რამ გააოგნა სიდნეიში ჩასული თამარ ივერი ახალ წელს და ვინ უწყობს მას საწოლთან ეკლებიან ვარდებს შუა ზამთარში
მომღერალი თამარ ივერი ამ ახალ წელს ზამთრისთვის შეუფერებელ კლიმატში შეხვდა – ის სიდნეიში იმყოფება, სადაც ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, 40 გრადუსი სიცხეა. ასე რომ, მისთვის ეს ახალი წელი ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება. როგორც თავად ამბობს, გასული წელი მისთვის ნამდვილად ბედნიერი იყო, რადგან, არაერთ კონტრაქტს მოაწერა ხელი და საყვარელ ადამიანთან ერთად ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა. თუ რას აპირებს ის მომავალში, რატომ არ მიაჩნია თავი იღბლიან ადამიანად და ვინ უწყობს საწოლთან ეკლიან ვარდებს, ამაზე თავად თამარი მოგიყვებათ.
თამარ ივერი: ახლა ავსტრალიაში, კერძოდ, სიდნეიში ვიმყოფები და ეს ახალი წელი ჩემთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. უჩვეულო ადგილას მოვხვდი ამ ახალ წელს. წესით, ახალი წელი მოიაზრება, სიცივესთან, ბუხართან, თოვლთან, ყინულთან, აქ კი 40 გრადუსი სიცხეა, იწვის ყველაფერი და ხალხი „შლოპანცებით” დადის. ცოტა ძნელია, პაპანაქება სიცხეში აღნიშნო ახალი წელი, მაგრამ, რას ვიზამთ, ხომ უნდა შევხვდეთ ახალს?! (იცინის). სანტა კლაუსები, ნაძვის ხეები, შორტები და „შლოპანცები” ერთად, წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. შოკში ვარ (იცინის). სანტა კლაუსები „შორტიკებსა“ და „შლოპანცებში” დადიან ქუჩებში, არიგებენ შოკოლადებსა და ათასგვარ საჩუქარს და თან ყვირიან – გილოცავთ ახალ წელსო. მე უკვე ერთი თვეა, აქ ვარ და ცოტა შევეგუე, ჩემი მეუღლე კი ორი დღის წინ ჩამოვიდა იტალიიდან და გაოგნებული დადის ნაძვის ხეებით მორთულ ქუჩებში. სხვათა შორის, სანტა კლაუსებს ვემალები.
– რატომ ემალებით სანტა კლაუსებს? არ მითხრათ ახლა, მათი მეშინიაო.
– არ მეშინია, პირიქით, მიყვარს, მაგრამ, იმიტომ ვემალები რომ, უგემრიელეს კანფეტებს არიგებენ, მე კი წინ კონცერტები მაქვს, გავსუქდები და ჩემს ულამაზეს კაბებს ვეღარ ჩავიცვამ (იცინის). კი ვიფიქრე, ზამთარში აქ უნდა ჩამოხვიდე და, სანამ არ გაზაფხულდება, სხვა ქვეყანაში არ წახვიდე-მეთქი, მაგრამ, ისეთი ფასები აქვს ბინებს, რას ვიყიდი. თან, შორიცაა.
– იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ თავს?
– იღბლიანი ნაკლებად ვარ, რადგან, რასაც ვაღწევ, მხოლოდ უდიდესი შრომით. იღბლიანი ის არის, ვინც მინიმალური შრომით აღწევს წარმატებას, ეს კი ჩემთვის უცხოა. თუ არ ვიშრომე, თავი არ მოვიკალი და ღამეები არ ვათენე, ისე ვერაფერს მივაღწევ. თუმცა, შრომა მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ამდენს მივაღწიე და უცხოეთში ჩემი სიტყვა თამამად ვთქვი – ეს უფრო ტკბილია.
– მართალია, რომ მელბურნში რამდენიმე საათით სარდაფში დაგატყვევეს?
– (იცინის) დატყვევება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, რომ მაყურყუტეს, ფაქტია. რეპეტიცია გვქონდა. უცბათ, წივილ-კივილით შემოვარდა სახანძრო ფორმაში ჩაცმული ხუთი გოგონა და ბიჭი. ყვიროდნენ: სასწრაფოდ დატოვეთ შენობა, ხანძარია, თავს უშველეთო. თან გვაიძულებდნენ, ხმამაღლა იკივლეთ, შენობაში მყოფმა ხალხმა რომ გაიგოს და დატოვოს აქაურობაო. დავიბენით. ჩემი აკივლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, დასის წევრებმა კი ატეხეს წიოკი. გავრბოდით, მაგრამ, სად გავრბოდით, არ ვიცოდით. ერთმანეთს ვეკითხებოდით, დამწვრის სუნი არ არის და ნეტავ რა იწვისო. მეხანძრეები კი გაჰკიოდნენ, გაიქეცით სარდაფისკენ, თავს უშველეთო. დირიჟორი და რეჟისორი ისე გარბოდნენ, ვერავინ ეწეოდა (იცინის). მოკლედ, სარდაფში ჩაგვიყვანეს. გავიდა ერთი საათი და გამოგვიცხადეს: ყველაფერი რიგზეა, დაიშალეთ, დაბრუნდით სარეპეტიციო დარბაზში, ეს ახალგაზრდა მეხანძრეების განგაშის, ევაკუაციის გათამაშება იყოო. დირიჟორსა და რეჟისორს სახეზე მწვანე ფერი ედოთ (იცინის). ასე რომ, ამ ცრუ განგაშის გამო იმ დღეს რეპეტიცია ჩაიშალა.
