რისი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს და რატომ არ უმღერის ის გოგონებს სერენადებს
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კვლავ აქტიურად შეუდგა ვარჯიშს. საქმე ისაა, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ის ფიზიკურ დატვირთვას ერიდებოდა, რადგან, ოპერაციისშემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა. თუ როგორია მისი ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობა, როდემდე აპირებს კენტად სიარულს და როგორი გოგონები მოსწონს ახალგაზრდა სპორტსმენს, ამის შესახებ ის დღევანდელ ინტერვიუში გვესაუბრება.
– ლაშა, გავიგე, ამ ბოლო პერიოდში ოპერაცია გაგიკეთებია. რატომ იყო აუცილებელი ამ ოპერაციის გაკეთება და ახლა როგორ ხარ, როდის გიხილავთ ჩვეულ ფორმაში?
– ეს ოპერაცია ოლიმპიადის წინ მქონდა გასაკეთებელი, ექიმმაც ასე მირჩია, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო – ლიზენციებზე უკვე ჩართული ვიყავი და თუ ოპერაციას გავიკეთებდი, ვეღარ გავაგრძელებდი დაწყებულ საქმეს. ანუ, გამოვეთიშებოდი ოლიმპიადას, რადგან რეაბილიტაციას 3 თვე სჭირდებოდა. ამიტომ, ოპერაციაზე დიდი ყოყმანის გარეშე ვთქვი უარი.
– შენმა უარმა ოპერაციაზე საქართველოს ოქროს მედალი მოაპოვებინა.
– შეიძლება, ასეც ითქვას. ფიზიკური დატვირთვა ამ პერიოდში ნაკლები მქონდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო არ გავმხდარიყავი. ოლიმპიადისთვის მზადებაში ამას არ შეუშლია ხელი, ანუ საგანგაშო მდგომარეობა არ მქონდა.
– რისი ოპერაცია გაიკეთე?
– საზარდულის თიაქარის. მოგეხსენებათ, სპორტში ხშირია ფიზიკური დატვირთვა, რის შემდეგაც მსგავსი პრობლემა ხშირად იჩენს ხოლმე თავს. ოლიმპიადიდან რომ დავბრუნდი, ერთ თვეში გავიკეთე ოპერაცია და ამის შემდეგ 3 თვე ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა. ერთი თვის წინ არასრული დატვირთვით დავიწყე ვარჯიში. ახლა უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვემზადები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
– რომელიც ჩატარდება...
– მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება 2013 წლის ზაფხულში ბრაზილიაში.
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდი?
– ჩემპიონობამ უპირველესად, ხალხის სიყვარული მომიტანა. არაფერი შეედრება ხალხის სითბოს, ქუჩაში რომ გხვდებიან და გეფერებიან. სულით და გულით რომ უხარიათ შენი წარმატება და შენს სიხარულს რომ იზიარებენ. ისიც გავითავისე, რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის, ის მარტო მე არ მეკუთვნის – ხალხს, გულშემატკივრებს და სრულიად საქართველოს.
– ვინ იყო შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
– უპირველესად, ოჯახი, ჩემი მშობლები, ძმა ნერვიულობდნენ.
– გამარჯვებას ელოდი?
– საერთოდ, რთულია, შეჯიბრებაზე მიმავალმა დაგეგმო, რომ აუცილებლად მედალს ჩამოიტან. მართალია, განწყობა საბრძოლო უნდა გქონდეს, თავდაჯერებულიც უნდა იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მოწინააღმდეგე არ შეაფასო.
ეს გამარჯვება ღმერთის წყალობა და ჩემი დიდი შრომის შედეგი იყო.
– ვის მიიჩნევ შენს მასწავლებლად?
– ჩემს მწვრთნელს, ნიკო ბიბილაშვილს, შემდეგ – ანზორ თენაძეს.
– პირად ცხოვრებაზეც მელაპარაკე. დაოჯახებული ხარ?
