რა წარმატებები მოუტანა ამსტერდამში ჩელოს იდუმალი ხმის სიყვარულმა ქეთევან როინიშვილს და სად დადის ჰოლანდიის დედოფალი მის მოსასმენად
ქეთევან როინიშვილმა, მიუხედავად ასაკისა, საკმაო წარმატებას მიაღწია და ამსტერდამში, მთავარი ქალი ჩელისტი გახდა. ის ახლა ვენაშია, სადაც სოლო კონცერტებს მართავს. როგორც თავად ამბობს, ქართული გენი მას უცხოეთში ძალიან ეხმარება. მართალია, ქეთის ბავშვობის ოცნება იყო მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ, მისმა ოჯახმა მომავალი პროფესია უსიტყვოდ აურჩია.
ქეთევან როინიშვილი: მუსიკოსების ოჯახში დავიბადე: დედა პიანისტია, მამა კი – ჩელისტი. ასე რომ, ბავშვობიდან გადაწყვიტეს, რომ მუსიკას უნდა გავყოლოდი. ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე და შემდეგ კონსერვატორიაში მოვეწყვე. იმ დროს თბილისში ჩამოვიდა ცნობილი დირიჟორი ლევ მარკიზი და სტუდენტურ ორკესტრს დირიჟორობდა, სადაც მეც ვუკრავდი. შემამჩნია, მომისმინა და გადაწყდა, რომ სწავლა ამსტერდამში გამეგრძელებინა. სწორედ მისი დამსახურებაა, დღეს რომ უცხოეთში ვმოღვაწეობ.
– მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქალი ჩელისტი. რატომ გადაწყვიტე, მამის, და არა დედის კვალს გაჰყოლოდი?
– თავიდან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მაგრამ, იმდენად მომწონდა ჩელოს იდუმალი ხმა, გეზი შევიცვალე. ძალიან მომწონდა მისი ბგერა და, აღმოვაჩინე, რომ ის უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე ფორტეპიანო. თან, თავიდანვე სოლო ჩელისტობა მინდოდა და ეს ოცნება ავიხდინე. ბავშვობიდან მხატვარიც მინდოდა გამოვსულიყავი და ეს ოცნებაც უნდა ავიხდინო (იცინის). უკვე ოთხი წელია ამსტერდამში ვცხოვრობ, ვსწავლობ, ვმუშაობ და უამრავ ქვეყანაში ვუკრავ სოლოს.
– არ იყო რთული უცხო ქვეყანაში სრულიად მარტოს, თავად გაგეკვლია კლასიკური განხრით სამუსიკო, ურთულესი გზა?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა ამსტერდამში, უცხოდ ვგრძნობდი თავს. საქართველო სულ სხვა ქვეყანაა – ჩაკეტილი, გაგებაც სხვანაირი გვაქვს. ამსტერდამი კი იმდენად გახსნილი და იმდენად ინტერნაციონალურია, თავიდან, სანამ მიეჩვევი, დაიბნევი. თუ „დაუმუღამე” ამ ქვეყანას, ტრადიციებში გაერკვიე და კომუნიკაციაც ააწყვე, ჩათვალე, რომ ქალაქმა მიგიღო. აქ აბსოლუტურად განხვავებული აზროვნება აქვთ, ვიდრე ქართველებს, უფრო თავისუფლები არიან, მაგრამ, ჩვენ უფრო ბუნებრივები ვართ. ამსტერდამელები უფრო ოფიციალურები არიან. შეიძლება, ქართველები მივამსგავსოთ ესპანელებს, იტალიელებს, მაგრამ ჰოლანდიელებთან ნამდვილად არ გვაქვს არანაირი მსგავსება (იცინის). ევროპაში ძალიან უყვართ და აფასებენ კლასიკურ მუსიკას, აქ ინტენსიურად დადიან მის მოსასმენად. ამსტერდამი კლასიკური მუსიკის სამყაროს გაზიარებს, გაყვარებს და გიბიძგებს, იყო მეტად ცნობილი და წარმატებული. ოთხი წლის განმავლობაში უამრავ კონცერტზე მაქვს დაკრული. ყველაზე დასამახსოვრებელი და საპატიო კი ნატალია გუტმანის ფესტივალზე გამოსვლა იყო, რომელიც ყოველწლიურად იმართება გერმანიაში. მის გვერდით დაკვრა ნამდვილი ოცნებაა ყველა მუსიკოსისთვის, რადგან, მას, როგორც ცოცხალ ლეგენდას, ისე მოიხსენიებენ. მოკლედ, ამსტერდამში დავამთავრე ბაკალავრიატი და ახლა გაცვლითი პროგრამით ვარ ვენაში.
– ჩელო, ზოგადად, მამაკაცურ ინსტრუმენტად აღიქმება. თან, მისი ტარება ქალისთვის ცოტა რთულია, არ მეთანხმები?
