებოდა უჩემოდ?! პაროდიები სასწავლო ნაწილის, დამრიგებლის, იმისი, ამისი… ყველას პაროდიას ვაკეთებდი. ღმერთმა აცხონოს, დედაჩემი იყო ეგეთი, ყველა მეზობლის პაროდიას აკეთებდა – ვინ როგორ დადიოდა, როგორ ლაპარაკობდა...
– გუშინ ვერ შედგა ჩვენი ინტერვიუ, მიზეზი ის იყო, რომ თქვენს მეუღლეს ჰქონდა დაბადების დღე. მოგვიანებით, მივულოცავ ჩვენი სახელით.
– კი, ბატონო, დღესაც მძიმედ ვარ რა. კიდევ ვულოცავ მთელი სულითა და გულით, მართლა კარგი ადამიანია. ჩვენი პროფესიის ამბავი ხომ იცით – არ მაძლევს მოშვების საშუალებას, სულ მაგრძნობინებს, რომ ჩემს გვერდითაა, მარტო არ ვარ. ასეც უნდა იყოს, ცოლი და ქმარი უპირველესად საუკეთესო მეგობრები უნდა იყვნენ. ჩვენ გამოგვდის. მთავარია, დაძმურში არ გადავიდეს. დაძმურში მერე – 70-80 წლის შემდეგ.
– ძლივს გიპოვეთ, ხან ცოლის დაბადების დღეზე ხართ, ხან – რეპეტიციაზე.
– ახლაც რეპეტიციიდან მოვდივარ. იუმორინა ჩემი მეორე ოჯახია, მე არ ვიცი, რა მეშველებოდა, ბაღაშვილს რომ არ ვეპოვე. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი: როსტიკა, ნინაკა, მერაბ გეგეჭკორი, ჯაში... „ვუჩალიჩებთ“ ხოლმე რაღაცეებს ერთმანეთს.
– მაინც რას?
– ერთხელ, მე, ნინაკა და გურამ ჯაში ვართ. მერაბს რომ დავურეკე, მოდი-მეთქი, არ მოვიდა. ჩვენთან ერთად ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი იყო. ვთხოვეთ, დავდგათ, ვითომ ძებნილია გეგეჭკორი-მეთქი. მანაც არ გვაწყენინა და გაუშვა ოპერჯგუფი. საქმე ისაა, დაავიწყდა ეთქვა, ეს ყველაფერი ხუმრობა რომ იყო. სახლი გადაუქოთეს და გამოიყვანეს ეს ჩვენი მერაბ გეგეჭკორი ბორკილებითა და „ბრეტელებიანი” მაიკით. „მეიცა, ახლა, აქანა გოუგებრობაა რაღაცა” – გაიძახოდა, მაგრამ არავინ უსმენდა. ვითომ მერაბი იყო ძებნილი, ვინმე „ჩერქეზა.” ჩავბჟირდით, ვერ დავურეკე, ლაპარაკის უნარი დავკარგე სიცილისგან. ამ დროს თვითონ რეკავს: ბიჭო, ვიღაცა ძებნილი ხარ „ჩერქეზიაო”, ჩერქეზა ვერ დაიმახსოვრა. მერე მოახსნევინეს ზონრები და ქამარი. რაია, მართლა მიჭერთო? ამ დროს ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ მე უნდა შევსულიყავი მერაბთან. იქ უნდა შემპასუხებოდა პოლიციელის უფროსის მოადგილე და ერთმანეთზე უნდა გაგვეწია. მეტი დამაჯერებლობისათვის. მე და ნინაკა შევვარდით, მოადგილემ: ბიჭო, ვინ შემოგიშვათ. თქვენ აქ „იუმორინა“ ხომ არ გგონიათ?! ახლავე, კამერაში შეგაგდებთო. ისე „დავცხეთ”, მერაბი შუაში ჩაგვიდგა: მეიცა, გეირკვევა... ბოლოს, უფროსი შემოვიდა, ყველაფერი „გეირკვა” და მერაბმაც ვაი, თქვენს პატრონსო. მაშინ „ხალასტოი” იყო. ძლივს დავაქორწინეთ, დადიოდნენ შეყვარებულები ის და მისი დღეს უკვე მეუღლე გაეროს დამკვირვებლებივით. რომ ვიძალავეთ, მაშინ დააყენეს საშველი. კინაღამ მათაც დაძმურში გადაუვიდათ. მეჯვარეები მე და გია ბაღაშვილი ვიყავით.