– არა.
– 20 წლის ბიჭი, სპორტული აღნაგობითა და სპორტული ცხოვრებით და რაც მთავარია, ოლიმპიური ჩემპიონი – ეს სუსტი სქესის წარმომადგენლებზე საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარება უდავოდ. ალბათ ძალიან პოპულარული ხარ... თავს ხომ არ გესხმიან?
– არა, რას ბრძანებთ (იცინის).
– როგორ ცდილობენ შენი ყურადღების მიპყრობას?
– საკუთარი თავის ქება არ მიყვარს... ოლიმპიურმა ჩემპიონობამ ბევრი რამე მოიტანა... საკმაოდ ბევრთან გაქვს ურთიერთობა და მათ შორის, სუსტი სქესის წარმომადგენლებთანაც. ამ დროისთვის ჯერჯერობით არ მყავს შეყვარებული. შესაბამისად, არ ვფიქრობ დაოჯახებას... ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს...
– არის გოგონების კატეგორია, დღე და ღამე სახლს რომ ალაგებენ, არიან გოგონები – დღე და ღამე კითხულობენ და არიან გოგონები, კვერცხის შეწვაც არ იციან... როგორი გოგონები მოსწონს ლაშა შავდათუაშვილს?
– (იცინის) გოგომ როგორ არ უნდა იცოდეს კვერცხის შეწვა... დაკონკრეტება არ მინდა...
– შეყვარებული ყოფილხარ?
– ძალიან დიდი ხნის წინ...
– სერენადა თუ გიმღერია გოგონასთვის?
– არა, სერენადა მართლა არ მიმღერია. სიმღერა არ მეხერხება (იცინის). სერენადას შთაბეჭდილების მოსახდენად მღერიან, ჩემი სიმღერა რომ მოვასმენინო, შეიძლება, სულ დაეკარგოს შთაბეჭდილება ჩემზე...
– ის მაინც მითხარი, შავგვრემანი გოგონები უფრო მოგწონს თუ თეთრი?
– ორივე... (იცინის).
– მოდი, ის წუთები გაიხსენე, როდესაც ჩემპიონი გახდი.
– სანამ დაჯილდოებაზე გავიდოდი, კვარცხლბეკზე რომ ავდიოდი, ზურა კახაბრიშვილმა მითხრა, დროშა რომელი მხრიდან უნდა აღმართულიყო. რომ გავედი, იმდენად ვიყავი დაბნეული, რაღაცეები ახლაც არ მახსოვს, დამავიწყდა. ქართული ჰიმნი რომ აჟღერდა, დაბნეული ვიყურებოდი აქეთ-იქით, კადრებში ეს მომენტი კარგადაა დაფიქსირებული.
– კიდევ გაიხსენე რომელიმე ამბავი ამ პერიოდიდან.
– იაპონიაში ვიყავით შეკრებაზე. საღამო ხანს, ფოიეში, აპარატიდან ჩამოვისხი წყალი და ოთახში ავედი. გზად ერთ-ერთი ჩვენი სპორტსმენი შემხვდა და დაინტერესდა, სად შეიძინეო? მეც არ დამიმალავს, ქვემოთ ფოიეში აპარატიდან ვიყიდე-მეთქი. მეც ვიყიდი და ამოვალო. შევედი ოთახში... ველოდები წყლის შესაძენად წასულ მეგობარს, მაგრამ არ ჩანს... ცოტა ხანში ჩავაკითხე. ვხედავ, იქვე დგას. რას დგახარ-მეთქი, – ვკითხე. გამყიდველს ველოდებიო, – გულუბრყვილოდ მიპასუხა. ამ ამბავზე დიდხანს ვხალისობდით...
– ახლა ძირითადად სად ცხოვრობ?
– გორში. ვარ სტიქაროსანი კარალეთის სამების ტაძარში. ვცდილობ, ვიცხოვრო ღვთის სიყვარულით.