– თამარ, გასული წელი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო თქვენთვის?
– გასული 2012 წელი საკმაოდ წარმატებული და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის, რადგან, არაერთ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და, თან, ზაფხულში ულამაზესი ქორწილი მქონდა. მღელვარე წელიწადი იყო. გათხოვებამ, ულამაზესმა ქორწილმა და მომდევნო სასიამოვნო თვეებმა ბედნიერება მაჩუქა. კარგად ჩაიარა გასულმა და მომავალი წლიდან უფრო უკეთეს მოვლენებს ველი. სხვათა შორის, გული მწყდება, რომ თბილისში ძალიან კარგი მეკვლე დავტოვე – ძაღლი „სისიკო”. რამდენჯერაც შევარდა ჩემს მეზობლებთან ახალ წელს სახლში, იმდენჯერ ბავშვი ეყოლათ. ახლა რომ აქ მყავდეს, ხომ იქნებოდა ჩემი მეკვლე და დამებედებოდა შვილი?! (იცინის).
– საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე, როგორ ძლებთ უცხო ქვეყანაში?
– ძალიან მიჭირდა რაულის გარეშე, მაგრამ, ახლა გვერდით მყავს და ახალი წლის დღეებს ერთად გავატარებთ. სანამ დავქორწინდებოდით, ორი წელი ვხვდებოდით და კარგად გავიცანით ერთმანეთი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხასიათის ადამიანია. არ მიყენებს პირობებს და ეგუება იმას, რომ ხშირად მიწევს გადაადგილებები; რომ მუსიკა ჩემი სამყაროა და მის გარეშე არ შემიძლია. თავადაც სწავლობს საოპერო ხელოვნებას, ჩემი როლებიც დაიზეპირა. ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა მეჩუქებინა ახალ წელს. ხან ნიანგის ტყავის ქუდი ვიფიქრე, ხან კენგურუს ქურქი, ხან თხის ბეწვის „უგები”, მაგრამ, კიდევ ვერ გადავწყვიტე, რით გავახარო. ვიცინი ხოლმე – მგონი, ჩემი შიშით ავსტრალიიდან კენგურუები და ნიანგები გადაიხვეწებიან-მეთქი (იცინის).
– მეუღლე თუ განებივრებთ საჩუქრებით?
– ცდილობს, გამანებივროს. უყვარს პატივისცემა. არ ავიწყდება არც ერთი დღესასწაული. როცა არ ველოდები, ისეთ დროს მიკეთებს სიურპრიზებს. რამდენჯერმე, საწოლთან დამიდო ვარდების კონა და, დილით, საწოლიდან რომ გადმოვდგი ფეხი, ეკლები შემერჭო (იცინის). ზოგჯერ ბალიშის ქვეშ მხვდება საჩუქარი. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია და მიხარია, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ქართველი მამაკაცები.
– რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდა თამარ ივერი?
– ალბათ ბალერინა, ან, ნაყინის გამყიდველი (იცინის). ბავშვობაში ძალიან მინდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი. ჩამოვიცვამდი წელზე ზღვის კამერას, ზემოდან გადავაფენდი ქვედაბოლოს და ვცეკვავდი. მერე მამამ მომიტანა პუანტები და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, ჩემგან ბალერინა არ დადგებოდა. ერთ დღესაც, ვნახე ფილმი „ქარწაღებულნი” და გადავწყვიტე, მსახიობი გამოვსულიყავი. მინდოდა სკარლეტი ვყოფილიყავი – ერთი სიტყვით, სკარლეტობა გადავწყვიტე. მერე, ნაყინის გამყიდველი დავინახე, რომელიც ყვიროდა – „მაროჟნი, მაროჟნიო,” რამაც სკარლეტი დამავიწყა და, გადავწყვიტე, რომ გავიზრდებოდი, ნაყინის გამყიდველი გამოვსულიყავი და იმდენი ნაყინი მეჭამა, რამდენიც მომინდებოდა, მაგრამ, მალევე შევიცვალე აზრი, რადგან, ერთ დილას ნაგვის მანქანამ ჩამოიარა და, რომ დავინახე, როგორ აწკარუნებდა ზარს მენაგვე და ყვიროდა – „ნაგავი, ნაგავიო”, იმ ზარის ჩამოკვრა და ხმა მომეწონა და ვთქვი, რომ გავიზრდები ნაგვის ზარის ჩამომკვრელი ვიქნები-მეთქი (იცინის). აი, ასეთი ფიქრები მქონდა ბავშვობაში. თუმცა, არც ერთი არ გავხდი და ოპერის დიდ სცენაზე ამოვყავი თავი. თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, რომ არა მომღერალი, მსახიობი ვიქნებოდი.