– ნინაკას არ ათხოვებთ? თუ არ შევეხოთ მაგ თემას?
– როგორ არ უნდა შევეხოთ. ვათხოვებთ რა, დაგვყავს ხოლმე ყველგან, ვეუბნები, გოგო, მარტო წადი ხოლმე, გადი-გამოდი. არა, ჩვენთან ურჩევნია. ვაიმე, სადმე რომ ვართ წასასვლელი, ოღონდაც ნინაკამ არ დამირეკოს, რომ გამომიარეო. ლიფტში ვარო, რომ გეტყვის, იქიდან უნდა გადათვალო ერთი საათი და მერე ჩამოვა.
ერთხელ ველოდები, ველოდები და ნინაკა გამოვიდა, მაგარ ფორმაშია, სარკიდან ვუყურებ, მოდის, მოდის და უცებ, ჩემს უკანა მანქანაში ჩახტა. ამას აერია და იმანაც დაძრა. მე დავიწყე ფარების თამაში, სიგნალებით გამოვეკიდე. ნინაკამ, უი, მანქანა შემეშალაო? ის მძღოლი კიდევ: არა, ქალბატონო, ბრძანდებოდეთო. ონაშვილი მოგვენატრა კიდევ მამუკა. მოსკოვშია. რამდენი წელია, მოსკოვში არ ვყოფილვარ...
– როცა იყავით, მაშინდელ მოსკოვურ თავგადასავლებზე მიამბეთ...
– რა გავიხსენო, ხომ ეგრევე მიმელეწ-მომელეწა ეს ახლადშექმნილი ოჯახი და გამექცა ცოლი.
– წეღან თვალში მომხვდა, ახალი მანერები შეგიძენიათ, წარამარა ქოჩორზე ისვამთ ხელს…
– თმები? ჰო, ახლა ხომ ახალ შარში გავეხვიე.
– შარია თმები?
– თმები სასიამოვნო შარია. ჯერ ერთი მომიხდა, ასაკიც მომაკლო, თან ახლა წონაშიც ვიკლებ და მე მგონი, 10-15 წელი მომაკლდება. თავის დროზე იცი, რა თმები მქონდა?! მაგრამ ძალიან ადრე დამეწყო ცვენა. რა სახეობის ხილ-ბოსტნეული არ გამალაგეს თავზე – ნიორიო, დაფნის ნახარშიო, არაფერმა მიშველა. ბოლოს „ჰეალაინში” ამოვყავი თავი და შედეგიც სახეზეა.
– თავდაცვის სამინისტროში თქვენს საქმიანობაზეც მიამბეთ რამე?
– ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვთხოვე, თუ შეიძლება, ავღანეთში გამიშვათ. დელეგაცია რომ წავა, გამაყოლეთ-მეთქი. მართლაც წავედი. მე ამისთანა სიამოვნება არ მიმიღია. იცით, რა ბიჭები გვყავს? ამ ბიჭებს რომ გაახარებ, გააცინებ, კარგ ხასიათზე დააყენებ, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? ადგილობრივები, და დანარჩენი მომსახურეებიც – ამერიკელები, იტალიელები, გარშემო ვინც არის, ყველა ჩვენი ბიჭების მზეს ფიცულობს. იცით, როგორი ამაყი ვიყავი? დავაყენე ყველანი და ალბათ 2 საათი არ გავჩერებულვარ. რა მითხრეს იცით? ბატონო ბესო, ძალიან სასიამოვნოა და გაგვიხარდა თქვენი ჩამოსვლა, მაგრამ თქვენს მაგივრად, შორენა ბეგაშვილი რომ ჩამოსულიყო, უფრო გაგვიხარდებოდაო.
ახლა, ვთხოვ, კიდევ ჩამიყვანონ ავღანეთში. მარტომ რა უნდა გააკეთოო. 2 000-მდე ანეკდოტი მაინც შემიძლია, მოვყვე ერთ მოყოლაზე და მეტი რაღა გავაკეთო.
– დასასრულს, ერთი-ორი ჩვენც გვიამბეთ.
– მიხო ამბობს, იმოდენა ბოღმა დამიგროვდა, იმოდენა, გულში რომ აღარ მეტევა ფლეშკით დამაქვსო.
მერცხლები გადმოფრინდნენ თბილი ქვეყნიდან და აღარც ერთი მავთული აღარ დახვდათ, სად დასხდნენ აღარ იციან. ერთმა სიბრაზით დაიყვირა, ამ „ვაიფაიმ” ხომ დედა გვიტირაო.