რა საერთო აქვს ირაკლი მარუაშვილს მეისი გრეისთან, ხულიო და ენრიკე იგლესიასებთან და სხვა წარმატებულ მუსიკოსებთან
ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია. ის ჯერჯერობით 22 წლის არის, მაგრამ, საკუთარი შესაძლებლობები უკვე არაერთ სფეროში მოსინჯა. ირაკლი მარუაშვილის მონაცემები არც უკრაინელ მაყურებელს დარჩენია უყურადღებოდ – მისი სიმღერით უკრაინის „ნიჭიერში” მოიხიბლნენ. მართალია, პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა, მაგრამ, ნახევარფინალში გავიდა, ძალიან ლამაზი შოუც აჩვენა უკრაინელებს და მისი ნომერი საუკეთესოთა შორის მოხვდა. ირაკლის თბილისში შევხვდით, რომელმაც გვითხრა, რომ უკრაინაში ჩატარებულ პროექტ „ნიჭიერში” მონაწილეობით ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ როგორც საუბარში აღნიშნა, სკოლამ, სადაც ირაკლი სწავლობდა ამაში დიდი წვლილი შეიტანა. როგორც აღვნიშნეთ, მისი შესაძლებლობები მხოლოდ ერთ სფეროს – სიმღერას არ უკავშირდება. ამ ყველაფრის შესახებ ის ინტერვიუში თავად მოგითხრობთ.
– სიმღერა როდის დაიწყე?
– მეხუთე კლასში ვსწავლობდი, სცენაზე პირველად რომ ავედი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ინგლისურენოვანი სიმღერების შესრულება და დღემდე ასე ვარ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბრიტანულ მუსიკას, რომელიც, ამერიკულისგან განსხვავებით, გაცილებით დახვეწილია.
– ახლა, რაც შეეხება კონკურსებს: ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მონაწილეობდი უკრაინის „ნიჭიერში.” სხვა კონკურსებში თუ მიგიღია მონაწილეობა?
– 2008 წელს „ნუცას სკოლაში” მივიღე მონაწილეობა. ეს იყო მეოთხე „ნუცას სკოლა“. პროექტი რომ დამთავრდა, მივხვდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი. მაკა ზამბახიძემ მირჩია ლალი ბერაძესთან გამევლო ვოკალის გაკვეთილები და მეც სიამოვნებით წავედი მასთან. ნახევარი წლის შემდეგ, 2009 წელს „ჯეოსტარის” ქასთინგში მივიღე მონაწილეობა. მართალია, ამიყვანეს, მაგრამ, მალევე გამოვვარდი. გული ნამდვილად არ დამწყვეტია, რადგან, 3 000 კონკურსანტიდან 14-ში მოვხვდი. ამის მერე ბევრს ვმუშაობდი, არ გავჩერებულვარ. ძმებ გულაშვილებთან მქონდა ძალიან კარგი პროექტი გაკეთებული. ოდესაში რომ ვცხოვრობდი, მაშინ დავწერე ეს სიმღერა, რომლის არანჟირებაშიც მერე თორნიკე გულაშვილი დამეხმარა. იმდენად კარგი სიმღერა გამოვიდა, ხშირად დღემდე არ სჯერათ, რომ ეს ქართველების ნამღერია. რადგან სამივე „ბექსთრით ბოიზის“ სიმღერებზე ვიყავით გაზრდილი, 2009 წელს ჯგუფის საიტზე გავგზავნეთ ვიდეომიმართვა. თავიდან აკაპელაში ვმღეროდით, შემდეგ კი ჯგუფის წევრებს კითხვას ვუსვამდით. მოკლედ, იმხელა მოწონება დაიმსახურა ამ ორიგინალურმა ვერსიამ, რომ ათასობით მონაწილიდან პირველ ხუთეულში მოვხვდით, უფრო მეტიც პირველები ვიყავით და ორი თვე იდო მათ ოფიციალურ საიტზე. ხალხი ვერ კითხულობდა, ესენი ვინ არიანო.
– ალბათ იმ დროს ძალიან ბევრს უნდოდა, „ბექსთრით ბოიზის“ სიმპათია გამხდარიყო და ეს თქვენ გააკეთეთ.
– დიახ, ნამდვილად.
– ოდესაში რატომ ცხოვრობდი?