– გეთანხმებით. საქართველოში ჩელო მამაკაცურ ინსტრუმენტად აღიქმება და მსოფლიოშიც თითზე ჩამოსათვლელია ქალი ჩელისტი. დიდი ინსტრუმენტია და მისი ტარებაც საკმაოდ ძნელია. თბილისში რომ დამქონდა, მერიდებოდა. ყველა მიყურებდა და ამბობდა, ეს გოგო რამხელა რაღაცას მიათრევსო (იცინის). ბევრი იმის გამო იკავებს თავს მისი სწავლისგან, რომ მძიმე და პრობლემური სატარებელია. მაგრამ, როდესაც ვჯდები და ვიწყებ დაკვრას, რაღაც ზებუნებრივი ხდება ჩემსა და ჩელოს შორის, თითქოს ვერწყმით ერთმანეთს და ერთი ორგანიზმი ვხდებით. ჩელოს ტემბრი სასწაულია და ძალიან ახლოსაა ადამიანის, უფრო კი – მამაკაცის, ხმასთან. სავსე ბგერა აქვს და სხვადასხვა განცდა გეუფლება მისი დაკვრისას. ის ჩემი სხეულის ნაწილია და მის გარეშე ერთი წუთიც კი ვერ წარმომიდგენია. თუმცა, განსაკუთრებით მიჭირს მისი ატანა თვითმფრინავში. იძულებული ვარ, ორი ბილეთი ვიყიდო. ბარგში ვერ ჩავაბარებ, რადგან, მეშინია, არ გატყდეს და, მირჩევნია, ჩემ გვერდით „იჯდეს” (იცინის). „ვაჯენ” სკამზე და ვამაგრებ ქამრით. უნდა ნახოთ, მგზავრები რა გაფართოებული თვალებით მიყურებენ – ეს რამხელა რაღაც დევს, ტანით ასეთი პატარა გოგონა როგორ დაათრევს ამხელა რამესო. რა ვქნა, ჩელო ჩემი განუყოფელი ნაწილია და უნდა ვზიდო ეს ტვირთი. სახელიც დავარქვი – „ნიკუშა” ჰქვია და სულ ერთად ვართ, ცაშიც და დედამიწაზეც.
– ესე იგი, ნიკუშა შენი არაბუნებრივი შეყვარებულია?
– (იცინის) არა, ნიკუშა ჩემი არაბუნებრივი ქმარია, ნამდვილი შეყვარებული კი ჰოლანდიელი მყავს, დანიელ კოლი. უკვე ორი წელია, ერთად ვართ და ჩემი ნიკუშა არც კი ეჭვიანობს (იცინის). სამივე ერთად ვცხოვორბთ. ქართული ტემპერამენტი და გენი ძალიან მეხმარება და დანიელის მოხიბვლაშიც ის დამეხმარა. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. სხვათა შორის, ქართველებს ევროპის კულტურაში განსაკუთრებული როლი შეგვაქვს, იქნება ეს კლასიკური მუსიკა თუ ბალეტი. ძალიან მინდა, საქართველოში დავბრუნდე და ჩავატარო კონცერტები, მაგრამ, კლასიკურ მუსიკას მანდ გასაქანი არ აქვს და ამაზე ძალიან მწყდება გული. არ არის ჩემი პროფესიის ადამიანი ჩემს ქვეყანაში მოთხოვნადი. სულ ვფიქრობ, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ამხელა გასაქანი არ მექნებოდა, ამდენ კონცერტზე ვერ დავუკრავდი, ვერ ვიმოგზაურებდი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და ვერ გავიცნობდი ამდენ საინტერესო ხალხს. მე და ჩემმა ნიკუშამ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ბევრ კონკურსსა და ფესტივალზე გამოვედით, უამრავი ხალხის წინაშე მოვიხადეთ ჩვენი ვალი და, ვფიქრობ, ეს ცოტა არ არის. როცა ჰოლანდიის დედოფალი ბეატრისი მოვა კონცერტზე და გისმენს გულისყურით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გრძნობაა ეს მუსიკოსისთვის.
– ალბათ, რთულია მუსიკოსის გვერდით ცხოვრება. სულ გასტროლები, რეპეტიციები, კონცერტები, გასვლითი ტურები... ამას როგორ ეგუება დანიელი?
– დანიელიც მუსიკოსია. ახლა ამსტერდამშია და ველოდები, ვენაში უნდა ჩამოვიდეს. ნიკუშა ცოტათი ეჭვიანობს, რადგან, კუთხეშია მიყუდებული და განიცდის, რომ მას მოაკლდება ჩემგან ყურადღება, მაგრამ, რა ვქნა, ორივე მიყვარს (იცინის). დანიელი ამსტერდამის კონსერვატორიაში გავიცანი პირველივე დღეს. ის პიანისტია. ერთი წელი ვმეგობრობდით, ახლა კი ერთად ვცხოვრობთ.
– ურთიერთობის დაკანონებას არ აპირებთ?
– ევროპამ საერთოდ შეცვალა ჩემი აზროვნება, თუმცა, ქართული ტრადიციები არ შემიცვლია. გათხოვებას არ ვჩქარობ, ამის დროც მოვა. ჯერ კარიერას ავაწყობთ და მერე დავფიქრდებით მე და დანიელი დაქორწინებაზე. დანიელი ქართულს სწავლობს, ყანწით სადღეგრძელოებიც ისწავლა (იცინის).
– ესე იგი, დანიელი ჯვარს ჩოხაში გამოწყობილი დაიწერს?
– ვერ გეტყვით, ჩოხას ჩაიცვამს თუ არა, მაგრამ, ტრადიციულ ქორწილს რომ საქართველოში გადავიხდით, ეს დანამდვილებით ვიცი. დანიელი გიჟდება საქართველოსა და ქართველებზე. ყანწი და ხანჯალი რომ ჩამოვუტანე, გადაირია – ეს რა არის, რაში გამოვიყენოო (იცინის). ავუხსენი, ამით ღვინოს სვამენ-მეთქი. მოეწონა, მეც დავლევო და, სტუმრები რომ მოდიან, ყველას ყანწიდან ასმევს სასმელს. აი, ხანჯალზე კი ბევრი იცინა – ამას ნამდვილად ვერ გამოვიყენებო.