– ოდესაში ნახევარი წელი ვიცხოვრე, სადაც კურსებს გავდიოდი. არის ასეთი მეცნიერება – დიანეტიკა, რომელიც გონებას შეიწავლის. ძალიან მაინტერესებს ასეთი რაღაცეები. დედაჩემის თხოვნით წავედი. თავიდან ძალიან მომეწონა-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება, მაგრამ, მერე გაცილებით საინტერესო გახდა ჩემთვის. ფსიქოლოგია კიდევ ერთი სფეროა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. მესამე თუ იცით, რა მაინტერესებს? მანქანები. ვაკეთებ ავტო ტიუნინგს, ანუ, მანქანებს „ვანავაროტკებ.”
– ეგ როგორ?
– მანქანას დამატებით არაფერს არ ვუყენებ, უბრალოდ, ერთ-ერთ დეტალს ისე „ვანავაროტკებ,” რომ ჰაერის მიწოდება უკეთესად ხდება, რის შედეგადაც ბოლომდე იწვება ბენზინი. წვას არ ვანახევრებ, მაგრამ, საშუალოდ 30 პროცენტით ეკონომიურს ვხდი. ამ საქმეს 2010 წლიდან ვაკეთებ. ბევრს სჯერა ამის, მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ასეთი რამ არ სწამთ. დღემდე ძალიან ბევრი მანქანა მაქვს მოდიფიცირებული. გუშინწინ ღამით ვაკეთებდი ერთ-ერთს. ამერიკული ტექნოლოგიაა, მათი პატენტი შევისყიდეთ და საქართველოში წარმოვადგენ. გია ბარამიძის ესკორტის მანქანაც მაქვს გაკეთებული, რომლის ძრავა 4.0 იყო, წინ კი 4.6-იანი ედგა. ამიტომ, სიმძლავრე არ ჰყოფნიდა და უნდოდათ, რომ გაეუმჯობესებინათ. იმ მანქანის მძღოლი დღემდე კმაყოფილია შედეგით; ხუმრობს კიდეც, 4.6-ძრავიანს ვუსიგნალებო.
– ამდენი საუბრის შემდეგ მივადექით უკრაინის „ნიჭიერს.” უკრაინაში სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩახვედი?
– სხვათა შორის, პირველი პრექასთინგი თბილისში იყო. ასევე, იყვნენ სომხეთში, ბელორუსიასა და მოლდოვაში. ჩვენი „ნიჭიერიდანაც“ იღებდნენ მონაწილეობას. იქაც დედაჩემის ინიციატივით წავედი. ეს ქასთინგი წინა წლის ოქტომბერში ჩატარდა, პასუხი კი ნოემბერში უნდა ეთქვათ. გაიარა, ნოემბერმაც და დეკემბერმაც, მაგრამ არავინ მიკავშირდებოდა. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქასთინგზე მიმართლებს – ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ვხვდები. ამიტომ, რომ არ მიკავშირდებოდნენ, ვიფიქრე, ალბათ, ერთხელ ასეც უნდა მოხდეს-მეთქი, თუმცა, შინაგანად მაინც არ მჯეროდა ამის. 25 იანვარს ტელეფონით დამიკავშირდნენ. რას წარმოვიდგენდი, ამდენი ხნის შემდეგ ისინი თუ იქნებოდნენ. საქმე მქონდა და რამდენჯერმე ზარს არ ვუპასუხე. მთელი დღე მირეკავდნენ და, ბოლოს, საღამოს ვუპასუხე. მითხრეს, მთელი დღე ვერ ვახერხებთ თქვენთან დაკავშირებას, პრექასთინგი წარმატებით გაიარეთ, გელოდებით უკრაინის ქასთინგზეო. ძალიან გამიხარდა. თებერვალში ჩავედი უკრაინაში უკვე მათ ქასთინგზე. ძალიან დიდი ქასთინგი იყო. მაგალითად, პირველი ტურის ჩატარებას დაახლოებით 15 დღეს უნდებიან. უკრაინული „ნიჭიერის” ნახევარფინალისტი გავხდი. მათი ძალიან დიდი მადლიერი ვარ, რადგან, იქ მართლა პროფესიონალები მუშაობენ. ბრიტანელები, ვისიც არის „იქს ფაქტორი,” „თალენთ შოუ” და სხვა პროექტები, ჩამოვიდნენ და თვითონ აღიარეს, რომ უკრაინაში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი. ძალიან მაგარ შოუებს აკეთებენ. მსოფლიოში პირველი შოუ არის უკრაინის „ნიჭიერი,” რომელმაც პირდაპირ ეთერში ორი სცენა გააკეთა ერთად. ვამაყობ იმით, რომ, იმ დღეს, როცა მე გამოვდიოდი იმ 12 კაცში, ყველაზე რთული ნომრები იყო.
– ენრიკე და ხულიო იგლესიასების კონცერტების ორგანიზებაში ვიღებ მონაწილეობასო, ახსენე, როცა შენს ვიდეოს ვუყურებდი.
– თვითონ იგლესიასების არა. როცა ბათუმში ტარდება ჯაზ-ფესტივალები, იგლესიასის კონცერტი „ემტივიმ” რომ ჩაატარა, ასევე, ხულიო იგლესიასის და ასე შემდეგ, ამ ყველაფერში ტექნიკურად ვეხმარები და მუსიკოსებზე ვარ მიჯაჭვული. ამასობაში მათთან ურთიერთობაში შედიხარ, რაც ძალიან საინტერესოა. 2009 წლიდან ვარ ამ ყველაფერში და ვისთან აღარ მიმუშავია. მაგალითად, მეისი პარკერთან, მეისი გრეისთან და სხვებთან.
– 3 000 ქაღალდის ჭიქა რისთვის შეგიკვეთა ენრიკე იგლესიასმა?
– დღემდე არ ვიცი, ისე, უბრალოდ, „ემტივის” მოუნდა 3 000 ცალი ჭიქა. თქვენ წარმოიდგინეთ კონცერტს თავიდან ბოლომდე „ემტივი” კურირებდა. 14 ტრაილერი აპარატურა „ჩამოგრუზეს“. სცენა იტალიიდან იყო ჩამოტანილი, განათება და ხმა – ბრიტანეთიდან. მზარეულებიც კი ჩამოიყვანეს. ერთი ძალიან მაგარი ტექნიკოსი ჰყავდათ – პაპა ჯონი, რომელსაც საცხოვრებელი სახლი მართლა არ აქვს. ჩათვალეს, რომ რეალურად ბომჟია. ამერიკელია, მაგრამ, არ „ევასება“ ამერიკა და ცხოვრობს იტალიაში, ოღონდ, სახლი არ აქვს. ყველა ივენთზე უმუშავია. „ემტივისთან” ერთად მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი. მოკლედ, არაფრისგან ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
– ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ, ამჯერად საით გაქვს გეზი აღებული, რას აპირებ?
– ამ ეტაპზე ვყალიბდები და ჩემი შემდეგი ეტაპი უცხოეთი იქნება, სადაც აუცილებლად წავალ. ჯერ 22 წლის ვარ და სწორედ ახლა მაქვს იმის მომენტი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ყველაფერში, განსაკუთრებით – შოუ-ბიზნესში.
– როგორც ვხვდები, ხშირად გიმართლებს. შეიძლება, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ, თუ ბედი არ გწყალობს, არაფერი გამოგივა.
– ამას თავისი საიდუმლო აქვს. სხვათა შორის, მე ბედის არ მჯერა. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბედი არ არსებობს. ბედი არის ის, რასაც შენ გააკეთებ და შექმნი. თუ დააკვირდებით, ისინი, რომლებიც არ გადადიან შემდეგ ტურებში, ტექნიკურად არ არიან კარგად მომზადებული, თავის თავში ძალიან სერიოზულად ეპარებათ ეჭვი და კომენტარებში ამბობენ: „იმედი მაქვს, გადავალ,“ ან – „არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ, კარგია, რომ აქ ვარ“ და ასე შემდეგ. ვინც შინაგანად დარწმუნებულია და საკუთარი თავის სწამს, ეს ტელევიზორშიც ჩანს. კარგად რომ იყო და საკუთარ თავში დაჯერებული, ამისათვის საკუთარი თავის რწმენაც უნდა გქონდეს და ბევრიც უნდა ივარჯიშო. წარმატება თავისით არ მოვა, თუ ამის პირობა არ შეუქმენი. მე ასეთი პრინციპი მაქვს: რაც უფრო მეტს გააკეთებ უანგაროდ, რაც სხვისთვისაც და შენთვისაც სასარგებლო იქნება, უცაბედად ისეთი რაღაც მოგივა, გაგიკვირდება.